თირკმლის გადანერგვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის გადანერგვა

თირკმლის გადანერგვა გაცილებით მეტად გავრცელდა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამაქვეითებელი) პრეპარატების, კერძოდ - აზატიოპრინის, შექმნის შემდეგ - ამ პრეპარატმა საგრძნობლად შეასუსტა და გააიშვიათა უცხო ქსოვილის განდევნის, მოშორების რეაქცია. მოგვიანებით აზატიოპრინს პრედნიზოლონი და ციკლოსპორინი დაემატა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა ტრანსპლანტანტის (გადანერგილი ორგანოს) მოშორების ალბათობა. დღესდღეობით მსოფლიოში ჩატარებულია თირკმლის გადანერგვის ნახევარ მილიონზე მეტი ოპერაცია. ჩვენს დროში თირკმლის გადანერგვა საშიშ ოპერაციულ ჩარევად აღარ ითვლება და აუცილებლობის შემთხვევაში ადრეული ბავშვობის ასაკშიც კი მიმართავენ. ამჟამად გადანერგვისთვის იყენებენ როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორის თირკმელს. საუკეთესო შედეგებს იღებენ მაშინ, როცა თირკმელი პაციენტის დისა ან ძმისაა. მათი თავსებადობის საკითხის გარკვევის შემდეგ ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით. ანატომიური მოსაზრებით დონორის მარჯვენა თირკმელი მარცხნივ ინერგება, ხოლო მარცხენა - მარჯვნივ. ხშირად დონორის თირკმელი თეძოს ფოსოში თავსდება, კეთდება სისხლძარღვების ანასტომოზები (თირკმლის ვენა და არტერია სხვა ვენებსა და არტერიებს უერთდება), შარდსადენი შარდის ბუშტში ინერგება. ჯანმრთელი დონორული თირკმელი ოპერაციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მასში სისხლის მიმოქცევის აღდგენისთანავე, იწყებს შარდის გამოყოფას. თუ ოპერაციის შედგომმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა, ცოცხალი დონორისგან აღებული თირკმელი დაახლოებით ხუთი დღის შემდეგ ნორმალურად იწყებს ფუნქციობას. თუ თირკმელი გვამისგან არის აღებული, მაშინ მისი ფუნქცია სრულად აღდგება დაახლოებით ორი კვირის შემდეგ. თირკმლის განდევნის პროფილაქტიკის მიზნით ტარდება იმუნოსუპრესიული თერაპია, პაციენტს უნიშნავენ თირკმლის სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად საჭირო და თრომბების ჩამოყალიბების საწინააღმდეგო პრეპარატებს. ტრანსპლანტანტების ნახევარზე მეტი ხუთ წელიწადზე მეტხანს მუშაობს. დისა და ძმისგან გადანერგილი თირკმლის შემთხვევაში სიკვდილიანობა ნული პროცენტია.

თირკმლის გადანერგვის ჩვენებები

თირკმლის გადანერგვის ჩვენებად ითვლება ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობა - ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ქრონიკული პიელონეფრიტის, დიაბეტური ნეფროპათიის, თირკმლის პოლიკისტოზის, ტრავმებისა და უროლოგიური დაავადებების, თირკმლის თანდაყოლილი დაავადებების ფინალური ეტაპი. ტერმინალური ქრონიკული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები სიცოცხლის შესანარჩუნებლად თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობენ, რომელსაც მიეკუთვნება ქრონიკული ჰემოდიალიზი, პერიტონეული დიალიზი და თირკმლის გადანერგვა. ეს უკანასკნელი დანარჩენ ორთან შედარებით 1,5-2-ჯერ მეტად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამასთანავე, უფრო მეტად აუმჯობესებს მის ხარისხს. თირკმლის ტრანსპლანტაცია არჩევით მეთოდად ითვლება ბავშვების მკურნალობისას, რადგან ჰემოდიალიზი მათ განვითარებას საგრძნობლად აფერხებს.

უკუჩვენებები

დღესდღეობით თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებების თაობაზე საერთო აზრი არ არსებობს, მათი ჩამონათვალი სხვადასხვა ცენტრში სხვადასხვანაირია. ყველაზე ხშირად თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად მიიჩნევა:

  • დონორის ლიმფოციტებთან ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციის არსებობა (ეს ტრანსპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებაა);
  • ისეთი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, რომლებიც არსებობს გადანერგვის საკითხის წამოჭრის დროს ან რომელთა რადიკალური მკურნალობიდან მცირე ხანია გასული (რადიკალური მკურნალობიდან ორი წელი მაინც უნდა გავიდეს);
  • აქტიური ინფექცია. ტუბერკულოზის შემთხვევაში პაციენტზე დაკვირვება განკურნებიდან ერთი წელი მაინც უნდა გაგრძელდეს; შიდსს ტრანსპლანტოლოგიის ცენტრთა უმრავლესობაში გადანერგვის აბსოლუტურ უკუჩვენებად მიიჩნევენ; ქრონიკული არააქტიური ბ და ც ჰეპატიტები ოპერაციის უკუჩვენებად არ ითვლება;
  • ექსტრარენული დაავადება დეკომპენსაციის სტადიაში (კუჭის აქტიური წყლული ან გულის დეკომპენსირებული უკმარისობა) - შესაძლოა, მან ოპერაციის შემდგომ პერიოდში მძიმე გართულება გამოიწვიოს;
  • პაციენტის მიერ სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობა და არადისციპლინირებულობა (მსოფლიოში ტრანსპლანტანტების 5-10% სწორედ ამ მიზეზით იკარგება);
  • პიროვნების ცვლილება ნარკომანიის, ქრონიკული ფსიქოზის, ალკოჰოლიზმის დროს.

შაქრიანი დიაბეტი (რომელმაც დიაბეტური ნეფროპათია და თირკმელების ტერმინალური დაზიანება გამოიწვია) დღესდღეობით ტრანსპლანტაციის უკუჩვენებად აღარ განიხილება.


დონორის ეტაპი

გადასანერგი თირკმელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება აღებულ იქნეს როგორც ცოცხალი ნათესავისგან, ისე გარდაცვლილი დონორისგანაც. ტრანსპლანტანტის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი სისხლის ჯგუფისა (თუმცა ზოგიერთი ცენტრი ტრანსპლანტაციას უამისოდაც ატარებს) და ჰლა ალელების შეთავსებაა. გარდა ამისა, ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს დონორისა და რეციპიენტის მასა და ასაკი. ამასთანავე, სასურველია, თირკმლის გადანერგვა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის მოხდეს. დონორი არ უნდა იყოს ავად გადამდები ინფექციით (სიფილისით, შიდსით, ბ ან ც ჰეპატიტით). ხდება დონორის თირკმელებისა და საშარდე გზების ზედმიწევნითი შესწავლა სხვადასხვა სპეციფიკური ანალიზის საშუალებით. ამჟამად დონორის ორგანოების დეფიციტის გამო მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს დონორებისადმი წაყენებული პირობების გადახედვა. ბოლო დროს დონორებად ხშირად განიხილავენ ასაკოვან გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, აგონიურ და პრეაგონიურ პერიოდში ჰიპოტონიის ეპიზოდები ჰქონდათ. გაცილებით უკეთესია შედეგი, როცა თირკმელს ცოცხალი დონორისგან იღებენ, მაგრამ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა უმრავლესობას არ ჰყავს ისეთი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ნათესავები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის დაუზიანებლად გაიღებენ თირკმელს. სიკვდილისშემდგომი დონორობა პაციენტთა უმრავლესობისთვის ტრანსპლანტოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის ერთადერთი შესაძლებლობაა. სადღეისოდ ცოცხალ დონორად განიხილება 18-დან 65 წლამდე ადამიანი. დონორი ორგანოს ნებაყოფლობით გამცემი პირია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, ხომ არ განიცდის პოტენციური მოხალისე ზეწოლას ოჯახის წევრებისგან, რათა მან საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გასცეს თირკმელი. განსაკუთრებით ეხება ეს უმცროსი ასაკის ადამიანებს. ყველა დონორმა უნდა გაიაროს ფსიქოსოციალური გამოკვლევა თირკმლის გაცემის მოტივაციის შესაფასებლად.

რეციპიენტის ეტაპი

გადანერგვისთვის საჭიროა პაციენტის მომზადება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს; თავის დროზე უნდა ჰქონდეს ჩატარებული ჰემოდიალიზი; უნდა მოწესრიგდეს სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლები, არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა; აუცილებელია გამოვლინდეს და განიკურნოს ორგანიზმში არსებული ყველა ანთებითი პროცესი, კარიესიც კი, და ოპერაციის დროს და ოპერაციის შემდეგ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციური გართულებების რისკი; აუცილებელია ანემიის მკურნალობა და სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის სათანადო დონის უზრუნველყოფა; გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული თირკმელები და საშარდე ტრაქტი. თირკმელების გადანერგვას შეიძლება ხელი შეუშალოს აქტიურმა ინფექციურმა პროცესმა, ავთვისებიანმა ონკოლოგიურმა და ზოგიერთმა აუტოიმუნურმა დაავადებამ. დონორის თირკმლის თავსებადობის დასადგენად უნდა ჩატარდეს ანტიგენებისა და ჰისტოშეთავსების სისტემების კომპლექსური გამოკვლევა. რეციპიენტი,  ისევე როგორც დონორი, სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა მოსალოდნელი გართულების შესახებ.

ქირურგიული გართულებები

ამ ტიპის გართულებებიდან მოსალოდნელია სისხლდენა, თირკმლის არტერიის თრომბოზი, ტრანსპლანტანტის გაგლეჯა, ვენური თრომბოზი, უროლოგიური გართულებები, ლიმფოცელე, ჭრილობის ინფექცია და სხვა. მოსალოდნელია თუ არა გართულებები თირკმლის გადანერგვის შემდეგ? პაციენტების უმრავლესობა თირკმლის წარმატებით გადანერგვის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე დიალიზით მკურნალობის დროს. გარდა ამისა, აუცილებელი აღარ არის ჰემოდიალიზის ჩატარება, განსაკუთრებული დიეტის დაცვა და სითხის მიღების კონტროლი. მაგრამ ოპერაციის შემდეგ გართულებაც არის მოსალოდნელი და ექიმმაც და პაციენტმაც ეს უნდა გაითვალისწინონ:

1) თირკმლის გადანერგვის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ტრანსპლანტანტის მწვავე ან ქრონიკული მოცილება;

2) მოიმატოს ამა თუ იმ ინფექციური დაავადების განვითარების საფრთხემ;

3) განვითარდეს სტეროიდული დიაბეტი;

4) კუჭში წარმოიშვას მწვავე წყლულები;

5) მოიმატოს სიმსივნეთა განვითარების ალბათობამ;

6) განვითარდეს ძვლების დაავადებები;

7) მოიმატოს სხეულის მასამ.


თირკმლის გადანერგვის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ პაციენტს აწვენენ ინტენსიური თერაპიის ან რეანიმაციის პალატაში, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ჩვეულებრივ პალატაში გადაჰყავთ. სამედიცინო მანიპულაციების ჩამოთვლით აღარ გადაგღლით, მათ ექიმები მიხედავენ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში წოლა რამდენიმე დღიდან ერთ თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. პაციენტის დიეტა თანდათანობით იცვლება სითხეებიდან მკვრივ საკვებამდე. სითხის შეზღუდვა მანამდე მოქმედებს, სანამ გადანერგილი თირკმელი ნორმალურად არ ამოქმედდება. ფეხზე ადგომა ოპერაციის მეორე დღიდანვე შეიძლება. პაციენტი დღეში რამდენჯერმე უნდა წამოდგეს და გაიარ-გამოიაროს. ტკივილის შესამცირებლად მხოლოდ ის პრეპარატები უნდა მიიღოს, რომლებსაც ექიმი ურჩევს, რადგან ზოგიერთმა ტკივილგამაყუჩებელმა მედიკამენტმა, მაგალითად, ასპირინმა, შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს. ექთანი, ექიმი დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა სპეციალობის ექიმები ზედმიწევნით აუხსნიან, როგორ მოიქცნენ შინ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.

შინ დაბრუნების შემდეგ

  • თირკმლის დონორმა ერთხანს თავი უნდა არიდოს ზოგიერთ საკვებს (ცომეულს, მწარეს, ცხარეს, მარიალიანს, ალკოჰოლურ სასმელებს და სხვა). რამდენიმე თვის შემდეგ დარჩენილი თირკმელი საკუთარ თავზე იღებს დაკარგული თირკმლის ფუნქციას და მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური ხდება. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევა.
  • რეციპიენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაოპერაციები მიდამოს სუფთად და მშრალად შენარჩუნება. ექიმი გასწავლით, როგორ უნდა მიიღოთ შხაპი. ნაკერებს საავადყოფოდან გაწერის წინ ან ექიმთან განმეორებითი ვიზიტის დროს ამოგიღებენ.

სანამ ექიმი არ დაგრთავთ ნებას, არ შეიძლება საჭესთან ჯდომა. თავი უნდა არიდოთ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გადანერგილ თირკმელზე ზეწოლა გამოიწვიოს. არ არის გამორიცხული, ექიმმა სხვა შეზღუდვებიც დაგიწესოთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:

  • ციებ-ცხელება - შესაძლოა, თირკმლის მოცილების ან ინფექციის ნიშანი იყოს;
  • ნაოპერაციები ადგილის შეწითლება, შეშუპება, ამ ადგილიდან სისხლდენა;
  • ჭრილობის მიდამოში ტკივილის გაძლიერება - შესაძლოა, თირკმლის მოცილების ან ინფექციის ნიშანი იყოს.

გადანერგილი თირკმლის მოცილების ნიშნები სხვა დაავადების ნიშნებს ჰგავს, ამიტომ ჯანრთელობის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმ ტრანსპლანტოლოგს. საზოგადოდ, ხშირად იარეთ მასთან - მუდმივი კონტაქტი აუცილებელია.