არის თუ არა თავნებობა საკუთარი ნების გამოვლენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა თავნებობა საკუთარი ნების გამოვლენა

ბავშვების თავნებობის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ყურადღება მივაპყროთ “თავნება” ბავშვების ერთ საინტერესო თავისებურებას. ეს თავისებურება თვალში საცემი არ არის, მაგრამ თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით ბავშვის ხასიათს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ თავნება პატარები რეალურად ძალზე დამოუკიდებლები არიან. მათ ბუნებრივ მოთხოვნილებას, ყველაფერი თავისებურად აკეთონ, უფროსები ხშირად თავნებობად აღიქვამენ. სიტუაციის მთელი სირთულე კი ის არის, რომ ასეთ ბავშვებს რეალურად ჯერ სულაც არ შესწევთ დამოუკიდებლობის უნარი. ექვსი წლის ლუკა ვერ იტანს უფროსებისგან ვერავითარ “ზეწოლას” (ახლა ასე უწოდებენ მშობელთა მხრივ რაიმე მითითებას). უფრო მეტიც - აშკარად აქვს პრეტენზია, ოჯახის უფროსი იყოს: ლაპარაკობს ბრძანების კილოთი, თუ რამე არ მოეწონა, მუშტებს უღერებს უფროსებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბიჭი აღწევს კიდეც საწადელს - მთელი ოჯახი მის დაკრულზე ცეკვავს. ამავე დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში ლუკა სრულიად უსუსურია. ქუჩაში გასასვლელად მომზადება უჭირს, რადგან ჩაცმა არ შეუძლია, ოჯახში რაიმე ფუნქციის შესრულებაზე ხომ ფიქრიც ზედმეტია - რომელ დახმარებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ჯერ თავის მომსახურებაც არ შეუძლია! ლუკა მარტო ვერ თამაშობს, ძილითაც დედასთან ერთად იძინებს, რადგან ოთახში მარტო დარჩენის ეშინია. როცა სკოლაში წასვლის დრო მოვა, ლუკა გაჭირვებით ისწავლის პერანგის ჩაცმას, ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრას, მაგრამ, თანატოლებისგან განსხვავებით, დავალებას დამოუკიდებლად ვერ მოამზადებს და ვერც ჩანთას ჩაალაგებს თავისით. დედას ყოველდღიურად მოუწევს ტელეფონით გაკვეთილების გაგება სხვა ბავშვებისგან, რადგან ლუკას ნდობა შეუძლებელი იქნება. როცა მისი თანატოლები დამოუკიდებლად ივლიან სკოლაში, ლუკას დედა იძულებული იქნება, ბიჭი თავად ატაროს, რათა რისკი თავიდან აიცილოს. გარდატეხის ასაკში ლუკამ შესაძლოა ხშირად გააცდინოს სკოლა. მისი უპასუხისმგებლობა იმდენად თვალში საცემი გახდება, რომ შესაძლოა დაიბადოს კითხვა, აქვს თუ არა ბიჭს სათანადო ინტელექტუალური მონაცემები. მაშ, რას დავაბრალოთ, რომ, მიუხედავად მრავალგზისი ახსნა-განმარტებისა, ლუკას ვერაფერს გააგებინებ?! სინამდვილეში ინტელექტი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ლუკას არასოდეს უგია პასუხი თავისი გამოხტომების გამო. პირიქით, შესანიშნავად აითვისა, რომ ამ გზით ყველაფერს შეიძლება მიაღწიოს. და რაკი ასეა, რატომღა შეიწუხოს თავი? მშობლები დაემუქრებიან, მაგრამ მერე დავალებასაც დააწერინებენ, სკოლაშიც წაიყვანენ, საჭირო დროს დაეხმარებიან კიდეც. ერთი სიტყვით, ყველაფერს იღონებენ, რადგან უკვე მიჩვეულები არიან. გაივლის ხანი და ლუკა ზრდასრული მამაკაცი გახდება, მაგრამ სულის სიღრმეში მშობლებზე დარჩება დამოკიდებული. როგორი ოჯახი ექნება ასეთ პიროვნებას? შეძლებს კი, სხვის ბედზე პასუხისმგებლობა იკისროს? ასეთმა ადამიანმა რაც უნდა ჩაიდინოს, დამნაშავედ სხვას მიიჩნევს. წარუმატებლობას, რომელიც ამგვარ პიროვნებებს ხშირად სდევთ თან, დააბრალებს არა საკუთარ სიზარმაცეს, მოუწესრიგებლობასა და წინდაუხედაობას, არამედ მტრებს და ფატალურ გარემოებებს. ასეთ ვითარებაში დიდია რისკი, პიროვნება ლოთობის, ნარკომანიის, თაღლითობის ან სულაც ქურდობისკენ გადაიხაროს. როგორც ექიმები იტყოდნენ, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. რასაკვირველია, ასეთ ადამიანს შესაძლოა ცხოვრებამ ასწავლოს ჭკუა, თუმცა ეს თავად მას ძალიან ძვირად დაუჯდება.

თავნებობის შედეგები

ამრიგად, თავნებობის არასასურველი შედეგებია ინფანტილურობა, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა, პროფესიული არარეალიზებულობა, ასოციალური ქცევა. გარდა ამისა, უნდა ვახსენოთ ის ზიანიც, რაც თავნებობას მოაქვს ბავშვის განვითარებისთვის. ეს ზიანი ზოგჯერ ფიზიკურია, რადგან თავნება ბავშვი ყოველთვის შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიოს, რამე დაიშავოს. ამასთანავე, ზიანი ადგება ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებას. ეს შესაძლოა უცნაურიც მოგვეჩვენოს. როგორ, თავნება ბავშვი ხომ უფრო ინდივიდუალურია, ექსპერიმენტებისადმი უფრო მიდრეკილი... ეს ისევ მოჩვენებითი კანონზომიერებაა. თავნება პატარებს არ შესწევთ სირთულეთა გადალახვის უნარი, ამიტომ გაკვალული გზით სიარულს არჩევენ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც ძალისხმევის გარეშე მიიღწევა. ეს კი ძირითადად გართობაა. ამასთანავე, პიროვნება ვითარდება მაშინ, როცა ჰყავს მისაბაძი მაგალითი, იდეალი, რომელსაც უნდა გაუტოლდეს, ვისზეც სწორებას იღებს. თუ ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერავის მოიწონებს, ის ვერც განვითარდება. მართლაც, რატომ უნდა ისწრაფოდეს რამე მიზნისკენ, როცა უკვე ყველაფერი აქვს, რატომ უნდა იზრუნოს თვითსრულყოფაზე, როცა თავად სრულყოფილებაა? რასაკვირველია, იდეალების სრული უარყოფაც მითია. ადამიანი ისეა განწყობილი, რომ იდეალის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თავნება პატარასაც ჰყავს იდეალები, უფრო სწორად, კერპები. ჩვეულებრივ, ესენი არიან “მაგარი” კინოგმირები, რომლებიც ყველა ცხოვრებისეულ პრობლემას მუშტებით ან იარაღის ჯერით წყვეტენ, მომღერლები, რომელთა ინტელექტუალურ მონაცემებზეც ბევრი არაფერია ცნობილი, როკერები, ჯიპიანი ტიპები... რას გვაძლევს ასეთი კერპების მიბაძვა? ისინი ხომ კიდევ უფრო თავნებანი არიან, ვიდრე თავად ბავშვი. ესე იგი ჩვენ გვაქვს არა განვითარების, არამედ დეგრადაციის პერსპექტივა. თავნება ბავშვი ერთგვარ ხაფანგში ებმება - მას სწამს თავისი ორიგინალურობისა და დამოუკიდებლობის, რეალურად კი უფრო და უფრო მეტად ჩამორჩება თანატოლებს. დრო გადის და ის უფრო და უფრო ნაკლებსაინტერესო, შაბლონურ ტიპაჟად იქცევა, რომელსაც სტანდარტული თვისებები აქვს. აბა, დააკვირდით ეზოში უსაქმოდ მდგომ მოზარდებს - ხშირად ერთმანეთისგან ვერც კი გაარჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ცდილობს, ინდივიდუალური იყოს. ამ მიზნით ზოგს საყურე უკეთია, ზოგს თმა აქვს დაუვარცხნელი ან უცნაურად გაზრდილი. რატომ არ უშლიან მშობლები, ასე გამოიყურებოდნენ? მართლაც, რატომ არის ასე? რატომ არ ზღუდავს შვილს მშობელი, რომელსაც კარგად ესმის, რა საბედისწერო შედეგი მოსდევს ბავშვის ანარქიას? მშობლის უმწეობის საიდუმლოს ორი გასაღები აქვს. პირველი - ის, რომ თავნებობა ხშირად ერევათ თავისუფლებისმოყვარეობაში, დამოუკიდებლობაში, გახსნილობაში. ამის გამოძახილია, რომ პატარების უმართავობაზე წუწუნისას მშობელთა კილოში ხშირად გამოკრთება სიამაყე. ხშირად საქმე სრულ უმსგავსობამდე მიდის. მაგალითად, ხუთი წლის “თავისუფლებისმოყვარე” უტიფრად ელაპარაკება მოხუც ქალს, დედა კი იქვეა და შვილით ტკბება. მეორე კი ის გახლავთ, რომ ხშირად მშობლებსაც უყვართ იოლი გზით სიარული. ესე იგი სულაც არ განსხვავდებიან თავიანთი შვილებისგან. ბავშვისთვის სკანდალის გამართვა უფრო ადვილია, ვიდრე სათამაშოების ალაგება, ხოლო მშობლისთვის გაცილებით იოლია, სიმტკიცე კი არ გამოიჩინოს, დანებდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლებს არ ჰყოფნით ნებისყოფა და ნამდვილი, მოზრდილისათვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობა. ისინიც იოლად იხსნიან პასუხისმგებლობას და მას სხვებს – პედაგოგებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, პოლიციას - აკისრებენ. ვფიქრობთ, აშკარაა, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით ბავშვების უპასუხისმგებლობა მშობელთა დამსახურებაა, მათგან მემკვიდრეობად მიღებული თვისება. თუ მშობლებს ნამდვილად სურთ სიტუაციის შეცვლა, საკუთარი თავით უნდა დაიწყონ. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად ჟღერს, მაგრამ რეალურად სწორედ ეს არის ყველაზე რთული. დიახ, საკუთარი თავის შეცვლა ძალიან ძნელია, რადგან ადამიანებს სჩვევიათ, სხვის თვალში ბეწვს ხედავდნენ, ხოლო საკუთარში - დირესაც ვერა.