ბიჭი ბაღში მიდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბიჭი ბაღში მიდის

მან ბავშვობიდანვე მთელი დღით უნდა დატოვოს ოჯახი, რათა “კაცური ხასიათი ჩამოუყალიბდეს”. პატარა ბიჭების ემოციურ განვითარებაზე საუბრისას, უპირველესად, უნდა გავიხსენოთ სპეციალისტების აზრი, რომ ვაჟები უფრო ნელა მწიფდებიან, ვიდრე გოგონები. ეს ნიშნავს, რომ დედის კალთას ბიჭი უფრო გვიან უნდა მოსწყდეს, ვიდრე გოგონა. ამ “მოწყვეტის” ინიციატორი კი თავად ბავშვი უნდა იყოს და არა დედა ან მეზობელი თავისი კეთილი რჩევებით. ადრე თუ გვიან ასეც მოხდება - ბიჭი აუცილებლად მოსწყდება დედის კალთას, თუ ოჯახში ნორმალური ატმოსფეროა და აღზრდისას ბავშვს არ თრგუნავენ ზედმეტი მზრუნველობით (დედა არ ცდილობს, ვაჟიშვილის მეშვეობით შეივსოს დანაკლისი მეუღლის მხრივ, მისი უყურადღებობა). სპეციალისტების აზრით, ბიჭს ექვს წლამდე ნამდვილად აქვს უფლება, “დედიკოს ბიჭი” იყოს. რასაკვირველია, მამა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში დედის ადგილი უცვლელია. დედის მიზანია, გამოზარდოს მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე და მამა და არა ცივსისხლიანი მებრძოლი და მონადირე. მოვა დრო, როცა მამაკაცური აღზრდა თავის ადგილს დაიკავებს, მაგრამ მომავალი ოჯახის სიყვარულის წყარო სწორედ დედაა. უფრო მეტიც - სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თუ ბიჭმა ეს პერიოდი ბუნებრივად არ გაიარა, თუ ის აიძულეს დამოუკიდებელი გამხდარიყო, ირღვევა მომდევნო პერიოდების ნორმალური მსვლელობა - ან აგრესია და გაუცხოება ჩნდება, ან პირიქით - ბიჭი ფსიქოლოგიურად კი არ სწყდება დედას, არამედ მიეჯაჭვება მას, მასზე დამოკიდებული ხდება. ბიჭები, არსებული სტერეოტიპის საპირისპიროდ, უფრო ადვილად იღებენ სულიერ ტრავმას, ვიდრე გოგონები, ექვს წლამდე დედასთან განშორება კი ტრავმაა. ეს მოზრდილთა საზოგადოებაშიც კარგად ჩანს - კაცები უფრო ადვილად და სწრაფად გადადიან სტრესის ნეგატიურ გამოხატულებაში, ვიდრე ქალები. ქალს ხშირად მეგობრებთან წუწუნი და შოპინგთერაპიაც ჰყოფნის, ხოლო მამაკაცს დიდხანს არ ტოვებს ელდა, ის დიდხანს გამოხატავს ემოციებს არაადეკვატურად. თუმცა ჩვენს სიტყვებს ისე ნუ გაიგებთ, თითქოს გირჩევდეთ, გოგონები რაც შეიძლება ადრე შეიყვანოთ ბაღში. დავუბრუნდეთ კოლექტივში დამოუკიდებლობის ჩვევის შეძენას. რას გრძნობს ბავშვის არაცნობიერი, როცა დედა მას ემოციური მიჯაჭვულობის პიკზე კალთიდან იცილებს? საყოველთაოდაა აღიარებული, რომ დედა ბიჭისთვის სიყვარულის პირველი ობიექტია, ქალის პირველი ხატი. არსებობს მოსაზრება, რომ როგორი დამოკიდებულებაც აქვს ბიჭს დედის მიმართ, ისეთივე ექნება მეუღლის მიმართაც. ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს საფუძველი. ალბათ ზედმეტია საუბარი ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ. მსგავსი კომპლექსი (ელექტრას კომპლექსი) გოგონებში, სპეციალისტების აზრით, გაცილებით მსუბუქადაა გამოხატული. დედაა ბიჭისთვის ის “საყვარელი ქალი”, რომელსაც ენდობა და რომელსაც საკუთარ თავს ანდობს. შესაბამისად, როცა დედა აქტიურად ცდილობს, ის დამოუკიდებლობას მიაჩვიოს, ბავშვი ძნელად იტანს განშორებას. ეს შეიძლება მოხდეს აშკარადაც (ღრიალი ბაღში წასვლის წინ, პროტესტი, ფეხების ბაკუნი...) და შეუმჩნევლადაც. არაცნობიერად ამოქმედდება “მიტოვებულის” კომპლექსი, განწყობა, რომ საყვარელ ქალთან ემოციური პიკის დროს ურთიერთობა უნდა გაწყვიტო. ახლა გავიხსენოთ, რომ პატარა ბავშვს სწორედ სკოლამდელ ასაკში უყალიბდება წარმოდგენა ოჯახსა და მეუღლეების ქცევის მოდელზე. აბა, დავფიქრდეთ, შესაფერისია თუ არა ურთიერთობის ეს მოდელი მომავალი ოჯახის თავისთვის. ბიჭს გამოაქვს დასკვნა, რომ ასეა საჭირო - საყვარელ ადამიანს უნდა დასცილდე, მიუხედავად მისი ტანჯვისა და თხოვნისა, არ მიატოვო (დედა მიდის, იღიმება და ხელს უქნევს შვილს, ბავშვი კი მას საბავშვო ბაღის ღობის რიკულებიდან გასცქერის და ტირის). დედა ახდენს სამყაროსადმი ნდობის ფორმირებას და, ამავე დროს, სქესთა შორის ურთიერთობის მოდელსაც აყალიბებს. ის აყალიბებს წარმოდგენას სიყვარულზე, საყვარელ ადამიანზე, მისდამი მზრუნველობაზე, საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი დამოკიდებულებაზე. თუ დედას ენანება შვილისადმი სიყვარულისა და ალერსის გამოხატვა, რადგან ეშინია მისი განებივრების ან “ქალურობის” სტიმულირების, ის არა მარტო შინაგანად აზიანებს შვილს, არამედ საფუძველს უყრის ბიჭის მომავალი ოჯახის არასწორ ურთიერთობებს. კაცი საკუთარი ოჯახისადმი სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვას ბავშვობის ასაკში სწავლობს და არა ქორწინების შემდეგ. “დედიკოს ბიჭობის” ეს ეტაპი, რომელიც ექვს წლამდე გრძელდება, ძალზე მნიშვნელოვანია ბიჭისთვის. მისგან მოსიყვარულე და მზრუნველი მამა მხოლოდ მაშინ დადგება, თუ ის ბავშვობისას კარგად “დანაყრდა” დედის სიყვარულით. თუ პატარა ბავშვისთვის ძირითადი მოდელი იყო “კოლექტივში გადარჩენა” და “დამოუკიდებლობის სწავლა”, დიდია ალბათობა, ის შვილებისადმი (განსაკუთრებით კი გოგონებისადმი) სასტიკი და მომთხოვნი იყოს. მიზეზი მარტივია - ხშირად მშობლები თავიანთი გაუცნობიერებელი პრობლემების გამო პასუხს იმავე სქესის შვილებს სთხოვენ, ანუ დედისგან მიყენებულ წყენაზე პასუხისმგებელი გოგონა ხდება. ასე აგორდება გორგალი - გოგონები, რომლებიც ვერ იღებენ მამის მზრუნველობას, ვერ ქმნიან ოჯახებს ან მალე ანგრევენ მათ.


როგორ იცვლება ბუნებით კოდირებული მამაკაცური ქცევის ტიპი ბავშვების ჯგუფში, რომელიც საბავშვო ბაღის სტანდარტული წესებით ცხოვრობს, რას განიცდის და რისი ატანა უწევს ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღში იზრდება? ბიჭს ჩვენს საზოგადოებაში ადრეული ბავშვობიდან ესმის, რომ “მისი გაზრდა ძნელია”. უპირველეს ყოვლისა, ეს აზრი ყალიბდება საბავშვო ბაღში. რა იდეალურიც უნდა იყოს აღმზრდელი, ის ფიზიკურად ვერ მოახერხებს სათანადო ინდივიდუალურ ურთიერთობას 20-30 ბავშვთან, ამიტომ გარდაუვალია გარკვეული შეზღუდვები. როგორი ბავშვია ამ შემთხვევაში უფრო კომფორტული? რასაკვირველია, ის, რომელიც წყნარად ზის კუთხეში და თავისთვის თამაშობს. ბავშვი, რომელსაც არაცნობიერად დადებითად იღებს მასწავლებელი (მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს ყველა პატარა ერთნაირად უყვარს), არის ის, ვინც არ ქმნის ზედმეტ პრობლემებს, ასრულებს უფროსების მითითებებს, რომლის მართვა ადვილია, ხოლო ურთიერთობა - სასიამოვნო. ვინ არის ასეთი? რასაკვირველია, გოგონა. გოგონები, საზოგადოდ, უფრო დამჯერენი არიან, ბიჭები კი ზოგჯერ ისმენენ, მაგრამ თითქოს არ ესმით. გოგონები უფრო უკეთ არიან ორიენტირებულნი უფროსებთან პიროვნებათაშორის ურთიერთობებზე. სეირნობისას მისდევენ მასწავლებელს, ესაუბრებიან მას, მათ ყოველთვის სიამოვნებთ რაღაცის მოტანა, დახმარება, დავალების შესრულება... ბიჭები კი ისე არიან მოწყობილნი, რომ თამაშისთვის უფრო დიდი სივრცე სჭირდებათ. გოგონებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია პირადი სივრცე, თავშესაფარი - სახლი, სადაც თოჯინებს დააბინავებენ, სადილს მოამზადებენ... ერთი სიტყვით, მათი სივრცე შეიძლება პატარა და შემოფარგლული იყოს. ბიჭებმა კი სივრცე უნდა “დაიპყრონ”, ისევე როგორც ყველა მამრმა ბუნებაში. ამიტომ უყვართ ბიჭებს სირბილი, ყვირილი, მათი თამაში მთელ სივრცეზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ თამაშობენ “დამჯერი” გოგონები კუთხეში, ხოლო ბიჭები დაქრიან და ხმაურობენ. ყველასთვის გასაგებია, რომ დედას შეუძლია, პატარა ბიჭი პარკში, ეზოში, ტყეში ან სტადიონზე წაიყვანოს და ენერგიისგან დაცლის საშუალება მისცეს, მაგრამ ბაღის მასწავლებელს, რომელსაც შესაძლოა ესმოდეს კიდეც ვაჟების ზემოთ აღწერილი თავისებურება, ამის საშუალება ნამდვილად არ ექნება - საბავშვო ბაღში ტერიტორია შემოსაზღვრულია, 10-15 ბიჭს კი თავიანთი ემოციების თავშეუკავებლად გამოხატვის საშუალებას ნამდვილად ვერ მისცემენ. ჩამოთვლილი მიზეზების გამო მასწავლებელი იძულებულია, ხშირად გაიმეოროს თხოვნა “ნუ დარბიხარ!”, “ნუ ძვრები!”, “ნუ ყვირი!” ასე ჩნდება პირველი პროგრამა: არ შეიძლება ტერიტორიის “დაპყრობა”, ანუ აკრძალულია მამაკაცური ქცევა. კიდევ ერთი მითითება ბაღში ის არის, რომ ტერიტორია ეკუთვნით გოგონებს - ისინი თავისუფლად ითამაშებენ იქ, სადაც ბიჭებს ყოფნა აეკრძალათ. ბიჭი, რომელიც დარბის და ყვირის, მასწავლებლის თვალში ცუდია, ცელქია. კიდევ ერთი თავისებურება, რაც ასევე ბიჭის ბუნებითაა განპირობებული - მისი ტერიტორია მხოლოდ კი არ უნდა გაფართოვდეს, არამედ უნდა “ამაღლდეს” კიდეც. კაცებს ვერტიკალური არეალიც სჭირდებათ. ესეც მამრის ტიპური ქცევაა - გამარჯვებული ძვრება ზემოთ და მთელი ხმით ყვირის, რათა ყველას გააგებინოს, რა ძლიერი და ყოჩაღია. ამიტომ არის, რომ ბიჭებს უყვართ მაღალი კოშკების აშენება, ხეზე აძვრომა, გარაჟის სახურავზე სირბილი... შეიძლება არეალის “ზემოთ გაფართოება” ბაღში? რასაკვირველია, არა! ეს სავსებით გასაგებია - წარმოიდგინეთ მასწავლებლის მდგომარეობა, უცებ ბავშვი ხის ტოტიდან რომ ჩამოვარდეს. ამიტომაც ეკრძალებათ პატარებს მსგავსი გართობა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო სავსებით ნორმალური, მაგრამ დაუხარჯავი მამაკაცური ენერგია “დუღილს” იწყებს და ზოგჯერ მიუღებელი ფორმით გამოიხატება. შედეგად ბიჭი იღებს ნეგატიურ წარმოდგენას თავისი ჩვეულებრივი მამაკაცური ქმედებების შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ქალები მაღალი სიხშირის ბგერებზე არიან განწყობილნი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგონების მიერ წარმოქმნილი ხმაური (ჭყიპინიც კი!) მასწავლებელს ნაკლებად აღიზიანებს, ვიდრე ბიჭების სლუკუნი. ბიჭებს ხშირად ემოციის გამოხატვა ეკრძალებათ. ყველაფერთან ერთად ბაღში მასწავლებელი ბავშვის გარეგნულ სახეზეცაა პასუხისმგებელი. მაგალითად, რომელ დედას ესიამოვნება, საღამოს შვილი ტალახითა და მტვრით მოსვრილი რომ დახვდეს? რასაკვირველია, მასწავლებლის მიმართ პრეტენზიებიც გაჩნდება. ამ თვალსაზრისით ვინ არის მასწავლებლისთვის “მოხერხებული” ბავშვი? რა თქმა უნდა, ბიჭი არა! ახლა ჯგუფში მეცადინეობასაც შევეხოთ. მაგალითად, ბავშვები ხატავენ. ბიჭი ადგილს ვერ პოულობს, მას იდეები არ ასვენებს, უცებ ის გვერდით მჯდომი გოგონას ქილას ხელს გაჰკრავს ან ფანქარს მიარტყამს მას და საყვედურიც მზადაა. სინამდვილეში მიზეზი ცელქობა კი არა, ბავშვის წვრილი მოტორიკის თავისებურებაა - გოგონებს ის გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული, მათ შეუძლიათ, კერონ თოჯინის კაბა, ძაფზე აასხან მძივები, ბიჭებს კი არა. სამწუხაროდ, ხატვისას ეს უნარი ფასდება და არა შემოქმედებითი აქტივობა. გოგონები ხატავენ სუფთად, ხშირად მათი ნამუშევარი ნიმუშის ზუსტი ასლია, მაგრამ შემოქმედების კვალი არსადაა... სკოლამდელი ასაკი ინფორმაციის ძიების, თამაშის, სპონტანური შემოქმედების ეპოქაა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ბიჭის ცნობისმოყვარე და მკვლევარი ბუნებისთვის პროგრამული განვითარება საზიანოც კია, გოგონებისგან განსხვავებით, რომლებიც ადვილად ეწერებიან “ასლის გადამღებთა” სიაში. სწორედ იმ ასაკში, როცა ბიჭმა სამყარო თავად უნდა გამოიძიოს და საკუთარი დასკვნები გამოიტანოს, მას აწვდიან შაბლონურ მზა ინფორმაციას - ეს არის კვადრატი, წრე, ციყვი თხილს ჭამს და ასე შემდეგ. რაც მთავარია, ბავშვს ეკრძალება ინფორმაციის მოპოვებისა და აღქმის მთავარი ხერხების - მოძრაობისა და შეგრძნების - გამოყენება. რასაკვირველია, ეს ორივე სქესის ბავშვებისთვის ცუდია, თუმცა გოგონებისთვის მთავარი მაინც ემოციური კავშირია უფროსებთან (რასაც გინდა დაიზეპირებენ საყვარელი დედისა და მასწავლებლის ხათრით!), ბიჭებს კი შემეცნება შემეცნებისთვის მოსწონთ და არა მასწავლებლისთვის. ამ ბუნებრივ განსხვავებათა გამო ბიჭებს გამუდმებით ესმით: “კარგად მოიქეცი!” ეს კი ნიშნავს: იყავი წყნარი, შეუმჩნეველი, უინიციატივო, ადვილად მართვადი - მაშინ მისაღებიც იქნები და ქებასაც დაიმსახურებ. ასე იმსხვრევა ქცევის ტიპური მამაკაცური ხაზი და ქვეცნობიერად ჩნდება განწყობა, რომ აქტიურობა ცუდია. ქვეცნობიერი დადებითად იღებს ქცევის “გოგოს ტიპს”. შემდგომ, თუ ბიჭმა შეინარჩუნა თავისი ქცევა, მას ჩამოუყალიბდება არასწორი თვითშეფასება - ის ირწმუნებს, რომ ცუდია. გაჩნდება მისწრაფება უხეშობისა და ასოციალურობისკენ. თუ ბავშვი გოგონასთვის ტიპურ ქცევას მიიღებს და წყნარი, დამჯერე და “კომფორტული” გახდება, მას დაეკარგება ტიპური მამაკაცური აქტივობა და შემდგომ აღარ განუვითარდება მრავალი მამაკაცური თვისება.