დაკარგული მადის ძიებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაკარგული მადის ძიებაში

  • მათი შვილი არაფერს ჭამს ნებით, ძალდაუტანებლად;
  • ჭამს ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ გარემოში, განსაზღვრული თეფშიდან, განსაზღვრული ტემპერატურისას;
  • სიამოვნებით ჭამს მხოლოდ იმას, რაც სურს, სხვა საკვებს კი - მხოლოდ ძალდატანებით (დაძალებაც არ გამოდის - ეწყება ღებინება, უწევს ტემპერატურა, ტირის);
  • ჭამს ყველაფერს და ბევრს, თითქოს სულ შია, თუმცა ჭიები ნამდვილად არ ჰყავს;
  • ჭამას იწყებს, მაგრამ ისე ნელა, რომ ყველაფერი ცივდება, ამასობაში თვითონაც იღლება და ჭამა აღარ უნდა;
  • ჭამს, მაგრამ მაგიდასთან მისი დასმა ისეთი ძნელია, გამოკვების თავიც აღარ გვაქვს.

როგორ მოვიქცეთ?

თავდაპირველად უნდა გავიგოთ, რომ საკვების მიღებას არეგულირებს თავის ტვინის განსაზღვრული უბნები, რომლებსაც პირობითად შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრებს უწოდებენ. სავსებით შესაძლებელია, უმადობა ამ ცენტრების მარეგულირებელი ფუნქციის დარღვევით გახლდეთ გამოწვეული. დარღვევის მიზეზი კი შესაძლოა იყოს ინტოქსიკაცია, დეფიციტი, ფსიქოლოგიური ფაქტორები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარდა ფიზიოლოგიური მიზეზებისა, პრობლემა შესაძლოა წარმოიშვას გადაღლის, აღგზნების ან მშობლების უნებლიე შეცდომების გამო.

შეცდომა პირველი - სპექტაკლი ჭამის დროს

არსებობს პოპულარული აზრი, რომ საკვები ლამაზი უნდა იყოს, ხოლო თავად კვების პროცესი - სასიამოვნო, მიმზიდველი. რასაკვირველია, ძნელია ამ შეხედულების უარყოფა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მშობელი ახერხებს, ყველაფერი აბსურდამდე დაიყვანოს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ჭირს მისი ადგილზე გაჩერება, თითქოს რაღაც ენერგია მას წყნარად ჯდომასა და ჭამას არ ანებებს. ბავშვებს ხშირად უჭირთ საკვებზე კონცენტრირება, ბევრი ჭამის დროს ლაპარაკობს, გასაქცევად იწევს... ამ შემთხვევაში მშობლებს მოუწევთ, ცოტა გაისარჯონ და ბავშვს მშვიდი გარემო შეუქმნან, თანაც ნელ-ნელა შთააგონონ, რომ ჭამის დროს სირბილი და ლაპარაკი არ შეიძლება. 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი ცნობისმოყვარე, დაუდგრომელი არსებაა - მას ყველაფერი აინტერესებს, ამიტომ მიზანშეწონილია, კვების პროცესიც ისეთივე საინტერესო იყოს, როგორიც თამაშია. ამისთვის პატარას უნდა გავაცნოთ ახალი კერძები, მოვუყვეთ იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც მათი მომზადებისას გამოვიყენეთ. არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ჭამის დროს ბავშვის ხელოვნური, მიზანმიმართული გართობა. ალბათ ყველამ იცით, რა მრავალფეროვან შოუს მართავენ მშობლები, რათა შვილს კუთვნილი ულუფა ბოლომდე შეაჭამონ. ოღონდ ბავშვი ჭამაზე დათანხმდეს და ყველაფერი მისაღებია - კულინარიული სკულპტურებით დაწყებული, თეატრალიზებული წარმოდგენებით დამთავრებული. მართალია, ეს ყველაფერი ბავშვს ართობს, მაგრამ არ ასწავლის სწორად ჭამას და სრულიადაც არ მატებს მადას. მშობელიც, რომელიც სუფრას ისე აწყობს, თითქოს კონკურსისთვის ემზადებოდეს, დიდ სიამოვნებას ნამდვილად ვერ იღებს. გარდა ამისა, სადილი, რომელსაც მშობლების დეკლამაციითა თუ ცეკვით გატაცებული ბავშვი შეუმჩნევლად ჭამს, მას, სავარაუდოდ, სულაც ვერ მოუტანს სარგებლობას - როცა ადამიანი საკვებს იღებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ვისიმე ეშმაკობის წყალობით, ნაკლებად გამოიყოფა მის მოსანელებლად აუცილებელი კუჭის წვენი და სხვა სეკრეტები, შესაბამისად, საკვების ათვისებაც უფრო ძნელად ხდება, ვიდრე მადიანი ჭამის დროს. დაბოლოს, მშობლების ასეთი თავგანწირვა ცუდ გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათზე - ის მშობლებით მანიპულირებას იწყებს.

შეცდომა მეორე ანუ ყველა მაგალითი როდია დადებითი

ამბობენ, პატარა ბავშვმა კარგად რომ ჭამოს, მაგალითი უნდა მივცეთო. რასაკვირველია, მაგალითი კარგია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა ის სწორია. უნდა ეცადოთ, ბავშვმა რაც შეიძლება ადრე ისწავლოს მაგიდასთან ქცევა - ჭამის წინ დაიბანოს ხელები, თავად გამოიყენოს კოვზი, 4-5 წლიდან კი ჩანგალიც, ისარგებლოს ხელსახოცით, ჭამის შემდეგ აალაგოს სუფრა და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები 5 წლამდე იოლად ექცევიან შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ და ბაძავენ უფროსების ქმედებებს, მათ შორის - მიუღებელსაც. მაგალითად, თუ დედა დიეტას იცავს, შესაძლოა, მისი მიბაძვით ბავშვმაც დაიწყოს კვების შეზღუდვა. თუ მამა უარს ამბობს რძის პროდუქტებზე, შესაძლოა ბავშვმაც აიკრძალოს ხაჭოს, რძის ან მაწვნის ჭამა. როცა ბავშვი თანატოლებთან ერთად უზის მაგიდას (მაგალითად, საბავშვო ბაღში), ერთი ჭირვეულის გამოჩენა საკმარისია, რომ ყველას გაუფუჭდეს მადა. ერთი სიტყვით, უნდა ვეცადოთ, მაგალითი, რომელსაც პატარა ხედავს, მისაბაძი იყოს.

შეცდომა მესამე ანუ ერთი კოვზი - დედიკოს ხათრით

მშობლების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია, მან ყოველდღიურად მიიღოს საკვების დადგენილი ნორმა. რასაკვირველია, ნორმები არსებობს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. აბა, დაფიქრდით, თავად ყოველდღე ერთსა და იმავე ულუფას მიირთმევთ? ხომ არის შემთხვევა, როცა საჭმლის დანახვაც არ გსურთ? მაშ, რატომ ვართმევთ ბავშვს ამის უფლებას? მადის შემთხვევით, გარდამავალ დაქვეითებას მშვიდად უნდა შევხვდეთ. ასეთ დროს ბავშვს საყვარელი საკვები უნდა შევთავაზოთ, ულუფა შევუმციროთ, შევეგუოთ იმ გარემოებას, რომ ძლიერი განცდები დროებით აუარესებს მადას, ამ თვალსაზრისით კი პატარა ბავშვი მოზრდილ ადამიანზე გაცილებით მგრძნობიარეა - არასასიამოვნო შეგრძნება, ტკივილი, წყენა, გულისტკენა მის ფსიქიკაზე აისახება და მადის დაქვეითებას იწვევს. უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ დაახლოებით ასეთივეა მკვეთრი დადებითი ემოციების ეფექტიც. თუ ბავშვი აღგზნებულია, ბევრი ითამაშა ან ირბინა, შესაძლოა ჭამაზე უარი თქვას. ამ შემთხვევაში ცოტა ხანს უნდა დავიცადოთ, პატარას კი, მშიერი რომ არ დარჩეს, შევთავაზოთ ის, რასაც სიამოვნებით შეჭამს. მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.


შეცდომა მეოთხე - თეფში უნდა მოსუფთავდეს

თეფში უნდა მოასუფთაო, - ვასწავლით ბავშვს, მაგრამ გვავიწყდება მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი წესი - თეფშზე იმდენი უნდა გადავიღოთ, რამდენის ჭამაც გვინდა. თუ ბავშვი ყოველთვის უარს ამბობს ბოლო ლუკმაზე, ესე იგი ულუფა მისთვის მეტისმეტად დიდია. ჯობს, ულუფა მცირე იყოს (დამატება ყოველთვის შეიძლება!), ვიდრე ბავშვს გამუდმებით ვაძალებდეთ ჭამას. ასეთ დროს ყველაზე უარეს მდგომარეობაში დამჯერე ბავშვები არიან - ისინი ყოველთვის დაემორჩილებიან უფროსს და თეფშს მოასუფთავებენ, თუმცა ეს მათ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოჰგვრის. მეტიც - მოგვიანებით ამან შესაძლოა სიმსუქნე და ნევროგენული ღებინებაც კი გამოიწვიოს.

შეცდომა მეხუთე - რეჟიმი ჯანმრთელობის საწინდარია

რასაკვირველია, რეჟიმი მართლაც კარგია, მაგრამ არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები. ჩვილისთვის შიმშილის გრძნობა დომინანტურია - მშიერი ბავშვი ტირის და თუ არ გამოვკვებეთ, მას ვერც სათამაშო გააჩუმებს, ვერც ალერსი, ვერც სიმღერა. მისგან განსხვავებით, ერთი წლის, მით უფრო - ორი-სამი წლის ბავშვს, თამაშით გართულს, ხშირად ავიწყდება, რომ შია. არ შეიძლება, ის ერთბაშად მოვწყვიტოთ თამაშს და მაგიდასთან დავსვათ - დროა საჭირო, რომ დამშვიდდეს, ჭამაზე გადაერთოს. აღგზნებული ბავშვი საყვარელ კერძსაც კი ვერ შეჭამს, კუჭიც, სანამ ფსიქიკა არ დამშვიდდება, მომნელებელი წვენის გამოყოფას ვერ დაიწყებს. ბავშვის სურვილს ყოველთვის პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ეს არის წესი, რომელსაც მშობლები ყველაზე ხშირად უგულებელყოფენ. ეს უდიდესი შეცდომაა. ძალდატანება კვების პროცესის მიმართ ზიზღს აჩენს. თანაც, როგორც უკვე ვთქვით, ამგვარად მიღებულ საკვებს ნაკლები სარგებლობა მოაქვს. ისეც ხდება, რომ ბავშვი ჭამას ღებინებით ამთავრებს. ამ ყველაფრიდან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ - მშობლებმა წონასწორობა არ უნდა დაკარგონ და როგორც კი პატარა დამოუკიდებლად ჭამას ისწავლის, ამ პროცესში აღარ ჩაერიონ. პატარას კარგი მადა რომ ჰქონდეს, მისი რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. ერთფეროვანი კვება არც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო და არც მადას აღძრავს. ყოველდღიურად საყვარელი კერძიც კი მოსაბეზრებელია. საუკეთესო გამოსავალია ახალი კერძებით რაციონის გამდიდრება.

შეცდომა მეექვსე - საკვებში ნუგეშის ძიება

საკვებს შეუძლია, ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნოს. მშობლებიც მოწყენილ ბავშვს ხშირად სთავაზობენ ვაშლს, ბანანს, კანფეტს, ნამცხვარს... ბავშვი სწავლობს, რომ ჭამით ნებისმიერ განსაცდელს გაუმკლავდება, შედეგად კი ჭარბ წონას და პრობლემებისადმი უსუსურობას ვიღებთ. მიზეზი ნათელია - პატარას არასასიამოვნო სიტუაციიდან გამოსავლის ძიების ნაცვლად სირაქლემასავით თავის ქვიშაში ჩარგვა და ჭამა ასწავლეს.

შეცდომა მეშვიდე - “არ მინდა და არ შევჭამ!”

საკვებზე უარის თქმა ყველაზე მომთმენ მშობელსაც კი აკარგვინებს წონასწორობას. სიტუაცია სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ბავშვი უარს ამბობს კერძზე, მაგრამ საკმარისი რაოდენობით იღებს სითხეს, ან ზოგიერთ პროდუქტს პირს არ აკარებს, მაგრამ მასას ინარჩუნებს, რადგან საკმაო რაოდენობით მიირთმევს საყვარელს. არსებობს კიდევ ერთი, არასასურველი ვარიანტი - ბავშვი აღარ ჭამს, წონას აღარ იმატებს და განვითარებითაც ჩამორჩება თანატოლებს. როგორც უკვე ვთქვით, ზოგი ბავშვი ნელა ჭამს, ზოგს განსაზღვრული პროდუქტებისა ეშინია (საკვების მიმართ ფობია ხშირად პოსტტრავმული მოვლენაა)... ამრიგად, ვიდრე პრობლემის მოგვარებაზე დავიწყებდეთ ფიქრს, უნდა დავადგინოთ კვებითი ქცევის დარღვევის ტიპი, რომლის დემონსტრირებასაც ბავშვი ახდენს. როცა ბავშვი არ ჭამს, სასოწარკვეთილი მშობლები ხშირად საყვარელ საკვებს მას მხოლოდ დანარჩენი კერძების მიღების სანაცვლოდ სთავაზობენ. ეს ტაქტიკა მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას. უმჯობესია:

  • არ დავატანოთ ძალა;
  • ყველაფერი ვიღონოთ კვების დროს არასასიამოვნო განცდების თავიდან ასაცილებლად;
  • შევქმნათ ისეთი გარემო, რომ კვება ბავშვს სიამოვნებას ჰგვრიდეს.

სამახსოვრო

ამრიგად, 6 წლამდე ასაკის ბავშვების კვების შესახებ ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა ძნელია - რამდენი ბავშვიცაა, იმდენივეა კვებითი ქცევის ვარიანტი. რჩევა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - ნუ ეცდებით, ბავშვი რაიმე საერთო წესს დაუქვემდებაროთ, ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. როგორც უკვე ვთქვით, მადის დარღვევას მრავალი მიზეზი აქვს. მათი თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე უმადობის შედეგების აღმოფხვრა. კვების პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:

  • აჭამეთ ბავშვს მხოლოდ მაშინ, როცა სურს. ჩვილ  ასაკშიც კი შიმშილის ტირილი განსხვავებულია.
  • მიაჩვიეთ ბავშვი იმ აზრს, რომ ჭამა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია და არა სასურველის მიღების ხერხი (ნუ წაახალისებთ კარგად ჭამისთვის და ნუ დასჯით უჭმელობისთვის).
  • ეცადეთ, რეჟიმით კვებოთ, მაგრამ ამავე დროს გამოიჩინოთ მოქნილობა მისი დაცვისას.
  • ნუ აქცევთ ჭამას მთავარ მოვლენად. თუ ბავშვმა სადილზე თქვა უარი, ესე იგი ვახშამს შეჭამს, სადილად კი ვაშლიც საკმარისია. არ ღირს ქურასთან დგომა და წვნიანის წამდაუწუმ გაცხელება, რათა მორბენალ ონავარს ის მუდამ ცხელი დახვდეს.
  • ნუ უსაყვედურებთ ბავშვს ჭამის დროს თამაშისთვის; წყნარად ააყენეთ მაგიდიდან, როცა მოიწყენს.
  • მიეცით იმხელა ულუფა, რომ ადვილად მოერიოს.
  • შეურჩიეთ პატარას ჯანსაღი და სასარგებლო საკვები.
  • თუ პრობლემას თავად ვერ აგვარებთ, მიმართეთ პედიატრს და ფსიქოლოგს.