კვერცხი ბავშვის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხი ბავშვის მენიუში

- რა სასარგებლო თუ მავნე ნივთიერებებს შეიცავს კვერცხი?

- ქათმის კვერცხი შედგება ცილისა და გულისგან, რომლებსაც გარს ნაჭუჭი აკრავს. ზოგიერთ კვერცხს ორი გული აქვს. ეს საშიში არ არის - იგივეა, რაც ტყუპი ნაყოფი ადამიანებში. კვერცხის გული შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ქოლესტერინს.

კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის ყველა შეუცვლელი ამინმჟავა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი  ვერ ასინთეზებს და რომლის მიღება საჭიროა მზა სახით, საკვებთან ერთად. ამდენად, კვერცხი ქიმიური შემადგენლობით სავსებით უზრუნველყოფს ორგანიზმის (მით უფრო - მზარდი ორგანიზმის) მოთხოვნილებას ერთდროულად რამდენიმე კომპონენტზე. არსებობს მონაცემები, რომ ქათმის კვერცხს ორგანიზმი 100%-ით ითვისებს. სხვა  ასეთი პროდუქტი იშვიათია. მაგალითად, ძროხის ხორცისა მხოლოდ მესამედი აითვისება. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინს (ჩ ვიტამინის გამოკლებით):

  • A საჭიროა თმის, კბილების, ფრჩხილების სიჯანსაღისთვის, აუცილებელია მხედველობისთვის;
  • D კალციუმსა და ფოსფორთან ერთად ამაგრებს კბილებს, ფრჩხილებს, თმას, დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე;
  • E აფერხებს დაბერების პროცესს, მატებს ენერგიას, ამაგრებს სისხლძარღვებს;
  • K აუცილებელია სისხლის შედეგების პროცესისთვის;
  • B1 - არეგულირებს ზრდისა და განვითარების პროცესების მიმდინარეობას, ხელს უწყობს გულის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას;
  • B2 - საჭიროა ერითროციტების, ანტისხეულების წარმოქმნისთვის, ზრდისა და რეპროდუქციული ფუნქციების რეგულაციისთვის, კანის, ფრჩხილებისა და თმის სიჯანსაღისთვის;
  • B3 - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ებრძვის უძილობას, მატებს ძალას, საჭიროა კანის სიჯანსაღისთვის;
  • B4 - აუცილებელია ტვინის ფორმირებისთვის, მეხსიერებისთვის, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას;
  • B6 - აფერხებს დაბერების პროცესებს, ამაგრებს ნერვებს, ხელს უშლის კანის დაავადებათა განვითარებას;
  • B7 - კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნავს;
  • B9 - ხელს უშლის ნაყოფის თანდაყოლილი პათოლოგიების განვითარებას;
  • B12 - ამაღლებს იმუნიტეტს, საჭიროა სისხლწარმოქმნისთვის;

D ვიტამინის  შემცველობით კვერცხი მხოლოდ თევზის ქონს ჩამოუვარდება, B4 კი არც ერთ სხვა პროდუქტში არ არის ამდენი;

კვერცხი შეიცავს თითქმის ყველა მიკროელემენტს, რომელიც კი საჭიროა ორგანიზმისთვის, მათ შორის - კალციუმს, ფოსფორს, იოდს, სპილენძს, რკინას, კობალტს;

  • კალციუმი ფოსფორთან ერთად უზრუნველყოფს თმის, ფრჩხილებისა და კბილების სიჯანსაღეს;
  • ფოსფორი აუცილებელია აღდგენითი პროცესებისთვის, გონებრივი შესაძლებლობების ზრდისთვის;
  • იოდი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, გვმატებს ენერგიას;
  • თუთია ხელს უწყობს გონებრივი აქტიურობის ზრდას, აჩქარებს ჭრილობების  შეხორცებას;
  • მაგნიუმი განდევნის დეპრესიას, ამაგრებს გულს, სისხლძარღვებსა და ნერვებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
  • რკინა ამაღლებს იმუნიტეტს, გვმატებს ძალ-ღონეს, გვიცავს ანემიისგან.

უნდა აღვნიშნოთ კვერცხის ენერგეტიკული ღირებულებაც. ერთ კვერცხში სულ 70 კილოკალორიაა. ეს არც ისე ბევრია, ამდენად, სიმსუქნისაკენ მიდრეკილი ბავშვისთვის კვერცხი საფრთხეს არ წარმოადგენს. იგი სავსებით დიეტური პროდუქტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხიმოვანი მარაგის ჩალაგება ორგანიზმში ჭარბი ნახშირწყლების შედეგია, ხოლო კვერცხი ნახშირწყლებს საერთოდ არ შეიცავს.


- როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა კვერცხი?

- ქარხნულ პირობებში წარმოებულ კვერცხზე მითითებულია ფაბრიკის დასახელება, თარიღი და ვადა. სოფლის კვერცხი შეიძლება ჩავუშვათ წყლით სავსე ჭურჭელში და დავუკვირდეთ, ხომ არ ამოტივტივდება ზედაპირზე. არსებობს სხვა, უფრო რეალური ნიშნებიც, მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა პრიალებდეს - ეს დაზიანებულ შიგთავსზე მიუთითებს. ხელში აღებითაც მიხვდებით - თუ მსუბუქი მოგეჩვენათ, შეძენა არ ღირს. ყურთან მიიტანეთ კვერცხი და შეანჯღრიეთ. თუ რაიმე ხმა შემოგესმათ, გვერდზე გადადეთ. ახალი კვერცხის ცილა და გული ისეა ერთმანეთზე  მიკრული, რომ მათი შენჯღრევა შეუძლებელია.

- როგორ შევინახოთ კვერცხი?

- ტრადიციისამებრ, კვერცხს მაცივარში ვინახავთ 1-4 გრადუსზე. ასეთ პირობებში მან შესაძლოა რამდენიმე თვეც გაძლოს. უბრალოდ, დროდადრო უნდა გადავატრიალოთ, გვერდი ვუცვალოთ, რომ გული არ მიეკრას ნაჭუჭს. არ არის სასურველი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. მაგალითად, მაცივრიდან გამოღება, დაყოვნება და უკანვე შებრუნება. ასევე აზიანებს კვერცხს ნესტიანი გარემო. კვერცხის შენახვა უმაცივროდაც შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა, ნაჭუჭს წავუსვათ ზეთი ანუ არ მივცეთ მიკროორგანიზმებს კვერცხში შეღწევის საშუალება, ანდა მშრალ სილაში, თუნდაც მარილში ჩავფლათ. თუ კვერცხს 1,5%-იან მარილწყალში მოვათავსებთ, ის 4-5 კვირა უმაცივროდაც გაძლებს. უშუალოდ ხმარების წინ კი კვერცხი კარგად გარეცხეთ.

- რა ასაკიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში კვერცხი?

- დიეტოლოგების რეკომენდაციით, ქათმის კვერცხი 7-8 თვიდან უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში, თავდაპირველად - მხოლოდ გული, 1 წლიდან კი ცილაც. ცილის ალერგიული თვისებები მოხარშვის შემდეგ იკლებს, მაგრამ მაინც სახიფათოა. ამიტომაც არ გვირჩევენ წლამდე მის შეტანას ბავშვის რაციონში. თუმცა მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორიც, ასე რომ, ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვს მხოლოდ მოხარშული კვერცხი უნდა მივცეთ (კარგად, დაახლოებით 10 წუთი უნდა იხარშოს), ხოლო შემწვარი - მოგვიანებით, დაახლოებით 4-5 წლისთვის.

- არსებობს კითხვები, რომელიც ხშირად გაისმის. მშობლებს აინტერესებთ, მართალია თუ არა, რომ...

1. კვერცხი მავნებელია, რადგან მასში ბევრი ქოლესტერინია?

- ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. განსაზღვრული ოდენობის ქოლესტერინი აუცილებელია - ორგანიზმი მას იყენებს D ვიტამინის, სხვადასხვა ჰორმონის სინთეზისთვის (სასქესო ჰორმონების ჩათვლით); იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის მუშაობაში და იმუნური სისტემის სრულყოფილად ფუნქციობაში. კვერცხში ბევრია ლეციტინი, რომლის წყალობით ცხიმი ორგანიზმში სწორად გადანაწილდება. მას ქოლესტერინის “ანტიშხამსაც” კი უწოდებენ.

2. მუქი ყვითელი გულის კვერცხი უფრო გემრიელია?

- ეს მოსაზრება იმიტომ გაჩნდა, რომ სოფლის კვერცხს უფრო მუქი ფერის გული აქვს, ვიდრე ქარხნულს. სინამდვილეში კვერცხის გულის ფერი ქათმის კვებაზეა დამოკიდებული. გულის სიყვითლისთვის საჭიროა, საკვებს დაემატოს კაროტინით მდიდარი პროდუქტი. კაროტინი ბუნებრივი პიგმენტია, რომელიც კაშკაშა შეფერილობას აძლევს პომიდორს, წიწაკას და სხვა.

3. კვერცხი მავნებელია, რადგან მასში სალმონელებია?

- ქარხნის კვერცხი უფრო უსაფრთხოა ამ მხრივ, ვიდრე სოფლისა. სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად კვერცხი კარგად უნდა მოიხარშოს. უმი კვერცხის ბეზე, ასევე - თოხლო კვერცხი, გოგლი-მოგლი კი ნამდვილად საშიშია, თუ კვერცხი სალმონელებითაა დაბინძურებული.

4. კვერცხი ალერგიულია?

- ალერგენად ითვლება უმი კვერცხის ცილა, თუ ორგანიზმს არ აქვს კვერცხის გულის აუტანლობა. ეს ნიშნავს, რომ თერმულად კარგად დამუშავებული, ანუ კარგად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი აღარ არის ალერგენი.

ეს საინტერესოა

მწყრის კვერცხი ქათმის კვერცხზე 5-ჯერ მეტ  ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს, ხოლო რკინას - 4,5-ჯერ მეტს. კვერცხის ნაჭუჭი ქიმიური შემადგენლობით მარმარილოს იდენტურია. ყველაზე პატარა კვერცხს დებს კოლიბრი. მისი კვერცხი ცერცვის მარცვლისოდენაა და სულ რაღაც 0,37 გრამს იწონის!