პროსტატის კიბო და სიახლეები მის მკურნალობაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატის კიბო და სიახლეები მის მკურნალობაში

მკითხველს შევახსენებ, რომ ბატონი გურამი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატია. პრემია მას მიენიჭა პროსტატის კიბოს შესახებ სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებიც გამოქვეყნებულია  ევროპისა და ამერიკის ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. ბატონი გურამი ამავე დროს ამერიკის უროლოგთა ასოციაციის ინტერნაციონალური წევრი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და მთელი რიგი ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების სტიპენდიანტია. ეს არის მაღალი კლასის ქირურგი ევროპის წამყვან კლინიკებში მიღებული დიდი გამოცდილებით. მისი ბიოგრაფია მოიცავს:

  • კლინიკურ სტაჟირებას ლაპაროსკოპიულ უროლოგიაში ბერლინის ვივანტეს კლინიკებში ფრიდრიხზაინსა და ურბანში (გერმანია);
  • კლინიკურ-სამეცნიერო მუშაობას ონკოუროლოგიასა და ბავშვთა უროლოგიაში ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში;
  • ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციას შორის აკადემიური გაცვლის პროექტს (მეიოს კლინიკა, დიუკის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ვანდერბილტის უნივერსიტეტი, აშშ);
  • კლინიკურ სტაჟირებას ზოგად უროლოგიაში ვენის (ავსტრია) საუნივერსიტეტო უროლოგიურ კლინიკაში;
  • კლინიკურ და სამეცნიერო მუშაობას პროსტატის კიბოზე მალმოს (შვედეთი) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში;
  • კლინიკურ და სამეცნიერო მუშაობას ზოგად უროლოგიაში და შარდკენჭოვან დაავადებაზე ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში;
  • კლინიკურ სტაჟირებას ოპერაციულ უროლოგიასა და ენდოუროლოგიაში მაინის ოფენბახის (გერმანია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში;
  • კლინიკურ სტაჟირებას ონკოუროლოგიასა და ზოგად უროლოგიაში ნაიმეგენის (ჰოლანდია) საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უროლოგიურ კლინიკაში.

მისი სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ჯილდოების ჩამონათვალს ჟურნალის რამდენიმე გვერდიც ვერ დაიტევს. ცალკე ნომერი დასჭირდება იმ ურთულესი და ძალზე საინტერესო აღდგენითი და რეკონსტრუქციული ოპერაციების აღწერას, რომლებიც ამ შესანიშნავ სპეციალისტს ჩაუტარებია. აღარაფერს ვამბობ მის მიერ გადარჩენილი პაციენტების ვრცელ ნუსხაზე. გურამ ქარაზანაშვილის განსაკუთრებული ინტერესის და უშუალო საქმიანობის სფეროა შორს წასული, გართულებული სიმსივნეები. ამჯერად ის პროსტატის კიბოს რთულ და გავრცობილ შემთხვევებზე გვესაუბრება:


- პროსტატის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა. მაგალითად, შვედეთში, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე დიდია, ეს დაავადება  პირველ ადგილს იკავებს, ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში კი - მეორეს, ფილტვის კიბოს შემდეგ. ამრიგად, პროსტატის კიბო, ძუძუს კიბოს მსგავსად, მსოფლიო ჯანდაცვის აქტუალური პრობლემაა. ამიტომ არის, რომ უკვე დიდი ხანია, მრავალ ქვეყანაში მოქმედებს სკრინინგული პროგრამები პროსტატის სიმსივნური პათოლოგიის გამოსავლენად. თუმცა სიტუაცია იცვლება. ელდის მომგვრელი იყო დაახლოებით სამი წლის წინ ამერიკის პრევენციის სამსახურის (რომელიც მთელ ამერიკაში განსაზღვრავს სკრინინგსტრატეგიებსა და პროგრამებს) რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ პროსტატის კიბოს სკრინინგი აღარ არის საჭირო. ამას ძალზე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, უპირველეს ყოვლისა - ამერიკის უროლოგთა ასოციაციის მხრივ. უფრო საოცარი კი ის გახლდათ, რომ შარშან, 2013 წელს, ამერიკის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე, რომელიც კალიფორნიაში გაიმართა, საკუთრივ ამერიკის უროლოგთა ასოციაციამაც უარყო პროსტატის კიბოს სკრინინგი. თურმე სკრინინგპროგრამების გამო აღირიცხა ზედმეტი მკურნალობის (Over treatment) უამრავი შემთხვევა, ანუ გამოვლინდა უამრავი სიმსივნე, მათ შორის ისეთი “უსაფრთხო და უმნიშვნელო კიბოებიც”, რომლებიც ძალიან ნელა პროგრესირებს, არავითარ პრობლემას არ უქმნის მამაკაცს და, აქედან გამომდინარე, მკურნალობას არ მოითხოვს. მკითხველი უკეთ რომ ჩასწვდეს საქმის არსს, არსებობს პროსტატის კიბოს ისეთი ფორმები, რომლებიც, რომ არა მიზანმიმართული გამოკვლევა, შესაძლოა საერთოდ არ გამოვლენილიყო. ადამიანმა შესაძლოა იცოცხლოს და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკსაც მიაღწიოს ისე, რომ ვერც კი გაიგოს პროსტატაში არსებული პრობლემის შესახებ. სამწუხაროდ, სკრინინგპროგრამებმა ასეთი “უსაფრთხო და ნელა პროგრესირებადი კიბოებიც” მოაქცია აქტიური მკურნალობის ფოკუსში. ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია, სხივური, ჰორმონული თუ ქიმიოთერაპია, უამრავმა ადამიანმა განიცადა სიმსივნის სამკურნალოდ მოწოდებული ამ მეთოდების უარყოფითი ეფექტები, მაშინ როდესაც სრულებით არ სჭირდებოდა მკურნალობა და შესაძლოა, ვერც ვერასოდეს გაეგო, რომ კიბო აქვს. ბუნებრივია, როდესაც ადამიანს (რომელსაც არაფერი აწუხებს) შემთხვევით კიბო აღმოაჩნდება, ვეღარ მოისვენებს, ვერ დაიწყებს დაკვირვებას და ლოდინს, რას უზამს სიმსივნე. მით უმეტეს, ზუსტი კრიტერიუმი იმის განსაზღვრისთვის, რომელი კიბოა მკვლელი და რომელი - არა, დღეს არ არსებობს. ცხადია, სიმსივნური პათოლოგიის გამოვლენისთანავე იწყება კვლევისა და მკურნალობის მთელი კასკადი. აი, ამიტომ იყო, რომ ამერიკის პრევენციის სამსახურმა და ამერიკის უროლოგთა ასოციაციამ პროსტატის კიბოს რუტინული სკრინინგი უარყვეს. სანაცვლოდ შემუშავდა ასეთი რეკომენდაცია: მამაკაცებს, რომლებიც არ ეკუთვნიან რისკჯგუფს, რომელთაც არ აქვთ მემკვიდრეობითი დატვირთვა, პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენზე (PSA) გამოკვლევა შეუძლიათ ჩაიტარონ 55 წლიდან, თუმცა მანამდე უნდა მიაკითხონ უროლოგს, რომელიც განუმარტავს მათ, რა მოჰყვება PSA-ს განსაზღვრას, კვლევისა და მკურნალობის რა კასკადი ჩაირთვება.

- სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი მამაკაცი კარგად იცნობს ამ კასკადს: PSA-ს განსაზღვრა, მომატების შემთხვევაში - პროსტატის ბიოფსია, მორფოლოგიური ანალიზი, “სასიკვდილო განაჩენი”, შემდეგ - ჰორმონო- და ქიმიოთერაპია თავისი გვერდითი მოვლენებით...

- ერთია პროსტატის “პატარა, უმნიშვნელო კიბოები”, რომლებიც არაფერს აშავებს და მეორეა გავრცობილი სიმსივნეები, რომელთა გავრცელების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჩვენთანაც ძალიან მაღალია. პროსტატის გავრცობილი, შორს წასული კიბო იმით განსხვავდება უსაფრთხო ფორმისაგან, რომ შედარებით სწრაფად კლავს ადამიანს. რა თქმა უნდა, გააჩნია სიმსივნის ფორმასა და სტადიას. შორს წასული სიმსივნე გულისხმობს პროსტატის ფარგლებს გარეთ გამოსულ კიბოს. ის შეიძლება იყოს ლოკალურად, ადგილობრივად გავრცობილი, როდესაც დარღვეულია პროსტატის კაფსულის მთლიანობა, სიმსივნე ჩაზრდილია შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში, და შორს გავრცობილი ანუ მეტასტაზირებული, როდესაც მეტასტაზური დაზიანებები აღინიშნება რეგიონულ ლიმფურ კვანძებსა და ძვლებშიც. პროსტატის შორს წასული კიბო საკმაოდ აგრესიული სიმსივნეა, უამრავ დისკომფორტს იწვევს - სისხლს შარდში, ტკივილს წელის არეში, პარაპლეგიებს, შარდის შეკავებას და სხვა, ამიტომ ეს პათოლოგია მთელ მსოფლიოში ყურადღების ცენტრშია და აქტიურად შეისწავლება. ადრეულ, უმნიშვნელო, უსაფრთხო კიბოებზე კი დღეს დაკვირვების ტაქტიკას ამჯობინებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ფორმამ შესაძლოა არავითარი ზიანი არ მიაყენოს ადამიანს, შესაბამისად, მკურნალობას არ მოითხოვს. უბრალოდ, უნდა დააკვირდნენ და პერიოდულად აკონტროლონ.


- ბატონო გურამ, რას გვეტყვით პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდებზე, კერძოდ, კასტრაციაზე? (მკითხველთა საყურადღებოდ: პროსტატის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია ჰორმონოთერაპია, რომელიც გულისხმობს სიმსივნის “მკვებავი” ტესტოსტერონის - მამაკაცის სასქესო ჰორმონის - დაბლოკვას ორგანიზმში. ამ მიზნით გამოიყენება როგორც ქირურგიული, ასევე ქიმიური ანუ მედიკამენტური კასტრაცია)

- სამწუხაროდ, საქართველოში ეს მეთოდი ძალიან ფართოდ გამოიყენება, მაშინაც კი, როდესაც სიმსივნის მკურნალობა სხვა მეთოდითაც არის შესაძლებელი. ჩვენში რატომღაც ასეთი მიდგომაა: რა საჭიროა დასხივება, მით უფრო - ოპერაცია, როდესაც არსებობს მარტივი საშუალება - ინექცია. არადა ეს ნემსი არც ისე უსაფრთხოა. ჰორმონოთერაპიას მრავალი გვერდითი მოვლენა და უარყოფითი ეფექტი ახლავს: ლიპიდური ცვლის დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი, ოსტეოპოროზი, ძვლის პათოლოგიური მოტეხილობა, დეპრესია. გარდა ამისა, კასტრაცია მხოლოდ მცირე ხნით აჩერებს კიბოს პროგრესს. გარკვეული ხნის შემდეგ წარმოიშობა უფრო აგრესიული სიმსივნური უჯრედები, რომლებიც ჰორმონოთერაპიაზე აღარ რეაგირებს. გამოდის, რომ მკურნალობის ეს მეთოდი სიცოცხლის გახანგრძლივების თვალსაზრისით დიდად ეფექტური არ არის. დღეს მთელ მსოფლიოში აქტიურად განიხილება სხვა, უფრო სრულყოფილი და ეფექტური მეთოდები. ბოლო ხანს გამოიკვეთა სრულიად სხვაგვარი მიდგომა - პროსტატის კიბოს შორს წასულ შემთხვევებშიც კი პირველადი კერის ლიკვიდაცია შემდგომი მულტიმოდალური თერაპიით (იმავე ჰორმონთერაპიით, დასხივებითა და ქიმიოთერაპიით) გაცილებით შედეგიანია, ვიდრე იზოლირებული კასტრაცია. ეს საკითხი ძალიან აქტიურად განიხილება ონკოლოგიურ და უროლოგიურ კონგრესებზე. ამასთან დაკავშირებით მე და ჩემმა უცხოელმა კოლეგებმა  - მსოფლიოს წამყვანმა უროლოგებმა აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის მოწინავე კლინიკებიდან - შარშან ჟურნალ “ევროპის უროლოგიაში” სისტემური კოლაბორაციული სტატია გამოვაქვეყნეთ. მოგეხსენებათ, “ევროპის უროლოგია” არის ძალზე გავლენიანი ჟურნალი, რომელშიც სისტემური ექსპერტული კვლევის შედეგების გამოქვეყნება ყველას არ შეუძლია. ჩვენს სტატიაში აღნიშნულია, რომ პროსტატის შორს წასული კიბოს ბიოლოგიას შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ. თუ წინათ ოპერაციულ მკურნალობას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, დღეს მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია. ამას საფუძვლად უდევს უდიდესი მასალის ობიექტურ რეტროსპექტულ ანალიზზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნა, რომელსაც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს. კერძოდ, მკურნალობის ახალი ტაქტიკით, ასიდან 80 შემთხვევაში პაციენტთა უმრავლესობას სიცოცხლე მინიმუმ 10 წლით უხანგრძლივდება. მართალია, მექანიზმები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მაგრამ ცნობილია, რომ არსებობს კავშირი (ძირითადად - ჰუმორულ დონეზე) სიმსივნის დედისეულ ანუ მთავარ კერასა და შვილეულ ანუ მეტასტაზირებულ წარმონაქმნებს შორის. შესაბამისად, საწყისი, ძირითადი კერის მოცილება საგრძნობლად აადვილებს მეტასტაზებთან ბრძოლას. ციტორედუქცია, რაც სიმსივნური მასის შემცირებას ნიშნავს, დიდ როლს ასრულებს გავრცობილი სიმსივნეების მკურნალობაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ რომელიმე ერთი სპეციალისტის იდეა; ეს არის საკმაოდ დიდ მასალაზე დაყრდნობით მიღებული დასკვნა. სწორედ ამან განაპირობა, რომ უახლეს სახელმძღვანელოებში (გაიდლაინებში) გაჩნდა ასეთი რეკომენდაციები: პროსტატის კიბოს მე-3, მე-4 სტადიაზეც კი რადიკალური პროსტატექტომია (წინამდებარე ჯირკვლის სრული ამოკვეთა) შემდგომი რადიოთერაპიით, ჰორმონო ან ქიმიოთერაპიით მკურნალობის მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს მეტად რთული ქირურგიული ოპერაციებია (ვინაიდან სიმსივნე გამოსულია პროსტატის ფარგლებს გარეთ, ზოგჯერ ჩაზრდილია შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავში) და უცხოეთშიც კი ყველა კლინიკაში არ ტარდება. არსებობს ცენტრები, რომლებიც დაკავებულნი არიან ამ რთული და არასტანდარტული ოპერაციებით.

- ფაქტია, საქართველოში ონკოუროლოგები პროსტატის მე-3 და მე-4 სტადიის სიმსივნეებს ოპერაციულად არ მკურნალობენ. მეტიც - ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ მიდგომას, მიიჩნევს, რომ ოპერაცია კიდევ უფრო ართულებს, ავრცობს პათოლოგიურ პროცესს. ჩვენთან მკურნალობის სხვაგვარი ტაქტიკაა მიღებული, ჰორმონოთერაპია კი განსაკუთრბული პოპულარობით სარგებლობს...

- როგორც მოგახსენეთ, დღეს პროსტატის კიბოს ბიოლოგია სრულიად სხვა რაკურსით განიხილება, შესაბამისად, აღარავინ კამათობს იმაზე, რომ მონოთერაპია (რომელიმე ერთი მეთოდით მკურნალობა) შედეგს გამოიღებს. ეფექტური და შედეგიანია სიმსივნის მულტიმოდალური მკურნალობა, ხოლო პირველადი კერის ლიკვიდაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დამდეგ ზაფხულს, 20 ივნისს, თბილისში გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი. მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ონკოუროლოგების ელიტა, ჩამოვა ექვსი წამყვანი ექსპერტი  ავსტრიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან და ამერიკიდან. სიმპოზიუმზე განვიხილავთ ადგილობრივად გავრცობილი და მეტასტაზირებული სიმსივნეების დროს ქირურგიული ჩარევის როლს, ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკასა და მეთოდებს (ღია წესით, ლაპაროსკოპიულსა და რობოტასისტირებულს), მულტიმოდალური მკურნალობის ყველა ასპექტს, გავაანალიზებთ ოპერაციული მკურნალობის პრაქტიკულ შედეგებსა და მონაცემებს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვრცელი მოხსენებები პროსტატის შორსწასული კიბოს შემთხვევებში რადიკალური ქირურგიული ჩარევის მნიშვნელობის, სხივური თერაპიის შემდგომი გადამრჩენი რადიკალური პროსტატაექტომიის, გაფართოებული ლიმფადექტომიების შესახებ და სხვა მრავალი. მე კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგებით და ჩვენს კლინიკაში დაგროვილ მონაცემებს უცხოელ ქირურგებს გავაცნობ. ჩვენს კოლეგებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ პროსტატის კიბოსთან დაკავშირებული სიახლეები, გაიზიარონ უცხოელ უროლოგთა გამოცდილება და მიდგომები.