თირკმლის კიბოს სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თირკმლის კიბოს სიმპტომატიკა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები

- თირკმლის კიბო ავთვისებიან სიმსივნეთა ყველა აღრიცხული შემთხვევის 2-3%-ს შეადგენს, გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით კი ყველაზე ხშირად აღმოსავლეთის ქვეყნებში გვხვდება. რადიოლოგიური კვლევების ფართოდ გავრცელებამდე დაავადების გამოვლენა ხშირად გვიან სტადიაზე ხდებოდა, რაც ამცირებდა მკურნალობის ეფექტურობას. 1970 წლიდან, ულტრასონოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის დანერგვის შემდეგ, ადრეულ სტადიაში კიბოს აღმოჩენის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. მიუხედავად ამისა, თირკმლის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად 2%-ით იმატებს, რაც მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (შვედეთში, დანიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში) შეინიშნება სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია. ჰისტოლოგიური შენებით თირკმლის კიბოს 90% თირკმელუჯრედოვანია.

- მამაკაცებთან უფროა გავრცელებული ეს პათოლოგია თუ ქალებთან? რომელ ასაკში ვლინდება ის ყველაზე ხშირად?

- მამაკაცები ქალებზე ხშირად ავადდებიან. თანაფარდობა 3:2-ა. თირკმლის კიბოს განვითარების ასაკობრივი პიკია 60-70 წელი, თუმცა გვხვდება უფრო ახალგაზრდა ასაკშიც.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის კიბო?

- ეტიოლოგიურ ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი - თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა;
  • ჰიპერტენზია;
  • სპეციფიკური კვება;
  • კანცეროგენები;
  • მემკვიდრეობა;
  • რადიაციული გარემოსა და მავნე ქიმიური აგენტების ზემოქმედება;
  • სუსტი იმუნური სისტემა.

შესაბამისად, დაავადების პირველადი პროფილაქტიკა თამბაქოს მოხმარებისა და წონის შემცირებას გულისხმობს.

- რა ნიშნებით ვლინდება თირკმლის კიბო?

- საწყის ეტაპზე, როდესაც სიმსივნე მცირე ზომისაა, დაავადება ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან არასპეციფიკური სიმპტომატიკით, ყრუ ტკივილით მუცლის არეში. თირკმლის კიბოს კლასიკურ სიმპტომთა ტრიადას წარმოადგენს:

  • ტკივილი წელის არეში;
  • ჰემატურია;
  • სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ხელით ისინჯება.


სიმსივნური ინტოქსიკაციისა და შორსწასული მეტასტაზირებული დაავადების შემთხვევაში ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს პარანეოპლაზიური ნიშნები:

  • ანემია;
  • წონის კლება, კახექსია;
  • ღვიძლის ფუნქციური ცვლილებები;
  • პოლიციტემია;
  • ჰიპერკალციემია;
  • ხველა (მეტასტაზი ფილტვებში);
  • ძვლების ტკივილი (მეტასტაზი ძვლებში).

- როგორ ხდება თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება?

- ფიზიკალური კვლევით, თირკმლის ბიმანუალური (ორი ხელით) პალპაციით, ისინჯება მკვრივი, უსწორმასწოროზედაპირიანი სიმსივნური წარმონაქმნი. მნიშვნელოვანი სადიაგნოზო მეთოდია საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც ათიდან ხუთ შემთხვევაში თირკმლის კიბოს ინციდენტური (სიმპტომების მანიფესტირებამდე) გამოვლენის საშუალებას იძლევა. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (კტ, მრტ) ინტრავენური კონტრასტირებით, სიმსივნის ზუსტი დიაგნოსტიკის, მისი გავრცელებისა და მეტასტაზების (ფილტვი, ძვლები, თავის ტვინი, ღვიძლი) შეფასების საშუალებას იძლევა. კვლევის კიდევ უფრო თანამედროვე და ნატიფ მეთოდს წარმოადგენს პოზიტრონემისიური ტომოგრაფია (პეტ). თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს თირკმელების რადიოიზოტოპური სცინტიგრაფია, ცალკეულ შემთხვევებში - არტერიოგრაფია და ვენოკავაგრაფია.

- როდის ტარდება თირკმლის ბიოფსია?

- თირკმლის ბიოფსია ტარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საეჭვოა ზემოთ ჩამოთვლილ კვლევათა შედეგები ან მეტასტაზირებული კიბოს ფარმაკოთერაპიისთვის.

- ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

- სიმსივნურ დაავადებაზე მიანიშნებს:

  • შარდში ერითროციტების არსებობა;
  • სისხლში ედსის, ტუტე ფოსფატაზის მომატება, ანემია;
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები, კოაგულოპათია.

თირკმლის კიბოს დიაგნოსტირებისას დაავადებულთა მესამედს აღენიშნება სხვა ორგანოთა მეტასტაზური დაზიანება.

- როგორ მკურნალობენ?

- მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის თNM კლასიფიკაციაზე. თ სიმსივნის ზომასა და ადგილობრივ გავრცელებას აღნიშნავს; N - პროცესის გავრცელებას ლიმფურ ჯირკვლებში; M - შორეული მეტასტაზების არსებობას. თირკმლის კიბოს ადრეულ სტადიაზე ნაჩვენებია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები - თირკმლის რეზექცია ან სიმსივნის ენუკლეაცია, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ქირურგიული, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით. 2-3 სმ-მდე ზომის სიმსივნეების შემთხვევაში მოწოდებულია კრიო- ან რადიოაბლაცია ლაპაროსკოპიული ან პერკუტანული მიდგომით. შორს წასულ შემთხვევებში ტარდება რადიკალური ნეფრექტომია - თირკმლის რადიკალური ამოკვეთა პარანეფრულ ცხიმსა და გეროტას ფასციასთან ერთად, ლიმფადენექტომია. სიმსივნის პირველადი კერის მოშორება პარანეოპლაზიური სიმპტომების გაქრობას იწვევს. არაოპერაბელური და მეტასტაზირებული თირკმლის კიბოს შემთხვევაში ქიმიოთერაპია მონოთერაპიის სახით არ იძლევა მნიშვნელოვან ეფექტს. ამ დროს ნაჩვენებია იმუნოთერაპია ინტერფერონ-ალფათი (IFN α).

- როგორია პროგნოზი?

- პროგნოზი დამოკიდებულია თირკმლის კიბოს სტადიაზე დიაგნოსტირების დროს და ოპერაციული ჩარევის მოცულობაზე. ნაადრევ სტადიაში ჩატარებული თირკმლის რეზექცია, სიმსივნის ენუკლეაცია ან რადიკალური ნეფრექტომია სრული გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა. შორს წასულ შემთხვევებში საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა ადგილობრივი რეციდივის ან მეტასტაზების დროული გამოვლენის მიზნით.