გემრიელი ფაფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გემრიელი ფაფა

მას მთელი სიცოცხლე უნდა მიირთმევდეს საუზმეზე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანი. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულის ფაფები. მარცვლეულის გარსში და გარსის ქვეშ კარგად ინახება B ჯგუფის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. ჩვეულებისამებრ, ჩვილი ფაფას ბოსტნეულის პიურეს შემდეგ, მეორე დამატებით საკვებად იღებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ექიმი ურჩევს დედას, დაიწყონ ფაფებით. ეს მაშინ, როცა პატარა მიდრეკილია ნაწლავთა გახშირებული მოქმედებისკენ, კვების შემდეგ ხშირად წამოაქაფებს, ასაკთან შედარებით არასაკმარისად იმატებს წონას. თავდაპირველად უნდა მიაჩვიოთ თხელ, ე.წ. 5%-იან ფაფებს, რათა დედის რძისა თუ ხელოვნური ადაპტირებული ნარევების შემდეგ ახალ, უცხო საკვებთან შეგუება არ გაუჭირდეს. ფაფა უფრო კალორიულია, ვიდრე იმავე კონსისტენციის ბოსტნეულის პიურე. ფაფით დაიწყოთ ბავშვის დამატებითი კვება თუ ბოსტნეულის პიურეთი, ამის გადაწყვეტა პედიატრს მიანდეთ.

- ბავშვის საკვების მწარმოებელი თითქმის ყველა ფირმა უშვებს მზა ფაფებს. რომელი ჯობია - მზა თუ შინ მომზადებული?

- როგორც მზა, ისე შინ მომზადებულ ფაფებს აქვთ თავ-თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მზა ფაფები შემადგენლობით, კულინარიული დამუშავებით, კონსისტენციით სავსებით შეესაბამება ბავშვის ასაკს და მის საჭმლის მომნელებელ სისტემას. გამოუცდელი, ახალგაზრდა დედისთვის მზა ფაფა შესაძლოა გამოდგეს იმის მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჩვილის საკვები, როგორი სისქე, ჰომოგენურობა (ერთგვაროვნება) და გემო ჰქონდეს. მზა ფაფები მიმზიდველია დროის ეკონომიის თვალსაზრისით, მოხერხებულია ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ბავშვის მზა საკვების უსაფრთხოება რეგულირდება სანიტარიული კანონმდებლობის ნორმატივებით. არ შეიძლება მზა ფაფების დაბინძურება უცხო ნივთიერებებით, ხოლო იმ ქიმიური ელემენტების რაოდენობა, რომელთა სიჭარბე შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, მკაცრად რეგლამენტირებულია. მზა ფაფების შემადგენლობა მკაცრად არის შემოწმებული და სიჭარბე გამორიცხულია, დედამ კი სიყვარულით შესაძლოა უფრო ნოყიერი და მსუყე ფაფა მოუმზადოს შვილს, ზედმეტი უყოს კარაქი და შაქარი. ჭარბი ცხიმი, მოგეხსენებათ, ვნებს სანაღვლე სისტემას; ნახშირწყლების სიჭარბე ნაწლავებში დუღილს აძლიერებს, აირების ჭარბ წარმოქმნას, მუცლის შებერილობას და ტკივილს იწვევს. თუმცა ყველა მწარმოებელი ზედმიწევნით როდი იცავს ბავშვის საკვებისადმი წაყენებულ დიეტოლოგიურ მოთხოვნებს, ამიტომ დედამ ყურადღებით უნდა წაიკითხოს ეტიკეტი და ამოარჩიოს ისეთი მზა ფაფა, რომელიც არ შეიცავს არავითარ დანამატს, მარილსაც კი. ახლა შინ მომზადებული ფაფები განვიხილოთ. ასეთი ფაფა უფრო იაფი უჯდება ოჯახს. შეგიძლიათ, მთელი ოჯახისთვის მოამზადოთ და მარილის დამატებამდე მცირე ულუფა გადმოიღოთ ჩვილისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. თუ სქელი მოგეჩვენათ, მისცეთ სასურველი კონსისტენცია დედის რძით ან ხელოვნური ნარევით - ამით ფაფა გაგემრიელდება კიდეც და უფრო სასარგებლოც გახდება. შინ მომზადებული ფაფა შეიცავს ბუნებრივ B ვიტამინს, თუმცა უმნიშვნელო ოდენობით. ქარხნულ ნაწარმს უფრო მეტად ამუშავებენ, რასაც B ვიტამინი თითქმის ვერ უძლებენ. მზა ნაწარმს ისევ ამდიდრებენ ვიტამინებით, მაგრამ დამატებული, სინთეზური ვიტამინები ბუნებრივისგან განსხვავდება. როცა ჩვილი მცირე ულუფებს იღებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც მთელი კვება შეიცვლება ფაფით, განსხვავება საგრძნობი გახდება. დაბოლოს, თუ პატარა დიდხანს კვებეთ მზა ნაწარმით, ოჯახურ საკვებზე გადასვლა გაუჭირდება.

- როგორ შევარჩიოთ ბურღული ფაფისთვის?

- მთავარია, არ შეიცავდეს გლუტეინს - ის სახიფათოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის დაავადება ცელიაკიის დროს. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა წიწიბურას ფაფა. წიწიბურას ბურღული მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებითა და ნაზი უჯრედისით. ასევე უხვადაა მასში ლეციტინი, რომელიც წმენდს ღვიძლს და აუმჯობესებს იმუნური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის - თიმუსის მუშაობას. დამატებითი კვების დასაწყებად შესანიშნავია ბრინჯის ფაფაც. იგი სასარგებლოა და ადვილად ასათვისებელი, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. სიმინდის ფაფა ასტიმულირებს ნაწლავთა მუშაობას, გასუფთავებაში ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას. იგი შედარებით ძნელი ასათვისებელია, ვიდრე წიწიბურა და შვრია, ამიტომ დამატებით კვებას სიმინდის ფაფით ნუ დაიწყებთ. ის შეგიძლიათ მისცეთ ჩვილს, როცა შეეჩვევა სხვა ბურღულის ფაფებს და საჭირო ხდება მენიუს გამრავალფეროვნება. შვრიის ბურღული (ჰერკულესი) ყველა სხვა ბურღულზე მდიდარია მცენარეული ცილით, საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, განსაკუთრებით კი მაგნიუმს. შვრიის ფანტელები ხარშვისას წარმოქმნიან მცენარეულ ლორწოს, რომელიც არბილებს და გაღიზიანებისგან იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს. გასტრიტისა და კუჭის სხვა დაავადებების დროს ლორწოვანი სუპები სამკურნალო საკვებად მიიჩნევა.  მანანის ფაფა ბავშვებისა თუ მოზარდების საყვარელი საკვებია, მაგრამ გირჩევთ, წლამდე თავი შეიკავოთ მისი მიცემისგან, ხოლო თუ პატარა ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი, უმჯობესია, მერეც არ აჭამოთ ის.


- ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ბავშვებისთვის რომელი ფაფა ჯობია?

- ასეთ ბავშვებს არა მხოლოდ წლამდე, არამედ უფრო მოზრდილ ასაკშიც დიდი სიფრთხილით უნდა შევურჩიოთ საკვები. ამ მხრივ ყველაზე უსაფრთხოა ბრინჯი. ბრინჯი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. მასში უმნიშვნელოა ცხიმის შემცველობა, ბევრია ცილა, რომლის 98 პროცენტს ითვისებს ორგანიზმი. სხვა მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, იგი არ შეიცავს გლუტეინს, რომელსაც ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ალერგიული ბავშვებისთვის ბრინჯი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მასში ბევრია რთული ნახშირწყლები, რომლებიც აუცილებელია ზრდისთვის. ბრინჯი ყველაზე მეტად ფასობს B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით, რომლებიც ნერვულ სისტემას აძლიერებს. ბრინჯის მრავალი სახეობა არსებობს. მათ უმეტესად მარცვლების ზომის მიხედვით განასხვავებენ. მსხვილმარცვლიანი - მარცვლის სიგანე სიგრძის ნახევარია. მასში უფრო მეტია სახამებელი. იგი ადვილად და სწრაფად იხარშება, ამიტომ საუკეთესოა ფაფის, პუდინგის, ფლავის მოსამზადებლად. საშუალო ზომის მარცვლიანი - მარცვლის სიგრძე 2-2,5-ჯერ მეტია სიგანეზე. ასეთი ბრინჯი იდეალურია სუპისთვის. გრძელი ბრინჯი - მარცვლის სიგრძე 6მმ-ზე მეტია, ხარშვისას არ კარგავს ფორმას, არ ეწებება ერთმანეთს. მისგან ამზადებენ სალათებს, გარნირებს, ტკბილ ფლავს.

- რომელი ბრინჯი უფრო სასარგებლოა, თეთრი თუ ყავისფერი?

- ყავისფერ ბრინჯს მოცლილილი აქვს მხოლოდ ზემოთა ქერქი. იგი მდიდარია რკინით, კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, B ჯგუფის ვიტამინებით, PP ვიტამინით და თეთრზე სასარგებლოა, მაგრამ უფრო მეტხანს სჭირდება ხარშვა. მოხარშულიც თეთრზე მაგარია. ყავისფერი ბრინჯისგან ამზადებენ ბოსტნეულის ფლავს.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს

ხილის ფლავი

საჭიროა: 60 გ ბრინჯი; 20 გ თეთრი, უკურკო ქიშმიში, 20გ გარგარისა და 20 გ შავი ქლიავის ჩირი, 60 მლ ხილის სიროფი, 10 გ შაქარი, 15 გ ნაღების კარაქი, მარილი. მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ და გააჩერეთ. შეურიეთ კარგად გარეცხილი ქიშმიში, ჩირი. ქვაბში გაადნეთ კარაქი და გადაიღეთ მასში ბრინჯი, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ურიეთ ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. გადაიღეთ ეს მასა ცხიმმოსმულ ფორმაში, მოასხით ხილის სიროფი და შედგით ღუმელში 15 წუთით. მიირთვით თბილი.

კლასიკური პუდინგი

საჭიროა: 15 გ ბრინჯი, 900 მლ რძე, 100 გ შაქარი, 1 ლიმონის ცედრა, 25 გ ნაღების კარაქი. ქვაბში ჩაასხით რძე, შაქარი და ლიმონის ცედრა. ურიეთ, ვიდრე შაქარი გადნება და მიიყვანეთ დუღილამდე.  წინასწარ მოხარშული ბრინჯი გადაიღეთ ცეცხლგამძლე ფორმაში, დაასხით რძე, ზემოდან დაადეთ კარაქი და შედგით ღუმელში, 170 გრადუსზე, 45 წუთით. შეგიძლიათ, ღუმელში შედგმამდე ბრინჯს ზემოდან დააწყოთ ვაშლის ან კომშის თხელი ნაჭრები.

ალერგიული ბავშვებისთვის მოამზადეთ თეთრი გოგრისა და ბრინჯის ფაფა. ჩვილებს ძალიან მოსწონთ ამ ორი პროდუქტის გემოს შერწყმა.