ლოყაწითელი ჩვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლოყაწითელი ჩვილი

- როგორია მისი ადრეული ნიშნები?

- გამოუცდელობის გამო მშობლები ზედაპირულად აფასებენ სიტუაციას. მაგალითად, ჰგონიათ, რომ ბავშვს თავი კარგად ვერ დაბანეს ან შამპუნი იყო უხარისხო, რის გამოც თავზე გაუჩნდა უცნაური ქერქი, თითქოს კანი ფიფქებით დაეფარა, ან პამპერსი დროულად არ გამოუცვალეს და ამიტომ დაეწყო გამოყელვა. სინამდვილეში ეს ყველაფერი დიათეზის - ატოპიური დერმატიტის - ნიშნებია და მათი უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება.

- არსებობს თუ არა ალერგიისადმი წინასწარი განწყობა?

- ალერგიისადმი წინასწარი გაწყობა არსებობს, მისი ნაადრევი ნიშნების გამოვლენა მნიშვნელოვანია. დიათეზის განვითარების ალბათობა დიდია იმ ბავშვებთან, რომელთაც ალერგიული მშობლები ჰყავთ.  საბედნიეროდ, ალერგიის ყველა სახეობა გენეტიკურად არ არის დაპროგრამებული. ასეთია მხოლოდ ატოპია ანუ ჭეშმარიტი ალერგია. ის უდევს საფუძვლად ალერგიის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ალერგიული რინიტი  (სურდო), ბრონქული ასთმა, ალერგიული რეაქცია ფუტკრისა და სხვა მწერების ნაკბენზე. თუ მშობელს ერთ-ერთი ეს დაავადება მაინც აქვს, რისკი იმისა, რომ ჩვილი იქნება ალერგიული და გამოაჩნდება დიათეზი სიცოცხლის პირველ თვეებში, 20-50%-ია, თუ ორივე მშობელია ალერგიული - 40-75%. თუ დედა და მამა ჯანმრთელები არიან, ალერგიის გამოვლენის საფრთხე 5-15%-მდე მცირდება, თუმცა არც ეს არის ცოტა. ამრიგად, სიფრთხილე საჭიროა მაშინაც, როცა ბავშვს ჯანმრთელი მშობლები ჰყავს. სხვა საქმეა, როცა დედა ავადაა, მაგალითად, ბრონქული ასთმით - იგი თავს იმშვიდებს, რომ მისი ალერგია სასუნთქი სისტემის დაავადებით გამოვლინდება და მის ჩვილს კანის ალერგიული დაავადება - დიათეზი არ ექნება. სამწუხაროდ, ასე არ არის. არც ასთმა და არც ატოპიური დერმატიტი მშობლისგან შვილს მემკვიდრეობით არ გადაეცემა. გადაეცემა მხოლოდ უცხო ნივთიერების მიმართ იმუნური სისტემის რეაქცია. ეს ის ნიადაგია, რომელზეც ვითარდება ალერგიის მედიცინაში ცნობილი ნაირსახეობები. ასე რომ, წინასწარ გათვლა, რომელი დაავადება ექნება პატარას, არც ერთ სპეციალისტს არ შეუძლია. დაბეჯითებით შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ალერგიული დაავადება გამოვლინდება წლამდე ასაკში დიათეზის სახით. თუ დიათეზს ჩვილ ასაკში ვერ გაუმკლავდებით, იგი ტრანსფორმირდება ატოპიურ დერმატიტად ან ალერგიულ სურდოდ, ასთმად, ჭინჭრის ციებად... მაგრამ თუ მოახერხებთ, პათოლოგიური პროცესი დიათეზის სტადიაში შეაჩეროთ, ვერც ბავშვი და ვერც მშობელი ვერ გაიგებენ, ალერგიის რომელ ფორმაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო პროცესი.

- ცნობილია, რომ ბავშვის ჯანმრთელობა ორსულობის პერიოდში ქალის რაციონზეა დამოკიდებული. ალერგიული რეაქციებისგან თავის დასაზღვევად როგორ უნდა იკვებებოდეს ორსული?

- ამა თუ იმ საკვების მიმართ მომატებული მგრძნობელობა გამოიხატება კანზე მქავანა გამონაყარით, რაც უმეტესად ორსულის არასწორი კვების შედეგია. ბავშვები, რომელთაც დიათეზის პირველი ნიშნები გამოაჩნდათ არა სიცოცხლის მესამე თვიდან, არამედ პირველივე თვეს, იმ ქალების შვილები არიან, რომლებიც არ იცავდნენ ჰიპოალერგიულ დიეტას. ასეთი დიეტა კრძალავს ციტრუსებს, კენკრას, შოკოლადს, თაფლს, თხილსა და კაკალს, ხიზილალას. რძეც კი, განურჩევლად იმისა, სუფთა სახით სვამდა ორსული თუ ჩაისთან ერთად, მაღაზიისა იყო, პასტერიზებული, შესქელებული თუ ფხვნილისა - ის ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ბავშვისთვის ძლიერი ალერგენი.

- შესაძლებელია თუ არა განსაზღვრა, მიდრეკილია თუ არა ახალშობილი დიათეზისადმი?

- არსებობს დიათეზისადმი მიდრეკილების გამოსავლენი ტესტი. როდესაც ბავშვს უცვლით ტანსაცმელს, შიშველ სხეულზე დაადეთ ხელისგული. თუ კანზე დარჩა მკაფიო ანაბეჭდი, ეს ალერგიისადმი განწყობას მოწმობს. ამაზე მეტყველებს კანის სიწითლეც, რომელიც დღის განმავლობაში ხან იმატებს, ხან იკლებს. საგანგაშო ნიშნებია ქერქები (გნეისი) თავზე თმიან ნაწილში და წარბებზე დაბადებისთანავე, გამოყელვა.  წლამდე ალერგია უმთავრესად კვებითია. ამა თუ იმ საკვების აუტანლობა შესაძლოა გამოვლინდეს მუცლის ტკივილით, ჭვლით (კოლიკით), მუცლის შებერვით, ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით ან შეკრულობით. ამ შემთხვევაში ჩვილს მკურნალობენ დისბაქტერიოზზე და მართებულიცაა, ვინაიდან ნაწლავური მიკროფლორის დარღვევისას კვებითი ალერგენები აღწევენ სისხლში, უკავშირდებიან მათ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს და იწყება პათოლოგიური რეაქციების ჯაჭვი. ეს უკანასკნელი გამოვლინდება კანისა და ლორწოვანი გარსების პათოლოგიური პროცესებით - დიათეზით დაწყებული, შეკრულობითა თუ სურდოთი დამთავრებული.

- აქვთ თუ არა ალერგიულ ბავშვებს დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები?

- გამოცდილი ექიმის თვალს არ გამოეპარება ალერგიული ბავშვისთვის დამახასიათებელი სხეულის აგებულება - ე.წ. ლიმფატიკური კონსტიტუცია. ასეთი ბავშვი ნორმაზე მეტს იწონის, ფერმკრთალია, დუნე, გადიდებული აქვს თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი). ეს არის ბავშვის იმუნური სისტემის მთავარი ორგანო. იგი აპროგრამებს რეაქციას უცხო ნივთიერებაზე. რაც უფრო დიდია თიმუსი, მით უფრო ძლიერია ეს რეაქცია და მაღალია დიათეზის, ცრუ კრუპისა და სხვა არასასურველი რეაქციების რისკი.

- როგორ დავიცვათ პატარა ალერგიული დაავადებებისგან, შესაძლებელია თუ არა ეს?

- თუ თქვენს შვილს ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება გამოაჩნდა, ნაადრევად ნუ აღელდებით. განწყობა ჯერ კიდევ არ არის დაავადება! ამ ეტაპზე სავსებით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ დიათეზიც და ალერგიის სხვა გამოხატულებაც. მისგან მთავარი დამცავია დედის რძე. მასში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც ებრძვის ალერგიულ დაავადებებს - ალერგოზებს. ალერგიისადმი მიდრეკილი ჩვილისთვის არაფრით არ შეიძლება ხელოვნური კვება, შეეცადეთ აწოვოთ ძუძუ ერთ წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში - 6 თვე მაინც. გახსოვდეთ: დედის რძე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინაა!

- თუ დედა თვითონ ალერგიულია, შეიძლება თუ არა, ჩვილს ძუძუ აწოვოს?

- დედა, როცა თავად ალერგიულია, შიშობს, მისი რძე ბავშვისთვის მაპროვოცირებელ ფაქტორად არ იქცეს. ასეც მოხდება, თუ მან არ დაიცვა ჰიპოალერგენული დიეტა. თუმცა ჩვილს საფრთხეს უქმნის ჯანმრთელი დედაც, რომელიც ურეჟიმოდ იკვებება. მისი რძე ასევე შეიცავს ალერგენებს. თუ დედა ჰიპოალერგენულ დიეტას დაიცავს, მისი პატარა ისე გაიზრდება, რომ არც კი ეცოდინება, რა არის დიათეზი. გთავაზობთ ჩვილისთვის უსაფრთხო და საშიში პროდუქტების ჩამონათვალს:

მეძუძური დედის მენიუ ნებადართულია:

  • იოგურტი, კეფირი, მაწონი - რძემჟავა პროდუქტებში ცილა ნაწილობრივ დაშლილია და არ გააჩნია ალერგიული თვისებები;
  • კარტოფილი, თეთრთავა კომბოსტო, ყაბაყი, თეთრი გოგრა, პატისონი, სტაფილო და ჭარხალი - ტესტის ჩატარების შემდეგ: მიიღეთ ცოტაოდენი და დააკვირდით ბავშვის რეაქციას;
  • უცხიმო მოხარშული ხორცი (უმჯობესია ქათამი, ინდაური);
  • წყალში მოხარშული ფაფა (გარდა მანანისა) მცენარეული ცხიმით, ნაღების კარაქით;
  • ხაჭო - არა უმეტეს 150-250 გრამისა დღეში;
  • მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-ჯერ) - მაღალ ტემპერატურაზე კვერცხში ალერგენები იშლება.

არ შეიძლება:

  • ძროხის რძე - მისი ცილა შეიცავს დაახლოებით 20 ალერგენს. მათზე რეაქცია ვლინდება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ხოლო ქრება 2-4 წლისთვის;
  • თევზი, ხიზილალა, კიბორჩხალა, ზღვის სხვა პროდუქტები;
  • თხილი, კაკალი, არაქისი;
  • თაფლი, შოკოლადი. ტკბილეული - შეზღუდვით;
  • მარწყვი, ჟოლო, ციტრუსები, წითელკანიანი ვაშლი;
  • ცხარე კერძები, მარინადი, ლორი, შაშხი, კონსერვი;
  • ტკბილი გაზიანი სასმელები.

- დგება დამატებითი საკვების მიღების დრო და ალერგიული ბავშვების  “აყვავებაც” იწყება. როგორ დავიწყოთ, რომელი საკვებით?

- დამატებითი საკვები უწყინარი იქნება, როცა ჩვილის კუჭ-ნაწლავი მზად არის მისთვის. აჩქარება არ შეიძლება. ძუძუ ბავშვმა 4 თვემდე მაინც უნდა წოვოს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარები დამატებით კვებაზე უფრო ადრეულ ასაკშიც გადაჰყავთ - არ შეიძლება! როცა დრო მოვა, დაიწყეთ ბოსტნეულით და არა ფაფით, მით უმეტეს, თუ ჩვილი შეკრულობისადმი მიდრეკილია. მაგალითად, ყაბაყით. შემდეგ თანდათან გადადით კომბოსტოზე (თეთრთავაზე, ყვავილოვანზე), გოგრაზე. წლის ბოლომდე ერიდეთ სტაფილოსა და ჭარხალს - ეს ბოსტნეული საკმაოდ ალერგენულია. თუ პატარას არც შეკრულობა აწუხებს და არც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს, პირველი დამატებითი საკვები შეიძლება იყოს ფაფაც. მაგალითად, ბრინჯისა. შვრია და წიწიბურაც გამოდგება, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ორივე შეიცავს ცილა გლუტენს - ძლიერ ალერგენს. თუ პატარას შვრიის ან წიწიბურას ფაფაზე ალერგიული რეაქცია გამოაჩნდა, უნდა შეიძინოთ სპეციალური უგლუტენო ფაფები. მანანის ფაფა და თეთრი პურის ორცხობილა კი დაივიწყეთ - მათში გლუტენი უფრო მეტია. ალერგენები რომ მოაცილოთ, ფაფის მომზადებამდე ბურღული 10-12 საათით დაალბეთ ცივ წყალში.  თუ ფაფა ძროხის რძეში მოხარშეთ და პატარას ალერგიული პროცესი გაუმწვავდა, ფაფის წყალზე მომზადება მოგიწევთ. 1 ან 2 წლისთვის, როდესაც კუჭ-ნაწლავის სისტემა ალერგენების უკეთ ამოცნობასა და განადგურებას ისწავლის, ძროხის რძის აუტანლობა თავისთავად გაივლის. გლუტენისა და სტაფილოსადმი მომატებული მგრძნობელობაც გაქრება, თუ, რა თქმა უნდა, დედა პერიოდულად არ შეამოწმებს, ისევ აქვს თუ არა პატარას რეაქცია ამა თუ იმ ალერგენის შემცველ პროუქტზე - ასეთი მიდგომა ორგანიზმის სენსიბილიზაციას და ამ პროდუქტის მიმართ პათოლოგიური პროცესის გაღრმავებას იწვევს, ასე რომ, მოთმინება მოიკრიბეთ და თუნდაც ერთი წელი თავი არიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც პატარას ალერგია ჰქონდა. აი, თაფლზე, კაკალსა და თევზზე კი ალერგია არასოდეს გაქრება. თაფლსა და თხილს ჩვილს არავინ აძლევს. თევზი წლამდე ასაკის ბავშვის მენიუში შედის, მაგრამ თუ ალერგიისადმი განწყობა არსებობს, უმჯობესია, ის გაასინჯოთ ორი წლის შემდეგ. ფრთხილად მიეცით ხილის წვენები და ხილფაფები. დაიწყეთ მწვანე ვაშლით, თავი შეიკავეთ წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ხილისგან ან აირღუმელში მოთუთქული შესთავაზეთ - ასე მომზადებისას პროდუქტი უვნებელი ხდება. კივი, ანანასი, ციტრუსები - ჩვილისთვის არ შეიძლება. გირჩევთ:

  • ნუ მისცემთ ბავშვს ორ ახალ პროდუქტს ერთდროულად. ჯერ ერთი გაასინჯეთ და როცა დარწმუნდებით, რომ რეაქცია არ აქვს, 4-5 დღის შემდეგ მიეცით მეორე.
  • გაითვალისწინეთ ისიც, რომ ალერგენთან პირველი შეხვედრისას ორგანიზმი არ რეაგირებს. მისი იმუნური სისტემა მხოლოდ ეცნობა უცხო ნივთიერებას, იმახსოვრებს მას და მტრულად განეწყობა მის წინააღდეგ, რის შედეგადაც გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს - E კლასის იმუნოგლობულინებს. ეს პროცესი დროს მოითხოვს. იმავე ალერგენთან მომდევნო შეხვედრისას კი კანზე გამონაყარი ჩნდება. ალერგენის გაცნობს შემდეგ, სენსიბილიზაციის პერიოდში ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ამიტომ თუ პატარამ ერთხელ მიიღო სტაფილო ან გარგარი და ლოყები წამოუწითლდა, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ალერგია არ არის.

ზოგიერთ შემთხვევაში ალერგია საკვების მიღებისთანავე ვითარდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი 6-12 საათის და უფრო მეტი ხნის შემდეგაც, ამიტომ ახალი პროდუქტი უნდა მისცეთ დილით, რომ დღის განმავლობაში კარგად დააკვირდეთ. იმ ბავშვების 75-95%-ს, რომელთაც ჩვილ ასაკში ჰქონდათ მქავანა გამონაყარი - ალერგიული რეაქცია ძროხის რძეზე, სამი წლისთვის შეუძლია რძე მშვიდად მიირთვას. ამრიგად, ალერგიულ დაავადებებს თავს დავაღწევთ, თუ ყურადღებიანი დედა დროულად შეამჩნევს პირველ რეაქციებს, მიმართავს ექიმს, გაითვალიწინებს მის რჩევებს და არ იჩქარებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.