მზრუნველი ალფას პოზიცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზრუნველი ალფას პოზიცია

დავუბრუნდეთ აღზრდის პროცესში მიჯაჭვულობის როლის განხილვას. მიჯაჭვულობა ურთერთდამოკიდებულებათა კომპლექსია. თუ კარგად დავუკვირდებით, მის მიღმა აღმოვაჩენთ ინსტინქტთა ორ ჯგუფს: ერთი მხრივ - ვინმეზე დამოკიდებულების, ქვემოდან ზემოთ ყურების, მიმხრობის, მინიშნებების გაგების და მეორე მხრივ - ზემოდან ქვემოთ ყურების, მითითებების მიცემის, მიმართულების განსაზღვრის, დახმარების, დაცვის ინსტინქტს. დომინირებისაკენ სწრაფვა მიჯაჭვულობის კომპლექსის ნაწილია. ის ვინმეზე ზრუნვის ინსტინქტისგან მომდინარეობს. როცა ადამიანი ისწრაფის დომინირების, სხვათა კონტროლირების, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, სხვათათვის გეზის მიცემისკენ, სავარაუდოა, რომ ამის მიზეზია სხვებზე ზრუნვის ინსტინქტი. მიჯაჭვულობისკენ სწრაფვა ადამიანის ერთ-ერთი ძლიერი მისწრაფებაა. მაკაკა-რეზუსებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ძუძუმწოვრებში მიჯაჭვულობის მოთხოვნილება იმდენად ძლიერია, რომ ერთ-ერთ ბაზისურ მოთხოვნილებას წარმოადგენს და კვებაზე მნიშვნელოვანიც კია. ბავშვის ტვინი დაბადებისთანავე იწყებს იმის განსაზღვრას, გადარჩენის რა შანსი აქვს ამ სამყაროში. დამოუკიდებლად გადარჩენა ადამიანის პირმშოს არ შეუძლია. მას აუცილებლად სჭირდება უფროსები, რომლებიც მზად არიან, მასზე იზრუნონ; მას სჭირდება მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობის პირველი ამოცანაა დამოკიდებულების, იერარქიული ურთიერთობის ჩამოყალიბება, დომინირება-დამოკიდებულების ფორმირება. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ვერტიკალური ურთიერთობა, რომლის მიზანიცაა ზრუნვის გაადვილება და მზრუნველობის საკუთარ თავზე აღება. განვიხილოთ წყვილი - ბავშვი და მასზე მზრუნველი მოზრდილი ადამიანი. მიჯაჭვულობა ეხმარება ბავშვს, დამოკიდებული იყოს მოზრდილზე. ბავშვები არ იბადებიან იმისთვის, რომ ყველას მოუსმინონ და დაუჯერონ; არც იმისთვის, რომ მათზე იზრუნონ ამის სურვილის მქონე შემთხვევითმა ადამიანებმა. ისინი ხელს არ უწვდიან ყველას, არ უჯერებენ ყველა უფროსს. პატარები მხოლოდ იმათთან ამყარებენ ურიერთობას, ვიზეც მიჯაჭვულები არიან. მიჯაჭვულობა ეხმარება ბავშვს იმ ადამიანის მიღებაში, ვინც მასზე ზრუნავს, ეხმარება, ენდოს მას, მოუსმინოს, მიბაძოს, აღიქვას მცველად, მასთან ეძიოს ნუგეში და დახმარება. მეორე მხრივ, როცა ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ბავშვის მოვლასა და ალერსზე, ავტომატურად ვიღებთ მზრუნველი ალფას დომინანტურ პოზიციას. ჩვენ მაშინვე ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ბავშვის სიცოცხლესა და წარმატებაზე. მზად ვართ ვიზრუნოთ პატარაზე, დავიცვათ ის, დავაკმაყოფილოთ მისი ყველა საჭიროება. პატარას გასაჭირი ჭკუიდან გვშლის, ხოლო ერთი ღიმილის სანაცვლოდ მზად ვართ, უმალვე ვაპატიოთ ყველა უძილო ღამე. ალფა-პოზიციას ყოველთვის აქვს კონკრეტული გზავნილი - არ აღელდე, უფროსები შენზე ზრუნავენ, ყველაფერი რიგზე იქნება; გქონდეს ჩვენი იმედი, ჩვენ ყველაფრისგან დაგიცავთ. კარგად რომ განვითარდნენ, ბავშვები დამოკიდებულ პოზიციაში უნდა იყვნენ, ხოლო უფროსები იღებდნენ მზრუნველი ალფას პოზიციას. ამ დროს ისინი მხოლოდ პატარების შეკითხვებს კი არ უნდა პასუხობდნენ, არამედ თავად წარმოადგენდნენ პასუხს პატარების ყველა კითხვასა და მოთხოვნაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვს უყალიბებს რწმენას, რომ უფროსი მისი დასაყრდენია. ბავშვებისთვის ადვილია ნდობა, როცა უფროსს ალფა-პრეზენტაცია აქვს. საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერება, ავტორიტეტი, გამბედაობა, წარმატება ბავშვს უბიძგებს, საყრდენად მიგიჩნიოთ. საიდუმლო არ არის, რომ დღეს უფროსებს ბევრი საზრუნავი აქვთ. სამწუხაროდ, არც იმედგაცრუება, მატერიალური პრობლემები, სასოწარკვეთაა იშვიათი. მიუხედავად სირთულეებისა, ბავშვი არ უნდა ხედავდეს მშობლების უმწეობას. ეს მის ტრავმირებას იწვევს. რაც არ უნდა მოხდეს, უფროსი ბავშვისთვის სანდო საყრდენი, მყუდრო კუნძული უნდა იყოს ნებისმიერ განსაცდელში. განსაცდელი კი პატარა ბავშვს ბევრი აქვს - მას გამუდმებით სჭირდება გამოცდილების მიღება, რაც ენერგიის დიდ ხარჯვას მოითხოვს. ბავშვის ტვინი იმ დატვირთვით მუშაობს, რომლის გაძლებაც მოზრდილ ადამიანს არ შეუძლია. ამის გამო ძალზე მნიშვნელოვანია, პატარამ იცოდეს, რომ ადამიანმა, რომელსაც ენდობა, იცის, რა აკეთოს, როგორ მოაგვაროს პრობლემები. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოებაში ბევრი მშობელი შვილს ქვემოდან ზემოთ უყურებს, ცდილობს, ბავშვისგან მიიღოს მითითებები, წაიკითხოს მისი სურვილები. ისინი, ნაცვლად იმის, რომ საკუთარ თავში იპოვონ მზრუნველი ალფა, იწყებენ კითხვების დასმას: ჩვენ შვილი გავაჩინეთ; ახლა რა ვქნათ, როგორ მოვექცეთ მას, როგორ აღვზარდოთ სწორად? ბავშვისთვის მშობლის უმწეობის შეგრძნება ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი მომენტია. ამიტომ ჯობს, როცა მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს, თავი მაინც მოაჩვენოს, თუნდაც იცრუოს. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვის ყურადღება მშობელზეა ფოკუსირებული და არა მისი ქმედებების საბოლოო მიზანზე. ამ რჩევის საილუსტრაციოდ გავიხსენებთ გორდონ ნიუფელდის მიერ მოთხრობილ ერთ ისტორიას. ოჯახი ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. მანქანით მოგზაურობისას მათ ხშირად ერეოდათ გზა. მამა, როგორც ნამდვილი მამაკაცი, ამას არ იმჩნევდა და მომხდარ ფაქტს მხოლოდ ერთი საათის მერე აღიარებდა. ერთხელ მისმა ექვსი წლის შვილმა მამას უთხრა: “მამა, შენ ნუ ინერვიულებ, თუ დაიკარგები, ჩვენ არ მიგატოვებთ, ყოველთვის შენთან ერთად ვიქნებით!” შეიძლება მშობელმა არ იცოდეს პასუხი, აერიოს გზა, მაგრამ სანამ შვილებს სჯერათ მშობლების შესაძლებლობების, ისინი არასოდეს დაიკარგებიან. ამავე დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ის, როგორ გიყურებენ შვილები, არამედ ისიც, თუ როგორ უყურებთ თქვენ მათ. ნიუფელდი იხსენებს შემთხვევას, როგორ ჰყვებოდა ერთი ქალი თავისი 7 წლის ვაჟის შესახებ და ნაწყენი დასძენდა, რომ ბიჭს სისაძაგლეების ჩადენა შეეძლო. საუბრისას გაირკვა, რომ ბიჭი სისაძაგლეებს სჩადიოდა მაშინ, როცა დედა ქმარს სცილდებოდა და ამავე დროს “მეგობარი მამაკაცი” ჰყავდა. წლები გავიდა, დედას კი ახლაც ახსოვდა 7 წლის ონავრის “სისაძაგლეები”, მათი პატიება, განვლილი დროის მიუხედავად, არ შეეძლო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვი თანატოლად აღვიქვათ. ის დამოკიდებულია მშობლებზე და მისი საქციელი მშობლების პასუხისმგებლობის არეალშია მოქცეული. რა თქმა უნდა, პატარას განსაზღვრულ ფარგლებში ვაძლევთ თავისუფლებას, პასუხისმგებლობას, თუმცა უმთავრესი პასუხისმგებლობა მაინც მშობლის წილად მოდის. მაგალითად, თქვენ და თქვენმა შვილმა იყიდეთ აკვარიუმი და შეთანხმდით, რომ თევზებს ბავშვი აჭმევდა. ბავშვს დაავიწყდა თავისი მოვალეობის შესრულება და თევზებიც მშიერნი დარჩნენ ჯერ ერთი-ორი დღის, მერე  კი მთელი კვირის განმავლობაში. თქვენ ჩათვალეთ, რომ სულაც აღარ იკითხავდით თევზების ამბავს, რადგან მათზე პასუხისმგებლობა თქვენმა შვილმა იკისრა (ოდესმე ხომ უნდა აიღოს თავის თავზე რაიმე მოვალეობა?). ვისი ბრალია, რომ თევზები დაიხოცნენ? რასაკვირველია, მშობლის და არა შვილის. მშობელმა ვერ გაითვალისწინა ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობის დაბალი დონე და მას საკმაოდ რთული ამოცანა დააკისრა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ გემის კაპიტანი. მთელი ეკიპაჟის სიცოცხლე თქვენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით - ღელვის დროს. რა თქმა უნდა, გემის კაპიტანი არ მოხარშავს მაკარონს და არ დაიწყებს გემბანის წმენდას, მაგრამ ის პასუხისმგებელია კარგად მოხარშულ მაკარონზეც, სუფთა გემბანზეც და ამასთან ერთად  - ხელქვეითების ფსიქოლოგიურ კომფორტსა და ფიზიკურ უსაფრთხოებაზეც. კარგი კაპიტანი არასოდეს გამოიყენებს ბოროტად საკუთარ ძალაუფლებას და აუცილებლობის გარეშე არასოდეს დაიწყებს მის დემონსტრირებას. მან იცის, რომ ძალაუფლება აქვს და ეს სხვებმაც იციან. ამავე დროს, კაპიტანს ეს ძალაუფლება აქვს არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ დანიშნა გემის კაპიტნად, არამედ იმიტომაც, რომ თავადაც იკისრა ეკიპაჟზე პასუხისმგებლობა. როცა იპოვით ალფას საკუთარ თავში, თავადაც გაოცდებით, რა ადვილად მოგვარდება აღზრდის პრობლემები. ბავშვი უფრო მშვიდი გახდება, უფრო დამჯერე, თქვენ ირგვლივ იტრიალებს და საყვედურებიც იკლებს. ტყუილად როდი ამბობენ, რომ დამოკიდებულება ცეკვაა, რომლისთვისაც აუცილებელია პარტნიორი. საკუთარი შვილების მაგალითზე ბევრმა დედამ იცის, რომ ბავშვები ინტუიციურად ქმნიან სიტუაციებს, სადაც უფროსი მათზე ზრუნავს, ხოლო თავად სხვაზე არიან დამოკიდებული. ყველა დედა კარგად იცნობს სიტუაციას, როცა ექვსი წლის ბავშვს დედისთვის ტანსაცმელი მიაქვს და სთხოვს, ჩააცვას, ცამეტი წლის ბიჭი კი ითხოვს, დედამ მოუმზადოს საუზმე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე მასაც შესანიშნავად შეუძლია. საზოგადოდ, კვება, ჩაცმა და დაძინება მძლავრი თემებია. მათი დახმარებით ძალიან ადვილია საკუთარი ალფა-პოზიციის ორგანიზება. ბავშვებს უარი არ უნდა ვუთხრათ, როცა გვთხოვენ, ღამით დავაძინოთ, ჩავაცვათ ან ვაჭამოთ. საზოგადოდ, გვირჩევენ, ბავშვის თხოვნას უარით არ ვუპასუხოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მოზრდილი ასაკის ბავშვებს - მათი თხოვნა განსაკუთრებით ძვირფასია. როცა ბავშვი პატარაა, გვეჩვენება, რომ მის თხოვნებს ბოლო არ უჩანს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პატარა არასოდეს ითხოვს საჭიროზე მეტს. როცა მოზარდი ავადაა, დაღლილია, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მას შესაძლოა ბავშვობაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ როგორც კი მდგომარეობა გამოსწორდება, ბავშვი ჩვეულ ანცობას იბრუნებს. ამ დროს არ არის საჭირო საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ბავშვის ენერგიის დათრგუნვა. სპეციალისტები გვირჩევენ, საკვების მთავარი მიმწოდებელი მშობელი იყოს. სულაც არ არის მისასალმებელი ბავშვის მიერ საკვების დამოუკიდებლად მოპოვება. ეს განსაკუთრებით მაშინ არის აქტუალური, თუ ბავშვი დომინანტური პოზიციისკენ ისწრაფვის. ხშირად ბავშვი, სანამ რამეს შეჭამდეს, ნებართვას დედას სთხოვს. ეს კარგია და ბუნებრივიც - ბავშვი ინტუიციურად თავს უფრო მშვიდად გრძნობს, როცა დედაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, ალფას პოზიცია მხოლოდ ზრუნვა არ არის. დროდადრო მშობელმა საკუთარი ალფა უნდა გამოამჟღავნოს პირდაპირი აკრძალვით ან არჩევანი გააკეთოს - ახლავე დაეხმაროს ბავშვს პრობლემის მოგვარებაში თუ უთხრას “არა” და დაეხმაროს ადაპტაციაში (დაამშვიდოს, როცა ის, უარით გულნატკენი, ატირდება). როცა ბავშვთან თანამშრომლობა გვჭირდება, გულახდილმა უარმა შესაძლოა მის წინააღმდეგობას გაუწიოს პროვოცირება. ასეთ დროს შეიძლება უკან დავიხიოთ, შევამციროთ ზეწოლა და გავზარდოთ მიჯაჭვულობა. ყველაფერს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ისე ნუ გაიგებთ, თითქოს სასწრაფოდ უნდა აითვისოთ ალფა-პოზიცია და დაიწყოთ მტკიცება, რომ პატარები თქვენზე არიან დამოკიდებულნი. იყო ალფა - ეს არ ნიშნავს ბავშვის იძულებას, რაღაც აკეთოს; ეს ნიშნავს იყო პოზიციაში, რომელიც ბავშვს საშუალებას მისცემს მოეშვას, მოზრდილ ადამიანს ენდოს, ჰქონდეს მიჯაჭვულობის იმედი. თუ მოზრდილსა და ბავშვს შორის მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერი არ არის, ყველაფერი ზრუნვით უნდა დაიწყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ალფა, უპირველეს ყოვლისა, ზრუნვაა, სურვილია, მივცეთ შვილს ის, რაც მას სჭირდება.

ალფა ინსტინქტის ბნელი მხარე

ალფა ინსტინქტს აქვს ერთი არასასიამოვნო ნიუანსი: თუ ადამიანს სურს დომინირება, მაგრამ რაიმე მიზეზით დაჩლუნგებული აქვს მზრუნველობის სურვილი, მზრუნველი ალფას ნაცვლად ჩნდება მოძალადე. მოძალადეს ბული დავარქვათ. როგორც კი მზრუნველი ალფა დაინახავს აუცილებლობას, ის ინსტინქტურად ისწრაფვის დასახმარებლად, დასაცავად, დასაპურებლად, გასათბობად. მოძალადე ბული, როგორც კი დაინახავს საჭიროებას, ინსტინქტურად ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა და ამ დროს სხვისი სისუსტით სარგებლობს. ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც მგლების ხროვაში: როცა ორი მგელი ერთმანეთს ხვდება და სუსტი თავს ხრის თავისი მორჩილების გამოსახატავად, ალფასთვის ეს საკმარისია, ხოლო ბული სუსტს უმალვე ყელში სწვდება. გამოდის, რომ ბული და მზრუნველი ალფა ერთი მედლის ორი მხარეა. ბული არის ალფა-კომპლექსი მზრუნველობის ინსტინქტის გარეშე. ამიტომ არის, რომ როცა მოზრდილ ადამიანს აქვს დომინირების ინსტინქტი, მაგრამ არ ისწრაფვის მზრუნველობისკენ, ის მოძალადედ იქცევა. ბავშვთან ურთიერთობისას კი სიფრთხილეა საჭირო.