ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი წელი ნაბახუსევის გარეშე

მეგობრები მიგიწვევენ და არის გაუთავებელი სმა-ჭამა და სუფრიდან სუფრაზე გადასვლა-გადაპატიჟება. მეორე დღე კი, როგორც წესი, მასაც გამწარებული აქვს და მასთან ერთად - ჩვენც, მთელ ოჯახს. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულის ასეთ "გაგრძელებას" გადავურჩეთ.

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს. ძველად სუფრასთან უგონოდ დათრობა სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რადგან, ტრადიციულად, სუფრა თავის წარმოჩენის, ურთიერთობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის, ლაზათიანი მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი ცეკვის ასპარეზი იყო და არა თრობისა... სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის ფეხმოკიდებული უზომო სმის მავნე ჩვევა. ამიტომაც არის, რომ დღესასწაულის მეორე დღეს ბევრს აქვს ნაბახუსევის პრობლემა. სწორედ ამიტომ, გამოზარხოშების სინდრომის, ანუ ნაბახუსევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მცირეოდენი ანა-ბანას ცოდნა.

ისტორია

ძველეგვიპტურ, ასურულ და შუამდინარულ უკვდავ რეცეპტებს შორის გამოზარხოშებისთვის საჭირო რეცეპტებს ვერ იპოვით. ალბათ ძველად შესწევდათ უნარი, ისე მოელხინათ, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ ევნოთ. ღვინის სმაში ზომიერებას ოდითგანვე აქცევდნენ ყურადღებას. მაგალითად, ძველი ბერძნები ასეთ რჩევას აძლევდნენ ღვინის მოყვარულებს:

  • პირველი თასი ჯანმრთელობაა;
  • მეორე - სიამოვნება;
  • მესამე - ტკბილი ძილი;
  • მეოთხე - თავხედობა;
  • მეხუთე - დებოში და ალიაქოთი;
  • მეექვსე - ტაკიმასხრობა;
  • მეშვიდე - სიბრმავე და სიყრუე;
  • ხოლო მერვე დანაშაულია.

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს?

  • ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.
  • ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.
  • დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.
  • ეცადეთ, ოთახი კარგად იყოს განიავებული, რადგან ჩახუთული ჰაერი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და სწრაფ თრობას.
  • სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ შეიძლება სხვადასხვა სიმაგრის ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა. მაგალითად, ღვინო, შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა, არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. თუ მათ ერთმანეთში აურევთ, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. თუ მაინც მოგიხდათ, სვით გრადუსის მატების მიხედვით.
  • ყოველი ჭიქის შემდეგ წაიხემსეთ. რეკომენდებულია მიირთვათ კარტოფილი, პური, მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. ნუ დააყოლებთ და ნურც გააზავებთ ალკოჰოლს გაზიანი სასმლით - ლიმონათით ან მინერალური წყლით, რადგან გაზის ბუშტუკები აჩქარებს ალკოჰოლის შეწოვას.
  • ნუ დათვრებით უგონოდ.
  • სმის პარალელურად იმოძრავეთ, მაგალითად, იცეკვეთ.
  • მოსწიეთ იშვიათად. უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოსწევთ. თამბაქო 1,5-2-ჯერ აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას.

თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კონიაკი და ამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ სუფთა ჰაერზე წელიწადის ცივ დროს - არსებობს რისკი, სასმელი მოგეკიდოთ და გონების დაკარგვამდე დათვრეთ. თუ ატყობთ, რომ სასმელი მეტისმეტად მოგეკიდათ:


პირველი დახმარება

  • 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ 12 წვეთი პიტნის ნაყენი და სწრაფად დალიეთ.
  • 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ 2 წვეთი ნიშადურის სპირტი. ძლიერი თრობის დროს 6 წვეთი სპირტი გახსენით და მაშინვე დალიეთ.
  • ფართოპირიან არყის ჭიქას გამოავლეთ ზეთი ისე, რომ კედლებზე დარჩეს, ჩააგდეთ შიგ 1 კვერცხის გული, მწიკვი წითელი და შავი წიწაკა, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი პომიდვრის ტომატი, რამდენიმე წვეთი არაყი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. დალიეთ სულმოუთქმელად, ერთბაშად.
  • 1 ჩაის კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ტომატი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი, წითელი და შავი წიწაკა ერთმანეთში აურიეთ. ნარევს დაამატეთ ნაკლული ჩაის კოვზი ცხარე პირშუშხა და მიიღეთ - მყისვე გამოფხიზლდებით.

სუფრიდან ამდგარი ვიდრე დაიძინებთ, დალიეთ რძე, სასურველია ცხიმიანი, რაც შეიძლება მეტი. დილით თავს მშვენივრად იგრძნობთ.

ნაბახუსევზე

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ სახისა და კისრის ენერგიული მასაჟი. დალიეთ თაფლიანი წყალი. თუ ძალიან ცუდად ხართ, დაიდეთ წვივებზე მდოგვის საფენები, თავზე - ყინული. დალიეთ კოქტეილი Bloody Mary - "სისხლიანი მერი": აურიეთ ერთმანეთში არაყი და პომიდვრის ტომატი, დაუმატეთ სანელებლები, უკიდურეს შემთხვევაში, წითელი ან შავი წიწაკა მაინც, ჩააწურეთ ცოტაოდენი ლიმონი და დალიეთ. თუ გული ან მაღალი წნევა არ გაწუხებთ, შეგიძლიათ მიიღოთ თბილი (და არა ცხელი) შხაპი. შეგიძლიათ მიიღოთ თბილი აბაზანა ზღვის მარილით. წვეულების მეორე დღეს მოიწყვეთ განტვირთვის დღე. ერიდეთ ცხარე, შემწვარ, ცხიმიან საკვებს. შემდეგ წაიხემსეთ მსუბუქად - ერბოკვერცხით, წიწიბურათი, ბოსტნეულით, რძის ნაწარმით. დალიეთ ერთი ჭიქა ფორთოხლის, გრეიპფრუტის ან პომიდვრის წვენი. ნუ დალევთ მაგარ ყავას ან ჩაის, მოუფრთხილდით გულსა და ღვიძლს - მათ ხომ გუშინ ისედაც ბევრი რამ გადაიტანეს. შეჭამეთ მომცრო ლიმონი და გახუხული პური. თავის ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, მაგრამ დაუშვებელია საძილე პრეპარატების მიღება. ნუ იჩქარებთ არყის ან ლუდის დალევას, ნუ გაიმეორებთ სხვის შეცდომას. უმჯობესია მოიმზადოთ ბალახეული ნაყენი: 4 სუფრის კოვზი ასკილი, 1 სუფრის კოვზი კრაზანა, 2 სუფრის კოვზი შავბალახა ერთმანეთში აურიეთ, დაასხით მდუღარე წყალი და მცირე ხანს დააყენეთ, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და დალიეთ. ნუ წახვალთ ნაბახუსევზე საუნაში ან აბანოში. თუ იმ დღეს არ მუშაობთ, კარგად გამოიძინეთ ან, უბრალოდ, დაისვენეთ. შეგიძლიათ ხმადაბლა ჩართოთ ტელევიზორი ან მოუსმინოთ სასიმოვნო მუსიკას, იკითხოთ. გაიწმინდეთ კუჭი, არ აქვს მნიშვნელობა - როგორ. მიიღეთ ბევრი სითხე, მაგალითად, მინერალური წყალი, კიტრისა და კომბოსტოს წვენი, კეფირი, დო, არაჟანი. თუ საჭმელზე ფიქრი უკვე შეგიძლიათ, მიირთვით ცხელი ბულიონი ან ბორშჩი. პატივი ეცით საკუთარ ორგანიზმს; იფიქრეთ იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია - წუთიერი სიამოვნება თუ საშინელი ნაბახუსევი. მოილხინეთ ზომიერად და მოხიბლეთ თანამესუფრეები ჭკუით, გონებით, სილაღით, ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით. ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყოველი თქვენგანისთვის!