როცა ოჯახში ორი პატარაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ოჯახში ორი პატარაა

ეს სათამაშოები აუცილებელია წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის. ბავშვებს ისინი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ჯერ მეტისმეტად პატარები არიან საიმისოდ, რომ მათი მეშვეობით დამოუკიდებლად ითამაშონ. როგორც კი უფროს ბავშვს საღებავს, პლასტილინს თუ მოზაიკას მისცემთ, მოცოცდება უმცროსი და ამ ყველაფერს შეჭმას დაუპირებს. ყოველ შემთხვევაში, გემოს მაინც გაუსინჯავს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება უფროსი ბავშვის სამუშაო ადგილი ისე მოვაწყოთ, რომ პატარასთვის მიუწვდომელი იყოს ან ამ დროს უმცროსი რამით გავართოთ. სხვათა შორის, ერთი წლიდან პატარასთან ერთადაც შეიძლება ხატვა სპეციალური თითების საღებავებით და ძერწვა ჩვეულებრივი ფქვილისგან მომზადებული ცომით. საბედნიეროდ, პრობლემა დიდხანს არ გრძელდება, ბავშვების ინტერესები მალე ერთიანდება და ისინი ერთად იწყებენ თამაშს. თავდაპირველად არც წიგნების ერთობლივი კითხვაა ადვილი - უფროს ბავშვს ზღაპრის მოსმენა სურს, უმცროსი კი ცდილობს, წიგნი დახიოს და ფურცელი პირში ჩაიდოს. პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება შევიძინოთ წიგნი, რომელსაც მუყაოს ფურცლები აქვს. მის დახევას ბავშვი ვერ მოახერხებს. როცა პატარები წამოიზრდებიან, დავის საგანი ზღაპრის არჩევანია - უფროსს ერთის წაკითხვა სურს, უმცროსს - მეორისა. ამ დროს აუცილებელია, დავაწესოთ გარკვეული რიგითობა: არჩევანის უფლება ერთ დღეს ერთ ბავშვს მივცეთ, მეორე დღეს - მეორეს. კიდევ ერთი პრობლემა სათამაშოა. თუნდაც უფროსი ბავშვის სათამაშო არც უმცროსისთვის იყოს შეუფერებელი ზომით თუ რაიმე სხვა მახასიათებლით, მისი მეშვეობით თამაში სხვადასხვა ასაკის პატარებს სხვადასხვაგვარად სურთ. უფროსი კუბებისგან აშენებს კოშკს, პატარა მას ანგრევს, უფროსი მანქანას “მიაქროლებს”, პატარას კი სურს, ხელში აიღოს და ამ დროს რაიმეს მოამტვრევს ხოლმე. გარდაუვალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შეიძლება მოვიფიქროთ სიუჟეტური თამაშები ორივე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მაგალითად:

  • ვაშენებთ კოშკებს და მერე - “ბუხ!” - ვანგრევთ, თან მხიარულად ვიცინით - ჩვენი მიზანია არა შენება ან ნგრევა, არამედ ერთობლივი მხიარულება.
  • დედა აშენებს კოშკს რბილი კუბებისგან, პატარები კი მას ბურთებს ესვრიან და ანგრევენ. ამ დროს მიზანში სროლის ჩვევის გამომუშავებაც ხდება.
  • უფროსი ბავშვი აწყობს მანქანას თავისთვის, თქვენ კი უმცროსისთვის. თუ უმცროსმა თქვენი აწყობილი მანქანა დაშალა, თქვენ არ გეწყინებათ.

მიუხედავად ამისა, სანამ პატარა ბავშვი არ გახდება თანაბარუფლებიანი პარტნიორი თამაშის დროს, დედა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იქნება: ერთად თამაშიც ძნელია და ბავშვების განცალკევებაც. ერთადერთი ხსნა მოძრავი და როლური თამაშებია. ამავე დროს, როგორც არ უნდა მოსწონდეთ ბავშვებს მოძრავი თამაშები, მათი ერთად უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება. უფროსი ჯერ მეტისმეტად პატარაა იმისთვის, რომ განსაზღვროს თავისი ქმედებების შედეგი და საფრთხე, გაითვალისწინოს საკუთარი მასა და ძალა. პატარა ბავშვების დედები აღწერენ რეალურ შემთხვევებს, როცა:

  • უმცროსი იწყებდა ფორთხვას, ხოლო უფროსი მის ზურგზე დაჯდომას ცდილობდა;
  • უფროსი ძვრებოდა უმცროსის მანეჟში ან საწოლში და ცდილობდა, პატარას იქიდან ამოძრომაში “დახმარებოდა”;
  • უმცროსი ცდილობდა უფროსის ქმედებათა გამეორებას.

მოზრდილ ადამიანს არასოდეს მოუვა აზრად ის, რასაც 2-3 წლის ბავშვი მოიფიქრებს, ამიტომ საყვედურებს აზრი არ აქვს, პატარა მაინც ვერ მიხვდება მათ არსს. მშობელს ისღა დარჩენია, უბრალოდ არ მოადუნოს ყურადღება, რათა არ დაუშვას ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში ქმედებები. როცა უმცროსი შვილი 3 წლის გახდება, დედას მიეცემა საშუალება, მშვიდად უცქიროს შორიდან შვილების თამაშს, მაგრამ მანამდე მან ყველა საქმე უნდა გადადოს და ყურადღება არ მოადუნოს.

დახმარება და დამხმარეები

ზემოთ იმ სირთულეებზე ვისაუბრეთ, რომელთა პირისპირ აღმოჩნდება ხოლმე ორი პატარა ბავშვის დედა. ახლა შევეცდებით, გამოსავლის პოვნაში დაგეხმაროთ. როგორც არ უნდა ემზადებოდეთ მეორე შვილის დაბადებისთვის, ფაქტია, მისი დაბადების შემდეგ გაცილებით მეტი სირთულე იჩენს თავს, ვიდრე ელოდით. ვიდრე ერთი შვილი გყავთ, ვერაფრით წარმოიდგენთ, როგორ ჩხავის ორივე პატარა, როგორ ითხოვს ორივე მათგანი ყურადღებას, როგორ სურთ, ერთდროულად დაისაკუთრონ დედა და რა ემოცია დაგეუფლებათ, როცა ამ მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, ამიტომ საუკეთესო რჩევაა, არ თქვათ უარი ახლობლების დახმარებაზე (რასაკვირველია, მაშინ, როცა მას გთავაზობენ) და დათანხმდეთ, რა ძვირფასიც არ უნდა იყოს თქვენთვის დამოუკიდებლობა. თუ დედა მოახერხებს, ყველა სხვა საქმეზე უარი თქვას, ერთი შვილის მოვლა შესაძლოა სულაც არ იყოს რთული. რთულ პერიოდში (პატარას ავადმყოფობა, ასაკობრივი კრიზისი) დედას შეუძლია, უარი თქვას ჭამაზე, ძილზე, დაივიწყოს ჰობი და თავის მოვლა. სხვაგვარადაა საქმე ორი შვილის შემთხვევაში - ორივე მათგანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დედას უბრალოდ რესურსი არ ეყოფა, ვინაიდან როცა ერთს ჭამა უნდა, მეორე სეირნობას ითხოვს, ერთი იძინებს, მეორე კი თამაშს იწყებს. ვიდრე ამ ყველაფერს მიეჩვევით და კომპრომისს იპოვით, დრო გავა, პირველ ხანებში კი, თუ დედა მარტოა, გარდაუვალია პატარების ჭირვეულობა და ისტერიკა. ეს აუცილებლად უნდა გააგებინოთ ოჯახის ყველა წევრს. დახმარება სხვადასხვაგვარია. პირველ წელს ბავშვების მარტო მოვლა საკმაოდ ძნელია და თუ ვინმე გეყოლებათ გვერდით, ალბათ ესეც შეიძლება დახმარებად აღიქვათ. ერთ-ერთი (უმეტესად - უფროსი) ბავშვის ერთი-ორი დღით ბებიასთან გაგზავნა, მართალია, მცირე ხნით გაგიადვილებთ ჯაფას, მაგრამ არ არის გამორიცხული, ამან ბავშვის ეჭვიანობის პროვოცირება მოახდინოს. გარდა ამისა, როცა უფროსი დაბრუნდება, ხელახლა გახდება საჭირო რეჟიმის მოწესრიგება. ეს ბუნებრივია - ბებიას ხომ სხვა რეჟიმი, სხვა წესები და, რაც მთავარია, ბავშვისადმი სხვა დამოკიდებულება აქვს.


საბავშვო ბაღი

ფაქტობრივად, იმავე მიზეზით დედას სულაც ვერ უადვილებს ცხოვრებას უფროსი შვილის საბავშვო ბაღში მიყვანა. ბევრს ჰგონია, რომ როცა პატარა გაჩნდება, უფროსი უკვე მთელ დღეს სახლის გარეთ - ბაღში გაატარებს. სამწუხაროდ, პრობლემისადმი ასეთ მიდგომასაც აქვს მინუსები.

  • ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სამ წელზე მცირე ასაკის ბავშვი არ არის მზად, უდედოდ გაატაროს რამდენიმე საათი. მათი აზრით, კოლექტივთან ურთიერთობის დასაწყებად საუკეთესო ასაკი 4-5 წელია.
  • ძმის ან დის დაბადება უფროსი შვილისთვის ისედაც ძლიერი სტრესია. დამატებითმა სტრესმა, რომელიც მას თავს დაატყდება ახალ მეგობრებთან, ახალ გარემოსთან შეჩვევისას, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის ჯანმრთელობაზე.
  • საბავშვო ბაღთან ადაპტაცია თითქმის ყოველთვის ავადმყოფობასთან არის დაკავშირებული. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ბავშვი ხვდება სხვა ბავშვებს, რაც ზრდის ინფიცირების რისკს; ახალ გარემოსთან შეხებით გამოწვეულ სტრესზე რეაგირებს იმუნური სისტემა. მალე ბავშვი მიხვდება, რომ ავადმყოფობისას მას შინ დარჩენის საშუალება ეძლევა და არ არის გამორიცხული, ამის გამო ავადმყოფობა შეიყვაროს. ამავე დროს, უფროსი ბავშვი ინფექციის წყარო ხდება უმცროსისთვის, რომლისთვისაც ავადმყოფობა ჯერ “ადრეა”.
  • თუ ბავშვს ბაღში მიიყვანთ, შინ ყოფნის დღეებში მისი რეჟიმი მხოლოდ უმცროსისა და ოჯახის ინტერესებს კი უნდა ითვალისწინებდეს, არამედ ბაღის რეჟიმსაც უნდა შეესაბამებოდეს. კიდევ ერთი პრობლემაა უფროსის ბაღში მიყვანა და იქიდან წამოყვანა.
  • საღამოს, შინ დაბრუნებისას, უფროსი შვილი აუცილებლად შეეცდება, დედისგან ის ყურადღება მიიღოს, რომელიც დღის განმავლობაში დააკლდა. ის გამუდმებით დაგისვამთ კითხვებს, მოგთხოვთ რამეს, თითქოს თქვენს მოთმინებას ცდისო, რათა მიიღოს პასუხი კითხვაზე: “ნეტავ დედას ისევ ძველებურად ვუყვარვარ?” შედეგად ბავშვს შესაძლოა დაერღვეს ძილი, საღამოს არ ისურვოს დაძინება, ღამღამობით იტიროს, დილაობით კი იწუწუნოს, რომ ბაღში წასვლა არ უნდა. ეს შესაძლოა მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს ავადმყოფობის შემდეგ.

როცა საბავშვო ბაღის დადებით და უარყოფით მხარეებს აწონ-დაწონით, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება ბავშვის შინ აღზრდის სასარგებლოდ მიიღოთ.

ძიძები და ბებიები

დაფიქრდით იმაზე, რა სახის დახმარება გჭირდებათ. თუ დროის უმეტეს ნაწილს ბავშვებთან მარტო ატარებთ, ნამდვილად არ იქნება ურიგო, ვინმემ საოჯახო საქმე შეგიმსუბუქოთ. რეკომენდებულია, დამხმარეებს სწორედ ამ სახის თანადგომა სთხოვოთ. მათ შეუძლიათ:

  • მოგიმზადონ ნახევარფაბრიკატი, რომლისგანაც შემდეგ სწრაფად და ადვილად მოამზადებთ კერძს, მაგალითად, კატლეტი, გუფთა, ტოლმა, გაგირეცხონ და დაგიჭრან მწვანილი;
  • მოგიტანონ პროდუქტები;
  • გაასეირნონ ერთ-ერთი ბავშვი;
  • გაფინონ ან ჩამოხსნან სარეცხი, დაალაგონ და დააუთოონ ის;
  • დროდადრო გააკეთონ სადილი;
  • დაალაგონ ბინა;
  • მოგცენ გამოძინების საშუალება.

თუ ახლობლების დახმარების იმედი არ გაქვთ, თანაც გრძნობთ, რომ საქმეს ვეღარ აუდიხართ, შეიძლება დამხმარეზე იფიქროთ. არ არის აუცილებელი, ის მთელი დღე იყოს თქვენს ოჯახში (მით უმეტეს, თუ ეს თქვენთვის მატერიალური თვალსაზრისით არახელსაყრელია) - ის შეიძლება მოდიოდეს დღეში რამდენიმე საათით ან კვირაში ორ-სამჯერ. დროთა განმავლობაში, როცა პრობლემები შემცირდება, შესაძლოა დამხმარე აღარც კი დაგჭირდეთ. ურიგო არ იქნება, ასეთი დამხმარე მეორე პატარას დაბადებამდე გყავდეთ შერჩეული. სასურველია, უფროს შვილს მასთან უკვე ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ დამხმარეებზე, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ოჯახში მთავარი დამხმარე მაინც მამაა. მის მოვალეობათა გაფართოება ჯერ კიდევ მეორე შვილის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. მაგალითად, თუ გეგმავთ, უფროსი შვილის დაძინების ფუნქცია მეორის გაჩენის შემდეგ მამას დააკისროთ, ჯობს, ის ამ მისიას ჩვილის დაბადებამდე ორიოდე თვით ადრე შეუდგეს, რომ უფროს შვილს უჩვეულო მოვლენები ერთბაშად არ დაატყდეს თავს, რაც მთავარია, სხვა ცვლილებები უმცროსი დის ან ძმის დაბადებასთან არ იყოს დაკავშირებული.

რამდენად ოპტიმალურია ოპტიმალური შუალედი

გავრცელებული აზრის თანახმად, პირველი შვილის გაჩენიდან მეორის გაჩენამდე ოპტიმალური შუალედი 2- 3 წელია. რასაკვირველია, ეს არც ისე ცოტაა, როგორც 1-1,5 წელი, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ასეთი ასაკობრივი სხვაობისას სირთულე არ გექნებათ. უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ 2,5 წლამდე უფროს შვილს ნამდვილად არ ექნება უნარი, დიდი ხნის განმავლობაში დამოუკიდებლად გაირთოს თავი და უდედოდ ყოფნისა არ შეეშინდეს. ამ ასაკის ბავშვის მეტყველება ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ჩამოყალიბებული, შეუძლებელია მასთან ისე საუბარი, როგორც მოზრდილთან, რაიმე საკითხზე მოლაპარაკება, შეთანხმება. მაგალითად, ფრაზა “ნახევარი საათით დაჯექი, წიგნი დაათვალიერე, სანამ მე შენს ძმას დავაძინებ, მერე კი, სანამ ის იძინებს, ერთად ვითამაშოთ” ამ ასაკის ბავშვისთვის არაფრის მთქმელია. მიზეზი მარტივია - პატარა ვერ გრძნობს დროს, უდედოდ გატარებული ხუთი წუთი მისთვის ისევე ბევრია, როგორიც ათი საათი. მოსალოდნელი ცვლილებებისთვის მისი მომზადებაც შეუძლებელია - დედის ორსულობის პერიოდში ის საკმაოდ პატარა იქნება საიმისოდ, რომ რამეზე სერიოზულად დაელაპარაკოთ. ბოლო დროს ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დისციპლინას ბავშვი სამი წლის ასაკისთვის უნდა მივაჩვიოთ, უფრო ადრე ამის გაკეთება გაგვიჭირდება. ამ ასაკამდე ძირითადი აღმზრდელობითი მეთოდი ბავშვის ყურადღების გადართვაა. სამწუხაროდ, ორი შვილის დედას ყოველთვის როდი აქვს დრო და შესაძლებლობა შვილების დათანხმება-ყურადღების გადართვისთვის; ზოგჯერ ის იძულებულია, აიძულოს პატარები მისი მოთხოვნები შეასრულონ, მიუხედავად მათი პროტესტისა. ვერც იმას უარვყოფთ, რომ შუალედს, რომელიც 2-3 წელს არ აღემატება, თავისი დადებითი მხარეები აქვს. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ მაშინ შეამჩნევთ, როცა უმცროსი შვილიც 3 წლის გახდება. მანამდე კი რეკომენდებულია:

  • არ დაღონდეთ, თუ რამე ისე არ გამოგდით, როგორც გსურთ, რამეს ვერ ასწრებთ. დრო სწრაფად გარბის, ბავშვები იზრდებიან და ყოველი თვე წინაზე ადვილი იქნება;
  • მაქსიმალურად გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა;
  • არ ინერვიულოთ, რომ ბავშვებს ვერ ეთამაშებით, წიგნს ვერ უკითხავთ ან ვერ ასეირნებთ - გახსოვდეთ, მეორე შვილის დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში მთავარი მისი ფიზიკური გაზრდაა! ასე რომ, თავი დაანებეთ თვითგვემას და შეიქეთ თავი ყოველი განვლილი დღისთვის.