რა არის ბიოფსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბიოფსია

რედაქციაში შემოსულმა უამრავმა შეკითხვამ და თხოვნამ ცხადყო, რომ ჩვენი ჟურნალის მრავალ მკითხველს სურს მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია კვლევის აღნიშნული მეთოდის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ მკითხველს აინტერესებს: "ანალიზებსა და ექოსკოპიასთან ერთად რატომ არის აუცილებელი ჩიყვზე ბიოფსიის ჩატარება? რას იკვლევენ ამით?" მეორე გვწერს: "უკვე მეორედ დამინიშნეს ძუძუს ბიოფსია. მაქსიმუმ რამდენჯერ შეიძლება მისი ჩატარება?"

ბიოფსიის მნიშვნელობასა და თავისებურებებზე სასაუბროდ აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ლაბორატორიული დეპარტამენტის - ლაბორატორიული მედიცინის ექიმ სპეციალისტს, ციტოლოგს, "ავერსის კლინიკის" ლაბორატორიის ექიმ ციტოლოგს, თსსუ-ის ლაბორატორიული მედიცინის დეპარტამენტის მოწვეულ პედაგოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მარიამ მესტიაშვილს ვეწვიეთ.

- რას გულისხმობს ბიოფსია და რა მნიშვნელობა აქვს მას ზუსტი კლინიკური დიაგნოსტიკისთვის?

- ბიოფსია გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილოვანი მასალის აღებას მორფოლოგიური კვლევისათვის. არსებობს ბიოფსიის რამდენიმე სახეობა: წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA), მსხვილნემსიანი ბიოფსია (CNB), ღია ანუ ოპერაციული ბიოფსია, ენდოსკოპიური ბიოფსია. წვრილნემსიანი ასპირაციული (FNA) ბიოფსიური მასალა განკუთვნილია ციტომორფოლოგიური და იმუნოციტოქიმიური კვლევებისათვის, ხოლო ყველა დანარჩენი ჰისტომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულური კვლევის საგანს წარმოადგენს. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA) არის მარტივი, სწრაფი, ეფექტური და შედარებით არაინვაზიური მეთოდი, რომელიც მიკრომორფოლოგიური კვლევის საფუძველზე კლინიცისტს სიმსივნური და არასიმსივნური პროცესების დიფერენცირებაში ეხმარება. რაც მთავარია, მისი დახმარებით ავთვისებიან პროცესებს ხშირად აღმოაჩენენ განვითარების ადრეულ სტადიაში, როდესაც განკურნება შესაძლებელია.

- რომელი პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ბიოფსიას? რომელი დაავადებების დროს აზუსტებს იგი დიაგნოზს, ანუ როდის გვევლინება დამატებით, დამხმარე მეთოდად? იქნებ ჩვენს მკითხველსაც უპასუხოთ - რა მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიას?

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ბიოფსიასთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძების, ასევე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ATA-ს (American Thyroid Association) მიერ მტკიცებითი მედიცინის პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკისა და მართვის გაიდლაინი, რომელიც ასახავს ყველაზე თანამედროვე მიდგომას ამ პრობლემის მიმართ. თუ ექიმმა პალპაციით ფარისებრი ჯირკვლის კვანძის არსებობა იეჭვა, საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს კვანძის ზომა, საერთო მოცულობა, სტრუქტურული ცვლილებები (სოლიდური და ცისტური კვანძები) ანუ გვაწვდის უფრო მეტად ანატომიურ ინფორმაციას. გაიდლაინის თანახმად, წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის ჩვენებაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძი, რომლის ზომა აღემატება 1 სმ-ს, უფრო მეტად - ეუთირეოზის ან ჰიპოთირეოზის ფონზე (ეუთირეოიდული ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა ფუნქციის დარღვევის გარეშე,  ჰიპოთირეოზი კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა). წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსის (FNA) ჩატარება მიზანშეწონილია უფრო მცირე ზომის კვანძზეც, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ნიშნებს ავლენს. ეს ნიშნებია კვანძის ჰიპერექოგენურობა, არასწორი კონტურები, ჰალოს არარსებობა, მიკროკალცინატები, ინტრანოდულური სისხლის ნაკადის არსებობა. ბიოფსიური მასალის გამოკვლევის შემდეგ ისმება ციტომორფოლოგიური დიაგნოზი: ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძი (კოლოიდური - კვანძოვანი ჩიყვი, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, დე-კერვინის თირეოიდიტი), ფოლიკულური ან ჰიურტლეს უჯრედული ნეოპლაზმა (მაღალდიფერენცირებული ფოლიკულური კარცინომისა და მიკროფოლიკულური ადენომის ციტოლოგიურად ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელია), პაპილური კარცინომა, მედულური კარცინომა, ანაპლაზირებული კარცინომა, ლიმფომა, მეტასტაზური სიმსივნე - და შესაბამისად წყდება დაავადების მართვის ტაქტიკა - კლინიკური დაკვირვება თუ ოპერაცია (ჰემითირეოიდექტომია ან ფარისებრი ჯირკვლის ექსტირპაცია - ჯირკვლის ნაწილის ამოკვეთა ან მისი მთლიანად მოცილება ქირურგიული მეთოდით).


- რომელ ქსოვილს, რომელ ბიოფსიურ მასალას იკვლევთ უმეტესად?

- წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის სამიზნე უმეტესად ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლის, სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილები და ლიმფური კვანძებია. ეს შეიძლება იყოს პალპირებადი და არაპალპირებადი, ულტრასონოგრაფიულად გამოვლენილი კვანძები, აგრეთვე - ნებისმიერი წარმონაქმნი: კანისა, რბილი ქსოვილებისა, პირის ღრუსი. ციტომორფოლოგიური გამოკვლევა ინფორმაციულია სეროზული ღრუების შიგთავსის შესწავლისას, შეგუბებითი, ანთებითი პროცესების, სეროზული ღრუების პირველადი და მეტასტაზური სიმსივნებიის სადიაგნოზოდ.

- რომელი დაავადებების დროს ტარდება ბიოფსია დინამიკაში, კლინიკურ სურათზე დაკვირვების პარალელურად?

- დინამიკაში წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია მიზანშეწონილია ფარისებრი ჯირკვლის და ძუძუს კვანძების ზრდის დროს, აგრეთვე - კანის პიგმენტური და უპიგმენტო წარმონაქმნების ზრდის შემთხვევაში, რათა მოხერხდეს კეთილთვისებიანი პროცესის მალიგნიზაციის ანუ გაავთვისებიანების ადრეული დიაგნოსტიკა. წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია განმეორებით (დინამიკაში) ტარდება ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული, სხივური და ქიმიოთერაპიის დროს, აგრეთვე მაშინ, თუ კომბინირებული მკურნალობის შემდეგ რეციდივის კლინიკური ეჭვი დაიბადა.

- როგორც ცნობილია, უშუალოდ ბიოფსიას ანუ ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილის ამოკვეთას უმთავრესად ქი-რურგები ახორციელებენ, ექიმი ლაბორანტები კი ამ მასა-ლის მიკროსკოპიულ გამოკვლევას აწარმოებთ. რა პირობებში და რა წესების დაცვით უნდა იქნეს ამოღებული მასალა, რომ საკვლევი პრეპარატი სათანადო ხარისხისა იყოს?

- წვრილნემსიანი ასპირაცია ხორციელდება 0,6-0,7 მმ გარე დიამეტრის მქონე წვრილი ნემსით, ამიტომ იშვიათად არის მტკივნეული. სისხლდენის რისკი და სიმსივნური უჯრედების გავრცელების ალბათობაც ამ დროს ნაკლებია. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება (2% ლიდოკაინით). ასპირირებული მასალა გადაიტანება სასაგნე მინაზე, შრება ჰაერზე (მაი-გრიუნვალდ-გიმზას მეთოდით შეღებვისთვის) ან ფიქსირდება ეთანოლში (პაპანიკოლაუს მეთოდით შეღებვისთვის) და იგზავნება ლაბორატორიაში. არაპალპირებადი წარმონაქმნების დროს აუცილებელია წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის ჩატარება ულტრასონოგრაფიული კონტროლით. თუ პაციენტი დიდი ხანია იღებს ანტიკოაგულანტებს, სასურველია, ბიოფსიამდე ჰემოსტაზის შესაფასებლად ჩატარდეს რუტინული კოაგულოგრამა და განისაზღვროს თრომბოციტების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში.

- უმთავრესად რას იკვლევთ მიკროსკოპიულად?D პრეპარატების მომზადების, რეაქტივების გამოყენების პროცესისა თუ სხვა სპეციფიკური დეტალების აღწერა მკითხველისთვის ალბათ მოსაწყენი იქნება, მაგრამ ზოგადად ბევრს აინტერესებს, როგორ წარმოებს კვლევა, რას აკვირდებით, რას აანალიზებთ, დროის რამხელა მონაკვეთს მოიცავს, რა თავისებურებები აქვს, რა სირთულეებია მოსალოდნელი...

- ციტომორფოლოგიური გამოკვლევა გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების შესწავლას უჯრედულ დონეზე. მიკროსკოპირებისას ფასდება შემდეგი კრიტერიუმები: პრეპარატის ფონი, უჯრედების განლაგების თავისებურება, უჯრედების ქსოვილოვანი წარმომავლობა და - რაც მეტად მნიშვნელოვანია ავთვისებიანი პროცესის გამოსავლენად – უჯრედული პლემორფიზმი,  ატიპია,  ბირთვის სტრუქტურა,  ბირთვაკები.

- როგორია შეცდომების ალბათობა კვლევის ამ მეთოდის გამოყენებისას? უმთავრესად რა სახისაა ეს შეცდომები და რა იწვევს?

- წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA) წერტილოვანი მეთოდია და გულისხმობს მასალის აღებას სიმსივნური ქსოვილის ერთი, ზოგჯერ კი ორი წერტილიდან. ამიტომაც არსებობს ცრუ უარყოფითი პასუხის ალბათობა. ამ ალბათობის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია მასალის რამდენიმე ადგილიდან აღება, აგრეთვე - ასპირაცია ულტრასონოგრაფიული კონტროლით. გარდა ამისა ციტომორფოლოგიური გამოკვლევით ხშირად შეუძლებელია სრული მორფოლოგიური დიაგნოზის ვერიფიცირება, ქსოვილოვანი წარმომავლობის, ანაპლაზიის ხარისხისა და პროლიფერაციული აქტივობის განსაზღვრა - ეს ყველაფერი ჰისტომორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულური გამოკვლევების გამოყენებით ხორციელდება. ლიტერატურაში მოიპოვება ცნობები FNA ციტოპათოლოგიური დიაგნოზის სენსიტიურობასა და სპეციფიკურობაზე. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის შემთხვევაში FNA-ს ციტოპათოლოგიური დიაგნოზის სენსიტიურობა 70-98%-ს შეადგენს, სპეციფიკურობა - 70-100%-ს, ხოლო ძუძუს შემთხვევაში 77-დან 100%-მდე მერყეობს.