მარტოსული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოსული

“არაფერიც არ მჭირს, ყველაფერი რიგზეა!” - და ცხვირს ისევ კომპიუტერში რგავენ. იქნებ მართლაც ყველაფერი რიგზეა და შიშის საფუძველი არ არსებობს? ადამიანთა უმრავლესობას აქვს სხვებთან ურთიერთობის სურვილი. ეს სავსებით ნორმალურია. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც აქტიური ურთიერთობა არ სურთ. ტელევიზორი და ინტერნეტი მათთვის სავსებით საკმარისია. არც ესაა ნორმიდან გადახვევა. უბრალოდ, ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით და ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება, სასურველი დოზით ჰქონდეს ურთიერთობა სხვებთან. იგივე ითქმის ბავშვებზეც - მათაც სხვადასხვანაირი ხასიათი აქვთ და რაც ერთს მოსწონს, მეორისთვის შესაძლოა დამღლელი ან არასასურველი იყოს. ერთნი მთელი დღე უფროსებს დასდევენ და სთხოვენ: “მეთამაშე!” მეორენი კი წყნარად სხედან კუთხეში, თავისთვის ერთობიან და შესანიშნავად გრძნობენ თავს. ასეთ ბავშვებს მარტოსულებს უწოდებენ. ბავშვის მარტოსულობას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, მას შესაძლოა თრგუნავდნენ ბაღში ან სკოლაში, რაიმე მიზეზით არ ჰყავდეს მეგობრები, თავი თანაკლასელებზე უფროსად მიაჩნდეს და ამიტომ ვერ პოულობდეს მათთან საერთო ენას. ამ უკანასკნელი მიზეზის გამო მარტოსული ბავშვები მეგობრებად 10-15 წლით უფროს ადამიანებს ირჩევენ. ზოგი ბავშვი საკუთარ თავშია ჩაკეტილი და საერთოდ არ აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება, თითქოს მზერა შიგნით, საკუთარი პიროვნებისკენ აქვს ჩაბრუნებული და გარეთ გახედვაც არ უნდა. მათ ინტროვერტებს უწოდებენ. ინტროვერტებს ან თითებზე ჩამოსათვლელი მეგობარი ჰყავთ, ან სულაც არ სჭირდებათ ისინი. არსებობენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავიც ჰყოფნით. მათ არ სჭირდებათ სხვების მხარდაჭერა და დაფასება. მოზარდები ხშირად იკეტებიან საკუთარ სამყაროში და ასაკის მატებასთან დაკავშირებულ განცდებს მარტოობასა და სიჩუმეში მალავენ. მარტოსულები არიან ბავშვები, რომლებსაც აკლიათ მშობლებთან თბილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა. ბავშვი, რომელმაც ვერ პოვა ურთიერთგაგება ახლობლებთან, ყველას გაურბის, რათა კიდევ არ განიცადოს ტკივილი და უარყოფა. მარტოსული ბავშვის გამო შფოთვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა ის სოციალიზაციის პრობლემებს ეჯახება - უჭირს ახალი ნაცნობების შეძენა, უფრთხის ადამიანებს, თავს გარიყულად გრძნობს. ბავშვების საზოგადოება საკმაოდ მკაცრია. ისეც ხდება, რომ ჯგუფის ლიდერი, აღმზრდელი ან მასწავლებელი მის რომელიმე წევრს წარუმატებლის იარლიყს მიაკერებს ხოლმე და ასეთი დამოკიდებულება ბავშვს მთელი მოწაფეობის განმავლობაში გაჰყვება. ამ შემთხვევაში გამოსავალია სხვა სკოლაში გადასვლა, სადაც ბავშვს არავინ იცნობს, ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს და ახალ კოლექტივში ის შესაძლოა სრულიად სხვაგვარად აღიქვან. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მარტოსულობის დადებითი მხარეებიც. ასეთ ბავშვებს, ჩვეულებრივ, მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისკენ, ხელოვნება კი სიმშვიდეს, ერთგვარ გაუცხოებას, სამყაროს უცხო თვალით აღქმას მოითხოვს. ამ ბავშვების მთელი ენერგია იმაზე იხარჯება, რასაც მდიდარ შინაგან სამყაროს უწოდებენ. ისინი, ჩვეულებრივ, თავისი ასაკისთვის საკმაოდ ერუდირებულები არიან, სხვადასხვა სფეროში მათი ფართო ცოდნა უფროსების პატივისცემას იმსახურებს. ის, რომ თავიანთ ძალას მეგობრებზე არ ფლანგავენ, გამოხატულებას პოვებს მოვლენაში, რომელიც შეიძლება ამგვარად გამოითქვას: “ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია”, - რაც ნიშნავს, რომ რომელ სფეროშიც არ უნდა სცადოს ბედი ადამიანმა, ყველგან წარმატებული იქნება. მარტოსული ბავშვები ხშირად წერენ ლექსებს, მოთხრობებს, მუსიკას, ხატავენ, რასაც ხელს მოჰკიდებენ, ყველაფერი გამოსდით, 10 წლისთვის შესაძლოა მთელი საბავშვო ბიბლიოთეკა გადაიკითხონ, 12 წლისთვის ფოტოშოფში იმუშაონ, ხოლო 14 წლის ასაკში ფილოსოფიით იყვნენ გატაცებულნი. მათ აღიარებენ უფროსები. ზოგი მათგანი ახალგაზრდა ტალანტის მფარველობასაც იღებს საკუთარ თავზე და მის წინსვლაზე ზრუნავს. თანატოლებს შორის კი ასეთ ბავშვებს უჭირთ დამფასებლების პოვნა, რადგან ისინი, ვინც სხვებისგან გამოირჩევიან, ჩვეულებრივ, არცთუ ისე უყვართ. არც უფროსების რჩეულები ეხატებათ გულზე. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს თანატოლებთან ურთიერთობის სურვილის უქონლობის მიზეზი. ბავშვი ვერ ეწერება მიღებულ იერარქიაში და “თეთრ ყვავად” რჩება. სად არის ხსნა? მარტოობაში, ინტერნეტში, იქ, სადაც არ იციან, რომ თანატოლებმა გარიყეს და სადაც მის ნიჭს აფასებენ. სამწუხაროდ, მარტოსული ბავშვები სწავლაში ხშირად სულაც ვერ აღწევენ წარმატებას. მართალია, ზოგჯერ ისინი მათთვის დამახასიათებელი მონდომებით კარგად სწავლობენ, მაგრამ უმეტესად მათ ძალით ასწავლიან, რადგან თავიანთი დროის უდიდეს ნაწილს შემოქმედებასა და საკუთარ გატაცებებს უძღვნიან. შემოქმედებითი აღმაფრენიდან მათი გამოყვანა და ცხოვრებისეულ რეალობასთან დაბრუნება საკმაოდ ძნელია. მშობლები ბავშვების ასეთ ქცევას მძიმედ განიცდიან. ეს ბუნებრივია - არავინ იცის, რა ელით მათ მომავალში. შეძლებს კი ბავშვი, დაძლიოს მარტოობისკენ მისწრაფება, დაეუფლოს პროფესიას, სრულფასოვან ადამიანად შეაბიჯოს ზრდასრულ ცხოვრებაში, გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, ბოლოს და ბოლოს, შექმნას ოჯახი, თუ სამუდამოდ დარჩება თავისი შემოქმედებითი ოცნებების ტყვედ? საჭიროა თუ არა მარტოსულის გარდაქმნა? ღირს თუ არა მისი მორგება საყოველთაოდ მიღებულ თარგზე? როგორც ვიცით, ადამიანის ხასიათის შეცვლა შეუძლებელია. ის, რაც ბუნებამ შექმნა, “წვრთნით” ვერ შეიცვლება, მეტადრე მაშინ, როცა თავად აღსაზრდელი არ იწვის სურვილით, შეიცვალოს. მარტოობისადმი სწრაფვა ადრეულ ასაკშივე ყალიბდება, გაცილებით ადრე, სანამ მშობლები მიხვდებიან, რომ მათ შვილს თანატოლების საზოგადოება სულაც არ აინტერესებს. ამ დროს კი რამის შეცვლა, ჩვეულებრივ, უკვე შეუძლებელია.

მარტოსულობის პირველი ნიშნებია:

  • სიტყვაძუნწობა - მშობლების კითხვებს ბავშვი ორიოდე სიტყვით პასუხობს, თუმცა შესანიშნავად იცით, რომ მას უფრო მეტის თქმაც შეუძლია;
  • გაურკვეველი მეტყველება - ბავშვი ხმადაბლა ლაპარაკობს, თითქოს სიტყვებს ყლაპავს;
  • თვალის არიდება - ბავშვი ცდილობს, უფროსს სახეში არ შეხედოს. ასე იქცევა როგორც მშობლებთან, ისე სხვებთან საუბრის დროსაც;
  • გულჩათხრობილობა - ბავშვი მშობლებს არ უზიარებს თავის ემოციებსა და განცდებს, არ უყვარს ხმაურიანი თამაში და მხიარულება, მარტო თამაშს ამჯობინებს;
  • მარტოობისადმი სწრაფვა - ბავშვი საბავშვო მოედანზეც მარტოა, არ ცდილობს ახალი ნაცნობების შეძენას, არ ელაპარაკება სხვა ბავშვებს, გაურბის მათ.

თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, ურიგო არ იქნება, ბავშვი ნევროლოგს აჩვენოთ, რათა გაარკვიოთ, ხომ არ არის ეს ყველაფერი აუტიზმის გამოხატულება. თუ აუტიზმი გამოირიცხა, დახმარებისთვის შეიძლება ფსიქოლოგს მიმართოთ. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ ბავშვი ასოციალური არ არის, მისი საქციელი არ სცილდება ადეკვატურობის ფარგლებს, სავარაუდოდ, მოგიწევთ, შეეგუოთ არსებულ რეალობას. მართლაც, რატომ უნდა გაიფუჭოთ შვილთან ურთიერთობა სრულიად უსარგებლო საყვედურებით, მისი პიროვნების შეცვლის მცდელობით? უაზრობაა კომპიუტერის, წიგნების, ხელსაქმის კონფისკაცია და ბავშვის იძულება, რაღაც სხვა აკეთოს. ძალით არც მეგობრობა შეიძლება და არც ხასიათის შეცვლა, ისევე როგორც მოზრდილ ადამიანს ვერ აიძულებთ, გამოამჟღავნოს ლიდერის თვისებები, თუ საამისო მიდრეკილება არ აქვს. ყველა ადამიანს სულაც არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ყველა არ არის დაბადებული იმისათვის, რომ მეგობრების სული და გული იყოს. მთავარია, ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობდეს. თუ ბავშვი გარდატეხის ასაკში საკუთარ თავში ჩაიკეტა, არც ამ შემთხვევაშია საჭირო ძალდატანება - თუ მშობლებმა საქმე არ გააფუჭეს, ეს რთული პერიოდი დაახლოებით 17 წლისთვის გაივლის. მთავარია, ბავშვს ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს და ყოველთვის შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. თუ ბავშვის გულჩათხრობილობა მშობლების არასწორი დამოკიდებულების შედეგია, ფსიქოლოგთან მთელი ოჯახი უნდა წავიდეს - კორექცია ბავშვსაც სჭირდება და მშობლებსაც. ასეთ დროს რაც უფრო ადრე გადადგამთ პირველ ნაბიჯს სიტუაციის გამოსასწორებლად, მით უკეთესი, რადგანაც გარდატეხის ასაკისთვის უკვე გვიანი იქნება. დასასრულ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად სწორედ იმ ბავშვებისგან დგებიან ნიჭიერებით გამორჩეული, არასტანდარტული, კრეატიული აზროვნების უნარის მქონე, წარმატებული ადამიანები, ვისიც თანატოლებს არ ესმით და ვისაც არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავს.