მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ

რა არის მონოკლონური ანტისხეულები

მონოკლონური ანტისხეული არის ლაბორატორიულად შექმნილი მოლეკულა, რომელიც დეფექტურ სიმსივნურ უჯრედებს უტევს. მონოკლონური ანტისხეულები ჰგავს იმ ანტისხეულებს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, გამოიმუშავებს მიკრობების, ვირუსებისა და მისთვის გენეტიკურად უცხო სხვა აგენტების წინააღმდეგ.

როგორ მოქმედებს

მონოკლონური ანტისხეულები სიმსივნურ უჯრედებთან შეერთებისას შემდეგი ტიპის ცვლილებებს იწვევს:

  • სიმსივნურ უჯრედებს იმუნური სისტემისთვის უფრო შესამჩნევს ხდის. როგორც იცით, იმუნური სისტემა ანადგურებს ორგანიზმში მოხვედრილ თუ წარმოქმნილ გენეტიკურად უცხო უჯრედებს, მაგრამ სიმსივნის დროს მას ყოველთვის არ შესწევს დაავადებული უჯრედების ამოცნობის უნარი. მონოკლონური ანტისხეულები მიემაგრება და ამით ერთგვარად მონიშნავს სიმსივნურ უჯრედებს, რის წყალობითაც იმუნურ სისტემას ამ უკანასკნელთა ამოცნობა უადვილდება. მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი რიტუქსიმაბი (რიტუქსანი) უერთდება სპეციფიკურ ცილას (ჩD20), რომელიც მხოლოდ B ლიმფოციტებზე - სისხლის თეთრი უჯრედების განსაზღვრულ ტიპზეა აღმოჩენილი. ამავე დროს, ცნობილია, რომ ლიმფომების განსაზღვრული ტიპი სწორედ B უჯრედებისგან წარმოიშობა. როცა რიტუქსიმაბი უერთდება მის ზედაპირზე არსებულ ცილა ჩD20-ს, B ლიმფოციტი უფრო იოლად ამოსაცნობი ხდება იმუნური სისტემისათვის და შეტევაც იწყება. რასაკვირველია, რიტუქსიმაბი ჯანმრთელი B უჯრედების დონესაც აქვეითებს, თუმცა ორგანიზმი მალევე წარმოქმნის ახალ, ჯანმრთელ B უჯრედებს, სიმსივნური B უჯრედების ხელახალი წარმოშობა კი ნაკლებსავარაუდოა.
  • აუმჯობესებს სიგნალის ბლოკირებას. ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ზრდის ფაქტორს უწოდებენ, უერთდება როგორც ნორმალური, ასევე სიმსივნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს და მათ გამრავლებას აძლევს ბიძგს. განსაზღვრული სიმსივნური უჯრედები ზრდის ფაქტორების რეცეპტორების მრავალ ასლს ქმნიან, რის გამოც ჯანმრთელ უჯრედებზე გაცილებით სწრაფად მრავლდებიან. მონოკლონური ანტისხეულები ბლოკავენ ამ რეცეპტორებს და თავიდან გვაცილებენ მათზე ზრდის სიგნალის ზემოქმედებას. ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი), მსხვილი ნაწლავის, თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ ნებადართული მონოკლონური ანტისხეული, უერთდება სიმსივნური უჯრედის იმ რეცეპტორს, რომელზეც ზემოქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი. ამ სიგნალის გავლენით სიმსივნური და ზოგიერთი ტიპის ჯანმრთელი უჯრედები მრავლდებიან. ეპიდერმული ზრდის ფაქტორის ბლოკირებით შესაძლოა შენელდეს ან შეწყდეს სიმსივნის ზრდა.
  • აფერხებს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას. სიმსივნურ უჯრედებს ზრდა-გამრავლებისთვის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები სჭირდება. მათი მიწოდება, ბუნებრივია, სისხლით, სისხლძარღვების გავლით ხდება. სისხლძარღვოვანი ქსელის განვითარებისთვის სიმსივნური უჯრედები ორგანიზმს ზრდის სიგნალს უგზავნიან. მონოკლონურ ანტისხეულს, რომელიც ამ სიგნალს დაბლოკავს, შეუძლია შეაფერხოს სიმსივნური წარმონაქმნის სისხლმომარაგება, რის შედეგადაც სიმსივნის ზრდა წყდება. თუ პაციენტს აქვს სიმსივნე უკვე კარგად განვითარებული სისხლმომარაგებით, ზრდის სიგნალის ბლოკირებამ შესაძლოა სისხლძარღვების რღვევა და სიმსივნის დაპატარავება გამოიწვიოს.

მონოკლონური ანტისხეული ბევაციზუმაბი (ავასტინი) ნებადართულია ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ. მას არ იყენებენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს. ბევაციზუმაბის სამიზნეა ზრდის ფაქტორი, რომელსაც ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორს უწოდებენ. სწორედ ის არის სიმსივნური უჯრედების მიერ ახალი სისხლძარღვების ფორმირებისთვის გაგზავნილი სიგნალი. ბევაციზუმაბი “იჭერს” ამ სიგნალს და ეს უკანასკნელი მიზანს ვეღარ აღწევს.

  • რადიაციას სიმსივნური უჯრედებისკენ მიმართავს. რადიაქტიური ნაწილაკების მონოკლონურ ანტისხეულებთან კომბინაციით შესაძლებელი ხდება, რადიაციამ უშუალოდ სიმსივნურ უჯრედზე იმოქმედოს. ამ დროს ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი უჯრედები დაუზიანებელი რჩება. რადიაქტიურად მონიშნული მონოკლონური ანტისხეულები უჯრედებზე მოქმედებს რადიაციის მცირე დოზით და დიდხანს, რაც, მკვლევართა აზრით, ისევე ეფექტურია, როგორც გარეგანი დასხივება.

იბრიტუმომაბი (ზევალინი), რომლის გამოყენებაც ნებადართულია არაჰოჯკინის ლიმფომის დროს, მონოკლონური ანტისხეულისა და რადიაქტიური ნაწილაკების კომბინაციას წარმოადგენს. ის უერთდება სიმსივნური უჯრედების რეცეპტორებს და მათ რადიაციას აწვდის. ამჟამად არსებობს სხვადასხვა მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი სხვადასხვა სახის სიმსივნის სამკურნალოდ. გრძელდება კლინიკური კვლევები თითქმის ყველა სიმსივნის დროს მათი გამოყენების ირგვლივ.


როგორ ტარდება მკურნალობა

მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატები ინტრავენურად შეჰყავთ. ინექციების სიხშირე სიმსივნის სახეობასა და პრეპარატზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მონოკლონური ანტისხეული სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ან მკურნალობის სხვა სახეობასთან (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია) კომბინაციაში გამოიყენება. თავდაპირველად მონოკლონურ ანტისხეულებს სიმსივნის შორს წასული ფორმების სამკურნალოდ იყენებდნენ, მაშინ როდესაც ტრადიციული მკურნალობა უშედეგო იყო ან, მკურნალობის მიუხედავად, რეციდივი ვითარდებოდა. რაკი დადასტურდა, რომ მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია, მონოკლონური ანტისხეულების ზოგიერთი პრეპარატი დაავადების ადრეულ სტადიაშივე ინიშნება. მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მრავალი სახეობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულად მიიჩნევა. რასაკვირველია, მათ მხოლოდ სიმსივნის შორს წასულ შემთხვევებში მიმართავენ. თუმცა ზოგიერთი პრეპარატი ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ უკვე აღიარა. ესენია:

  • ალემტუზუმაბი (კამპათი) - ინიშნება ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს;
  • ბევაციზუმაბი (ავასტინი) -  ტვინის, მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ფილტვის სიმსივნეების დროს;
  • ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი) -  მსხვილი ნაწლავის, თავისა და კისრის სიმსივნეების დროს;
  • იბრიტუმომაბი (ზევალინი) -  არაჰოჯკინის ლიმფომის დროს;
  • ოფატუმუმაბი (არზერა) -  ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის დროს;
  • პანიტუმუმაბი (ვექტიბიქსი) -  მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს;
  • რიტუქსიმაბი (რიტუქსანი) -  ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის, არაჰოჯკინის ლიმფომის დროს;
  • ტოსიტუმომაბი (ბექსარი) - არაჰოჯკინის ლიმფომისას;
  • ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი) -  სარძევე ჯირკვლის, კუჭის სიმსივნის დროს.

მოსალოდნელია თუ არა გვერდითი ეფექტები?

მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა გვერდით ეფექტებს ტრადიციულ ქიმიოთერაპიაზე იშვიათად იწვევს, თუმცა ისინი მაინც მოსალოდნელია და გამორიცხული არ არის, საკმაოდ სერიოზულიც აღმოჩნდეს. ფართოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტებია:

  • ალერგიული რეაქცია -  ჭინჭრის ციება, ქავილი;
  • გაციების მსგავსი სიმპტომები -  შემცივნება, სისუსტე, ცხელება, კუნთების ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ფაღარათი;
  • გამონაყარი.

მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის იშვიათი, მაგრამ მძიმე გვერდითი ეფექტებია:

  • რეაქცია გადასხმაზე. მოსალოდნელია ალერგიის მსგავსი რეაქცია, რომელმაც იშვიათად შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ის შეიძლება განვითარდეს გადასხმის დაწყებისთანავე ან დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, ამიტომ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში უნდა ჩატარდეს.
  • სისხლის სურათის ცვლილება. შესაძლოა, საგრძნობლად დაქვეითდეს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტები), თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) ან სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) რაოდენობა.
  • გულის პრობლემები. ზოგიერთი მონოკლონური ანტისხეულით მკურნალობა ზრდის გულის უკმარისობის ან გულის შეტევის განვითარების რისკს.
  • კანის პრობლემები. კანის ანთებას ან გამონაყარს ზოგჯერ სერიოზული ინფექციური გართულება მოჰყვება. შესაძლოა, გაჩნდეს წყლულები ლოყის ან ტუჩების ლორწოვანზე.
  • სისხლდენა. ვინაიდან ზოგიერთი მონოკლონური ანტისხეული აფერხებს ახალი სისხლძარღვების ფორმირებას და ამ გზით ხელს უშლის სიმსივნის ზრდას, არ არის გამორიცხული, მკურნალობის პროცესში სისხლდენა აღმოცენდეს.

რა საკითხები განიხილება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის დაწყებისას

ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა განსაზღვრონ მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის რისკი და სარგებელი. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ საკითხებს:

  • აქვს თუ არა მონოკლონურ ანტისხეულებს აშკარა ეფექტი. მონოკლონური ანტისხეულების ზოგიერთი პრეპარატი მოწოდებულია მხოლოდ სიმსივნის შორს წასული შემთხვევებისთვის, თუმცა არ არის დადასტურებული მათი გამოყენების შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობის მატება. ზოგიერთი პრეპარატი ანელებს სიმსივნის ზრდის ტემპს ან დროებით წყვეტს მის ზრდას.
  • რომელი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი -  უნდა გაანალიზდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთან შედარებით ის დადებითი ეფექტი, რაც მკურნალობას მოაქვს.
  • რამდენად ძვირია მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულებით -  ასეთ მკურნალობას დაზღვევა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებშიც კი ყოველთვის არ ფარავს.