სწორი ნაწლავის პოლიპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი ნაწლავის პოლიპი

თუ სწორ ნაწლავში რამდენიმე პოლიპია, სწორი ნაწლავის პოლიპოზზე საუბრობენ. ნებისმიერი პოლიპი უნდა განვიხილოთ როგორც კიბოსწინარე დაავადება, თუმცა ხანგრძლივად არსებულ პოლიპს უფრო დიდი შანსი აქვს, ტრანსფორმირდეს ავთვისებიან სიმსივნედ - კოლორექტალურ კიბოდ. ამ სიმსივნის მატარებელი შეიძლება იყოს როგორც ბავშვი, ისე მოზრდილი.

რა აჩენს

ნაწლავის პოლიპისა და პოლიპოზის წარმოშობის მიზეზები ბოლომდე არ არის შესწავლილი. მათი გამომწვევი უშუალო ფაქტორი უცნობია. პოლიპი პრაქტიკულად არასოდეს ვითარდება ჯანმრთელ ქსოვილში, თუმცა დადგენილია, რომ ქრონიკული ანთებითი დაავადებები ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეპითელიუმის დაბერებას და ლორწოვან გარსზე კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნის გაზრდას. ამის ხელშემწყობ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება წყლულოვანი კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, მუცლის ტიფი, წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. ხშირად პოლიპის განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყაბზობა და ნაწლავის დისკინეზია, თუმცა ბავშვებში რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა - პოლიპები შესაძლოა წარმოიშვას სავსებით ჯანსაღი ნაწლავის ფონზე, ამიტომ არსებობს სხვა თეორიაც - პოლიპების წარმოქმნა იმ უბნებიდან, რომლებიც გენეტიკურად არანორმალურადაა დაპროგრამებული. ამას გენეტიკურ წინაგანწყობას ვუწოდებთ.

კლინიკური ნიშნები

სწორი ნაწლავის პოლიპი კლინიკურად უმეტესად არაფრით მჟღავნდება. მას აღმოაჩენენ შემთხვევით, სხვა პათოლოგიის გამო ჩატარებული ენდოსკოპიური გამოკვლევისას ან სკრინინგული კვლევისას. ასიდან 78-ზე მეტ შემთხვევაში პაციენტი 50 წელს გადაცილებულია. სწორი ნაწლავის ერთეული პოლიპი შესაძლოა დიდხანს უჩინარი დარჩეს. თანდართული ანთება, ასევე - პოლიპის მთლიანობის დარღვევა ხელს უწყობს ჭარბი ლორწოსა და სისხლის გამოყოფას, რაზეც მეტყველებს ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევით. გავრცობილი პოლიპოზის დროს, რომელსაც თან ახლავს სისხლდენა, ლორწოს გამოყოფა, კუჭის მოქმედების გახშირება, თანდათანობით ვითარდება სისხლნაკლებობა, გამოფიტვა. სწორი ნაწლავის გამოსავალთან არსებული პოლიპი, განსაკუთრებით - ფეხიანი, დეფეკაციის დროს შესაძლოა გარეთ გამოვიდეს, გამოიწვიოს სისხლდენა ან სფინქტერში ჩაიჭედოს.

გართულებები

პოლიპი რთულდება ავთვისებიანი გადაგვარებით, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებებით, სწორი ნაწლავის ნახეთქით, პარაპროქტიტით, ამიტომ არ შეიძლება მკურნალობის დახანება - დროულად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.


პროფილაქტიკა

უსიმპტომოდ მიმდინარე პოლიპების დროული გამოვლენა და მოშორება, განსაკუთრებით - უფროსი ასაკის პირებთან, სწორი ნაწლავის კიბოს საპროფილაქტიკო ძირითადი ღონისძიებაა. სწორი ნაწლავის პოლიპის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • რაციონში უხეში უჯრედისის ჩართვა (კომბოსტო, ჭარხალი, ბოლოკი, ვაშლი, გოგრა);
  • უპირატესად მცენარეული ზეთის გამოყენება;
  • ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვა - მათი მოხმარება ზრდის ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

სწორი ნაწლავისა და ანალური არხის პოლიპის დიაგნოსტიკას ახდენს პროქტოლოგი. სწორი ნაწლავის პოლიპსა და პოლიპოზს ზოგჯერ თითით გასინჯვით აღმოაჩენენ. უკანა ხვრელიდან 10 სმ მანძილზე არსებული პოლიპების არსებობისას შეიძლება დადგინდეს მათი არა მხოლოდ არსებობა, არამედ რაოდენობა, ზომა, კონსისტენცია, ფეხის არსებობა-არარსებობაც. დამატებით მონაცემებს გვაწვდის კვლევის სპეციალური მეთოდი - რექტორომანოსკოპია, რომელიც იმავდროულად დაზიანების დინამიკაზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა. თითით გასინჯვისას პოლიპოზის აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია მთელი მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რადგან სწორი ნაწლავის პოლიპოზს ხშირად ერთვის მთელი მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი. რენტგენოლოგიურ კვლევასთან ერთად, უნდა ჩატარდეს კოლონოსკოპია და, საჭიროებისამებრ, კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ცალკეულ შემთხვევებში სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სეგმენტების პოლიპოზს, ამიტომ ნაჩვენებია კუჭის კვლევაც.

როგორ მკურნალობენ

პოლიპოზის მკურნალობის რადიკალური მეთოდია პოლიპის მოშორება. ვინაიდან სწორი ნაწლავის პოლიპი კიბოსწინარე დაავადებაა, მისი მოშორების შემდეგ პაციენტს სჭირდება დინამიკური დაკვირვება რექტომანოსკოპითა და კოლონოსკოპით. თუ პოლიპოზი მეორეულია, მაგალითად, წყლულოვანი კოლიტის, პროქტოსიგმოიდიტის, დიზენტერიის შედეგი, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა.

რა მოეთხოვება პაციენტს

თუ შეამჩნიეთ სისხლის ან ლორწოს მინარევი განავალში ან დისკომფორტი დეფეკაციის აქტის დროს ან დეფეკაციის მოთხოვნის გახშირება, აუცილებლად მიმართეთ პროქტოლოგს კონსულტაციისთვის. ხშირად სწორი ნაწლავის პოლიპი ჰემოროიში ერევათ. არადა, ეს დაავადებები კარდინალურად განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს. სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტს, ექიმ პროქტოლოგს შეუძლია.