როგორ მივეჩვიოთ საბავშვო ბაღს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მივეჩვიოთ საბავშვო ბაღს

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ საბავშვო ბაღთან ბავშვის შეგუება და იქ სიარულის მოთხოვნილება პედაგოგზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, აღმზრდელის პიროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაღთან, ახალ გარემოსთან ბავშვის ადაპტაცია მშობლებზეც არის დამოკიდებული. ადაპტაციის პროცესი კი სასწავლო წლის დაწყებამდე, სულ ცოტა, 6 თვით ადრე უნდა დაიწყოს.

რა საჭიროა ასე ადრე თადარიგის დაჭერა?

ბავშვები საბავშვო ბაღში სხვადასხვა ასაკში მიდიან. რაც უფრო დიდია ბავშვი, უფრო მით მეტია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ არსებობს ასაკობრივი თავისებურებები, რაც ამა თუ იმ ასაკში ბავშვის ადაპტაციის პროცესზე არსებით გავლენას ახდენს. თუ ბავშვი პატარაა, პრობლემას წარმოადგენს მის მიერ საკუთარი თავის მომსახურებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვი ფსიქოლოგიურად სცილდება დედას, შეიცნობს საკუთარ "მეს". დედა ბავშვისთვის მთავარი მცველია, ნებისმიერი უსიამოვნების დროს ბავშვი მისკენ გარბის, რაც უნდა შეემთხვეს, დედა იქვე გაჩნდება. სხვაგვარად არის საქმე ბაღში: სტრესი, ახალი გარემო, ბევრი ბავშვი... და პატარას საკუთარი "მე" ქვეყნიერების ჭიპი აღარ არის. იქ სათამაშო წაართვეს, აქ რაღაც აუკრძალეს, ქოთანზე დაჯდომა მოსთხოვეს, - დედა კი არ ჩანს! ბავშვის ფსიქიკა ამისთვის მზად არ არის. გადის ორიოდე თვე და პატარა ავად ხდება. შესაძლოა, ტიკებიც კი დაემართოს... სამ წელს გადაცილებულ ბავშვებთან პრობლემა, ერთი შეხედვით, ნაკლებია. დედისაგან მოცილების ფსიქოლოგიური პროცესი დასრულებულია, აქტიურად ფორმირდება დამცველობითი მექანიზმები. რაც მთავარია, ბავშვს შეუძლია მოჰყვეს, რა ხდება შინ თუ გარეთ. თუმცა არც ეს ასაკია მთლად "მშვიდობიანი" - იწყება 3 წლის ასაკის კრიზისი. ბავშვს ვეღარ იცნობთ - თავს იჩენს ნეგატივიზმი, ურჩობა, ზოგჯერ - საკუთარ თავთან კონფლიქტიც კი. ამ ასაკის ბავშვი ბაღში ან სხვის ცემას ცდილობს, ან მისკენ იწევენ. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემები თავზე საყრელადაა.

მაინც როდის ჯობს ბავშვის ბაღში მიყვანა?

ნებისმიერ ასაკში გადამწყვეტი როლი ენიჭება ფსიქოლოგიურ მომზადებას და თუ ის სათანადოდ ჩატარდა, პატარა ნებისმიერ ასაკში მინიმალური დანაკარგით ჩაეწერება ახალ სოციუმში. განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს საბავშვო ბაღში ადაპტაციის პროცესზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბავშვო ბაღის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ მას ბავშვი ადრევე მიეჩვევა. არსებული რეჟიმის კორექცია ნელ-ნელა უნდა მოხდეს, ყოველ 2-3 დღეში 5-წუთიანი ცვლილებებით.  კვებისა და ძილის რეჟიმი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს ნერვული სისტემის სტაბილურობას განაპირობებს. მეორე ფაქტორია საზღვრები, აკრძალვები, სასჯელი. რასაკვირველია, ოჯახში გაცილებით მეტი რამაა ნებადართული, ვიდრე საბავშვო ბაღში, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც ბავშვმა თანდათან უნდა შეითვისოს. მაგალითად, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ხელებს ვიბანთ, მივირთმევთ მხოლოდ სუფრასთან, თამაშის შემდეგ სათამაშოს ადგილზე ვაბრუნებთ, ფეხსაცმელებს შემოსასვლელში თავის ადგილას ვაწყობთ... ასეთი პატარ-პატარა წესები პატარა ბავშვს შეუმჩნევლად ამზადებენ იმ უამრავი აკრძალვისთვის, რომლებთანაც შეხება გარდაუვალია. მესამე ფაქტორია დედასთან განშორების უნარი. ის თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს. დედა (თუ არ მუშაობს) თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით უნდა გავიდეს შინიდან და დატოვოს პატარა. აუცილებელია ჩამოყალიბდეს გაცილების რიტუალი, ხოლო ბავშვმა ირწმუნოს, რომ დედა დათქმულ დროს დაბრუნდება. პატარა ბავშვებს არ გააჩნიათ დროის შეგრძნება, საათი მათთვის არაფრისმთქმელია, ამიტომ ბავშვს დაბრუნების დრო ქმედებების მიხედვით უნდა ავუხსნათ: "მოვალ, როცა ფაფას შეჭამ; მოვალ, როცა დაღამდება..." - და ა.შ. თუ ბავშვი ისეა მიჩვეული დედასთან ერთად ყოფნას, რომ განშორება ძალიან უჭირს, თავდაპირველად ის ოთახში უნდა დავტოვოთ მარტო, შემდეგ პურზე წავიდეთ და განშორების ხანგრძლივობა ასე, თანდათან გავზარდოთ. მეოთხე ფაქტორი საკუთარი თავის მომსახურების ჩვევებია. 1-3 წლის ასაკში ბავშვებს აქვთ სენსორომოტორული ინტელექტი - ისინი მოძრაობის მეშვეობით აზროვნებენ. შესაბამისად, მათში დომინირებს მოძრაობითი და ემოციური მეხსიერება. ბავშვი სწრაფად სწავლობს კოვზისა და ჭიქის გამოყენებას, სკამზე აცოცებას. ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრმა შესაძლოა გაიფიქროს: "ეს ჩემს შვილს არ ეხება!" სინამდვილეში ეს ეხება ყველა ბავშვს. უბრალოდ, საკითხავია, აძლევთ თუ არა ბავშვს ამ ჩვევების განმტკიცების საშუალებას ანუ უფლებას, დამოუკიდებლად აძვრეს სკამზე ან ჩამოცოცდეს იქიდან, დამოუკიდებლად ჭამოს და სადილის ნახევარი მაგიდაზე დაღვაროს... იგივე შეიძლება ითქვას ჩაცმის შესახებაც: მოხერხებული შორტებისა და ფართოყელიანი მაისურის წყალობით ბავშვი ჩაცმას მალე ისწავლის. მეხუთე ფაქტორია ფსიქოლოგიური დაცვის ფორმირება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის; როდის გრძნობენ პატარები მშობლების მხარდაჭერას და როდის უწევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. როგორც ხვდებით, ეს ფაქტორები ერთ დღეში ან ერთ კვირაში არ ყალიბდება. ბავშვის ფსიქიკის ტრავმირების თავიდან ასაცილებლად მომზადების პროცესი ხანგრძლივი, ბუნებრივი და მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.