როდის მივმართოთ ნევროლოგს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის მივმართოთ ნევროლოგს

- ნევროლოგის მთავარი ამოცანაა დიაგნოსტიკა და მკურნალობა ნერვული სისტემის დაავადებებისა და ფუნქციური მდგომარეობებისა, რომლებმაც შესაძლოა სიცოცხლის პირველ თვეებში იჩინოს თავი და კორექციას მოითხოვდეს.

ნერვული სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ჩვილებთან. მათი მიზეზი შესაძლოა იყოს მძიმედ მიმდინარე ორსულობა, მუცლად ყოფნის პერიოდის ინფექცია, მძიმე მშობიარობა, დაბადებისას მიღებული ტრავმა.

განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდებათ დღენაკლულ ჩვილებს.

- რა შეიძლება გამოავლინოს ნევროლოგმა?

- ახალშობილს ნევროლოგიური გასინჯვა უტარდება, თუ სამშობიაროში ნეონატოლოგმა რაიმე პათოლოგია იეჭვა. ნევროლოგს დიაგნოზის დასმაში ეხმარება ნეიროსონოსკოპიური (თავის ტვინის ექოსკოპიური) გამოკვლევა, რომლის ჩატარებაც მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე ყიფლიბანდი დაიხურება.

ნეიროსონოსკოპიური გამოკვლევით ხშირად აღმოაჩენენ თავის ტვინის კისტებს. მათი გამომწვევი ფაქტორები, სამწუხაროდ, დაუზუსტებელია.

თუ კისტა პატარაა - 3-4 მმ დიამეტრისა, 3 თვისთვის, ჩვეულებრივ, უკვალოდ ქრება და ჩვილის განვითარებაზე გავლენას აღარ ახდენს.

თუ ახალშობილს კისტა აღმოაჩნდა, საჭიროა წარმონაქმნის განვითარების დინამიკაზე დაკვირვება - ნეიროსონოსკოპიული გამოკვლევის ჩატარება 1 და 3 თვის ასაკში, მერე კი - საჭიროებისამებრ. ამ ხნის განმავლობაში ჩვილს ნევროლოგიური მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს.

მშობლების საყურადღებოდ

სიცოცხლის პირველ წელს ნევროლოგმა ჩვილი რიგგარეშე უნდა გასინჯოს, თუ ამ უკანასკნელს აღენიშნება:

  • მოუსვენარი ძილი;
  • უხვი და ხშირი წამოქაფება;
  • ფებრილური გულყრები;
  • ხშირი კრთომა და კიდურების, ნიკაპის ტრემორი (კანკალი);
  • ყიფლიბანდის დახურვის დაჩქარება ან შენელება;
  • განვითარების შეფერხება.

- როდის უნდა ჩატარდეს გეგმური გასინჯვა?

- ნევროლოგმა ჩვილი გეგმურად წლამდე რამდენიმეჯერ უნდა გასინჯოს, განურჩევლად იმისა, უჩივიან თუ არა მშობლები რამეს.

1-ელ თვეს

ნევროლოგი აფასებს კუნთების ტონუსსა და რეფლექსებს. თუ ტონუსი არათანაბრადაა გამოხატული, ეს შესაძლოა პათოლოგიის მაუწყებელი იყოს. ამ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა - ნეიროსონოსკოპია.

დაბადებისას თავის გარშემოწერილობა საშუალოდ 34-35 სმ-ია და პირველი ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვე 1,5 სმ-ით იმატებს. თავის გარშემოწერილობის დინამიკა მნიშვნელოვანია!

გასინჯვისას ექიმი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ყიფლიბანდის ზომებსა და მდგომარეობას. 1 თვის ასაკისთვის, ჩვეულებრივ, მხოლოდ ცენტრალური ყიფლიბანდი რჩება დაუხურავი.

ნევროლოგი ახალშობილის ფსიქომოტორულ განვითარებასაც შეაფასებს. ამ ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს საგანზე მხედველობის მოკლე ხნით შეჩერება, ჰორიზონტალურად მოძრავი საგნისთვის თვალის გაყოლება, კონტაქტის დროს უღიმოდეს უფროსს, დამოუკიდებლად ატრიალებდეს თავს გვერდზე, თუმცა მისი დაჭერა ჯერ კიდევ არ შეუძლია. თუ 2-4 კვირის ბავშვს თავი კარგად უჭირავს, ეს შესაძლოა ქალასშიდა წნევის მომატების მაუწყებელი იყოს.

ახალშობილს იმ პოზაში სძინავს, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში ეკავა - ხელ-ფეხი მოხრილი აქვს, ხელები - მომუჭული.

3 თვის ასაკში

ამ ასაკში ახალშობილის ბევრი რეფლექსი ქრება, ვინაიდან თავის ტვინის ქერქი უფრო მეტ ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე.

ბავშვის ჩვეული პოზა ამ ასაკში უფრო მოშვებულია, ვინაიდან მომხრელი კუნთების ტონუსი თანდათან სუსტდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჩვილისთვის საკუთარი ხელებია - სიამოვნებით ათვალიერებს მათ, იდებს პირში. კიდევ ერთი მიღწევაა თავის ხანგრძლივად დაჭერა. თუ სამი თვის ჩვილს ეს არ შეუძლია, ნევროლოგიურ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. მიზეზი შესაძლოა სამშობიარო ტრავმა ან კისრის კუნთების სისუსტე იყოს.

ამ ასაკში ბავშვს შეუძლია სიცილი, კონტაქტის დროს მხიარულება.

6 თვის ასაკში

ექვსი თვის ჩვილს საკმაო ცოდნა და უნარები აქვს, რასაც ნევროლოგი სათანადო ყურადღებას აქცევს. შეუძლია ზურგიდან მუცელზე და მუცლიდან ზურგზე გადაბრუნება, მუცელზე წოლისას ხელებზე კარგად ეყრდნობა და მთელი მხრის სარტყლით წამოიწევს. მნიშვნელოვანი უნარია სათამაშოს ხელში გაჩერება და ერთი ხელიდან მეორეში გადატანა. ამ ასაკის ბავშვებს უყვართ აგრეთვე ზურგზე წოლისას საკუთარი ფეხებით თამაში და მათი პირში ჩადება.

ექვსი თვის ჩვილი კარგად ცნობს დედას და ოჯახის დანარჩენ წევრებს, უცნობების დანახვისას კი ტირის. გამოხატავს მრავალფეროვან ემოციას, აქტიურად ღუღუნებს და შეუძლია ცალკეული ბგერების გამეორება.

მოძრაობა ამ დროისთვის უფრო კოორდინირებული და მიზანმიმართული ხდება. ზოგი ბავშვი ამ ასაკში დამოუკიდებლად ჯდება კიდეც.

6 თვიდან თავის გარშემოწერილობის ყოველთვიური ნამატია 1 სმ.

9 თვის ასაკში

ბავშვს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა. ზოგი დახოხავს კიდეც და ფეხზე დადგომასაც კი ცდილობს. თუმცა ეს ყოველივე ინდივიდუალურია. ზოგი ბავშვი ხოხვას 7 თვიდან იწყებს, ზოგი კი - 10-11 თვიდან. ორივე შემთხვევა ნორმალურად მიიჩნევა. შეფასება ჩვილის ზოგადი განვითარების მიხედვით უნდა მოხდეს და არა ცალკეული უნარებისა.

9 თვის ასაკში უკვე შეიძლება შეფასდეს თითების მოტორიკა. ბავშვს უნდა შეეძლოს საგნის ორი თითით დაჭერა. თუ ვერ ახერეხებს, დედამ უნდა ასწავლოს - ჩვილი ხომ ცდილობს, მიბაძოს უფროსებს, უკრავს ტაშს, დამშვიდობებისას გვიქნევს ხელს, ცდილობს, მოძებნოს და გვაჩვენოს მითითებული საგნები.

ბავშვის ფსიქიკური განვითარება ფიზიკურთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვარჯიში, მასაჟი, ცურვა ძალზე სასარგებლოა.

12 თვის ასაკში

მას შემდეგ, რაც პატარას შეუსრულდება 12 თვე, ნევროლოგიური გასინჯვა უფრო იშვიათად დასჭირდება. ამ ასაკიდან თავის გარშემოწერილობა წელიწადში 12 სმ-ით იმატებს. ამ დროისთვის ბევრ ბავშვს შეუძლია სიარული (დამოუკიდებლად ან ხელმოკიდებულს). თუ თქვენს პატარას ჯერ არ აუდგამს ფეხი, ნუ შეშფოთდებით. მაგრამ თუ 1,5 წლის ასაკშიც ვერ დადის, ეს უკვე დამაფიქრებელია.

1 წლისთვის ბავშვი სვამს ფინჯნიდან, დამოუკიდებლად უჭირავს კოვზი.

მეტყველების განვითარება ინდივიდუალურია. სტატისტიკის თანახმად, გოგონები უფრო იოლად იდგამენ ენას, ვიდრე ბიჭები, თუმცა მარტივი სიტყვების გამეორება ყველა ბავშვს უნდა შეეძლოს. უნდა შეძლონ სხეულის ნაწილების ჩვენებაც.

- რას ურჩევთ გამოუცდელ მშობლებს?

- მნიშვნელოვანია, პატარას ერთი და იგივე ნევროლოგი დააკვირდეს. ეს მას დაეხმარება, სწორად შეაფასოს ბავშვის განვითარება. სიცოცხლის პირველ წელს გეგმური გასინჯვები აუცილებელია - თუ ნევროლოგიური პათოლოგია დროულად ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლოა, პატარას ფსიქომოტორული განვითარება შეფერხდეს. ნებისმიერი ისეთი ნიშანი, როგორიცაა ჰიპერტონუსი, ხშირი ამოქაფება, ცუდი ძილი, უნდა შეფასდეს კომპლექსურად, ზოგადი განვითარების ფონზე.

ერთი წლის განმავლობაში თქვენი უსუსური ახალშობილი იქცევა ჭკვიან და მოუსვენარ ადამიანად, რომელსაც უამრავი უნარი აქვს. ამ უნარების დაუფლებაში კი უფროსები უნდა დაეხმაროთ, რათა საფუძველი ჩაუყაროთ მის ჯანმრთელ მომავალს. პედიატრი, ნევროლოგი თუ სხვა ექიმები აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებენ. ისიც გახსოვდეთ, რომ ბავშვის ზრდა-განვითარება მნიშვნელოვანწილად ოჯახურ ატმოსფეროზეა დამოკიდებული. ასე რომ, მშობლებო, მეტად იზრუნეთ ერთმანეთზე და მეტი დრო დაუთმეთ შვილებს.