ზურგის ტვინის სიმსივნეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ტვინის სიმსივნეები

სიმპტომები

თავის ტვინის სიმსივნით გამოწვეული სიმპტომები, ჩვეულებრივ, მისი ზეწოლით აიხსნება. ნერვულ ღეროზე ზეწოლა ტკივილს, სისუსტეს, დაბუჟებას და ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს, უშუალოდ თავის ტვინზე ზეწოლა კი კუნთების სისუსტეს, კოორდინაციის დარღვევასა და მგრძნობელობის შესუსტებას ან დარღვევას. სიმსივნემ შესაძლოა გამოიწვიოს შარდვის გაძნელება, შარდის შეუკავებლობა და ყაბზობაც. ძირითად სიმპტომად ტკივილი მიიჩნევა, რომელიც ყოველთვის პათოლოგიაზე მიუთითებს, დანარჩენი სიმპტომები კი სიმსივნის მდებარეობასა და ზომაზეა დამოკიდებული. ზურგის ტვინზე ონკოლოგიური ზემოქმედების ნიშნად მიიჩნევა ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის დარღვევები, რომლებსაც ძნელად თუ დავუკავშირებთ სხვა დაავადებას.

ასეთი ნიშნებია:

  • ტკივილი ზურგის მიდამოში, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებს გადაეცემა;
  • კუნთების სისუსტე და მგრძნობელობის დაქვეითება, უპირველეს ყოვლისა - ხელებსა და ქვედა კიდურებში;
  • სიარულის დარღვევა;
  • სითბოსა და სიცივისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
  • ნაწლავის ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა;
  • დამბლის სხვადასხვა ფორმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;
  • ხელებისა და ბარძაყების მიდამოში ტკივილის შეგრძნება.

მიზეზები

უახლესი კვლევები მოწმობს, რომ თანამედროვე სამედიცინო მეცნიერებას ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია კიბოს ეტიოლოგია და პათოგენეზი. სამაგიეროდ, მეცნიერებს უკვე აეჭვებთ ზოგიერთი რისკფაქტორი, რომლებიც შესაძლოა თავის ტვინში კიბოს განვითარებასთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, მეტ-ნაკლებად დადგენილია დაავადების კავშირი რადიაციულ გამოსხივებასთან, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოხდა ზემოქმედება - სამკურნალოდ თუ შემთხვევით. ჯერ კიდევ განიხილება, აქვს თუ არა მნიშვნელობა დაავადების წარმოშობისთვის რადიოლოკაციური სადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს ცხოვრებას, ისეთ საწარმოში მუშაობას, სადაც რადიომაგნიტური გამოსხივებაა. ეჭვქვეშ ხვდება ზოგიერთი ის ნივთიერება და აირი, რომლებსაც ონკოგენური ზემოქმედება ახასიათებს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით დაავადებებსა და სინდრომებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში იზრდება ზურგის ტვინის ახალწარმონაქმნების განვითარების შანსი. შედეგად ვიღებთ ასეთ სურათს: სადღეისოდ ზურგის ტვინის კიბოს განვითარების რისკფაქტორებად მიიჩნევენ:


  • არასასურველ ეკოლოგიურ მდგომარეობას;
  • კანცეროგენებისა და ქიმიური ნივთიერებების ჭარბ ზემოქმედებას;
  • პირველი და მეორე ტიპის ნეიროფიბრომატოზს - ეს მემკვიდრეობითი დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის სიმსივნის განვითარების ალბათობას ზრდის;
  • ჰიპპელ-ლინდაუს დაავადებას - ზრდის თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვან არხებში სიმსივნის განვითარების რისკს;
  • დასუსტებულ იმუნიტეტს - ზურგის ტვინის ლიმფომის განვითარების მთავარ რისკფაქტორს;
  • წინამორბედ ონკოლოგიურ დაავადებას;
  • გენეტიკურ მუტაციებს;
  • მემკვიდრეობით ონკოლოგიურ დაავადებებს.

დიაგნოსტიკა

ზურგის ტვინის სიმსივნეს ეჭვობენ, თუ ადამიანი, რომელსაც სხვა ორგანოს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, შეაწუხა ხერხემლის გარკვეული ნაწილის ტკივილმა, ასევე - სისუსტემ, ჩხვლეტის შეგრძნებამ ან კოორდინაციის დარღვევამ. იმის გამო, რომ ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები სხეულის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილებს აინერვირებს, დარღვეული ფუნქციების გაანალიზებით შესაძლებელია სიმსივნის ლოკალიზაციის დადგენა. ექიმმა უნდა გამორიცხოს სხვა დაავადებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზურგის ტვინის ფუნქციაზე, მაგალითად, ზურგის კუნთების ანთება, ზურგის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა, მალების მოტეხილობა და მალათაშუა დისკების გაგლეჯა, ასევე - სიფილისი, ტუბერკულოზი, ვირუსული ინფექცია, მიელომური დაავადება, გაფანტული სკლეროზი და ამიოტროფული სკლეროზი. ზურგის ტვინის სიმსივნის დიაგნოსტირებისთვის რამდენიმე მეთოდს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიური კვლევა ავლენს ძვლებში არსებულ ცვლილებებს, მისი მეშვეობით შეუძლებელია გამოვლენა სიმსივნისა, რომელიც იშვიათად აზიანებს თავად ძვალს. ზურგის ტვინის ყველა სტრუქტურის გამოკვლევის საუკეთესო მეთოდად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ითვლება, სიმსივნის ტიპის დასადგენად კი აუცილებელია ბიოფსია - სიმსივნის მცირე ნაწილის აღება მიკროსკოპული გამოკვლევისთვის.

მკურნალობა

ზურგის ტვინისა და ხერხემლის ზოგიერთი სიმსივნე შეიძლება ამოიკვეთოს, ზოგიერთზე სხივური და ქიმიოთერაპიით ზემოქმედებენ. ზოგჯერ ექიმები ამ მეთოდებს კომბინირებულად იყენებენ. თუ სიმსივნე ზურგის ტვინს ან მის გარემომცველ სტრუქტურებს აწვება, მის ამოკვეთამდე ორგანიზმში შეჰყავთ კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ამცირებს შეშუპებას და ნერვების ფუნქციათა შენარჩუნებას უწყობს ხელს. გამოჯანმრთელების ალბათობა, წესისამებრ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულია სიმსივნით გამოწვეული დარღვევები და რამდენად სწრაფად არის დაწყებული მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ სიმპტომები პაციენტთა დაახლოებით ნახევარს უქრება. მენინგიომები, ნეიროფიბრომები და ზოგიერთი პირველადი სიმსივნე შეიძლება მთლიანად ამოიკვეთოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ:

  • გაწუხებთ მწველი ტკივილი, რომელიც რადიკულიტის ან სარტყლისებრი ლიქენის დროს არსებულ ტკივილს ჰგავს;
  • გრძნობთ სხეულის რომელიმე ნაწილის მგრძნობელობის მომატებას ან დაქვეითებას;
  • დაგემართათ პარეზი ან დამბლა;
  • დაგერღვათ შარდსასქესო სისტემის ფუნქცია.

გახსოვდეთ, კეთილთვისებიანმა სიმსივნემაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის შეტევები და ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევა, შედეგად კი ინვალიდობა, ამიტომ ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის შემჩნევისთანავე სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოთ.