როცა ოჯახში ვირუსია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ოჯახში ვირუსია

საქმე გაცილებით მარტივადაა - ზამთარში მას ადვილად დაიცავთ ვირუსებისგან. მაგრამ თუ რამდენიმე ბავშვია, მათგან ზოგი სკოლაში დადის, ზოგი - საბავშვო ბაღში, მაშინ პრობლემებიც მატულობს. შინ რესპირატორულ ინფექციებს ბოლო არ უჩანს. გვესაუბრება ინფექციონისტი - ალერო სიგუა.

- ქ-ნო ალერო, რა საშუალება არსებობს ოჯახში გავრცელებული ვირუსის აღსაკვეთად?

- ეს საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ვირუსები ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და გარემოში გამძლეობით გამოირჩევა. სათანადო ზომებით 100%-ით თუ არა, 50-70%-ით მაინც დაიცავთ ბავშვებს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბავშვები სეზონზე ხშირად არ ავადობდნენ.

- სეზონზე ბავშვების ავადობის ნორმა როგორ არის განსაზღვრული?

- ყოველმა ბავშვმა სასუნთქი სისტემის დაავადებათა გარკვეული გეგმა უნდა შეასრულოს, რომ მათი იმუნური სისტემა გავარჯიშდეს ვირუსების წინააღმდეგ. თუ უფროსმა შვილმა შინ ვირუსი მოიტანა, გარკვეული დროის შემდეგ, ბუნებრივია, უმცროსიც დაავადდება. ცუდია, როდესაც ერთ ვირუსს ახალი ვირუსი დაერთვება. ამიტომ ოჯახში კარანტინი მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა იქონიოთ, რომ ბავშვები საერთოდ არ დაავადდნენ, არამედ იმისათვის, რომ ავადობამ ასაკობრივ ნორმას არ გადააჭარბოს.

გაითვალისწინეთ - სეზონზე ვირუსით ავადობა ახალშობილისა და 5 წელს გადაცილებული ბავშვებისათვის დასაშვებია წელიწადში სამჯერ, 3 წლამდე - ხუთჯერ, 4-დან 5 წლამდე კი - ოთხჯერ.

ცემინებისა და ცხვირიდან გამონადენისას ბავშვი 3.5 მეტრის რადიუსზე მიმოფანტავს მილიარდობით ვირუსს!

- ყველაზე მძიმედ და რთულად მიმდინარე გრიპის ვირუსია. როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისგან?

- ბავშვებთან გრიპი ყველაზე მძიმედ და გართულებებით მიმდინარეობს. 3-5 წლამდე ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ყოველწლიურად საჭიროებენ - ეს მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ჩატარება ოქტომბრის თვეში და არა ვირუსის სეზონის დროს, როგორც ხშირად ხდება. მართალია, გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება, მაგრამ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსამუშავებლად ორგანიზმს 3-4 თვე ესაჭიროება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახალაცრილს არ დაერთოს სხვა ვირუსული ინფექცია. შემდგომი წლისთვის დროულად დაიჭირეთ თადარიგი, თანაც, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ჩვილის უფროსი და-ძმებიც უნდა აიცრან, ანუ ოჯახის ყველა წევრი ერთდროულად და გრიპის სეზონის დაწყებამდე უნდა აიცრას!

საიმედო, პრაქტიკულად 100%-იან დაცვას გრიპისგან იძლევა კოლექტიური, ოჯახური იმუნიტეტის ჩამოყალიბება. თუ მხოლოდ ჩვილია აცრილი, ვაქცინაციის ეფექტი 80%-მდე მცირდება. თუ აცრილი ბავშვი იმ 20%-ში მოხვდა და დაავადდა, ის უფრო მსუბუქად და გაურთულებლად გადაიტანს ვირუსს, რასაც ვერ ვიტყვით მის აუცრელ ოჯახის წევრებზე.

- მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ პროფილაქტიკისთვის ბავშვს ანტიბიოტიკს დაალევინებენ, ამით დაავადებული ოჯახის წევრისგან დაინფიცირებისგან დაიცავენ. იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ, რამდენად დასაშვებია ანტიბიოტიკი ვირუსის დროს?

- არა, არა და კიდევ ერთხელ არა! ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებენ. ვირუსები, ბაქტერიებისგან განსხვავებით, უჯრედების შიგნით „იმალებიან“, სადაც ანტიბიოტიკები ვერ აღწევენ. მედიცინა ვირუსების წინააღმდეგ სხვა პრეპარატებს იყენებს, ანტივირუსული საშუალებები გამოიყენება როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე სამკურნალოდ, თუმცა ბავშვთა ასაკში ყველას მიღება დაუშვებელია.

- რომელი ანტივირუსული საშუალებებია დაშვებული ბავშვებისთვის?

- ინტერფერონი - ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ბავშვის ორგანიზმი ვირუსის საწინააღმდეგოდ, მისი ჩაწვეთებით ცხვირში, თვალში ან ინჰალიაციით მნიშვნელოვნად მცირდება დაინფიცირების საშიშროება. უკვე დაავადებულისთვის კი ეფექტურია პირველი 3-4 დღის განმავლობაში.

ოქსოლინის მალამო - დასაშვებია თავდაცვისათვის და სამკურნალოდ პირველ დღეებში ცხვირის ნესტოებში ამოსასმელად, დილა-საღამოს და ქუჩაში ან ხალხმრავალ ადგილებში გასვლის დროს.

არომატული ეთერზეთები - ანტივირუსული მოქმედება ახასიათებს ბევრ ეთერზეთს, მათ შორისაა - მიხაკი, ჯანჯაფილი, კვიპაროსი, ლავანდა, ლიმონი, მელისა, ფიჭვი, ჩაის ხე.

ისინი ამცირებენ გრიპით დაავადების რისკს. სასუნთქი სისტემების სხვა ვირუსებისგან კი იცავს ბერგამოტი, ნაძვი, კედარი, დარიჩინი, პიტნა, ფენხელი. ევკალიპტის სუნი არ „მოსწონთ“ ვირუსებს. ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ევკალიპტის ზეთი.

შეიძინეთ ოთახის ლიმონის ხე, გაახარეთ და თქვენც ისარგებლებთ მისგან.

გასათვალისწინებელია, რომ ვირუსების სეზონზე ოჯახში აუცილებლად უნდა დაიცვათ გარკვეული წესები. ვირუსები გარემოში და იმ საგნებზე, რომლებზეც ცემინებისას, ხველისას თუ პირღებინებისას ნერწყვის წვეთების სახით მოხვდებიან, რამდენიმე საათს ცოცხლობენ, ამიტომ:

  • დაავადებულ ბავშვს გამოუყავით ცალკე ჭურჭელი, თეთრეული, სათამაშოები;
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ დაავადებულმა და ჯანმრთელმა ბავშვმა ხელები ხშირად დაიბანონ საპნით და გაიმშრალონ სხვადასხვა პირსაცოხით;
  • დაავადებული ბავშვისთვის დააწესეთ კარანტინი - მოაქციეთ ცალკე ოთახში (თუ ამის საშუალება არსებობს), სადაც ჯანმრთელი ბავშვები არ შევლენ;
  • არ დაეკონტაქტონ ერთმანეთს კორიდორშიც კი, როცა დაავადებული ტუალეტისთვის გამოვა ოთახიდან;
  • უმჯობესი იქნება, თუ ჯანმრთელ ბავშვებს გაარიდებთ სახლს;
  • დაავადებულის მომვლელმა უნდა ატაროს პირბადე;
  • პირბადე უნდა შეიცვალოს ყოველ 3 საათში;
  • თუ დაავადებულს უჭირს ცხვირით სუნთქვა, მისთვის პირბადის ტარება რთულია, ამიტომ საკარანტინო ზონიდან გამოსვლისას მაინც უნდა გაიკეთოს პირბადე;
  • ცხვირის მოსაწმენდად გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცები;
  • ბავშვისთვის ცხვირის გასუფთავების შემდეგ მშობელმა ხელი საპნით უნდა დაიბანოს;
  • ნახმარი ცხვირსახოცები შეაგროვეთ ერთჯერად პარკში, არ დაყაროთ მაგიდაზე ან იატაკზე;
  • თუ დაავადებულ და ჯანმრთელ ბავშვებს კონტაქტისა და თამაშის უფლებას მისცემთ, ეს გაზრდის გართულებების რისკს.

ნუ გააუქმებთ კარანტინს დროზე ადრე. თუკი ორივე ბავშვი დაავადდა, დარწმუნდით, რომ ერთი და იგივე ვირუსი აქვთ და მხოლოდ შემდეგ მიეცით კონტაქტის უფლება.

- რას გვეტყვით კვების რაციონის შესახებ, ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისას ხომ მნიშვნელოვანია რაციონალური კვება. როგორი მენიუ უნდა შედგეს მადადაკარგული ბავშვისთვის?

- ვირუსით დაავადებულ ბავშვს დაქვეითებული აქვს გემოვნების რეცეპტორები, ამიტომ დაკარგული აქვს მადა. საკვები უგემური ან გემოშეცვლილი ეჩვენება. მნიშვნელოვანია, მენიუ გამდიდრდეს ხილითა და ბოტნეულით. ნუ დავაძალებთ მსუყე, ცხიმიან საკვებს. ვირუსთან ბრძოლისას გადაღლილ ორგანიზმს უჭირს მათი მონელება. ხილი და ბოსტნეული კი ადვილი მოსანელებელია დაავადებული ორგანიზმისთვის. თამამად გამოიყენეთ ხახვი და ნიორი. ისინი დააქუცმაცეთ და საკვების მზადების დასრულებისას ჩაუშვით ქვაბში. 9 თვიდან შეგიძლიათ საკვებში გამოიყენოთ, 3 წლიდან კი უმად, სალათებშიც.

ბავშვს მოუმზადეთ ლამაზად გაფორმებული საკვები, ახალი გემოებით.

კარტოფილის ბლინი ხორცით

საჭიროა:

  • 8 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი;
  • 4 ცალი კვერცხი;
  • 2 თავი ხახვი;
  • 500გ ხბოს ხორცი;
  • 2-4 სადილის კოვზი ხორბლის ფქვილი;
  • 3 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი;
  • კამა, ოხრახუში, გემოვნებით მარილი.

მარილწყალში მოხარშეთ ხორცი, 2-ჯერ გაატარეთ საკეპ მანქანაში 1 თავ ხახვთან ერთად და მოშუშეთ ზეთთან, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ფარში მზადაა. კარტოფილი და მეორე თავი ხახვი გახეხეთ სახეხზე, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, წყალი იმდენი, რომ მიიღოთ ბლინის კონსისტენცია, გამოაცხვეთ ბლინები და გაგრილებულს დაადეთ სადილის კოვზი ფარში, გადაახვიეთ და დაალაგეთ თეფშზე.

მოცხარის კექსი

საჭიროა:

  • 4 კვერცხი;
  • 1 ჩაის ჭიქა შაქარი;
  • 250 გრამი დამდნარი კარაქი;
  • 2 ჩაის ჭიქა ფქვილი;
  • ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით;
  • ნახევარი ჩაის ჭიქა გამლღვალი მოცხარი.

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ კარაქი, სოდა-ძმრით, ფქვილი.

მოცხარს მოაყარეთ ცოტა ფქვილი და შეურიეთ მიღებულ ცომს. ცომი გადაიტანეთ ფორმაში ისე, რომ შეავსოს მისი 3/4. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთით.

გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. დესერტიც მზადაა.