დღენაკლული ახალშობილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღენაკლული ახალშობილი

- სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით, ახალშობილთა 3-16%-ს დღენაკლული ბავშვები შეადგენენ. მათ წილად მოდის პერინატალური სიკვდილიანობის 60%. ნეონატალურ პერიოდში დღენაკლულ ბავშვთა სიკვდილიანობა დროულ ბავშვთა სიკვდილიანობას 20-30-ჯერ აღემატება. ნაადრევად დაბადებულ ბავშვთა ასფიქსია, ბილირუბინული ინტოქსიკაცია უფრო ხშირია, დიდია ინვალიდობის პროცენტული მაჩვენებელიც.

დღენაკლულობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაც არის. დღენაკლულ ბავშვთა განვითარების მანკი 10-ჯერ უფრო ხშირია.

დღენაკლულ ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად იქმნება სპეციალური სამშობიარო სახლები ნაადრევად მშობიარეთათვის და სპეციალური განყოფილებები დღენაკლულ ბავშვთა გამოსაზრდელად მკურნალობის მეორე ეტაპზე.

- როდის ითვლება ახალშობილი დღენაკლულად?

- დღენაკლულს უწოდებენ ორსულობის მე-40 კვირას დაბადებულ ახალშობილს, რომლის სხეულის მასაა 1000-2500 გრამი, ხოლო სიგრძე - 35-40სმ. თუ ახალშობილის სხეულის მასა 1000გ-ზე ნაკლებია, სიგრძე კი - 35 სმ-ზე ნაკლები, ასეთი შემთხვევა ითვლება გვიან აბორტად.

დღენაკლული ბავშვი დროულისგან განსხვავდება მორფოლოგიური და ფუნქციური ნიშნებით, რომელთა საფუძველი ძირითადად ბავშვის უმწიფრობაა.

სხეულის მასის მიხედვით დღენაკლულ ახალშობილებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:

I ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1000-1500გ;

II ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 1501-2000გ;

III ჯგუფი - დაბადებისას სხეულის მასაა 2001-2500გ.

- რა იწვევს დღენაკლული ბავშვის დაბადებას?

- ნაადრევად მშობიარობენ 18 წლამდე ან 35 წელზე მეტი ასაკის, ასევე - დაბალი ტანის ქალები. ხშირად ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ორსულთა ტოქსიკოზი, განსაკუთრებით - ნეფროპათია, აგრეთვე - სომატური დაავადებები: ჰიპერტონიული დაავადება, რევმატიზმი, გულის მანკი, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი; გრიპი და მწვავე რესპირაციული დაავადებები; ქრონიკული ინფექციები: ციტომეგალია, ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ათაშანგი, ლისტერიოზი, ბრუცელოზი.

ორსულობის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს სტრესი, პროფესიული დაავადებები, ალკოჰოლი, თამბაქო, ფიზიკური ტრავმა.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონულ დარღვევებსაც, განსაკუთრებით - საკვერცხის ფუნქციურ უკმარისობას და თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციას.

ნაადრევი მშობიარობის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ხელოვნური აბორტი.

დღენაკლულობის გავრცელებული მიზეზია ნაყოფის გენეტიკური და ქრომოსომული დაავადებები, მისი მდებარეობის თავისებურებები. მენჯით წინამდებარეობის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. ნაადრევ მშობიარობას იწვევს მრავალწყლიანობაც.

ასევე ვერ უგულებელვყოფთ სოციალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებს, მოსახლეობის კულტურის დონეს. უქმრო ქალები ნაადრევად ორჯერ უფრო ხშირად მშობიარობენ. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კლიმატურ პირობებსა და წელიწადის დროსაც კი - შემჩნეულია, რომ დღენაკლული ბავშვები უმეტესად ზამთრობით და გაზაფხულობით იბადებიან.

- აქვს თუ არა დღენაკლულ ახალშობილს დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები?

- დროული ახალშობილისგან დღენაკლულის განსხვავება თვალშისაცემია: მას აქვს შედარებით დიდი ზომის თავი, მოკლე ფეხები, განლეული ცხიმოვანი შრე, რბილი და მოქნილი ძვლები; ყურის ნიჟარები მჭიდროდ არის მიბჯენილი ქალას ძვლებს, რაც ნიჟარის ხრტილთა უმწიფრობაზე მიუთითებს; ბიჭებს სათესლე ჯირკვლები არ აქვთ ჩამოსული სათესლე პარკში, გოგონებს კი დიდი სასირცხო ბაგეები მცირეს ვერ უფარავს.

გარეგნულ ნიშნებთან ერთად დღენაკლულებს გამოარჩევს ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობა.

- რით გამოიხატება ორგანოთა და სისტემათა უმწიფრობა?

- ბავშვის ორგანიზმის გარემოსთან შეგუება ძირითადად ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დღენაკლული ბავშვის ორგანიზმში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული თავის ტვინის ქერქისა და ქერქოვანი ცენტრების დიფერენცირება. უპირატესობა ენიჭება ქერქქვეშა მოქმედებებს - მოსვენებისას ხელისა და ფეხის არაკოორდინირებულ, უწესრიგო, ქაოსურ მოძრაობებს. აღინიშნება ადინამია, საერთო სისუსტე, წამოკნავლებისებური ტირილი, წოვის რეფლექსი შესუსტებულია ან საერთოდ არ არის.

ნერვული სისტემის უმწიფრობა, მისი მარეგულირებელი სისტემის არასრულფასოვნება, მოქმედებს სხვა სისტემებისა და ორგანოების ფუნქციებზე.

დღენაკლული ბავშვის ფილტვები ღარიბია ელასტიკური ბოჭკოებით, რომლებიც განაპირობებს სუნთქვისას ფილტვის ქსოვილის გაშლა-შეკუმშვას. ამის გამო ბავშვს შესაძლოა დიდხანს დარჩეს ფილტვის ქსოვილის გაუშლელი უბნები - ატელ¬ექტაზი.

ფილტვის არასრული გაშლა და ზერელე სუნთქვა კომპენსირდება სუნთქვის გახშირებით. მაჯისცემის სიხშირე საკმაოდ მერყეობს.

სისხლძარღვთა მომატებული განვლადობის გამო ორგანიზმი მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, ჟანგბადოვანი შიმშილის დროს სისხლძარღვთა განვლადობა კიდევ უფრო იმატებს.

დღენაკლულ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სხეულის ქვედა სეგმენტებში სისხლის შეგუბება, რაც ვლინდება აკროციანოზით - ტერფებისა და მტევნების მოლურჯო შეფერილობით.

პირის ღრუს სიმცირის გამო ენა მთლიანად ავსებს მას. ბავშვი მიდრეკილია წამოქაფებისკენ. ღვიძლი დიდი ზომისაა და თითქმის მთლიანად ფარავს კუჭს. ფიზიოლოგიური სიყვითლე ხანგრძლივდება. თირ¬კმელები არასრულად არის დიფერენცირებული. პირველ დღეებში შარდვა იშვიათია, შარდის ოდენობა - მცირე, შემდეგ კი თანდათან იმატებს. პირველ დღეს შარდი უფერულია, ხოლო მე-2-3 დღიდან - ინტენსიური ყვითელი შეფერილობისა. წყლისა და მინერალური ცვლა ლაბილურია. ბავშვი მიდრეკილია როგორც შეშუპების, ისე გაუწყლოებისკენ. შეშუპების ერთ-ერთი საშიში გამოვლინება, სკლ¬ერედემა, უმეტესად ღრმა დღენაკლულობისას ვლინდება.

არასრულფასოვანია თერმორეგულაცია. ბავშვები ადვილად გადაცივდებიან და გადახურდებიან, მათი სხეულის ტემპერატურა ძირითადად გარემოს ტემპერატურით განისაზღვრება, ამიტომ ოთახში უნდა იყოს სტაბილური ტემპერატურა არანაკლებ 22 გრადუსისა.


 

 - განსხვავდება თუ არა დღენაკლული ბავშვი დროული ახალშობილისგან ფსიქომოტორული განვითარებით?

- დღენაკლულ ბავშვთა ფიზიკურ და ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას ახასიათებს თავისებურებები, რომლებიც მათ დროული ბავშვებისგან განასხვავებს.

ჯანმრთელ დღენაკლულ ბავშვებს სიცოცხლის პირველ წელს ახასიათებთ ფიზიკური განვითარების მაღალი ტემპი, რომლის ძირითადი მაჩვენებლები დროული ბავშვებისას აღემატება. რაც უფრო ნაკლებია დაბადებისას სხეულის მასა, მით უფრო ინტენსიურია მისი მატება სიცოცხლის პირველ წელს. დროული ბავშვის სხეულის მასა 4-5 თვის ასაკში ორმაგდება, დღენაკლულისა კი 2-3 თვის ასაკში. სამაგიეროდ, შედარებით ნელა ხდება კბილების ამოჭრა. ამას უშუალო კავშირი აქვს ჩვილის ორგანიზმის ფუნქციურ უმწიფრობასთან. რაც უფრო უმწიფარია ბავშვი, მით უფრო გვიან ამოეჭრება კბილები.

თითქმის ყველა დღენაკლული ბავშვი გვიან იჭერს თავს, გვიანვე იღიმება, ჯდება, იდგამს ფეხს, ცნობს დედას, იდგამს ენას...

- როგორ კვებავენ დღენაკლულს?

- დღენაკლული ბავშვის კვება რთული ამოცანაა: ერთი მხრივ, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიასა და საკვებს ითხოვს, მეორე მხრივ კი დაქვეითებულია საკვებისადმი შეგუება, რაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტული უმწიფრობის ბრალია.

დღენაკლული ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია დედის რძე. მხოლოდ ბუნებრივ კვებას შეუძლია უზრუნველყოს მისი ნორმალური განვითარება.

პირველ დღეებში ბავშვს თითო კვებაზე აძლევენ მინიმალური ოდენობის - 5-10 მლ - რძეს, შემდეგ ულუფას თანდათან ზრდიან.

დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების მიწოდების გზას. წოვის სუსტი რეფლექსის ან ყლაპვის რეფლექსის არარსებობის შემთხვევაში ახალშობილს საკვები უნდა მიეწოდოს ზონდით, რომელსაც კუჭში 2-3 დღით უტოვებენ და შემდეგ ცვლიან. მიღებულია 7-ჯერადი კვება სამსაათიანი ინტერვალით და ღამის ექვსსაათიანი შესვენებით.

წამოქაფებისა და ღებინების შემთხვევაში შესაძლებელია კვებათა შორის ორსაათიანი ინტერვალის დაცვა. კვების ასეთი რეჟიმი უზრუნველყოფს დღენაკლულის მაქსიმალურ მოსვენებასა და საკვების ფიზიოლოგიურ ათვისებას.

ნაადრევი მშობიარობის დროს დედას ხშირად უვითარდება ჰიპოგალაქტია (რძის შემცირება) ან აგალაქტია (რძის არარსებობა). ასეთ დროს ბავშვი, ბუნებრივია, შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე გადაგვყავს. რეჟიმი იგივე რჩება, ოღონდ დედის რძესთან ერთად ან მის ნაცვლად ახალშობილს ეძლევა ადაპტირებული რძემჟავა ნარევები.

- რას ურჩევდით დღე¬ნაკლული ბავშვის მშობ¬ლებს?

- ნაადრევად დაბადებული ბავშვის გაზრდა მრავალ სირთ¬ულესთან არის დაკავშირებული. ორგანიზმის უმწიფრობის გამო პატარები მიდრეკილნი არიან დაავადებებისადმი, ხშირად ავადმყოფობენ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას, დღის რეჟიმის დაცვას, მოვლის განსაკუთრებულ წესებს. მშობლებს მხარში უნდა ამოუდგნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. ბავშვს სჭირდება მყუდრო გარემო, უნდა ვარიდოთ ხმაურს, უცხო პირებთან კონტაქტს.

სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ, სადაც დღენაკლულ ბავშვებს კიუვეზში ჟანგბადის, ტემპერატურის, ტენიანობის სპეციალურ რეჟიმში ათავსებენ, პატარას სახლშიც უნდა შეუქმნათ შესაბამისი გარემო. ამაში კი დაგეხმარებათ ბავშვის პირადი პედიატრი, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა იქონიოთ. შეუთანხმეთ მას ნებისმიერი საკითხი და ერთად მოაგვარეთ პრობლემები.