როდის და რატომ ირღვევა თირკმლის ფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ირღვევა თირკმლის ფუნქცია

- ქალბატონო ქეთევან, რა ფუნქცია აკისრია ადამიანის ორგანიზმში თირკმელს, შარდის ბუშტსა და საშარდე გზებს?

- საშარდე სისტემას: თირკმელებს, შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტს, - ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მრავალი ფუნქცია აკისრია. თირკმელების დანიშნულებაა:

  • ოსმორეგულაცია, ანუ ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნება სისხლსა და სხეულის სხვა თხიერ ნაწილში;
  • ვოლუმორეგულაცია, ანუ სისხლისა და უჯრედგარე სითხის მოცულობის რეგულაცია;
  • სისხლის იონური შემცველობის რეგულაცია;
  • ორგანიზმის მჟავატუტოვანი ბალანსის რეგულაცია;
  • ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების ექსკრეცია (გამოძევება);
  • ორგანიზმიდან ჭარბი ნივთიერებების (გლუკოზა, ამინომჟავები და სხვა) ექსკრეცია;
  • თირკმელებს აქვთ ენდოკრინული ფუნქციაც - მონაწილეობენ არტერიული წნევის რეგულაციაში. აქ ხდება ერითროპოეტინის, პროსტაგლანდინებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების წარმოქმნა.

შარდსაწვეთები ნარჩენი პროდუქტების მექანიკური გამტარია, ხოლო შარდის ბუშტი წარმოადგებს რეზერვუარს, სადაც გროვდება ექსკრეტირებული სითხე.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლისა და შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა?

- ამ კითხვაზე მოკლე და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. უშუალოდ თირკმელებს აზიანებს ბაქტერიული ანთებითი პროცესი: პიელონეფრიტი, კალკულოზური პიელონეფრიტი, პოლიკისტოზთან ასოცირებული პიელონეფრიტი და იმუნური ანთებითი პროცესი (გლომერულონეფრიტი). ამასთან ერთად, თირკმელები სწრაფად რეაგირებენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესზე. შესაბამისად, არსებობს ე. წ. მეორეული ნეფროპათიები - თირკმლის მეორეული დაზიანებები, რომლებიც თან სდევს კოლაგენოზებს, შაქრიან დიაბეტს, ონკოლოგიურ, ინფექციურ, პარაზიტულ და სხვა დაავადებებს, გულის მძიმე უკმარისობას, პერიტონიტს, ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის ცვლილებას და სხვა კრიტიკულ სიტუაციებს. წლობით მიმდინარე პროცესების შედეგია თირკმელების ქრონიკული დაავადება, ანუ თირკმელების ფუნქციის დაკარგვა მოფუნქციე ნეფრონების განლევის შედეგად. თირკმელების ფუნქციის სწრაფ დაკარგვას თირკმელების მწვავე უკმარისობა ეწოდება და სწორი მოვლის შემთხვევაში სავსებით შექცევადია. შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევაც, ასევე, შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული დაავადებების შედეგი.


 

- რა ნიშნებით შეიძლება გამოვლინდეს თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებები?

- მწვავე პიელონეფრიტის სიმპტომებია:

  • შემცივნება;
  • ცხელება;
  • წელის ტკივილი;
  • ხშირი და მტკივნეული შარდვა.

ქრონიკული პიელონეფრიტი შესაძლოა წლობით მიმდინარეობდეს ფარულად. კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს პერიოდულმა დაბალმა სიცხემ ან ყრუ წელის ტკივილმა, გამწვავებისას კი მწვავე პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი ყალიბდება. მწვავე გლომერულონეფრიტისთვის დამახასიათებელია:

  • განვითარება ახალგაზრდა ასაკში;
  • გამოვლენა მწვავე ანგინის შემდეგ;
  • შეშუპება;
  • შარდის რაოდენობის შემცირება;
  • არტერიული წნევის მომატება.

ქრონიკული გლომერულონეფრიტისთვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გამოკვეთა გამწვავების დროს, რემისიის პერიოდში კი:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • დილის შეშუპება, უპირატესად - სახეზე.

შარდის ბუშტის ანთებითი დაავადების დროს შეინიშნება:

  • ხშირი, მტკივნეული შარდვა;
  • შარდის გამოყოფის დარღვევა;
  • შარდის ფერის შეცვლა.

- როდის არის მოსალოდნელი და რით შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის დარღვევა?

- თირკმელების ფილტრაციული ფუნქციის დარღვევა ვლინდება მწვავედ, თუ პაციენტს აქვს თირკმელების მწვავე უკმარისობა და გამოიხატება:

  • შარდის გამოყოფის შემცირებით;
  • აზოტოვანი ცვლის ბიოქიმიური მაჩვენებლების სწრაფი მატებით;
  • მჟავატუტოვანი და ელექტროლიტური ბალანისის დარღვევით.

ამ დროს თირკმელების სტრუქტურა შენარჩუნებულია. ფილტრაციული ფუნქციის ქრონიკული დარღვევა თან სდევს თირკმელების ნებისმიერ - როგორც თირკმლისმიერ, ისე მეორეულად განვითარებულ - დაავადებას და გაივლის ხუთ სტადიას, რომელთა დროს:

  • პროგრესულად იმატებს აზოტოვანი ცვლის ბიოქიმიური მაჩვენებლები - შარდოვანა, კრეატინინი, შარდოვანას აზოტი;
  • თირკმელების ზომა მცირდება, ძნელდება ულტრაბგერითი კვლევით მისი შრეების დიფერენცირება;
  • ერითროპოეტინის დეფიციტის გამო ვითარდება შეუპოვარი ანემია;
  • პროგრესირებს შეუპოვარი თირკმლისმიერი არტერიული ჰიპერტენზია.

თირკმელების ფუნქციის ქრონიკულ დარღვევას აფასებენ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის მაჩვენებლის მიხედვით, რაც, ასევე, არის პაციენტის თირკმელჩანაცვლებით თერაპიაზე, პროგრამულ დიალიზზე გადაყვანის კრიტერიუმი.


- გამოკვლევის რა მეთოდებს იყენებენ თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების სადიაგნოზოდ?

- თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია:

  • სწორი და სრული ანამნეზის შეკრება;
  • ყველა იმ დაავადების გამორიცხვა, რომელმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ანალიზებში.

ანამნეზის შეკრებას, ცხადია, მოსდევს:

  • რუტინული სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები;
  • საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა.

ამ სკრინინგული ანალიზების შემდეგ იკვეთება:

  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის;
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზის;
  • მჟავატუტოვანი წონასწორობის;
  • ელექტროლიტების განსაზღვრის საჭიროება.

სადღეისოდ თირკმლის დაავადებათა სადიაგნოზოდ ოქროს სტანდარტია თირკმლის პუნქციური ბიოფსია, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოკვლეულ იქნეს თირკმლის ქსოვილი სინათლისა და ელექტრონულ მიკროსკოპში და დაისვას მაქსიმალურად ზუსტი დიაგნოზი. შარდის ბუშტის დაავადებათა სადიაგნოზოდ ფასეულია: ულტრაბგერითი კვლევა და ცისტოსკოპია.

- როგორია პროგნოზი?

- შარდის ბუშტის, თირკმელების მწვავე დაავადებებისა და თირკმელების მწვავე უკმარისობის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, მართებული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი სავსებით უნდა გამოჯანმრთელდეს. გაცილებით რთულია თირკმელების პირველადი და მეორეული ქრონიკული დაავადებების მართვა, რადგან, მიუხედავად ძალისხმევისა, წლების შემდეგ მაინც ვითარდება თირკმელების ქრონიკული უკმარისობა.

- როგორ მკურნალობენ თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებებს?

- თირკმლის დაავადებების დროს მკურნალობის მეთოდს, დაავადების ტიპის შესატყვისად, ირჩევს ექიმი. ბაქტერიული ანთების დროს ტარდება ანტიბაქტერიული მკურნალობა ბაქტერიოგრამის მიხედვით, იმუნური ანთებისას - იმუნოსუპრესიული თერაპია.

- რას გვირჩევთ თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების პრევენციისათვის?

- თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებათა პრევენცია გულისხმობს:

  • ცხოვრების ჯანსაღ წესს;
  • არამინერალური წყლის საკმარისი რაოდენობით სმას;
  • შარდის ანალიზის ჩაბარებას წელიწადში ერთხელ მაინც.