აყვავებული ტუჩები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აყვავებული ტუჩები

- რა ხდება ჰერპესის ვირუსთან ორგანიზმის შეხვედრის შემდეგ?

- ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი სამუდამოდ რჩება იქ და პერიოდულად იწვევს რეციდივს. პირველადი ჰერპესი ათიდან რვა შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება სისხლის შრატში სპეციფიკური ანტისხეულები. თუმცა იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებთან დაავადება შესაძლოა მწვავედ გამოვლინდეს ტემპერატურის 37-38 გრადუსამდე მომატებით, ჰერპესული გამონაყარით. სტატისტიკური მონაცემებით, სამ წლამდე ასაკის ბავშვების ორი მესამედი ჰერპესვირუსითაა ინფიცირებული.

- ინფიცირებული და არა დაავადებული? ეს სხვადასხვა რამაა?

- დიახ, ორგანიზმში ვირუსის მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. იმუნური სისტემა უმეტესად უმკლავდება ვირუსს, თრგუნავს მის აქტივობას და ხელს უშლის კლინიკური სიმპტომების ჩამოყალიბებას. სიცოცხლის პირველ წელს ბავშვები იშვიათად ავადდებიან ჰერპესული ინფექციით - მათ დედისგან მიღებული იმუნიტეტი იცავს. 3-4 წლიდან კი ეს თავდაცვითი მექანიზმი აღარ მოქმედებს და ავად გახდომაც იოლია. ჰერპესი იქ ჩნდება, სადაც იმუნური სისტემა სუსტია, ამიტომ უმეტესად ის ხშირად მოავადე ბავშვებს სტუმრობს. იმუნურ სისტემას ასუსტებს გრიპი, სასუნთქი სისტემის სხვა ვირუსული ინფექციები, კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციები, გადახურება ან გადაცივება, ემოციური სტრესი.

- როგორ ხვდება ორგანიზში ვირუსი?

- ცნობილია ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის რამდენიმე გზა:

  • ჰაერწვეთოვანი - ცხვირცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს ინფიცირებული ადამიანი ნერწყვისა და ლორწოს უმცირეს წვეთებთან ერთად ვირუსსაც გამოყოფს, რომელსაც შემდეგ სხვა ჩაისუნთქავს;
  • კონტაქტური - ვირუსის შემცველი წვეთები ნივთებზე ილექება და შეხებისას კანზე ან ლორწოვანზე, იქიდან კი ორგანიზმში ხვდება;
  • თუ ორსულს ჰერპესი აქვს, შესაძლოა, ნაყოფიც დაინფიცირდეს.

ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი ნერვულ დაბოლოებებში სახლდება და მშვიდობიანად ცხოვრობს იქ, სანამ იმუნური სისტემა არ დასუსტდება. ამ შემთხვევაში ვირუსი ძალას იკრებს და პათოგენურ თვისებებს ამჟღავნებს. ვითარდება რეციდივი - გამწვავება. მარტივი ჰერპესის რეციდივი, წესისამებრ, გაცილებით ხანმოკლეა და მსუბუქი, ვიდრე დაავადების პირველი ეპიზოდი.

- რა ნიშნებით ვლინდება დაავადება?

- მარტივი ჰერპესი ტუჩების აყვავებით იწყება. გამონაყარს წინ უძღვის ქავილი, წვა, სუსტი ტკივილი. რამდენიმე საათში ჩნდება წვრილი ბუშტუკები. მათი შიგთავსი თავდაპირველად გამჭვირვალეა, 2-3 დღის შემდეგ კი იმღვრევა. ლორწოვან გარსზე ბუშტუკები რამდენიმე საათიდან 1-3 დღემდე რჩება, ხოლო კანზე - ერთ კვირამდე. ისინი თანდათან შრება, ხმება და ქერქით იფარება. ბოლოს ქერქიც ძვრება და ვარდისფერ ლაქას ტოვებს. ეს ლაქა უფრო მეტხანს რჩება, ვიდრე გამონაყარი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც გაივლის. ჰერპესის გამწვავების დროს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა უმეტესად უცვლელი რჩება, თუმცა გამორიცხული არ არის ტემპერატურის ზომიერი მომატება, დიარეა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

- გარდა ტუჩებისა, სად შეიძლება გაჩნდეს ჰერპესული გამონაყარი?

- ბუშტუკმა, ჩვეულებრივ, ერთსა და იმავე ადგილას იცის გამოსვლა - ჰერპესის ვირუსი ხომ ნერვულ ბოჭკოებში ბინადრობს, რომლებიც სხეულის განსაზღვრული უბნების ინერვაციას ახდენს. თუმცა ბავშვს შეუძლია, ბუშტუკის ხელით შეხებისას ინფექცია კანისა და ლორწოვანი გარსის სხვა ადგილებზეც გადაიტანოს. ჰერპესული გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ლოყებისა და ცხვირის ლორწოვანზე, თითებს შორის, სასქესო ორგანოებზე, განსაკუთრებით სახიფათოა თვალის დაზიანება - შესაძლოა, საქმე სიბრმავემდე მივიდეს. როცა იმუნური სისტემა ძალზე დასუსტებულია, ჰერპესული ბუშტუკების წარმოქმნასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს. ხშირად - 38 გრადუსამდეც კი. გამონაყარი ძლიერ მტკივნეულია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს ხშირად ემართებათ ჰერპესული სტომატიტი და ტონზილიტი, როდესაც ბუშტუკები არა მხოლოდ ლოყების შიგნითა ზედაპირზე, არამედ ნუშურა ჯირკვლებზეც ჩნდება. მათი გახეთქვის ადგილები წყლულდება.

- როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვს მდგომარეობა?

- თუ ბავშვი წუხს, ჭირვეულობს, უჭირს ჭამა:

  • წყლულებზე წააცხეთ ლიდოკაინის გელი;
  • ჭამამდე 30 წუთით ადრე მიეცით პარაცეტამოლი ასაკის შესაბამისი დოზით;
  • ნუ მისცემთ ხილს, ხილის წვენს, მომჟავო და გამაღიზიანებელ საკვებს.

- როგორ დავამარცხოთ დაავადება?

- ჰერპესული ინფექციის სამკურნალოდ იყენებენ ვირუსის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებებს, რომლებსაც ბავშვს ექიმი შეურჩევს ასაკისა და ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გააფრთხილეთ ბავშვი, არ აიგლიჯოს ქერქი - ღია წყლულებში ბაქტერიები შეიჭრება და ანთებას გამოიწვევს. თუ მაინც მოხდა ასე, მკურნალობაში რთავენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, კანს ამუშავებენ მწვანე ბრილიანტით, ლორწოვან გარსებს - ანტიმიკრობული ხსნარით. როცა დაავადება გაურთულებლად მიმდინარეობს, კანისა და ლორწოვანის დამუშავებაც საკმარისია. 7-14 დღეში ჰერპესი გაივლის. ჰერპესული სტომატიტისა და ტონზილიტის დროს შეშუპების მოსახსნელად უნიშნავენ ანტიალერგიულ პრეპარატებს. კანისა და ლორწოვანი გარსების სწრაფ აღდგენას ხელს უწყობს ზეთოვანი A და B ვიტამინების, ქაცვის ზეთის ადგილობრივი გამოყენება.

- სახიფათო ხომ არ არის ოჯახის წევრებისთვის ავადმყოფი?

- ოჯახის დანარჩენ წევრებს საფრთხე რომ არ შევუქმნათ, ჰერპესით დაავადებულმა, ბავშვი იქნება ის თუ მოზრდილი, ზედმიწევნით უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, ჭურჭელი, რომელსაც სხვები არ შეეხებიან. პროცედურების ჩატარების შემდეგ მომვლელმა კარგად უნდა დაიბანოს ხელები საპნით, რათა არც თავად გადაედოს ინფექცია და არც სხვებს გადასდოს.