როდის დავაძინოთ ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის დავაძინოთ ბავშვი

ბავშვისთვის დასაძინებლად დაწოლა ნიშნავს, განეშოროს ჩვეულ გარემოს, მოსცილდეს მშობლებს, რომელთა გვერდით ყოფნაც მისი სიმშვიდის საწინდარია. ეს ბავშვს აშინებს, აშფოთებს. სწორედ ამის გამოხატულებაა დაწოლაზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, პატარას უნდა ავუხსნათ, რა არის წესი. სწორედ ასეთი განმარტებების შედეგია, რომ ბევრი ბავშვი, 2,5 წლის ასაკშიც კი, აცხადებს: “რვა საათია, უკვე ძილის დროა!”

რასაკვირველია, არსებობს გარკვეული გადახვევები დასაშვებ ფარგლებში. ხშირად სწორედ საღამოობითაა ყველაზე ლამაზი მომენტები ოჯახის ცხოვრებაში და როცა მამა, ზოგჯერ კი დედაც საკმაოდ გვიან ბრუნდებიან შინ, სავსებით ბუნებრივია, რომ პატარას სურს, მეტი დრო გაატაროს მათ გვერდით. თუ ბავშვს შუადღის ძილი ექვს საათამდე გაუგრძელდა, რასაკვირველია, უაზრობაა, ის რვა საათზე დავაწვინოთ დასაძინებლად. არცთუ იშვიათად მშობლები ზედმეტ სიმკაცრეს იჩენენ, როცა ძალიან პატარა ბავშვებს, რომლებიც არათუ სკოლაში, ჯერ ბაღშიც კი არ დადიან, ადრე დაწოლას სთხოვენ. ამ დროს პატარას ძალიან უნდა, ოჯახთან ერთად გაატაროს დრო. ბავშვის დროზე დაძინებას მაშინ შეიძლება მივაღწიოთ, თუ ქცევის გარკვეულ მანერას შევიმუშავებთ. ჯობს გადავწყვიტოთ, როდის არის ძილის დრო, ეს ბავშვსაც გავაგებინოთ, შეძლებისდაგვარად მისი აზრიც გავითვალისწინოთ და თანხმობაც მივიღოთ, თუმცა ამავე დროს ანგარიში უნდა გავუწიოთ პატარა ბავშვის ბუნებრივ სურვილს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მშობლებთან. ამ დროის გახანგრძლივების მიზნით ძილის წინ პატარას უნდა მოვეფეროთ, წავუკითხოთ ზღაპრები. ზოგჯერ ბავშვებს დაძინების ჩამოყალიბებული რიტუალი აქვთ. ზოგიერთ მათგანს მოსწონს, როცა ოთახში მქრქალი შუქი ანთია, ზოგიერთი კი მშობლის საწოლში იძინებს იმ ღრმა ძილით, რომელიც ორი წლის შემდეგ ყალიბდება და ამის შემდეგ გადაჰყავთ საკუთარ საწოლში. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ არის საშიში, ისევე როგორც ღამით გამოღვიძება, როდესაც პატარა ჩუმად დგება საკუთარი საწოლიდან და მშვიდად წვება მშობლებს შორის. სამაგიეროდ, სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ და პრობლემის გადაჭრის გზები ეძებოთ, როცა პატარა ბავშვი მხოლოდ მშობლებთან იძინებს, ითხოვს, დედა საათობით ეჯდეს გვერდით, სურს, ღამით დედის გვერდით იწვეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ვერ თავსება ნორმის ფარგლებში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ბავშვის ზემოთ აღწერილი ქცევა ხშირად არის გამოწვეული შფოთვით, სიბნელისა თუ სხვა ბავშვური შიშებით - პატარას შეიძლება ეშინოდეს ცხოველების, უცხო ადამიანის და ზოგჯერ ოთახში არსებული საგნებისაც კი. რასაკვირველია, მშობლებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რომ პატარა დაამშვიდონ, შიში განდევნონ, მაგრამ ამასთან ერთად ძილის რეჟიმიც უნდა დაამკვიდრონ. შედეგის მისაღწევად აუცილებელია, მშობლებმა გაარკვიონ, სად არის შიშის სათავე, ესაუბრონ პატარას, დაეხმარონ მას პრობლემასთან გამკლავებაში. ხშირად პატარა ბავშვები საღამოსთვის იღლებიან და აღიგზნებიან. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს დაძინებაზე, ებრძვიან ძილს. რაც უფრო მეტადაა დაღლილი ბავშვი, მით უფრო ძნელია მისი დაძინება. თუ ორი წლის პატარას შუადღისას არ დავაძინებთ, ის ძალიან დაიღლება, მაგრამ საღამოსთვის აღიგზნება და დაძინებაზე უარს იტყვის. ზოგჯერ აუცილებელია შუადღის ძილის გადატანა უფრო ადრე, რათა პატარამ სათანადოდ დაისვენოს და საღამოს დაღლილობისგან აღგზნებული არ იყოს. იშვიათია, ორი წლის ბავშვი მშვიდად წვებოდეს დასაძინებლად და მალევე იძინებდეს. მისი დაწვენისას თითქმის ყოველთვის ვეჯახებით პრობლემებს. სავსებით ბუნებრივია ბავშვის მოთხოვნა, მის ირგვლივ იყოს ჩვეული საგნები, ოთახში ენთოს შუქი, იყოს სიწყნარე. ასეთი მოთხოვნები შეძლებისდაგვარად უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე დროს 16-18 თვის ასაკიდან რეკომენდებულია, ბავშვს შთავაგონოთ, რომ არსებობს გარკვეული წესები. ეს წესები, წლის პერიოდისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწოლის დროს. რასაკვირველია, აუცილებლობისას ექიმთან შეთანხმებით შეიძლება გამოვიყენოთ დამამშვიდებელი საშუალებებიც, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ძილის ყველაზე ეფექტური საშუალებაა მშობლების სიმშვიდე, მათი ყურადღებიანი და მიზანმიმართული ქმედება, რაც ბავშვს უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს და დაძინებაში დაეხმარება. ეს ყველაფერი ჩაძინებას ეხებოდა. მათთვის კი, ვინც ადრე იღვიძებს და დილით, შვიდის ნახევარზე, უკვე საჭმელს ითხოვს, არავის მოუგონია წამალი, რომელიც დილის ძილს გაახანგრძლივებს და მშობლებს დასვენების საშუალებას მისცემს. მათ მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ - ან თავადაც ადრე ადგნენ, ან პატარა დააძინონ უფრო გვიან, რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ცვლის სიტუაციას. უბრალოდ, დადგება დღე, როცა პატარა დილით თავისთავად იძინებს გვიანობამდე.


ბავშვური ბედნიერება

სამყარო კეთილგანწყობილია ბავშვების მიმართ. დღეს არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ პატარები ბედნიერები უნდა იყვნენ. ასეთ დამოკიდებულებაზე მრავალმა ფაქტორმა მოახდინა ზეგავლენა. სპეციალისტების აზრით, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ოჯახში ბავშვების რაოდენობას. დღეს, როცა პატარების რაოდენობა იშვიათად აღემატება სამს, მთელი ოჯახი მათ ირგვლივ ტრიალებს, ბავშვი მთავარ ფასეულობად აღიქმება. საუკუნის წინათ კი, როცა მრავალშვილიანობა ნორმა იყო, ათი წლის ბავშვი დამოუკიდებელ პიროვნებად და საოჯახო თუ სამეურნეო საქმეებში მნიშვნელოვან დამხმარედ მიიჩნეოდა. რასაკვირველია, ასეთი დამოკიდებულება დღესაც არსებობს, თუმცა იშვიათად, საზოგადოება კი მშობლების ასეთ დამოკიდებულებას სულაც არ იწონებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შეცვალა დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, თანამედროვე ფსიქოლოგიაა. ფსიქოლოგებმა პოპულარული ენით აგვიხსნეს, რომ ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის სათავე ბავშვობაშია. თანაკლასელები დასცინოდნენ გოგონას გარეგნობას? ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლაშქრავს მოდურ სალონებსა და მაღაზიებს, რათა თორმეტი წლის გოგონებს დაუმტკიცოს, რომ სილამაზის დედოფალია... ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი ბავშვური მოგონებების ანალიზი, რათა უკეთესი ახსნა ვუპოვოთ სიტუაციებს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი კი ისაა, რომ ვცდილობთ, აღარ მოგვივიდეს შეცდომა საკუთარი შვილების აღზრდისას. შვილის ბედნიერ ადამიანად აღზრდა ყველა მშობლის უმთავრესი სურვილია. მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივი სურვილი დროთა განმავლობაში უცნაურად იცვლება და ყალიბდება ასე: “ჩემს შვილს ყველაფერი უნდა ჰქონდეს!” მოდი, ნუ მოვყვებით მსჯელობას მომხმარებელი საზოგადოების შესახებ, რომელშიც ბედნიერება მატერიალურ კეთილდღეობასთანაა გათანაბრებული, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მშობლების მისწრაფებაზე, საუკეთესოთი უზრუნველყონ შვილი, ბევრი ხელსაც ითბობს. საკვები, ტანსაცმელი, წამალი, მოგზაურობა, კარგი ბაღი და სკოლა, განათლება, ფეიერვერკი დაბადების დღეზე - ჩვენი შვილები ამაზე მატსაც იმსახურებენ! ერთი შეხედვით, მეტი რაღაა საჭირო ბავშვის ბედნიერებისთვის? ნუთუ შეიძლება, ასეთ აღზრდაში ნაკლოვანებები ვეძებოთ? მიუხედავად ამისა, აღწერილ მიდგომას მაინც აქვს ნაკლი. სწორედ ამ ნაკლზე ვისაუბრებთ ქვემოთ. პირველი - ბავშვები ეჩვევიან აზრს, რომ ისინი უმთავრესნი არიან ოჯახში. მშობლები სერიოზულად აღიქვამენ ბავშვების ყველა სურვილს. პატარას ისეთი ქურთუკი უნდა, როგორიც მის თანაკლასელს აქვს? დედა უკანასკნელ გროშებს გადაიხდის და იყიდის! რა თქმა უნდა, მას ძალიან კარგად ახსოვს, როგორ არ უნდოდა სკოლაში ყოველ წელს ერთი და იგივე სცმოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დედა ვერ იხსენებს, რომ სტუდენტობისას სწორედ ახალი ტანსაცმლის შეძენა იყო მისთვის მოტივაცია, როცა პარალელურად მუშაობა დაიწყო და პირველი ხელფასიც აიღო, ეს პირველი სამუშაო გამოცდილება კი მოგვიანებით ძალიან გამოადგა. მაშ ასე, ჩამოვაყალიბეთ პირველი მინუსი - ბავშვები კარგავენ სტიმულს, რაღაც დამოუკიდებლად აკეთონ. მეორე - ბავშვი გვყავს მუდმივი კონტროლის ქვეშ. “მშობლებს, რომლებიც ბევრ დროს უთმობენ შვილებს, ყოველთვის წარმატებული შვილები ჰყავთ” - ეს არის კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც, ფაქტობრივად, სათავეს იღებს დებულებიდან “ბავშვი ბედნიერი უნდა იყოს”. ჩვენ “ვმეცადინეობთ” შვილებთან ერთად - სკოლა, მუსიკა, თეატრალური წრე, უცხო ენა... ზოგჯერ ამ მეცადინეობისას ბავშვი იტანჯება, მაგრამ მშობლები უკან არ იხევენ, თავდაუზოგავად ცდილობენ, პატარამ წარმატებას მიაღწიოს. შედეგად, როცა დგება საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების ასაკი, ბავშვი წყვეტს, რომ მას არაფერიც არ სჭირდება. აი მეორე მინუსიც - გამოვზარდეთ აპათიური უსაქმური. მესამე - ჯანმრთელობა. ყველა ბავშვი ხდება ავად. ამის დასტურად საკმარისია, საკუთარი ბავშვობა გავიხსენოთ. დღეს, უკვე მოზრდილებმა, კარგად ვიცით, რომ ბავშვის გაციება საშიში არ არის - საკმარისია ცხვირის წვეთები, თბილი ჩაი ან რძე და 3-4 დღეში ყველაფერი რიგზე იქნება. როგორ ვიქცევით, როცა საქმე შვილებს ეხება? ექიმთან ვიზიტი, ნაწყენი სახე, თუ მან 4-5 წამალი არ დაგვინიშნა, სირბილი აფთიაქებში და ახლობლების რჩევით ნაირ-ნაირი საშუალების ძიება! ამავე დროს საკმარისია გაესაუბროთ კარგ პედიატრს და მიხვდებით, რომ სულაც არ არის საჭირო ზედმეტი წალმები გაციების დროს - იმ საშუალებათა უმეტესობა, რასაც ჩვენ ვყიდულობთ, სულაც არ არის აღიარებული თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. ბავშვების მიმართ ჩვენი უზომო სიყვარულის წყალობით კი ვიღაც ჯიბეს ისქელებს. მაშ ასე, ჩვენი ქმედებების კიდევ ერთი მინუსი - ქვეითდება იმუნიტეტი, ვითარდება მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ, ბავშვი უფრო ხშირად ხდება ავად. სხვებზე დამოკიდებულება, ფიზიკური შრომის ჩვევის უქონლობა, უმწეობა... ნაკლოვანებათა ნუსხა კიდევ შეიძლება გავაგრძელოთ. სისულელეა ფიქრი, რომ ვიღაც ბავშვის ნორმალურად ჩაცმის, კვების, მასზე ზრუნვის წინააღმდეგია. რასაკვირველია, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ ზომიერად. უნდა გავიგოთ, რომ გადაჭარბებული მზრუნველობა ჩვენს შვილებს ბედნიერებას არ ანიჭებს. როგორც საუკუნეების წინათ, დღესაც უმთავრესი რამ, რასაც შეუძლია, ბავშვს ბედნიერება აჩუქოს, მშობლების სიყვარულია. მართალია, სიყვარული არ გამორიცხავს სურვილს, მივცეთ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო, მაგრამ არც მისი ტოლფასია. დააკვირდით თქვენს პატარას. ახალი სათამაშოთი ის ხუთი წუთის განმავლობაში თუ ითამაშებს, ხოლო თქვენთან ერთად თამაში ყოველთვის უნდა. სიყვარული, უწინარესად, სიყვარულის ობიექტის პატივისცემაა