ბავშვის ზრდა-განვითარების ეტაპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის ზრდა-განვითარების ეტაპები

  • მუცლადყოფნის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს ორგანოების, სისტემების მორფოგენეზი, ჩამოყალიბება, ინტენსიური და დიფერენცირებული ზრდის ფონზე თავს იჩენს ფორმისა და ზომის მნიშვნელოვანი ცვლილებები;
  • პოსტნატალური პერიოდი ანუ ბავშვობა - ზრდის პროცესები გრძელდება, სრულყოფას განიცდის ცალკეული ორგანოები და სისტემები, მათი ფუნქციები, თუმცა ეს პროცესები არათანაბრად, არაპროპორციულად მიმდინარეობს. მაგალითად, გულის მარცხენა ნაწილები მარჯვენაზე გაცილებით სწრაფად ვითარდება. შეინიშნება ასევე სხვადასხვა ასაკობრივ პერიოდში ცალკეული სისტემების არათანაბარი ზრდა. მაგალითად, პირველი ფიზიოლოგიური აჭიმვის პერიოდში, 5-6 წლის ასაკში, ფეხის ძვლების ზრდის სიჩქარე კუნთების განვითარებისას აჭარბებს. სწორედ ეს არის ამ პერიოდში ფეხების ტკივილის მიზეზი. ექიმმა კარგად უნდა იცოდეს ეს ყოველივე, რათა სწორად შეაფასოს ამა თუ იმ დაავადების კლინიკური გამოვლინება, ფიზიოლოგიური ნორმა და გადახრა, შეარჩიოს მკურნალობის ტაქტიკა.

ბავშვობა, თავის მხრივ, რამდენიმე პერიოდად იყოფა. ესენია:

  • ახალშობილობის პერიოდი - პირველი 3-4 კვირა;
  • ჩვილობის პერიოდი - 3-4 კვირიდან 1 წლამდე;
  • სკოლამდელი პერიოდი - 1-დან 3 წლამდე, 3-დან 6 წლამდე;
  • უმცროსი სასკოლო პერიოდი - 6-დან 11 წლამდე;
  • უფროსი სასკოლო პერიოდი - 12-დან 17-18 წლამდე.

ბავშვობის პერიოდებად დაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ექიმისთვის, ასევე ბავშვისთვისაც მისი ცხოვრების ადეკვატური რეჟიმის, კვების, აღზრდის, დაავადებათა პროფილაქტიკის კუთხით. ნაყოფისა და ახალშობილისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო (28-ე კვირიდან) და დაბადების შემდგომი პირველი 7 დღე. ეს პერიოდი დედისა და ნაყოფის ურთიერთობით არის სპეციფიკური. ამ პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობა საგანგაშოდ მაღალია და სიცოცხლის პირველი 40 წლის მანძილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელს უტოლდება. მომდევნო 21 დღე (მე-8-დან 28 დღის ჩათვლით) გვიანი ნეონატალური პერიოდია. ჯანმრთელი ახალშობილი ამ დროს უკვე სახლშია და უბნის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ პერიოდში არახელსაყრელმა ფაქტორებმა შესაძლოა შეაფერხოს ახალშობილის განვითარება. ეს, უპირველეს ყოვლისა, წონის მატებაზე აისახება. ბავშვის ორგანიზმს გარემოს მავნე ფაქტორებისადმი წინააღმდეგობის უნარი ჯერ კიდევ არ შესწევს. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისა და დედის, ასევე - ოჯახის დანარჩენი წევრების შეთანხმებული მოქმედება. ყურადღება უნდა მიაქციოთ დედის ლაქტაციის მდგომარეობას და ბავშვის აქტიურობას წოვისას, ძილისა და სიფხიზლის პერიოდების მონაცვლეობას, წონის მატებას, საზოგადოდ, ბავშვის აქტიურობას. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანალიზატორების ინტენსიური განვითარება, კერძოდ, მხედველობის, მოძრაობის კოორდინაციის განვითარების დასაწყისი, პირობითი რეფლექსების წარმოშობა, დედასთან ემოციური, მხედველობითი და ტაქტილური (შეხებითი) კონტაქტის არსებობა. დაახლოებით სამი კვირის ახალშობილთა უმრავლესობა იწყებს საპასუხო ურთიერთობას ღიმილითა და სიხარულის მიმიკით. ეს პირველი ემოციური, დადებითი კონტაქტი ბავშვის ფსიქოემოციური ცხოვრების დასაწყისად მიიჩნევა. ჩვილობის პერიოდი 29-ე დღიდან წლამდე გრძელდება. ამ პერიოდის თავისებურებაც დედისა და ჩვილის ურთიერთობაა. დედა ძუძუს აწოვებს შვილს და ამით მხოლოდ საკვებს კი არ აწვდის, არამედ მათ შორის მყარდება მჭიდრო ფიზიკური, ემოციური კონტაქტი. მიმდინარეობს ჩვილის ინტენსიური ფიზიკური, ნერვულ-ფსიქიკური, მოტორული, ინტელექტუალური განვითარება.


ფიზიკური განვითარების ტემპი მაქსიმალურია მე-2-დან მე-4 თვემდე. წლამდე ჩვილის სხეულის სიგრძე 50%-ით იმატებს, სხეულის მასა კი სამმაგდება. ზრდა-განვითარების ასეთ დაჩქარებულ ტემპს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაძლიერებული მიმდინარეობა უზრუნველყოფს. ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილება ამ ასაკში მოზრდილი ადამიანისას სამჯერ აღემატება. ბავშვს წონის თითოეულ კილოგრამზე გაცილებით მეტი საკვები სჭირდება, ვიდრე მოზრდილს (შედარებისთვის: ადამიანს სიცოცხლის მომდევნო პერიოდებშიც ასეთივე მოთხოვნილება რომ შეუნარჩუნდეს, ყოველდღიურად 10-12 ლ საკვები დასჭირდება). თუმცა ახალშობილის საჭმლის მომნელებელი ორგანოები ფუნქციურად ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული და სწორედ ამით აიხსნება ჩვილ ასაკში კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიხშირე. თვალში საცემია მოტორული, მოძრაობითი ფუნქციების განვითარება - სულ რამდენიმე თვეში უსუსური ახალშობილი დამოუკიდებლად მოსიარულე და მოთამაშე ადამიანად იქცევა.

- რა პრობლემებს აწყდებიან ჩვილის მშობლები ყველაზე ხშირად?

- წლამდე თავჩენილი პრობლემები უმთავრესად ორგანიზმის ფუნქციათა ჩამოუყალიბებლობას, მის ოპტიმალურ განვითარებასა და დაავადებებთან ბრძოლას უკავშირდება. უმთავრესი პრობლემაა რაციონალური კვება, რადგან ხუთი თვის ჩვილს დედის რძე აღარ ჰყოფნის, ამიტომ საჭიროა კვების სწორი კორექცია, დამატებითი კვების დროულად მიცემა. ამ ასაკში არაადეკვატურმა კვებამ შესაძლოა შეაფერხოს ფიზიკური, ნერვულ-ფსიქიკური და ინტელექტუალური განვითარება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა კვებითი ინგრედიენტების მიმართ ძვლოვანი ქსოვილი და სისხლის სისტემა. ნივთიერებათა ცვლის მაღალი ინტენსიურობით აიხსნება რაქიტი, რკინადეფიციტური ანემია და სხვა დაავადებები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის მომეტებული განვლადობით აიხსნება საკვები ალერგენების ნაწლავებიდან სისხლში ადვილად მოხვედრა. ასეთი კვებითი სენსიბილიზაცია კლინიკურად ხშირად გამოვლინდება ალერგიული დერმატიტით. 2-3 თვის შემდეგ ჩვილი კარგავს პასიურ იმუნიტეტს - დედის ორგანიზმიდან გადმოცემულ დამცავ ანტისხეულებს, საკუთარი იმუნური სისტემა კი ნელა ყალიბდება. ამიტომ პატარა ხშირად ხდება ავად. ამას ხელს უწყობს ანატომიურ-ფიზიოლოგიური აგებულების თავისებურებებიც: სასუნთქი გზების სივიწროვე, ფილტვის სინუსების უმწიფრობა და სხვა. ჩვილებში ხშირია ბრონქიტი და პნევმონია, შუა ყურის ანთება, ობსტრუქციული სინდრომი. ეს დაავადებებიც მძიმედ მიმდინარეობს.

- შესაძლებელია თუ არა, ჩვილი ავადმყოფობისგან დავიცვათ?

- იმუნიზაცია საამისოდ ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზაა. ის იცავს იმ დაავადებებისგან, რომლებიც ჩვილ ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება. იმუნიზაციამ ნაყოფი რომ გამოიღოს, აუცილებელია, მივდიოთ აცრების ეროვნულ კალენდარს - ბავშვს სრულყოფილად და დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი. ბავშვთა გეგმური იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითელას, წითურასა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას. თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, თუმცა ყველას ახასიათებს გვერდითი რეაქციები და აცრის შემდგომი გართულებების გარკვეული რისკი, მაგრამ ეს რისკი თვით დაავადებით გამოწვეულ საფრთხესთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს. დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სწორი კვება, გაკაჟება სხვადასხვა მეთოდით - მასაჟით, ვარჯიშით, წყლის პროცედურებით. უფროსებთან მუდმივი სიტყვიერი კონტაქტი კი ახალშობილის ნერვულ-ფსიქიკური განვითარების საუკეთესო საშუალებაა. არავითარ შემთხვევაში არ მოუჩლიქოთ ენა, უკითხეთ ძილის წინ ზღაპრები, უმღერეთ.

- როგორ დაახასიათებთ სკოლამდელ პერიოდს?

- სკოლამდელი პერიოდი მოიცავს ორ ასაკობრივ ჯგუფს: ბაგისას - 1-დან 3 წლამდე - და ბაღისას - 3-დან 6 წლამდე. 1 წლიდან ბავშვის ფიზიკური განვითარების ტემპი იკლებს, ხოლო ძირითადი ფიზიოლოგიური სისტემების სიმწიფის ხარისხი იმატებს. კუნთოვანი მასა ინტენსიურად იზრდება. მეორე წლის ბოლოს მთავრდება სარძევე კბილების ამოჭრა, მიმდინარეობს ცხვირ-ხახის ლიმფოიდური ქსოვილის (ნუშურა ჯირკვლების, ადენოიდების) ინტენსიური ფორმირება. ყალიბდება ტიპური მორფოლოგიური ტიპი - პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი სხეულის პროპორციები, მრგვალი ცილინდრული ტანი და კიდურები, სახის მრგვალი მოხაზულობა და არაღრმა რელიეფი. მოძრაობითი აქტიურობა ფართოვდება - ბავშვი სიარულიდან გადადის სირბილზე, ხოხვიდან ხტომაზე. მოძრაობითი აქტიურობა მაღალია, მაგრამ დაბალია მოძრაობათა კოორდინაცია და კონტროლი, ამიტომაც ამ ასაკში ხშირია ტრავმა. დაავადებათაგან ხშირია სასუნთქი სისტემის ინფექციები. ამავე პერიოდში ფორმირდება ალერგიული დაავადებების უმეტესობა, მათ შორის - ბრონქული ასთმა. ამასთანავე, ეს არის მეტყველების სწრაფი სრულყოფის ასაკი. ბავშვების უმრავლესობა 3 წლისთვის უკვე აგებს გრძელ, გრამატიკულად გამართულ წინადადებებს, მსჯელობს არგუმენტირებულად. ამავე პერიოდში იჩენს თავს ჭირვეულობა, სიმორცხვე, შიში, გაკვირვება-გაოცება, ფორმირებას იწყებს ბავშვის ინდივიდუალიზმი, ხასიათისა და საქციელის თავისებურებანი. უარყოფით ემოციებს თან სდევს ისტერიკა... ამდენად, ბავშვის სწორი აღზრდა თანდათანობით მისი მოვლის მთავარ ელემენტად იქცევა.