ვიწყებთ ბოსტნეულით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიწყებთ ბოსტნეულით

გავა სულ რამდენიმე თვე და პირის ღრუში, ღრძილის ზედაპირზე, თავს ამოყოფს პირველი კბილი, 6 თვიდან კი ბავშვს თვალი ოჯახის უფროსი წევრების საკვებისკენ გაექცევა, ხელს წაატანს პურს... ესე იგი დროა, დამატებითი საკვები მივცეთ. პირველი დამატებითი საკვები მდიდარი უნდა იყოს ყველა იმ ინგრედიენტით, რომელიც სჭირდება ბავშვის მზარდ ორგანიზმს. აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ მოვამზადოთ იგი, რით დავიწყოთ.

- რატომ აძლევენ პირველ დამატებით საკვებად ბოსტნეულს?

- ჩვილის მზარდ ორგანიზმს დედის რძე უკვე ვეღარ აკმაყოფილებს. მას უპირველესად მინერალური ნივთიერებები სჭირდება, დედის რძე კი საკმაო რაოდენობით აღარ შეიცავს მინერალებსა და მიკროელემენტებს. განსაკუთრებით საჭიროა რკინა, თუთია, კობალტი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი... გარდა ამისა, ბოსტნეული აკმაყოფილებს მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას რთულ ნახშირწყლებზე, მათ შორის - უჯრედისზეც. დედის რძე ენერგეტიკული ღირებულებით აღემატება ბოსტნეულის პიურეს, ამიტომ მხოლოდ ერთი კვება იცვლება ბოსტნეულით. ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, ექიმმა შეიძლება პირველ დამატებით საკვებად გირჩიოთ ფაფა. არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს - ბავშვის მენიუ ხომ სწრაფად იცვლება და ფართოვდება. სულ მალე მას ბოსტნეულიც დაემატება. მაგრამ მაინც ბოსტნეულის პიურეთი დაწყება ჯობია.

- თუ პატარას აწუხებს მუცლის ჭვალი და შეკრულობა, რომელი ბოსტნეულით უნდა დავიწყოთ დამატებითი კვება?

- თითქმის ყოველგვარი ბოსტნეული ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და თავიდან გვაცილებს შეკრულობას. პირველ კვირას ჩვილი მცირე ულუფას იღებს, რამაც შესაძლოა ეფექტი არ გამოიღოს და უფრო მეტი ხანი დაგვჭირდეს პრობლემის აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მხრივ ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, ყაბაყი. სტაფილოს პიურე შეიძლება დამატებითი კვების პირველსავე დღეებში მისცეთ, ხოლო ყაბაყი - ოდნავ მოგვიანებით. უკეთესია ახალგაზრდა ყაბაყი - მას თესლი არ აქვს და რბილობი ძალიან მოსწონთ პატარებს. პირველი, საცდელი ულუფა ერთი ჩაის კოვზია. მოხარშული ჭარხლის პიურე კარგი კუჭის გამათხელებელი საშუალებაა. პირველ ჯერზე საღამოს, ძილის წინ, უნდა მისცეთ ერთი ჩაის კოვზი და დააკვირდეთ. თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარას შეკრულობა აქვს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ლაქტულოზის შემცველი ნარევების მიცემა. როცა პატარა ბოსტნეულის პიურეს შეეჩვევა, შეიძლება უმი ხილის პიურეც გავასინჯოთ - ვაშლისა, ატმისა, გარგარისა, შავი ქლიავისა. ჯერ ცალ-ცალკე სცადეთ, მერე კი შეგიძლიათ სხვადასხვა ხილი შეურიოთ.

- თუ პატარა ალერგიული რეაქციებისადმია მიდრეკილი ან რომელიმე მშობელია ალერგიული, რომელი ბოსტნეულის მიცემა აჯობებს? საჭიროა თუ არა, მეძუძურმა დედამ დაიცვას ჰიპოალერგენული დიეტა?

- მეძუძურმა დედამ, თუ მისი პატარა ალერგიისადმია მიდრეკილი, სასურველია დაიცვას ჰიპოალერგენული დიეტა. მშობლებისგან ალერგიული განწყობა პატარასაც გადაეცემა, მაგრამ არა ყოველთვის იმავე პროდუქტის მიმართ, რომელსაც ვერ იტანს დედა ან მამა. დამატებითი კვების დრო რომ მოახლოვდება, უნდა შევურჩიოთ ბავშვს ღია ფერის ბოსტნეული. ასეთია კარტოფილი, თეთრთავა კომბოსტო, ყვაბილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, ღია ფერის (თეთრი) გოგრა. ეს ბოსტნეული ნაკლებსახიფათოა. როცა წამოიზრდება, ამ სიას დაემატება კიტრი, სატაცური, ისპანახი, ბოლოკი (თეთრი). თუ პატარამ პირველი გასინჯვისას ახალი საკვები იუარა, 3 დღის შემდეგ კვლავ გაასინჯეთ დედის რძით განზავებული პიურე, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი ნაღების (ნატურალური) კარაქი ან მცენარეული ზეთი, უმნიშვნელო ოდენობით - მარილი. მიეცით თავდაპირველად ერთი ჩაის კოვზი. გემოს რომ შეეჩვევა, ულუფაც გაუზარდეთ.

- რა შემთხვევაში შეიძლება დამატებითი კვების დაწყება არა ბოსტნეულის პიურეთი, არამედ ფაფით?

- ჩვილი თუ დუნედ იმატებს წონას, ექიმები ურჩევენ დამატებითი კვების დაწყებას ფაფით. რეკომენდებულია ფაფის მომზადება ბოსტნეულის ნახარშზე და დაბლენდერება. შეიძლება, დავუმატოთ ნაღების კარაქი ან მცენარეული ზეთი. ფაფა უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე ბოსტნეული, ხოლო ბოსტნეულის ნახარში მდიდარია აუცილებელი მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ამასთან, პატარას უფრო მოსწონს ბოსტნეულის სუნი და გემო. თუ პატარა უარს ამბობს ბოსტნეულის პიურეზე, შეგიძლიათ, იგი ხილის პიურეთი შეცვალოთ. ხილი პრაქტიკულად ბოსტეულის ტოლფასია. მერე კი ბურღულეულის ფაფები დაამატეთ.

- რომელი ხილი უფრო გამოდგება პიურესთვის?

- პიურესთვის ხილის შერჩევისას უნდა გამოიყენოთ ამგვარი ტაქტიკა: თუ დაიწყებთ ტკბილი ხილით, შემდეგ პატარას მომჟავო ხილის პიურეს დაგემოვნება გაუძნელდება. არ არის გამორიცხული, ბურღულის ფაფაზეც უარი თქვას. დასაწყისისთვის საუკეთესოა ანტონოვკის ჯიშის ვაშლი. შეგიძლიათ ჩათუთქოთ. თავდაპირველად გაასინჯეთ უშაქროდ ერთი ჩაის კოვზი. ამ დროს ბავშვი მხოლოდ გემოს უსინჯავს ახალ საკვებს, თან სწავლობს შედარებით სქელი კონსისტენციის საკვების ათვისებას ღეჭვითი მოძრაობებით, მის ყლაპვას. ასევე კარგია დასაწყისისთვის თეთრი გარგარის პიურეც, რომელიც უნდა გაათხელოთ დედის რძის ან ხელოვნური ნარევით. სტაფილო ეცადეთ საშუალო ზომისა შეარჩიოთ, გაასუფთავეთ დანით, შუაზე გაჭერით და ამოაცალეთ გული, რომელიც ნიტრატებს აგროვებს, მერე კი მოამზადეთ პიურე. გირჩევთ, დაბლენდერებული პიურეს ნაცვლად ბავშვი თანდათან შეაჩვიოთ ჩანგლით დაჭყლეტილს. ეს კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვისაც სასარგებლოა და კბილების ამოჭრის პროცესსაც შევუწყობთ ხელს. როცა ბავშვი ერთი სახეობის ბოსტნეულის პიურეს შეეჩვევა, შეგიძლიათ მეორე გაასინჯოთ, მერე - მესამე, მერე კი ცვალოთ.


დაბოლოს, შეაჩვიეთ ბავშვი ბოსტნეულის სუპს. გთავაზობთ მომზადების წესს. საჭიროა: 150 გ სხვადასხვა ბოსტნეული: ყვავილოვანი ან თეთრთავა კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხლის ფოთლები, ისპანახის ფოთლები, მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში (შეკარით ერთად და ისე ჩაუშვით ქვაბში); 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი ან მცენარეული ზეთი; დანის წვერით იოდიანი მარილი, რომელსაც უკვე მზა სუპში ჩაუშვებთ.

კარგად გარეცხილი, დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო და კომბოსტო მოვხარშოთ. როდესაც მოიხარშება, დავუმატოთ ჭარხლისა და ისპანახის ფოთლები, მწვანილი და კიდევ 3 წუთი ვხარშოთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ გავატაროთ მსხვილ საცერში (ან გავთქვიფოთ ბლენდერში), დავუმატოთ კარაქი ან ზეთი, მარილი. 8-12 თვის ასაკში ერთ ჯერზე საკმარისია 100-120 მლ სუპ-პიურე, რომელსაც პიურე და ხორცის კატლეტიც დაემატება, ხოლო 6-8 თვის ასაკში უნდა მიიღოს სრული ულუფა - 200 მლ. ბავშვები, რომლებსაც არ მოსწონთ ბოსტნეულის პიურე, სუპ-პიურეს დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ეცადეთ, შეაჩვიოთ ბავშვი ჩახარშულ, მოუშუშავ ხახვს. ასეთი წვნიანი მოზრდილებისთვისაც უფრო სასარგებლოა.

- შეიძლება თუ არა ბოსტნეულის სუპისთვის მაიონეზის დამატება?

- 8 თვიდან შეიძლება, ოღონდ შინ, თქვენ მიერ მომზადებული მაიონეზისა ან არაჟნისა. ქარხნული წესით მომზადებული მაიონეზი და არაჟანი არ არის სასურველი. პატარებში ხშირია კვერცხის (მისი ცილის) მიმართ ალერგიული რეაქციები, ამიტომ გირჩევთ, მაიონეზი მწყრის კვერცხისგან მოამზადოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 12 მაგრად მოხარშული მწყრის კვერცხის გული; 150 გ მცენარეული ზეთი; 3 სადილის კოვზი ბულიონი (ხორცისა ან ბოსტნეულისა); ლიმონის წვენი - გემოვნებით. კვერცხის გული კარგად გასრისეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წვეთობით დაუმატეთ მცენარეული ზეთი, თქვიფეთ განუწყვეტლივ, თან ამატეთ ლიმონის წვენი. თუ მიღებული მასა ძალიან სქელია, გაათხელეთ ბულიონით.

- ზოგი მშობელი ქარხნული წესით მომზადებულ ხილფაფებსა და ბოსტნეულის პიურეს ანიჭებს უპირატესობას. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია მხოლოდ ქარხნული წარმოების პროდუქცია. ასეთ პიურეს აქვს გარანტირებული შემადგენლობა. ნედლეული გადის შემოწმებას ნიტრატების, პესტიციდების, მარილების, მძიმე მეტალების შემცველობაზე, გენეტიკურ მოდიფიცირებაზე, მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა რაიონებში, ხოლო ის ნედლეული, რომელსაც ჩვენ შევიძენთ ბაზარსა თუ სუპერმარკეტში, ამ მხრივ სანდო არ არის, ცხოველთა საკვებში ხშირად ამატებენ ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებს, ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. გარდა ამისა, კერძის მომზადებისა და ხარშვისას იშლება ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. გარდა ამისა, შინ მომზადებული კერძი ვერ აკმაყოფილებს 7-8 თვის ბავშვის მოთხოვნილებას, დააქუცმაცოს საკვები ღეჭვითი რეფლექსის უკეთ გამომუშავებისთვის.

- სახიფათოა თუ არა სახამებლის შემცველობა ხილის პიურეში?

- სახამებელი ბავშვისთვის ნებადართული ინგრედიენტია. იგი ფართოდ გამოიყენება ბავშვთა კვებაში და ბუნებრივად შედის ბავშვისთვის ნებადართულ პროდუქტებში - კარტოფილში, ბრინჯში, სიმინდში.  სახამებელი პროდუქტს აძლევს სისქეს, რაც ხელს უწყობს ღეჭვისა და ყლაპვის ჩვევების გამომუშავებას. გარდა ამისა, სახამებელს აქვს შემომგარსველი და შემბოჭველი (აბსორბციული) მოქმედება, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. სახამებელს ჩვილის ორგანიზმი კარგად ითვისებს.  დამატებით საკვებში სახამებელი მინიმალური დასაშვები ოდენობითაა, ამიტომ სრულიად უსაფრთხოა.

- როგორ ახანგრძლივებენ შენახვის ვადას, ხომ არ ხდება კონსერვანტების დამატება?

- ბავშვთა საკვების წარმოებისას კონსერვანტების გამოყენება აკრძალულია! შენახვის ვადის გახანგრძლივება ხდება ტექნოლოგიური საშუალებებით - საჭირო ტემპერატურული რეჟიმით, სტერილური ჭურჭლის გამოყენებით, მასში ვაკუუმის შექმნით. ამგვარად მწარმოებლები ქმნიან ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელ პირობებს, რაც პროდუქტს დაზიანებისგან იცავს. პროდუქტის ხარისხისა და ვარგისობის გარანტიაა ტკაცუნი ქილის თავსახურის მოხსნისას. საბოლოო არჩევანი კი მაინც თქვენზეა.