ანა - გოგონა საოცარი ღიმილით და მძიმე დიაგნოზით
ანი მეხაშიშვილი 3 წლისაა. მისი ბავშვობა, თანატოლებისგან რადიკლაურად განსხვავდება. გარეთ თამაში აკრძალული, კვება კი შეზღუდული აქვს. ანა გასტროშიზისით - გამოვარდნილი მუცლის ღრუს ორგანოებით დაიბადა. 2 დღის იყო, როცა პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საკვები, რომელსაც ბავშვი იღებს, მუცელზე არსებული ჭრილობიდან გამოდის.
ანას მშობლები დიანა ჯინჭარაძე და ვახტანგ მეხაშიშვილი არიან. ისინი 4 წლის წინ დაქორწინდნენ. ბედნიერება, რომელსაც ზღაპრული დასაწყისი ჰქონდა, ანას დაბადების დღიდან შეიცვალა. მშობლების მთავრი საზრუნავი წამალი და შვილის კარგად ყოფნა გახდა.ოჯახის ერთადერთი შემომტანი ვახტანგია. სამ დღეში ერთხელ დაცვის პოლიციაში მუშაობს. დანარჩენ დღეებში, ტყეში შეშაზე დადის და მეზობლებს სოფლის საქმეებში ეხმარება. მოპოვებული თანხა აფთიაქებზე და საავადმყოფოებზე ნაწილდება.
ანა მეხაშიშვილს საყვარელი თოჯინა ჰყავს. დედას ხშირად ბინტებს პარავს და თავის სათამაშოს მუცელზე ახვევს. ასე დაეჩვია, რადგან დაბადებიდან დღემდე, დედა მუცელზე ჭრილობას დღეში 20-30 ჯერ უმუშავებს. საკვებს მწოლიარე იღებს. მუცლელზე არსებული ჭრილობიდან, მიღებული საჭმელი უმალავე გამოდის. ინფექცია, რომ არ შეეჭრას დედა მუცელს იმ წამსვე უმუშავებს.

ანას გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ყველაფრის მიუხედავად სულ იღიმის. ყველაზე მეტად სტუმრების მოსვლა უხარია. თვითონ გარეთ იშვიათად გადის. ყოფილა შემთხვევა სტუმრად, დაბადების დღეზე, სუფრიდან ნამცხავრი მოუპარავს და ის ღამე საავადმოყოფოში გაუთენებია. მშობლები ამბობენ, რომ უხმოდ ტირილი ისწავლა. დედას, მის თვალებზე ჩუმად გადმოვარდნილი ცრემლები, ხშირად შეუმჩნევია.
დაავადების შესახებ
გასტროსიზისი არის ურთულესი დაავადება - ანომალია, რომელიც ვლინდება პატარებში და ნაწლავის კვანძის და სხვა შინაგანი ორგანოების სხეულიდან ამოვარდნას იწვევს. დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი -ადრეული ორსულობაა.

განვითარებულ ქვეყნებში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით ავადმყოფი ჩვილების 90%-ს გადარჩენა შესაძლებელია, დანარჩენი 10%-ის სიკვდილის მიზეზები შესაძლოა გართულებული ინფექციები გახდეს. ქვეყნებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, გასტოშიზისით დაავადებულთა სიკვდილიანობა ხშირად 100% შეადგენს.
გასტროშიზისით დაავადებული ახალშობილების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს!
პროექტის შესახებ
პროექტი #ქველმოქმედებამარტივია 2016 წლის ოქტომბრის თვიდან ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიდა ჟურნალის 4 საქველმოქმედო ნომერი, რომლების რეალიზაციიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა. პროქტის მიზანია დაეხმაროს სხვადასხვა რთული დაავადებების მქონე ბავშვებს და მოზარდებს
პირველ ეტაპზე, ოქტომბრის თვეში ჟურნალმა „ოჯახის მკურნალმა“ ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხა, 4 000 ლარი, გადარიცხა დიმიტრი ცინცაძის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. საზოგადოების მხრიდან პროექტში ჩართულობამ და დაინტერესებამ, შესაძლებლობა მოგვცა პირველ ეტაპზე გადმორიცხული თანხით სამი ბენეფიციარის მკურნალობა ნაწილობრივ მაინც დაგვეფინანსებინა. ლაზარე მირუაშვილს დაუფინანსდა მედიკამენტები და ბილეთები ისრაელში, სადაც სამკურნალოდ გაემგზავრა. ელენე მუჯირს გაუკეთდა მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია და თომა ციგროშვილს ტომოგრაფია. ბენეფიციარების ჯანმრთელობა ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ მათ ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა.

წინა საშობაოდ, ჟურნალის ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი, 5 022 ლარი, კვლავ გადარიცხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. ეს თანხა კვლავ ფონდის ბენეფიციარების მკურნალობას მოხმარდება.
2017 წლის თებერვლისა და მარტის ნომერის რეალიზაციიდან შემოსული თანხა ჩაერიცხება ფონდს „სიკეთის კვალი“, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ურთულესი დაავადების მქონე ბავშვებს და მოზარდებს.
# ქველმოქმედებამარტივია
გთხოვთ დარეკოთ - 0 901 700 177
ზარის ღირებულება 1 ლარი
ბანკის რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000667885400
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002
მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ბენეფიციარის სახელი და გვარი
#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ რედაქციისა და პალიტრა მედია ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია. ჩვენ გვინდა ქველმოქმედება ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად ვაქციოთ. რა არის იმაზე დიდი სიკეთე და ბედნიერება, როდესაც შენი თითქოს უმნიშვნელო ქმედება ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, ამ დროს ჩვენ ყველა ხომ გმირები ვხდებით.

კერძო თუ საჯარო სექტორში ბევრია დასაქმებული და მათ, ვისაც ამის საშუალება გვაქვს, თვეში თუნდაც სულ მცირედი 1 ლარით, ერთი ზარით ან ჟურნალის ერთი ნომრის შეძენით შეგვიძლია უამრავი სიცოცხლე გადავარჩინოთ. სწორედ ამიტომ ყველას მოვუწოდებთ გულისხმიერად მოეკიდეთ ამ საკითხს, რაც მთავარია არ დაიზაროთ და ჩაერთეთ აქციაში, #ქველმოქმედებამარტივია !
პროექტზე მუშაობდნენ:
ვიდეო: ეკა მელიქიძე, გიგა დანელია, გიორგი კუსიანი
ტექსტი: ეკა მელიქიძე
ფოტოგრაფი: ფრიდონ გეგეშიძე
პროექტის მენეჯერი: ანა პივოვაროვა
ჟურნალის რედაქტორი: თამარ მამაცაშვილი
დიზაინი: ლევან ტაბატაძე
განსაკუთრებული მადლობა თეა ესიტაშვილს და ფონდს „სიკეთის კვალი“ გაწეული დახმარებისათვის
ტექნიკური ჯგუფი: შავლეგო კაპანაძე, გიორგი ბაწაშვილი,თამარ ილარიონოვა