სოკოვანი ინფექცია და ბავშვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოვანი ინფექცია და ბავშვი

- რითია სახიფათო ორგანიზმისთვის სოკო?

- სოკოპარაზიტები ცოცხალი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან. ისინი იწვევენ მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანის დაავადებებს. მათ მიერ გამოყოფილი შხამიანი ნივთიერებები გაცხელებისას არ იშლება და ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ქრონიკულ მოწამვლას - მიკოტოქსიკოზს.

სოკოს ტოქსინები გროვდება ღვიძლში და აზიანებს მას. შეუძლია თირკმელებისა და გენეტიკური აპარატის დაზიანებაც. ადამიანისთვის ზიანი მოაქვს არა მარტო საკვებად გამოყენებული სოკოს ტოქსინებს, არამედ იმ სახეობათა შხამებსაც, რომლებიც სახლის კედლებსა და ხეებზე ბინადრობენ (ობის სოკოები). შემოდგომასა და გაზაფხულზე, თბილ და ნოტიო ამინდში, ისინი აქტიურად მრავლდებიან და სპორებს (თესლს) გარემოში ფანტავენ. თვალით უხილავი, ურიცხვი სპორა მტვრის ნაწილაკებთან ერთად ხვდება ადამიანის სასუნთქ გზებში, აღწევს მსხვილ, საშუალო და წვრილ ბრონქებსა და ბრონქიოლებში და ფილტვებშიც კი.

სოკოს სპორები შესაძლოა ალერგიის სხვადასხვა გამოხატულების - სურდოს, ხველის, ბრონქული ასთმის - მიზეზად იქცეს, ხოლო დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმში მყარად მოიკიდოს ფეხი და სოკოვანი ინფექცია - მიკოზი გამოიწვიოს.

ინფექციური პროცესი შესაძლოა გამოვლინდეს ყურის ანთებით, ცხვირის დანამატი ღრუების ანთებით (სინუსიტი), ბრონქიტით, პნევმონიით. სოკოთი გამოწვეულ ინფექციურ დაავადებას მიკოზი ეწოდება, ალერგიულს - მიკოალერგოზი, მწვავე მოწამვლას - მიკოტოქსიკოზი.

არსებობს სოკოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მდგომარეობა - მიკომატარებლობა ანუ სოკოს ქრონიკული მატარებლობა, რომელიც არავითარ ინფექციურ პროცესს არ იწვევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მხოლოდ სოკო კანდიდას და არამც და არამც ობის სოკოს მატარებელი.

- სად ბინადრობს სოკო კანდიდა?

- სოკო კანდიდა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში, პირის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზე ბინადრობს. ვიდრე იმუნური სისტემა ძლიერია, ადამიანი და სოკო მშვიდობიანად თანაარსებობენ - სწორედ ეს არის მიკომატარებლობა, უფრო სწორად, კანდიდამატარებლობა.

როდესაც იმუნიტეტი უმწიფარია (მცირე ასაკის, დღენაკლული, წონანაკლული ბავშვები) ან დასუსტებული (ხშირად მოავადე და ხანდაზმული პირები), სოკო იწვევს ინფექციურ პროცესს - კანდიდოზს და საფრთხეს უქადის ორგანიზმს.

- როგორ ინფიცირდება ბავშვი კანდიდა სოკოთი?

- სოკო კანდიდას ახალშობილი დაბადებისთანავე ეცნობა. ორსულს იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს, კანისა და ლორწოვანი გარსების სტრუქტურა - შეცვლილი. სწორედ ამ დროს ამჟღავნებს აგრესიას კანდიდა და სამშობიარო გზებში პათოლოგიურ პროცესს იწვევს. ასეთ სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილი ინფიცირდება და სიცოცხლის პირველსავე კვირას გამოაჩნდება რძიანა - პირის ღრუს ლორწოვანი გარსების კანდიდოზი.

რძიანას დროს ენაზე, სასაზე, ლოყის შიგნითა ზედაპირზე თეთრი ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. თუ შეეცდებით, ის ჩაის კოვზით მაოშოროთ, შეამჩნევთ, რომ ძნელად შორდება, ხოლო მოცილების შემთხვევაში მის ადგილას სიწითლე და სისხლდენა ვითარდება. ადრეულ სტადიაზე რძიანა ჩვილს არ აწუხებს, მაგრამ სისხლმდენი ჭრილობა უფრო და უფრო დიდი ზომისა ხდება. ეს მდგომარეობა ფასდება როგორც კანდიდოზური სტომატიტი, იმატებს ტკივილი, ბავშვი ჭირვეულობს და ჭამაზე უარს ამბობს.

რძიანა ერთ თვეში სრულიად ჩაურევლად გაივლის, მაგრამ თუ ბავშვი დღენაკლულია, დაბადებიდანვე ავადმყოფობს, იღებს ანტიბიოტიკებს, რძიანა ხანგრძლივდება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

თუ ახალშობილს კანი დაუზიანდა (მიკროტრავმები), მასზე სოკოვანი დაზიანების კერები ჩნდება. მიკოზური კერები უმეტესად ბუნებრივ ნაოჭებში - იღლიებში, კისერზე, ყურების უკან, საზარდულის მიდამოში, კიდურების მოსახრელებში წარმოიშობა და გამოყელვასა და სისველეს იწვევს.

ჯანმრთელ კანს უნარი შესწევს, 15 წუთში “გასუფთავდეს” სოკოსგან, დაზიანებულს კი ეს არ შეუძლია. მას უნდა დავეხმაროთ, თორემ სოკო დაზიანებულ ადგილას აგრესიულ ზემოქმედებას გააგრძელებს.

- კანდიდა სოკო ბავშვის ნაწლავებშიც სახლობს. როდის ხდება იგი საშიში?

- კანდიდა მონაწილეობს ნაწლავების მიკროორგანიზმებით დასახლების, მიკროფლორის ჩამოყალიბების პროცესში. ახალშობილის ნაწლავები სტერილურია. მიკროორგანიზმები მათში ბავშვის დაბადებისთანავე იწყებენ დასახლებას, ამიტომაც აქვს დედის რძით კვებას დიდი მნიშვნელობა. სწორედ ის ეხმარება ახალშობილს მისთვის აუცილებელი და სასარგებლო მიკროორგანიზმების “ამორჩევასა” და ორგანიზმში დატოვებაში.


დღენაკლული და დაბადებიდანვე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები თავიანთ ნაწლავებში “აბინავებენ” პირობითპათოგენურ მიკროორგანიზმებს - სტაფილოკოკებს, სტრეპტოკოკებს, საფუარა სოკოებს; მალე ბავშვს შეაწუხებს ნაწლავთა დისფუნქცია - კუჭის გახშირებული მოქმედება ან შეკრულობა, განავალი ლორწოვანია და მწვანე, ხშირი და თხიერი, მისი მჟავე არე წვავს დუნდულებსა და საზარდულის კანს, პამპერსი კი ქმნის სათბურის ეფექტს. ერთი სიტყვით, იქმნება ყველა პირობა კანდიდას გამრავლებისთვის.

- შეიძლება თუ არა, კანდიდოზი ჯანმრთელ პატარას დაემართოს?

- ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჯანმრთელ ბავშვს ახალშობილობის პერიოდში კანდიდოზი არ დაემართება. თუ რძიანამ პირველად 2-3 თვის ასაკში ან ოდნავ მოგვიანებით, მკურნალობის შემდეგ, იჩინა თავი, ეს სიგნალად უნდა მივიღოთ და ექიმს მივმართოთ.

თუ ექიმთან ბავშვის მიყვანა ვერ მოხერხდა, აცრებისგან თავი უნდა შეიკავოთ. რძიანას რეციდივი (გამეორება) იმუნური სისტემის მოუმწიფებლობაზე ან არამდგრადობაზე მეტყველებს. წინასწარი გამოკვლევის გარეშე ჩატარებულმა აცრამ შესაძლოა სასურველი შედეგი არ გამოიღოს - ორგანიზმმა ინფექციის მიმართ იმუნიტეტი ვერ გამოიმუშაოს, კანდიდოზი კი უფრო მეტად გავრცელდეს.

წლამდე ასაკის ჩვილებს კანდიდური ინფექციის კერები უჩნდებათ ტუჩებზე, ლორწოვან გარსებზე, ნუშურების რკალებზე, რბილ და მაგარ სასაზე.

თუ პატარას უყვარს თითის წოვა, პირის ღრუს რძიანამ შესაძლოა ხელის ფრჩხილებიც დაუზიანოს. ამ დროს ფრჩხილი დეფორმირდება, სქელდება, უხეშდება. მისი მოსაზღვრე კანი წითლდება, ზეწოლისას კი გამოიყოფა თეთრი ხაჭოსებრი მასა.

საშარდე გზების ინფიცირებისას მოსალოდნელია კანდიდოზური ვულვიტი (გოგონებში), როცა შარდგამომტანი არხის ხვრელის გარშემო სიწითლე და ხაჭოსებრი ნადები ჩნდება. ამ დროს პატარას აწუხებს ქავილი, შარდვისას - ტკივილი.

- შესაძლებელია თუ არა სოკოვანი დაავადების თავიდან აცილება?

- მიკოზების პროფილაქტიკა, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ალერგიული დაავადებისადმი განწყობა მემკვიდრეობით გადაეცემა და ბავშვს ჩვეულებრივი გამღიზიანებლის მიმართ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება დაჰყვება. ასევე ძნელად შესასრულებელია რეკომენდაცია, რომ ოჯახი ნესტიანი, ძველი სახლიდან მშრალ, ახალ ბინაში გადავიდეს.

რაც შეეხება კანის სოკოვანი დაავადების თავიდან აცილებას, ამისთვის ჰიგიენის დაცვაც საკმარისია, მით უფრო - როცა საქმე პატარა ბავშვთან გვაქვს.

სწორად მოუარეთ კანს, განსაკუთრებით - ზაფხულის სიცხეში. ეცადეთ, მეტისმეტად არ გაოფლიანდეს და არ გამოიყელოს. დიდხანს ნუ დატოვებთ ბავშვს ჭუჭყიანი პამპერსით. ხშირად დაბანეთ წყლითა და საპნით. ერიდეთ სველი არომატიზებული ხელსახოცების გამოყენებასაც.

ფრთხილად დააჭერით ფრჩხილები, რომ კანი არ დაუზიანდეს.

თუ პირის ღრუსა და სასქესო ორგანოების მიდამოში ხშირად უჩნდება თეთრი ნადები, დროულად მიმართეთ ექიმს.

ნაწლავთა მოქმედების დარღვევისას - დიარეისა თუ შეკრულობის შემთხვევაში - ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას.

მოზრდილ ბავშვებს აუხსენით, რომ მაწანწალა ძაღლებისა და კატებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ. მათგან შესაძლოა გადაედოთ: მიკროსპორა - თავის თმიანი ნაწილისა და კანის სოკოვანი დაავადება; ტრიქოფიტია - ფრჩხილებისა და კანის დაზიანებით მიმდინარე სოკოვანი დაავადება.

შინაური ცხოველები პერიოდულად ატარეთ ვეტერინართან.

ბავშვს ნუ მისცემთ ნებას, ჩაიცვას უფროსის ფეხსაცმელი, მეტადრე - შიშველ ფეხზე. ფეხები ყოველდღე დაბანეთ და კარგად გაუმშრალეთ, ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში კი ძილის წინ გაუკეთეთ კონტრასტული აბაზანები.