ნუთუ ჩვილი გაგვიცივდა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუთუ ჩვილი გაგვიცივდა?

- ბავშვს ხასიათი შეიძლება შეეცვალოს კბილების ამოჭრისა თუ უბრალოდ მეტისმეტად თბილად ჩაცმის, გადახურების გამოც, მაგრამ თუ ამას თან სდევს საერთო მდგომარეობის დამძიმება - ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება - საქმეში დროულად უნდა ჩაერიოს ექიმი. მშობლებს ჰგონიათ, რომ გაციება დაავადება არ არის. სინამდვილეში გაციება სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციაა, მედიცინის ენაზე - მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია (მრვი), რომელიც აზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს - ცხვირს, ყელს, ტრაქეას, ბრონქებს.

- როგორ ვითარდება მრვი?

- ორგანიზმში ჰაერწვეთოვანი გზით შეჭრილი ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში მრავლდება. ის ასუსტებს ორგანიზმის დაცვით ბარიერს და ამით კარს უღებს ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს სხვა ორგანოების - ნუშურა ჯირკვლების (ადენოიდიტი), შუა ყურის (ოტიტი), ფილტვების (პნევმონია) - ანთებით დაზიანებას. მრვი-ს დროს ტემპერატურა ძალიან მაღალ ციფრებს არ აღწევს, მაგრამ ბავშვი წუხს, ვერ სუნთქავს ცხვირით, ახველებს, უჩივის ყელის ტკივილს. დიდია რისკი, დაავადებამ ქრონიკული ხასიათი მიიღოს.

- როგორ მოვიქცეთ ტემპერატურის მომატების დროს?

- ტემპერატურა უნდა გაიზომოს დღეში სამჯერ - დილას, შუადღეს და საღამოს, საჭიროებისას - უფრო ხშირადაც. ტემპერატურის მომატება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომლის  მეშვეობით ის ინფექციას ებრძვის, ამიტომ, თუ უკუჩვენება არ არსებობს, 38,5 გრადუსამდე ტემპერატურის დამწევი საშუალებები არ უნდა გამოიყენოთ. 39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა სახიფათოა ჩვილისთვის, რადგან მაღალია კრუნჩხვის - ფებრილური გულყრის - განვითარების რისკი, ამიტომ, თუ საბავშვო სიცხის დამწევი საშუალებების (პარაცეტამოლის, ნუროფენის) მიღების მიუხედავად, ტემპერატურამ არ დაიკლო, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. შესაძლოა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო, განსაკუთრებით - თუ ის 3 თვემდე ასაკისაა.

- რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ექიმის მოსვლამდე?

- ზოგიერთ შემთხვევაში სიცხის დამწევი საშუალებები ნაკლებად ეფექტურია. ასეთ დროს დაადეთ პატარას ცივ წყალში დასველებული საფენი მუხლისა და იდაყვის მოსახრელებში, სადაც გადის მსხვილი ვენები და არტერიები და ამიტომ გაძლიერებულია სითბოს გადაცემა; დაზილეთ პატარა გრილი წყლით და შემშრალების შემდეგ მცირე ხნით დატოვეთ შიშველი ან მიაფარეთ თხელი საფენი, რათა სხეულიდან ადვილად აორთქლდეს წყალი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ოთახის ტემპერატურის მიკროოყნა - შეუყვანოთ ნაწლავებში 20-30 მლ წყალი. ჩააცვით პატარას მისი გუნება-განწყობის შესატყვისად. თუ ცხელია, კანი შეწითლებული აქვს და უხურს, შემოსეთ მსუბუქად, ბამბის პერანგით. თუ ფერმკრთალია, მივარდნილია,  მობუზული - შესაძლოა, ამცივნებს. ასეთ დროს თბილი ხელით გაუთბეთ კიდურები ან შემოახვიეთ ტანზე თბილი საფენი, ხოლო ხელ-ფეხზე ამოაცვით თბილი წინდები.

- როგორ ვკვებოთ ავადმყოფი ბავშვი?

- ნუ აიძულებთ პატარას ჭამას, დაე, იმდენი ჭამოს, რამდენიც სურს. თუ პირი არაფერს დააკარა, 10-15 წუთში ერთხელ ჩაის კოვზით ასვით ლიმონჩაწურული წყალი.

- ძალზე შემაწუხებელია ცხვირიდან გამონადენი, სურდო. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- ცხვირიდან გამონადენს თან ახლავს ცხვირით სუნთქვის გაძნელება და პირღია სუნთქვა, რაც ჩვილისთვის, მეტადრე - ძილის დროს, დამატებითი დისკომფორტია. სუნთქვის გასაუმჯობესებლად შეეცადეთ პატარა ისე დაიკავოთ, რომ თავი სხეულთან შედარებით შემაღლებული ჰქონდეს, ღამით კი საწოლს თავი წამოუწიეთ. ასპირატორით - ამოსაქაჩით - გაუთავისუფლეთ ცხვირი ლორწოსგან, ჩააწვეთეთ თითოეულ ნესტოში 2-3 წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი. ნესტოების გასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სპეციალური ცხვირის წვეთები. დაავადების პირველ ორ დღეს ეფექტურია ინტერფერონის ჩაწვეთება. თუ ცხვირით სუნთქვა საერთოდ არ შეუძლია, აწვეთეთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება (ნაზივინი) დღეში 3-ჯერ, არა უმეტეს 5-7 დღისა. თუ აწვეთებთ მარჯვენა ნესტოში, თავი ოდნავ გადაუწიეთ მარჯვნივ და პირიქით. გირჩევთ, ეს პროცედურა ჩაატაროთ კვებამდე - ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება წოვასაც აადვილებს. ზუსტად დაიცავით ეს წესები და ექიმის მითითებები.


- კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც თან ახლავს მრვი-ს, ხველაა.

- თუ ბავშვს ხველა დააწყებინა, აჩვენეთ პედიატრს. ჩვილებში ინფექცია ზედა სასუნთქი გზებიდან ძალიან სწრაფად აღწევს ქვედას, ამიტომ ფარინგიტი შესაძლოა ბრონქიტში გადაიზარდოს, ხოლო ბრონქიტი - პნევმონიაში. პედიატრი დანიშნავს ამოსახველებელ საშუალებებს, ხოლო საჭიროებისას - ანტიბიოტიკსაც. ბრონქიტის დროს ნახველის უკეთ გამოსაძევებლად ჩვილს ხშირად უცვალეთ მდგომარეობა - გადააბრუნეთ ერთი გვერდიდან მეორეზე, ზურგიდან მუცელზე - და ჩაუტარეთ გულმკერდის პოსტულარული მასაჟი: დააწვინეთ მუცელზე და ზურგზე ქვემოდან ზემოთ მსუბუქად დაუკაკუნეთ თითები. ჩვილი ბავშვებისთვის ძალიან სახიფათოა კრუპი - ანთებისა და ალერგიული შეშუპების გამო ხორხის სანათურის შევიწროება. კრუპს წინ უძღვის მაღალი, მყეფავი ხველა, ხმის ჩახლეჩა. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მკურნალობა, ამიტომ ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

- კიდევ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მრვი-ს?

- ჩვილ ბავშვებთან, მათი ანატომიური თავისებურებების გამო, მრვი შესაძლოა გართულდეს: ოტიტით - შუა ყურის ანთებით. ყურის ანთებაა სავარაუდო, თუ ბავშვი წრიალებს, თავს ატრიალებს, ისრესს ყურს. ოტიტზე მიგვანიშნებს ჭამის დროს ტირილიც - ყლაპვის დროს ყურში წნევა იცვლება, რაც ტკივილს აძლიერებს. ამ სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად აჩვენეთ პატარა ექიმს - ის გასინჯავს მას და დაუნიშნავს ყურის წვეთებს, გამათბობელ კომპრესებს ყურის ნიჟარის გარშემო, შესაძლოა, ანტიბიოტიკსაც. პნევმონიით - ფილტვების ანთებით. მისი დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ბავშვი მივარდნილია, ფერმკრთალი, ახველებს, გასინჯვისას ფილტვებში ისმის ხიხინი. საბოლოო დიაგნოზი დაისმის გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევით და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებით. ფებრილური გულყრით - კონვულსიური კრუნჩხვა შესაძლოა განვითარდეს მაღალი ტემპერატურის დროს. მისი ერთ-ერთი მიზეზია ნერვული სისტემის უმწიფრობა და თავის ტვინში შემაკავებელი პროცესების სისუსტე. მკურნალობა ფებრილური გულყრის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული: თუ კრუნჩხვა 15 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, საკმარისია სიცხის დამწევი საშუალებების მიცემა და დაკვირვება. უფრო ხანგრძლივი კრუნჩხვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობაში ანტიკონვულსანტების (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების) ჩართვა.

- ყველამ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ავადმყოფი ბავშვის რეჟიმისა და მოვლის სწორი ორგანიზება. რას ურჩევდით მშობლებს?

- როცა ბავშვს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექცია აქვს, საჭიროა ჰიგიენური, მოვლის, კვების რეჟიმის ზედმიწევნით სწორად შერჩევა და დაცვა. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ დაავადება ოჯახის სხვა წევრებსაც არ გადაედოთ. განსაკუთრებით მოსაფრთხილებელი არიან ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები, რომლებსაც მრვი-მ შეიძლება ძირითადი დაავადება გაუმწვაოს.

  • მოარიდეთ ავადმყოფი ოჯახის სხვა წევრებს;
  • დღეში არანაკლებ ორჯერ დაალაგეთ მისი ოთახი სველი წესით. ამ დროს პატარა სხვა ოთახში უნდა გაიყვანოთ.
  • ბავშვის ოთახი დღეში რამდენჯერმე გაანიავეთ.
  • გაიტანეთ ზედმეტი ნივთები - ხალიჩა, რბილი სათამაშოები და ა.შ., რათა ოთახში ჰაერი უფრო სუფთა იყოს.
  • ბავშვს ჩააცვით მსუბუქი, თავისუფალი, ბუნებრივი (არა სინთეტიკური) მასალის ტანსაცმელი, რათა არ შეწუხდეს და არ დაერღვეს სისხლის მიმოქცევა.

- როგორ დავიცვათ ჩვილი, როცა უფროსი და-ძმა ან ოჯახის სხვა წევრი არიან ავად?

- მრვი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. სუნთქვისა თუ ლაპარაკისას, ცემინებისა თუ ხველისას ჰაერში ლორწოსთან ერთად იფრქვევა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქადის ოჯახის ჯანმრთელ წევრებს. მათ დასაცავად საჭიროა:

  • ავადმყოფმა ატაროს პირბადე და იცვალოს სამ საათში ერთხელ. პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს და არა მხოლოდ პირს, როგორც ხშირად იქცევიან.
  • ჩვილი დედასთან ერთად ცხოვრობდეს იზოლირებულ ოთახში.
  • ხშირად ვიბანოთ ხელები საპნით, ბავშვთან ურთიერთობისას გამოვიცვალოთ ტანისამოსი, რომელიც გვეცვა ავადმყოფთან კონტაქტის დროს.
  • თუ ავად გახდა დედა, მან უნდა ატაროს პირბადე, ერიდოს ბავშვის უშუალო სიახლოვეს ლაპარაკს, ცემინებას, ხველას.

გაითვალისწინეთ ერთი რამ: დედის ავადმყოფობა ძუძუთი კვების უკუჩვენება არ არის. პირიქით, დედის რძესთან ერთად ჩვილი ინფექციისგან დამცავ ფაქტორს იღებს. დაბოლოს, გახსოვდეთ: მკურნალობა უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. ანტიბიოტიკები ვირუსს ვერაფერს აკლებს, პირიქით, ამძიმებს მდგომარეობას, ასუსტებს ორგანიზმს. ანტიბიოტიკი ინიშნება დაავადების ბაქტერიული ინფექციით გართულების შეთხვევაში და მისი დანიშვნა ექიმის საქმეა!