თირკმლის სიმსივნეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის სიმსივნეები

თირკმლის ახალწარმონაქმნების შესახებ ნეფროლოგი რევაზ მაკარიძე გვესაუბრება.

- ბატონო რევაზ, რას წარმოადგენს თირკმლის კისტა?

- თირკმლის კისტა პატარა, მრგვალი ან ოვალური, სითხით სავსე ტომსიკაა. ის პრაქტიკულად ყოველთვის კეთილთვისებიანია და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის. ბევრი ცხოვრობს თირკმლის კისტით ისე, რომ მის არსებობას არც კი ეჭვობს. კისტას, ჩვეულებრივ, შემთხვევით აღმოაჩენენ, როდესაც ამა თუ იმ მიზეზით იტარებენ ულტრაბგერით ან სხვა გამოკვლევას.

- რამდენად ხშირია ეს პათოლოგია?

- საკმაოდ ხშირია, 50 წელს გადაცილებულთა 50%-ს თირკმელებში სხვადასხვა ზომის კისტები აქვს.

- რას იწვევს თირკმლის კისტა?

- მუცლის არეში დისკომფორტს, არტერიული წნევის მატებას, შარდის გამოყოფის დარღვევას და სხვა.

- რა არის თირკმლის პოლიკისტოზი?

- ეს თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ორივე თირკმელში მრავალი კისტოზური ჩანართი წარმოიქმნება. მრავალრიცხოვანი კისტა თირკმლის ქსოვილის განლევას და ამ ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს. რაკიღა პროცესი ორმხრივია, მას საკმაოდ მძიმე შედეგი მოსდევს. თავს იჩენს ზოგადი ინტოქსიკაცია, ყრუ ტკივილი წელის არეში, არტერიული ჰიპერტენზია, შარდის რაოდენობის მატება, ჰემატურია, ანთებითი პროცესები თირკმელებში.

პათოლოგია თანდათან პროგრესირებს და თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს. სამწუხაროდ, დაავადებისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია. ასეთ დროს მკურნალობის მიზანი თირკმლის ფუნქციის მაქსიმალური შენარჩუნება და დაზოგვაა.

- როგორია მოქმედების ტაქტიკა მას შემდეგ, რაც პაციენტს კისტას აღმოუჩენთ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, ხომ არ აწუხებს პაციენტს წელისა და ნეკნთაშუა არეების, გვერდების ან ზურგის ტკივილი, ხომ არ უჩივის ტემპერატურის მატებას, გახშირებულ შარდვას ან შარდში სისხლს. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი დადასტურდა, აუცილებელია დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

თუ არაფერს უჩივის და კისტაც პატარაა, მკურნალობა არ ინიშნება, ოღონდ აუცილებელია დაკვირვება და 6-12 თვის განმავლობაში პერიოდულად ულტრაბგერითი ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება.

ზოგჯერ კისტა საკმაოდ დიდი ზომისაა და კალციფიკატებს (მაგარ, ქვისმაგვარ ნაწილაკებს) ან მკვრივ ქსოვილოვან შიგთავსს შეიცავს. ასეთ დროს ტარდება დამატებითი გამოკვლევა, რათა კისტის სტრუქტურული შენების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოვიპოვოთ და მისი ავთვისებიანი წარმონაქმნისგან დიფერენცირება მოვახდინოთ.

ავთვისებიანი სიმსივნისგან განსხვავებით, კისტის ასიდან 70 შემთხვევაში დაკვირვება შესაძლებელია, აქტიური ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო. თუ პაციენტს 5 სმ-მდე დიამეტრის კისტა აქვს, რომელიც არ იწვევს თირკმელებში სისხლის მიმოქცევის მოშლას და შარდის ნორმალურ გადინებას არ არღვევს, საკმარისია დინამიკაზე დაკვირვება და გარკვეულ ღონისძიებათა გატარება, რათა შემდგომ არ მოხდეს თირკმლის დისფუნქცია.

- როდის არის საჭირო კისტის ქირურგიული გზით მოცილება?

- მაშინ, როდესაც იგი ზრდას განაგრძობს, ხელს უშლის თირკმლის ნორმალურ ფუნქციობას და არღვევს შარდის ბუნებრივი გადინების პროცესს, ან არსებობს ეჭვი მისი გაავთვისებიანების თაობაზე. არსებობს კისტის მოცილების ამბულატორიული და სტაციონარული ქირურგიული მეთოდები.

ეს ნაკლებინვაზიური მეთოდებია, რომელთა შორისაც არის თირკმლის კისტის ენდოსკოპიური ქირურგია, პერკუტანული ან კანისმიერი მეთოდი, ლაპაროსკოპია. ენდოსკოპიური მეთოდით ისეთ კისტებს აცილებენ, რომლებსაც შესაძლებელია მივუდგეთ შარდგამომტანი გზების მეშვეობით. ამ დროს ქირურგს შარდსაწვეთში მცირე ზომის ენდოსკოპი შეჰყავს და ლაზერის საშუალებით არღვევს კისტის გარსს. ამის შედეგად კისტის შიგთავსი შარდგამომტან გზებში იღვრება.

როდესაც კისტა დიდია და თირკმლის უკანა ზედაპირზე მდებარეობს, მიმართავენ პერკუტანულ მეთოდს: კანზე გაკეთებული მცირე ზომის განაკვეთიდან ქირურგი ულტრაბგერის კონტროლის თანხლებით ხსნის კისტას და შიგთავსს აცილებს, რის შემდეგაც მის ღრუში ერთგვარი მწებავი ნივთიერება შეჰყავთ. სამწუხაროდ, ასეთი მკურნალობის შემდეგ ხშირია დაავადების რეციდივი (განმეორება), ამასთანავე, ყველა კისტის კანისმიერი გზით მოცილება ტექნიკურადაც შეუძლებელია.

მრავლობით და დიდი ზომის კისტებს ლაპაროსკოპიული მეთოდით ვაცილებთ. ეს მეთოდი მიზანშეწონილია თირკმლის პოლიკისტოზური დაავადების მკურნალობის დროსაც. მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ ტარდება რადიკალური ოპერაცია, ანუ ხდება კისტის სრული მოცილება და მისი ჰისტოლოგიური გამოკვლევა, მეორე მხრივ კი ნარჩუნდება ნაკლებინვაზიურობის პრინციპი. მეთოდი ნებისმიერი ზომის კისტის მოცილების საშუალებას იძლევა. პაციენტები მეორე დღესვე დგებიან ფეხზე, 10-14 დღის შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.

განურჩევლად მკურნალობის მეთოდისა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და პერიოდულად საჭირო გამოკვლევებს იტარებს.


- რას გვეტყვით თირკმლის ავთვისებიან წარმონაქმნებზე?

- თირკმლის კიბო გავრცელების მხრივ მე-10 ადგილს იკავებს ავთვისებიან სიმსივნეთა შორის. ამასთანავე, მამაკაცები ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. წინათ თირკმლის კიბო ხანში შესულთა პათოლოგიად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო ხანს, სამწუხაროდ, იმატა კიბოთი დაავადებული ახალგაზრდების რიცხვმა.

თირკმლის ავთვისებიან სიმსივნეთა 90-95%-ს შეადგენს თირკმლის უჯრედოვანი კიბო, რომელსაც არცთუ იშვიათად ადენოკარცინომას, ჰიპერნეფრომას უწოდებენ. დანარჩენი ორი: თირკმლის სარკომა და ვილმსის სიმსივნე - გაცილებით იშვიათია.

- რატომ ვითარდება თირკმლის კიბო და რა ფაქტორები უწყობენ ხელს ამ პროცესს?

- ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ შემთხვევაში დაავადების მიზეზი, ცოტა ძნელია, თუმცაღა ცნობილია მისი განვითარების ხელშემწყობი რამდენიმე არაპირდაპირი ფაქტორი:

  • თამბაქოს წევა - მწეველთა შორის თირკმლის კიბო 2-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება;
  • გაცხიმოვნება - ჭარბი წონა 20%-ით ზრდის თირკმლის უჯრედოვანი კიბოთი დაავადების ალბათობას;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ზოგიერთი პრეპარატი. ამ კუთხით აღსანიშნავია შარდმდენების ხანგრძლივი გამოყენება.
  • მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთ საწარმოში მუშაობა, სადაც სამრეწველო მიზნით ანილინშემცველი საღებავები გამოიყენება. ანილინის საღებავებში აღმოჩენილია რამდენიმე ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომლებიც კანცეროგენული ბუნებისაა და თირკმელებთან ერთად შარდის ბუშტის სიმსივნეების განვითარებასაც აპროვოცირებს.

- რა ნიშნები ახასიათებს თირკმლის კიბოს?

- ცნობილია თირკმლის კიბოსთვის დამახასიათებელი 3 სიმპტომი, რომელთა გამოც პაციენტები, ჩვეულებრივ, მიმართავენ ექიმს: ჰემატურია, მუცლის ღრუში ახალწარმონაქმნის არსებობა და ტკივილი.

ჰემატურია შარდში სისხლის არსებობას ნიშნავს. განასხვავებენ მიკრო და მაკროჰემატურიას. მიკროჰემატურიის დროს შარდში სისხლის ელემენტები მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება აღმოვაჩინოთ, მაკროჰემატურიის დროს კი ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ჰემატურია უმეტესად ერთი შეხედვით სავსებით ჯანმრთელ ადამიანს ეწყება. ამასთანავე, - რაც თირკმლის კიბოსთვის ნიშნეულია, - მას თან არ ახლავს ტკივილი, რომელიც შარდკენჭოვანი დაავადების თანამდევ ჰემატურიას ახასიათებს. კიბოს დროს ჰემატურია მალე ქრება, მაგრამ რამდენიმე დღის, თვისა თუ წლის შემდეგ შესაძლოა განმეორდეს.

სისხლდენა სიმსივნის ზრდის შედეგია - მზარდი სიმსივნე აზიანებს თირკმლის სისხლძარღვებით მდიდარ ქსოვილს. ზოგჯერ წარმოიქმნება თრომბი, რამაც შესაძლოა თირკმელკენჭოვანი დაავადების მსგავსი თირკმლის ჭვალი გამოიწვიოს.

დროთა განმავლობაში სიმსივნე შესამჩნევი ზომისა ხდება და მეორე სიმპტომი - მუცლის არეში ახალწარმონაქმნი - იჩენს თავს. თირკმელი სიმსივნესთან ერთად ისინჯება მუცლის მხრიდან. ზოგჯერ გამხდარი ადამიანები სიმსივნეს ადრეულ სტადიაზე თავადაც ამჩნევენ. დროთა განმავლობაში ნებაზე მიშვებული სიმსივნე გამოდის თირკმლის კაფსულიდან და მეზობელ სტრუქტურებზე ვრცელდება, აწვება ნერვულ დაბოლოებებს და ჩნდება მესამე სიმპტომი - ტკივილი.

კიბოს ადრეულ სტადიაზე ტკივილი ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაში შეინიშნება. მისი არსებობა უმეტესად უკვე გავრცობილი სიმსივნის მაუწყებელია. გავრცობილი სიმსივნე, თავის მხრივ, აზიანებს სისხლძარღვებს. ირღვევა ქვედა ღრუ ვენაში ვენური სისხლის გადინება და თავს იჩენს ვენური შეგუბებისთვის დამახასიათებელი მოვლენები. მამაკაცებში ეს ყოველივე ვარიკოცელეს - სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერებას - იწვევს. ტკივილი შესაძლოა იყოს კიბოს მეტასტაზირების - სხვა ორგანოებში დაზიანებული კერების გაჩენის - შედეგიც.

თირკმლის კიბოს ახასიათებს მეტასტაზირება თითქმის ყველა ქსოვილსა და ორგანოში. ყველაზე ხშირად მეტასტაზებს ფილტვებში, ღვიძლსა და ძვლებში აღმოაჩენენ. ზოგჯერ დაავადება უჩვეულო სიმპტომებითაც ვლინდება - სიმსივნე ახდენს ჰორმონებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუქციას, ეს კი იწვევს სისხლში ერითროციტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, იმატებს კალციუმის დონე, იზრდება არტერიული წნევა და ირღვევა ღვიძლის ფუნქციები. დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც ახასიათებს: დაღლილობისა და მოთენთილობის მუდმივი შეგრძნება, წონის უმიზეზო კლება, ფეხების შეშუპება.


- რას ეფუძნება თირკმლის კიბოს დიაგნოზი?

- პაციენტის ჩივილებს და ზოგადკლინიკურ გამოკვლევებს: სისხლისა და შარდის კლინიკურ ანალიზს. ძირითად მეთოდად მიჩნეულია თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, მუცლის ღრუს გამოკვლევა, უროგრაფია (თირკმლის გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერებების საშუალებით), რადიონუკლეიდური სკანირება, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ორი უკანასკნელი მეთოდი სიმსივნის გავრცელების დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა.

აუცილებელია ფილტვების, გულმკერდის ღრუსა და მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფია, ძვლების რადიონუკლეიდური სკანირება მათში მეტასტაზების აღმოჩენის მიზნით.

- რა სახის მკურნალობა სჭირდებათ თირკმლის კიბოთი დაავადებულებს?

- მკურნალობის ძირითადი მეთოდი მაინც ქირურგიულია. ოპერაციული ჩარევა აუცილებელია პრაქტიკულად ყველა იმ შემთხვევაში, როცა კი ეს შესაძლებელია. ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც რადიკალურად, - იკვეთება თირკმელი, ცხიმოვანი კაფსულა და შარდსაწვეთი (რადიკალური ნეფრექტომია), - ისე დამზოგველი მეთოდიკითაც. ეს უკანასკნელი გამოიყენება უმთავრესად სიმსივნის ადრეულ სტადიაზე, როცა პროცესი მეზობელ ორგანოებზე ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული, და მაშინ, როდესაც შეუძლებელია პაციენტისთვის თირკმლის ამოკვეთა, რადგან მეორე თირკმელს არ შეუძლია, თავის თავზე აიღოს მეტაბოლიზმის შედეგად დაგროვილი მავნე ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ფუნქცია.

დამზოგველი ოპერაციისას იკვეთება თირკმლის მხოლოდ ნაწილი, თუმცა მაღალი რჩება ადგილობრივი რეციდივის განვითარების რისკი.

- რომელ კლინიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული დაავადების პროგნოზი?

- თანამედროვე ონკოქირურგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ იმ ფაქტორთა გამოვლენაა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, შევადგინოთ ინდივიდუალური პროგნოზი და განვსაზღვროთ მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა თირკმლის კიბოთი მოავადე ადამიანისთვის. ამჟამად არახელსაყრელ პროგნოზულ ფაქტორებად მიიჩნევა:

  • ორგანიზმის ზოგადი მძიმე მდგომარეობა;
  • დიაგნოზის დასმისას კლინიკური სიმპტომების სრული კომპლექსი;
  • სხეულის მასის 10%-ით ან მეტად შემცირება.

პაციენტის ასაკი და სქესი პროგნოზზე გავლენას არ ახდენს. ისევე როგორც ყველა სხვა ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას გვაძლევს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა - როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, თანამედროვე ქირურგიული ოპერაციები რადიკალურად აუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს და საგრძნობლად ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს.