როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერის ეკრანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერის ეკრანს

სპეციალისტთა რჩევა მათ ნამდვილად არ აღაფრთოვანებს: პატარა ბავშვი კომპიუტერთან საერთოდ არ უნდა დავსვათ! დიახ, საერთოდ.

როგორ იზრდებოდნენ ბავშვები ადრე

მოდი, სავარძელში ჩავსხდეთ და გავიხსენოთ, როგორი იყო თუნდაც ჩვენი ბავშვობა. წლინახევრამდე ბავშვი ან დედას უჭირავს ხელში, ან მანეჟში, იატაკზე, ეტლში, თავის საწოლში ზის. მის გართობას მთელი ოჯახი ცდილობს.

ზოგჯერ მარტოც ტოვებენ, სანამ დედა ტუალეტშია ან შხაპს იღებს. ზოგიერთ ოჯახს გარემოებათა გამო პატარა ბაგაში შეჰყავს, თუმცა სიტუაცია აქაც ანალოგიურია. პატარა ხშირად არტყამს რაიმეს თავს, თავზე იმხობს გაუთოებულ სარეცხს, ზოგჯერ რაღაცას ამტვრევს... წლინახევრიდან სამ წლამდე პატარა ხელჩაკიდებული დაჰყავთ. ის უფროსებთან ერთად სეირნობს ეზოში, პარკში, თავდავიწყებით თამაშობს ქვიშაში, პირისკენ მიაქანებს მიწიდან აღებულ სიგარეტის ნამწვს, ეცემა და დგება, ცდილობს, ძაღლს პირში ჩაუყოს ხელი... სამიდან ხუთ წლამდე საათობით დგას ავტოფარეხის წინ და უყურებს, როგორ აკეთებენ მანქანას, ავადმყოფობისას, საბანში გახვეული, ფანჯრიდან გაჰყურებს გამვლელ-გამომვლელს. შეძლებისამებრ, მშობლებსაც ეხმარება - ხან ცოცხს წამოავლებს ხელს, ხანაც მამასთან ერთად მძიმე ყუთებს ექაჩება... ზოგჯერ კი, სანამ დედა საქმეს მოილევს, დაღლილს სავარძელში ეძინება. ექვსი წლიდან ბავშვი სკოლაში დადის, ჰყავს ამხანაგები, მეგობრები, გაკვეთილების შემდეგ ფეხბურთს თამაშობს, შინ გვიან ამოდის და ისეა დაღლილი, რომ სწავლას ძილი ურჩევნია... ველოსიპედს დააქროლებს, სარდაფებსა და სხვენს იკვლევს, ზოგჯერ ბურთსაც კარგავს. შესაძლოა, წიგნების კითხვაც დაიწყოს. ერთი სიტყვით, ცხოვრება აღსავსეა მოვლენებით, რომლებიც სულიერ და ფიზიკურ დაძაბვას მოითხოვს. ზოგჯერ ბავშვი ძილში წამოიყვირებს და მერე ისევ იძინებს. ფანტაზიორობს, აქვს საყვარელი ადგილები, იცის, სად უნდა იყიდოს მზესუმზირა, საღეჭი რეზინი, რომელ სადარბაზოში დაემალოს წვიმას, ჰყავს მეგობრები უფროსებს და მტრები თანატოლებს შორის. ის, რაც აღვწერეთ, ჯადოსნური, მაგრამ სავსებით რეალური სამყაროა. ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე ციფრულისგან.

როგორია თანამედროვეობა?

მოდი, დავფიქრდეთ, როგორ ცხოვრობენ თანამედროვე პატარები. წლინახევრამდე განსხვავება უმნიშვნელოა, პამპერსებისა და სარეცხი მანქანის წყალობით დედას მეტი დრო რჩება, თუმცა მაინც უამრავი საზრუნავი აქვს, ამიტომ ბავშვი დიდხანს არის მიჯაჭვული ეტლს ან სკამს. ეზო არც ისე სასურველი ადგილია უამრავი მანქანის, ავტოფარეხისა და ძაღლების ექსკრემენტების გამო. თანამედროვე ქალაქურ ბინაში ბავშვის გასართობად ათასგვარი სათამაშო არსებობს. ისინი პატარას გარე სამყაროს დამოუკიდებლად კვლევის საშუალებას არ აძლევენ. ბავშვი კი მოწყენილია, ძალიან მოწყენილი. მას სურს, ეძებოს, გამოთხაროს, ჩაასხას, გადაასხას, გატეხოს, დაყნოსოს, ახმაუროს, დედას კი უნდა, თავისუფლად გაერთოს სოციალურ ქსელში ან მშვიდად მოამზადოს სადილი. გულახდილები თუ ვიქნებით, პატარა ბავშვი დედას სოციალური ქსელით ურთიერთობაში უფრო უშლის ხელს, ვიდრე კერძის მომზადებაში, დალაგებაში, რეცხვასა თუ უთოობაში.


ამიტომ, როგორც კი ბავშვი იმ ასაკს მიაღწევს, რომ თავისუფლად დაჯდება, უმალვე მობილურს ან პლანშეტს მიაჩეჩებენ ხელში ან სულაც ტელევიზორს ჩაურთავენ. შესანიშნავია! ახლა დედას შეუძლია, ნახევარი საათი წყნარად იყოს! კიდევ ერთი პრობლემაა საკუთარი ავტომობილი. დღეს ის ბევრ ოჯახს ჰყავს. წინათ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდით, ახლა ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ უნდა ვაკადროთ ის პატარას - ღმერთმა იცის, რა ვირუსი შეხვდება! რას ვაკეთებთ, ბავშვმა მანქანაში რომ არ მოიწყინოს? დახმარებას ისევ მობილურს “ვთხოვთ”. ის არა მარტო მგზავრობისას, არამედ რიგშიც გვეხმარება. ელექტრონულ ტექნიკას მრავალმხრივი ეფექტი აქვს. ის არის საშუალება:

  • მივაღწიოთ მორჩილებას (“თუ შემისრულებ, მობილურს მოგცემ”);
  • დავსაჯოთ და დავემუქროთ (“თუ ასე მოიქცევი, აიპედს არ მოგცემ!”);
  • თავად დავისვენოთ;
  • დავასაჩუქროთ;
  • სწავლის სტიმული მივცეთ (“თუ კარგად ისწავლი, გიყიდი”).

უკმაყოფილო შეძახილები: “არაფერი აინტერესებს, არაფრის წაკითხვა არ უნდა, არც კი გველაპარაკება!” - მოგვიანებით გაისმის, დაახლოებით მაშინ, როცა ბავშვი 12 წელს მიუახლოვდება. თემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: სულ რაღაც სამი ათეული წლის წინათ პატარები თვალყურს ადევნებდნენ მშობლების ყოველდღიურ საქმიანობას, ერთად დადიოდნენ საყიდლებზე, სტუმრად. იმ დროს ბავშვების ნახატებზე ვხედავდით დედას - სამზარეულოში, მამას - ტელევიზორთან, შვილს - სათამაშოებთან ან წიგნებთან. დღევანდელ ნახატებზე კი ყველას აიპედი უჭირავს ხელში, ყველა მონიტორს მისჩერებია. მართლაც სევდიანი სურათია...

ვასწავლოთ ბავშვებს ცხოვრება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი, მშობლების, მთავარი ამოცანა, ჩვენი აღმზრდელობითი ძალისხმევის საბოლოო მიზანია, შვილი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, თანამედროვე სამყაროში გადარჩენისთვის მოვამზადოთ. საბოლოო ჯამში, ამას ვაკეთებთ, თანაც არცთუ ურიგოდ - პატარას ვაძლევთ განათლებას, ვზრუნავთ მის ჯანმრთელობაზე, ვცდილობთ, ჰქონდეს ლამაზი ნივთები, გარს ეხვიონ კარგი ადამიანები... მაგრამ სწავლების საუკეთესო მეთოდი ხომ პირადი მაგალითია. ჰოდა, რას ხედავენ ჩვენი შვილები? ჩვენს ზურგს, რომელიც კომპიუტერის ეკრანს ეფარება. ისინი აღარ ჩადიან ეზოში, აღარაფერს აღმოაჩენენ, გადაეჩვივნენ აქტიურ თამაშს. ბავშვებს არც საბაბი აქვთ და არც საშუალება, შეიცნონ სამყარო და საკუთარი თავი. თანამედროვე ქალაქელი ბავშვები კომპიუტერული ტექნოლოგიების, ვირტუალური ურთიერთობებისა და სათამაშო შერკინებების სტერილურ სამყაროში ცხოვრობენ. იმან, რასაც სპეციალურ ლიტერატურაში როლური თამაშები ჰქვია (დედაშვილობანა, მასწავლებლობანა, პაროლობანა, ორდროშობანა) ან უბრალოდ რაიმე სიუჟეტის შექმნამ, რაც იწყება სიტყვებით: “მოდი, ვითომ...” - დღეს საერთაშორისო ქსელში გადაინაცვლა და უმთავრესად ვირტუალურ სამყაროსთან ურთიერთობით გამოიხატება. არ არსებობს მზა რეცეპტი იმისა, როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი მონიტორს. იმ სამყაროს ალტერნატივა, სადაც ის ყოვლისშემძლეა, იმდენად მომხიბლავი უნდა იყოს, რომ მისი ყურადღება მიიპყროს. მაგრამ ვიდრე ბავშვს რამეს შევთავაზებდეთ, თავად მოგვიწევს ინტერნეტიდან გამოსვლა და კომპიუტერის გათიშვა. გათიშეთ კომპიუტერი, მაგრამ მანამდე მორალურად მოემზადეთ, რომ აიტანოთ ბავშვის აბსტინენციის მსგავსი რეაქცია, მისი აგრესია, შანტაჟის მცდელობა (“თუ კომპიუტერს არ ჩართავ, თავს მოვიკლავ!”). უნდა შეძლოთ, საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, ბავშვთან ერთად სასეირნოდ წახვიდეთ; კონტაქტი გქონდეთ შვილთან, რომელსაც, მას შემდეგ, რაც კომპიუტერს მოსწყვიტეთ, აღარც კი სურს თქვენთან საუბარი. არა უშავს, მოგიწევთ, ბავშვს ხელახლა აჩვენოთ სამყარო, ხელახლა დაამყაროთ მასთან ურთიერთობა. ასწავლეთ სეირნობა, თამაში, საჭმლის მომზადება, დაისის ყურება, ხმამაღლა კითხვა, სიმღერა. მას ეს ყველაფერი არ შეუძლია - ყურებში სასმენები აქვს გარჭობილი, ხელში კი პლანშეტი უჭირავს. სხვათა შორის, წერილი შეიძლება კალმითაც დაიწეროს, ხოლო თამაშის არსი მეგობრის თვალებში სიხარულის დანახვაა! ასეთია ნორმალური ცხოვრება, ცხოვრება, როგორიც ის უნდა იყოს და იქნება კიდეც, ოღონდ გამორთეთ, გამორთეთ კომპიუტერი!