საწოვარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საწოვარა

 იშვიათად, რომ პედიატრმა გვირჩიოს, პატარას ძუძუ საათობრივად აწოვეთო. დღეს რეკომენდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე მივცეთ ჩვილს ძუძუ. ამ ვითარებაში საწოვარას ღირსებებზე საუბარი უხერხულიც კია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ბავშვს თავის ძირითად საქმიანობას - ძუძუს წოვას ავიწყებს. მიუხედავად ამისა, მატყუარა საწოვარას სარგებლობა ნამდვილად მოაქვს. მაგალითად, არის სიტუაციები, როცა შეუძლებელია, პატარას ძუძუ ვაწოვოთ. მატყუარა გვეხმარება ხანგრძლივი სეირნობისას, მაღაზიაში, ექიმთან ან სტუმრად ყოფნისას და მაშინ, როცა დედა სადმე მიდის. შესანიშნავი გამოსავალია მაშინაც, როცა პატარას უცხო საგნისა თუ მისთვის შეუფერებელი საკვების დეგუსტაციის სურვილი უჩნდება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვები, რომლებიც მატყუარა საწოვარას არიან მიჩვეულნი, უფრო სწრაფად და იოლად ეჩვევიან გრაფიკით ჭამას და ნაკლებად შფოთავენ, როცა დროებით ბებიასთან ან ძიძასთან რჩებიან.

საწოვარას თითის წოვასთან შედარებით ნამდვილად აქვს უპირატესობა - ის ჰიგიენურია და არც კბილების მნიშვნელოვან დეფორმაციას იწვევს. თუ პატარა ღამით მეტისმეტად ხშირად, მაგალითად, 5-7-ჯერ იღვიძებს და ძუძუს ითხოვს, საწოვარამ შეიძლება მცირე ხნით მოატყუოს. ამასთანავე, არსებობს მოსაზრება, რომ საწოვარა ნაწლავების მუშაობის სტიმულატორია და აირებისგან გათავისუფლებასაც უწყობს ხელს.

რეზინი, ლატექსი, სილიკონი

ყველაზე ძველი საწოვარა, რომელიც კი კაცობრიობისთვის არის ცნობილი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამი ათასი წლის წინათ შეიქმნა. ის ჩინეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ის ძროხის ცურისგან არის დამზადებული. არქეოლოგების აზრით, ასეთი საწოვარა ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისათვის იყო ხელმისაწვდომი, რიგითი ოჯახები კი ნაჭრის საწოვარათი კმაყოფილდებოდნენ.

რა თქმა უნდა, მას შემდეგ კაცობრიობამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა. საწოვარას ინდუსტრიაც განვითარდა და სრულყოფას დღესაც განიცდის.

ჩვენ რეზინის საწოვარას ვწოვდით. დღეს ეს არასრულყოფილი მასალა უფრო პრაქტიკულმა სილიკონმა და ლატექსმა შეცვალა. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? ლატექსის საწოვარა ყვითელია, გარეგნულად რეზინისას ჰგავს, სილიკონისა კი თეთრი, გამჭვირვალე, უფრო მყიფე და ”სიცოცხლისუნარიანია”. პედიატრები გვირჩევენ, სილიკონის საწოვარა კბილების ამოსვლამდე გამოვიყენოთ, შემდეგ კი უპირატესობა ლატექსს მივანიჭოთ. მართლაც, სიცოცხლის იმ პერიოდში, როცა წოვის რეფლექსი ყველაზე ძლიერია, ანუ პირველი ოთხი თვის განმავლობაში, უფრო მეტად მიზანშეწონილია, საწოვარა მაგარი იყოს, თუნდაც იმისთვის, რომ ხშირი გამოყენების გამო მისი კედლები ერთმანეთს არ შეეწებოს. კბილების ამოსვლისას კი რბილი საწოვარა უფრო მოხერხებულია - ის თანკბილვაზე ისეთ ძლიერ გავლენას არ ახდენს, თანაც საკმაოდ ძნელია მისთვის ნამცეცის მოკვნეტა, რომელიც შესაძლოა ბავშვს სასულეში გადასცდეს.

ასეთი გახლავთ ძირითადი რეკომენდაციები, მაგრამ მთავარი მაინც ბავშვის აზრია. ზოგიერთი პატარა უარს ამბობს რბილ ლატექსზე, ზოგს კი სილიკონი არ მოსწონს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნებისმიერ საწოვარაზე თანახმაა, ზოგიერთი კი არც ერთს არ ცნობს. მათთვის მხოლოდ დედის ძუძუა მისაღები.

მნიშვნელოვანია ზომა

მაშ ასე, გადაწყვიტეთ, რომ საწოვარას გარეშე პატარას მოვლა ძალიან გიჭირთ და აფთიაქისკენ გაემართეთ. თქვენს წინაშე აღიმართა ვეებერთელა ვიტრინა, რომელშიც ნაირ-ნაირი საწოვარა აწყვია: ფერადი, პეპლის ფორმის, თავსახურიანი, მთლიანი ლატექსისა... თანამედროვე საწოვარები იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგვიძლია, ისინი ტანსაცმლისა და ამინდის მიხედვით ვცვალოთ, მაგრამ დიზაინმა არ დაგაბნიოთ, მას ყველაზე ბოლოს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მასალის შერჩევის შემდეგ ჯერი ზომის შერჩევაზე მიდგება. არსებობს სამი ძირითადი ზომა - ექვს თვემდე, ექვს თვეზე უფროსი და თვრამეტ თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. შესაძლოა, ექვსიდან ოცდაოთხ თვემდე ასაკის პატარებისთვის განკუთვნილი საწოვარებიც შეგხვდეთ. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსები. გამოცდილმა მშობლებმა და ნეონატოლოგებმა კარგად იციან, რომ ბავშვმა, რომელიც დაბადებისას 4 კილოგრამს ან უფრო მეტს იწონიდა, შესაძლოა კატეგორიული უარი თქვას პირველი ანუ ნული ზომის საწოვარაზე.


 ასეთი გოლიათი ვერც კი გაიგებს, რა უდევს პირში. ის პატარა საწოვარას ვერ დაიჭერს, ვერც მოწოვს. ასეთი ბავშვებისთვის მეორე ზომა უფრო მიზანშეწო-ნილია. ფორმის მიხედვით განასხვავებენ კლასიკურ - მრგვალ ან ოდნავ მიჭყლეტილ - და ორთოდონტიულ საწოვარებს. ეს უკანასკნელი დედის ძუძუს ფორმას იმეორებს. ორთოდონტიული საწოვარა გასული საუკუნის შუა წლებში შექმნა გერმანელმა სტომატოლოგმა მიულერმა. ის ამტკიცებდა, რომ ასეთი საწოვარა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ხელს უწყობს სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას. მართლა ასეა თუ არა, ბოლომდე ჯერაც არ დაუდგენიათ, ვინაიდან ამ საკითხის გასარკვევად ფართომასშტაბიანი კვლევები არ ჩატარებულა. სტომატოლოგებიცა და პედიატრებიც დღემდე კამათობენ ორთოდონტიული საწოვარას ღირსებების შესახებ, თუმცა მაინც გვირჩევენ, პირველი კბილების ამოჭრის შემდეგ სწორედ ასეთი საწოვარათი ვისარგებლოთ.

გამარჯობა, ნახვამდის!

ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ საწოვარას მიჩვევა უფრო იოლია, ვიდრე გადაჩვევა. პედიატრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თვე-ნახევრამდე და წლინახევრის შემდეგ საწოვარას წოვა არ არის რეკომენდებული: მეტისმეტად მცირე ასაკში ეს ხელს უშლის ძუძუს წოვის ჩვევის ჩამოყალიბებას, ხოლო კბილების ამოჭრის შემდეგ სწორი თანკბილვის განვითარებას აფერხებს. ნებისმიერი დედა დაგვემოწმება, რომ პატარები ძალიან ძნელად ემშვიდობებიან საწოვარას. სტატისტიკის თანახმად, ბავშვების 90% მატყუარას ერთი წლის შემდეგაც წოვს. დიდები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ, რათა პატარა დროულად და უმტკივნეულოდ გადააჩვიონ მატყუარას. ზოგიერთ პატარაზე საწოვარას მეზობლის ლეკვისთვის ”ჩუქება” ჭრის, ზოგი, როცა დაინახავს, რომ საწოვარა გახეულია, იჯერებს, რომ ის ”გაცვდა” (რა თქმა უნდა, ამას წინასწარ მალულად აწყობს დედა). შეგვიძლია, ბავშვს შევთავაზოთ, ძველი საწოვარა ახალ სათამაშოზე გაცვალოს - ცდუნება მართლაც დიდია! თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

  • საწოვარა ბავშვს მხოლოდ მაშინ მიეცით, როცა არ შია, მაგრამ მოუსვენარია და ყველაფერს პირში იდებს.
  • ეცადეთ, ძილის წინ საწოვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეთ პატარას, როცა მის გარეშე ვერ იძინებს. ბავშვი, რომელიც საწოვარათი ჩაძინებას ეჩვევა, ძნელად ამბობს უარს ამ ჩვევაზე.

    შეეცადეთ, პატარა 5-7 თვის ასაკიდან გადააჩვიოთ საწოვარას. ამ პერიოდისთვის წოვის რეფლექსი სუსტდება და ზოგი ბავშვი ვერც კი ამჩნევს, რომ საწოვარა სადღაც გაქრა.

საწოვარას გამოყენების წესები

პირველად გამოყენებამდე საწოვარა 2-3 წუთით წყალში უნდა წამოვადუღოთ, შემდეგ კი ყოველი გამოყენების წინ კარგად გავრეცხოთ და მდუღარე წყალი გადავავლოთ.

არ ჩამოკიდოთ საწოვარა ლენტზე ან რეზინზე. გაცილებით უსაფრთხოა სპეციალური დამჭერი. კლიფსი, რომელსაც პლასტმასის ჯაჭვი ან ლენტი აქვს, ბავშვის ტანსაცმელზე მაგრდება.

ყოველი გამოყენების წინ უნდა შევამოწმოთ, ხომ არ ეკვრის ერთმანეთს საწოვარას კიდეები, ხომ არ გაუჩნდა ნახეთქები. ლატექსის საწოვარა - ყოველთვე, ხოლო სილიკონისა ყოველ 6-8 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს.

არ ამოაწოთ საწოვარა ტკბილ სიროფში პატარას სწრაფად დაძინების მიზნით. ასე ბავშვი მხოლოდ გემოს კი არ ეჩვევა, არამედ იზრდება კარიესის განვითარების რისკიც.

თუ ბავშვი წყნარად არის, საწოვარა შეუმჩნევლად გამოაცალეთ და ყურადღება სხვა საგანზე გადაუტანეთ.

ჩაძინებულ პატარას საწოვარა ფრთხილად გამოაცალეთ. თუ ბავშვი საწოვარათი ძილს მიეჩვია, ღამღამობით ხშირად გაიღვიძებს და ძებნას დაუწყებს.

სპეციალისტების აზრით

პატარა ბავშვის მიერ საწოვარას წოვა გამართლებულია. თუ დისკომფორტის დროს დედამ ბავშვს არც ძუძუ მისცა და არც საწოვარა, პატარა თითების წოვას დაიწყებს, ეს კი გაცილებით მავნე და ძნელად აღმოსაფხვრელი ჩვევაა.

სიცოცხლის მეორე წელს კი საწოვარას სარგებლობაზე მეტი ზიანი მოაქვს. წოვა ბავშვს ყურადღებას უფანტავს და გარესამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებს სწყვეტს. ბავშვები, რომლებიც საწოვარას ვერ ელევიან, გვიან იდგამენ ენას, სასასა და კბილებზე ზეწოლამ კი შესაძლოა მათი დეფორმაცია გამოიწვიოს (ეს, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა პატარა განუწყვეტლივ წოვს და არა დროდადრო). ასე რომ, როცა ბავშვს ზედა კბილები ამოუვა, საწოვარას უნდა დაემშვიდობოს.