დასვენება რომ არ ჩაგვმწარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენება რომ არ ჩაგვმწარდეს

სწორედ ამ ცოდნის შესაძენად “ოჯახის მკურნალი” ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალსახსროვანი პათოლოგიების განყოფილების წამყვან სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ონკოქირურგ სანდრო ჩირინაშვილს ესტუმრა.

- ბატონო სანდრო, მზის აქტიურობამ მაქსიმალურად იმატა, ამ პერიოდში კანის პათოლოგიებიც მატულობს?

- მთლად ასეც არ არის. კანის პათოლოგიები წელიწადის დროზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, მზის აქტიურობა შესაძლოა კანის პათოლოგიების ერთ-ერთი ხელისშემწყობი მიზეზი გახდეს. კანის დაავადება შეიძლება იყოს პირველადი, დამოუკიდებელი პათოლოგია, თუმცა ხშირია კანის მეორეული დაავადებები, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ან ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ალერგია და სხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. კანი ხომ ორგანიზმის სარკეა, ორგანიზმში არსებული ცვლილებები სწორედ მასზე აისახება.

- მზე და მისი გამოსხივებაც ხომ მოქმედებს კანზე?

- რა თქმა უნდა. ინსოლაცია, ანუ მზის გამოსხივება, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით დიდ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. უფრო მეტიც, კეთილთვისებიანი პიგმენტური ნევუსების, თანდაყოლილი თუ შეძენილი ხალების ავთვისებიანად ქცევაში მისი მაპროვოცირებელი ეფექტი დიდი ხნის დადგენილია. გამოსხივების გარდა, ტრავმაც რისკფაქტორად ითვლება. ტრავმები მრავალგვარი შეიძლება იყოს, გნებავთ, პარსვის, აზღუდის, მაისურის საყელოს, ტრუსების ხახუნის დროს მიღებული ტრავმა, ფრჩხილით ან ბანაობის დროს ღრუბლით მიყენებული და სხვა. შესაძლოა, ამგვარმა დაზიანებებმა, ხალი ავთვისებიანად აქციოს.  მელანომის არსებობა კი შეიძლება ვერც იეჭვოს პაციენტმა, ისე მიიღოს დაავადებამ სერიოზული მასშტაბები. ისევ ინსოლაციას დავუბრუნდეთ. არსებობს უწყინარი ხალები, რომელთა უწყინარობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განსაზღვროს პაციენტმა. მას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს და მათი დადგენა მხოლოდ ექიმი-სპეციალისტის პრეროგატივაა. უნდა ვიცოდეთ, რომელია სასიგნალო ხალი და რომელს აქვს მალიგნიზაციისკენ მიდრეკილება. ასეთი ხალების შემთხვევაში თითქმის ყოველთვის ვკრძალავთ მზესთან ურთიერთობას.

- არსებობს ისეთი ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება სასიგნალო ხალის გამოვლენა?

- დამეთანხმებით, ხალი ადვილი შესამჩნევია. ალბათ, ყველამ იცის, სხეულზე რა ადგილას აქვს ხალი, თუ არ იცის, უნდა იცოდეს. როცა ამჩნევს ხალის: 1) ასიმეტრიას, 2) ფერის შეცვლას გამუქებისკენ, 3) ზომაში ინტენსიურ ზრდას და 4) ირგვლივ წითელ ყაითანს, - ეს უკვე პათოლოგიის ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად, ვიმეორებ, აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, რომ მან გასინჯვით, დერმატოსკოპით დათვალიერებით ან უფრო ღრმა კვლევებით დასვას საბოლოო დიაგნოზი. ექიმთან მისვლა აუცილებელია. ხალებზე ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ხალხი ყველაფერს ხალს ეძახის - ხალსაც, პაპილომასაც და კიდევ ბევრ სხვა რამეს. ზოგი ხალი საკმაოდ რთული განსასაზღვრია. ამიტომ, არაფერი უჭირთ ადამიანებს, ათი წუთი დაკარგონ იმისათვის, რომ წარმონაქმნი სპეციალისტს აჩვენონ. მეც ხშირად მირეკავენ და ტელეფონით მთხოვენ დიაგნოზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი აღწერილი და რეალობა რადიკალურად განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. ამიტომ, თქვენი ჟურნალისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დავაკონკრეტებ სიმპტომატიკას. მესმის, რომ პაციენტისა და ონკოლოგის ურთიერთობა გარკვეულწილად გაწყვეტილია, ალბათ, უფრო შიშის გამო, მაგრამ მაინც ვიტყვი, ექიმთან დროული კონსულტაცია დაავადების გართულებას აგარიდებთ. საზოგადოდ, ამგვარ პრობლემათა პირველი სელექტორი ოჯახის ექიმი უნდა იყოს, მან უნდა იცოდეს, კანის ესა თუ ის პათოლოგია პირველადია თუ მეორეული, მეორე კი ონკოდერმატოლოგია. სწორედ ასე ხვდება პაციენტი სწორ მისამართზე და დროც არ იკარგება.

- თქვენი ნებართვით, თქვენს ჩამოთვლილ ნიშნებს კიდევ ერთს დავუმატებდი - ზოგჯერ ხალიდან უმიზეზოდ იწყება სისხლდენა.

- დიახ, მსგავსი ნიშანიც გვხვდება. თუ სისხლდენა ტრავმით არ არის გამოწვეული და თავისით დაიწყო, ხშირ შემთხვევაში, ეს ხალის დაწყლულებას მიანიშნებს. ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი, შინაგანი კულტურის საკითხი ემატება. ნუთუ სისხლდენამდე უნდა მიიყვანოს საქმე ადამიანმა, რომ ექიმთან მივიდეს? სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც გვხვდება.

- მოდით, უმძიმეს დაავადება მელანომაზე ვისაუბროთ.

- მელანომა კანის პიგმენტ მელანინისგან ჩნდება. ეს პიგმენტი ყველა ადამიანს აქვს. მელანომა თანდაყოლილზე ხშირად შეძენილ ხალზე ვითარდება. ის შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა აქციოს ავთვისებიანად. მელანომა მეტად ვერაგი დაავადებაა. მას ახასიათებს ორი ტიპის მეტასტაზირება: ლიმფოგენური და ჰემატოგენური. ის სხეულის ყველა ნაწილზე შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი მაინც თავ-კისრის მიდამოა. აქ მელანომა საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობს.

- როგორ მკურნალობენ მას და სიახლეები ხომ არ არის ამ მხრივ?

- როდესაც ამა თუ იმ მეთოდით დიაგნოზი დადგენილია და ოპერაბელური შემთხვევაა, კეთდება გაფართოებული ოპერაცია. შემდეგ ქიმიო- და იმუნოთერაპია ერთვება საქმეში. მსოფლიოშიც მელანომას ამ ფორმით მკურნალობენ. სხვათა შორის, მელანომის შესახებ მერვე მსოფლიო კონგრესზე მივდივარ ჰამბურგში. იქ აშშ-დან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეცნიერები კლინიკურად სარწმუნო, გამოცდილ ინფორმაციას ჩამოიტანენ და რომ დავბრუნდები, თუკი დაინტერესდებით, თქვენს ჟურნალს უახლეს მონაცემებს მივაწვდი.

- ახლა გარუჯვაზე ვისაუბროთ. როდის და რა პირობებში შეიძლება ბუნებრივი რუჯის მიღება?

- თუ ადამიანს სასიგნალო ხალი არ აქვს, დღის რვა საათიდან თერთმეტ საათამდე და საღამოს ხუთი საათიდან რვა საათამდე მისთვის შეიძლება მზეზე ყოფნა. ნება მომეცით, თორმეტიდან ხუთ საათამდე მონაკვეთზე საერთოდ არ ვილაპარაკო, რადგან ამ დროს არც ჯანმრთელი და არც დაავადებული ადამიანი მზეზე არ უნდა გავიდეს.

- პროფილაქტიკაზე რას გვეტყვით? ღია ფერის ქუდი და ტანსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალებები...

- პროფილაქტიკა არის ის, რომ ყველა ადამიანი ექვს თვეში ერთხელ აუცილებლად უნდა ესტუმროს ექიმს. ყველა ქვეყანაში ასე ხდება. მით უფრო, რომ კანის საფარის ხილულ გამოკვლევას ბევრი ფილოსოფიაც არ სჭირდება....

- ფილოსოფია არა, მაგრამ ფინანსები სჭირდება.

- საყოველთაო დაზღვევით ქვეყანაში გვარდება ეს პრობლემა და უპატრონოდ არც ერთი ადამიანი არ დარჩება. კერძო კომპანიებში დაზღვეულების შემთხვევაში, თუ ოჯახის ექიმს ეჭვი გაუჩნდება, თავისუფლად შეუძლია  პაციენტი ამა თუ იმ სპეციალისტთან მიავლინოს.

- დაბოლოს, ბატონო სანდრო, რა სასიკეთო რჩევებს მისცემთ მკითხველს?

- ძირითადი რჩევა ის არის, რომ არ შეეშინდეთ ონკოლოგთან კონტაქტის. მეც ძალიან მსიამოვნებს გარუჯული, ლამაზი ქალბატონების ყურება, მაგრამ სილამაზე, რომელიც, როგორც ამბობენ, მსხვერპლს მოითხოვს, არ შეიძლება სიცოცხლეზე მეტად ფასობდეს. ადამიანი ყურადღებით უნდა მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან მისი ავადობა გარშემომყოფთა - შვილის, მეუღლის, ნათესავების პრობლემებსაც გულისხმობს. პრობლემა რომ აირიდოთ, საჭიროა ცოტა დრო, მარტივი გამოკვლევა, სწორი რჩევა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ზუსტი ტაქტიკის არჩევა. სოლარიუმზე კი მოგახსენებთ, რომ ეს ალბათ ბიზნესი უფროა. სოლარიუმში სასურველი რუჯისთვის გადაჭარბებული დოზით იღებენ ულტრაიისფერ სხივებს. საჭირო დოზის განსაზღვრა ძალიან ძნელია. რასაკვირველია, ბუნებაშიც ასე ხდება, მაგრამ ღმერთმა ინტელექტი იმისთვის მოგვცა, რომ სასიკეთო და მავნე ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს კანის პათოლოგიების მკურნალობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, დღევანდელი შპს-ებისგან განსხვავებით, სადაც უამრავი მეგობარი მყავს და მათ კომპეტენციას არ ვეხები, ეს კლინიკური გამოცდილება გამოადგება საქართველოს მოსახლეობას. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთვება ამ საქმეში, ან გამოჩნდება ადამიანი, რომელიც უფასო პროფილაქტიკურ გასინჯვას მოაწყობს. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ასეთ სასიკეთო საქმეში. მაგალითად, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ლალი მეკოკიშვილის ხელმძღვანელობით, “ევრომელანომა 2013” ჩაატარა და რამდენიმე დაავადებულის დროულად გამოვლენაც შევძელით. მაგრამ ეს არ არის ერთი ადამიანის საქმე. ამას მეტი მობილიზება და ჯანდაცვის სამინისტროდან მხარდაჭერაც უნდა. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსაც ჩვენ უნდა მივაწოდოთ დასკვნები, ვარაუდები, მოსაზრებები, რომ არსებულ მონაცემეზე დაყრდნობით მათ სათანადოდ რეაგირება შეძლონ. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამგვარი ალიანსი ძალზე წაადგება ჩვენს მოსახლეობას.