რითია საშიში ცრუ კრუპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რითია საშიში ცრუ კრუპი

- როგორ ამოვიცნოთ ცრუ კრუპი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა?

- ყველაფერი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება. ბავშვს ღამით ეღვიძება, ეწყება მშრალი, მყეფავი ხველა, ეცვლება ტემბრი, უჭირს სუნთქვა, ეუფლება პანიკური შიში, თვალები უფართოვდება, ითხოვს შველას. ეს ნიშნები იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვს ხორხის სტენოზი (შევიწროება) ანუ ცრუ კრუპი ეწყება. ეს ძალზე საშიში მდგომარეობაა, ეცადეთ, დროულად ამოიცნოთ და სწრაფად დაეხმაროთ პატარას.

- რითია საშიში ცრუ კრუპი?

- ხორხის სტენოზი, იგივე მწვავე სტენოზური ლარინგოტრაქეიტი, მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხდება ხორხის სანათურის სრული ან ნაწილობრივი შევიწროება. ამ დროს ბავშვს უჭირს სუნთქვა, განსაკუთრებით - ჩასუნთქვა. ეს ინსპირაციული ქოშინია და ასთმური შეტევისგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელის დროს ამოსუნთქვა ჭირს.

- რა იწვევს ცრუ კრუპს?

- ცრუ კრუპის შეტევის მიზეზად შეიძლება იქცეს გრიპის, პარაგრიპის, რესპირატორულ-სინციტიური (ღშ) ვირუსით ან ადენოვირუსით გამოწვეული ინფექცია.

განმეორებითი ეპიზოდების მთავარი მიზეზია ალერგია. ალერგიულ ბავშვებს კრუპი ერთბაშად ეწყებათ ნორმალური ტემპერატურის ფონზე, ხველისა და გაციების სხვა ნიშნების გარეშე.

მდგომარეობის სწორი მართვის შემთხვევაში შეტევა მალე გაივლის.

თუ მწვავე სტენოზი სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარდა, ის თანდათანობით იწყება - ხველით, ცხვირიდან გამონადენით, ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციით.

- სტენოზი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

- ხორხის სანათურის შევიწროებისა და გამოვლენილი ნიშნების მიხედვით, განასხვავებენ მის სამ ხარისხს:

  • I ხარისხი - ბავშვს ხმა ჩახლეჩილი აქვს; მოსვენებისას სუნთქვა თანაბარია, აგზნებისა და ჭირვეულობისას ირღვევა;
  • II ხარისხი - ბავშვი აგზნებულია, წრიალებს, ვერ იძინებს, ოფლი ასხამს, შეშინებულია, არ ჰყოფნის ჰაერი; სუნთქვისას თვალნათლივ ჩანს სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა;
  • III ხარისხი - სუნთქვა მკვეთრადაა დარღვეული, გამოხატულია ციანოზი (კანის მოცისფრო ელფერი), ხმაურიანი სუნთქვა მანძილზეც ისმის.

განურჩევლად სტენოზის ხარისხისა, მშობელმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მის მოსვლამდე კი შეშინებულ ბავშვს პირველი დახმარება გაუწიოს.

- რას გულისხმობს პირველი დახმარება?

- დედა, რომლის შვილმაც ერთხელ უკვე გადაიტანა ცრუ კრუპი, მომზადებული ხვდება მის მომდევნო შეტევას და ხელთ აქვს ინჰალატორი ტუტე ხსნარით. საქმე ისაა, რომ თუ ბავშვს ერთხელ მაინც ჰქონია კრუპი, მისი გამეორება ნებისმიერ წუთსაა მოსალოდნელი. ჩვეულებრივ, ბავშვებს ის 5-დან 7 წლამდე ასაკში უვითარდებათ, მერე კი ნელ-ნელა გადალახავენ მას - ხორხის სანათური ფართოვდება და ანთებითი პროცესის დროს მისი შევიწროება ჰაერის ნაკადის გავლას ხელს აღარ უშლის. ბიჭებს უფრო ხშირად ემართებათ სტენოზი, ვიდრე გოგონებს, რაც მათი ხორხის აგებულებით აიხსნება.

- როგორ მოვიქცეთ შეტევის დროს?

- იმოქმედეთ თანამიმდევრულად:

  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, დისპეტჩერი გააფრთხილეთ, რომ ეჭვი გაქვთ კრუპზე. შეტევის მოხსნა უნდა მოხდეს 40-60 წუთის განმავლობაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე არ დაიბნეთ, მოემზადეთ ჰოსპიტალიზაციისთვის, სახლში დარჩენა რეკომენდებული არ არის - შეტევა ნებისმიერ დროს შეიძლება გამეორდეს და სერიოზული გართულებები მოჰყვეს.
  • მიეცით ბავშვს ანტიჰისტამინური პრეპარატი - ეს ჩააცხრობს ლორწოვანის შეშუპებას.
  • გაუკეთეთ ინჰალაცია ტუტე ხსნარით - სტენოზის დროს ის სწრაფად ხსნის ხველის შეტევას. ინჰალაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი, ბორჯომი.
  • ბავშვს ბალიშებით წამოუწიეთ თავი - ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებას. თქვენი სიმშვიდე დაეხმარება პატარას, თვითონაც მშვიდად იყოს - მღელვარებამ სტენოზი შესაძლოა გააძლიეროს.
  • დაანოტივეთ ოთახის ჰაერი. ამისთვის უბრალოდ ჩართეთ წყლის ელექტრომადუღარა - ჰაერი გაჯერდება თბილი, ნოტიო ორთქლით.
  • დაალევინეთ თბილი რძე ან რძიანი მინერალური წყალი, თუნდაც ერთ-ორი ყლუპი. გაციებისას ნაჩვენები ბალახების ნახარში ამ დროს არ შეიძლება.
  • ფეხები გაუთბეთ სათბურით ან ჩააყოფინეთ თბილ წყალში.

- რას უნდა ველოდეთ კრუპის შეტევის დროს?

- თუ მკურნალობას დროულად დაიწყებთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა, დაგვიანებამ კი შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიღოს.

რთულ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, სახელდობრ, ტრაქეის გაკვეთა - ტრაქეოსტომია და სასუნთქი მილის ჩადგმა.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებიც სტენოზისადმი არიან მიდრეკილნი?

- ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვს ნუ მისცემთ სიცხის დამწევ სიროფს - მან შესაძლოა ალერგიულ რეაქციას გაუწიოს პროვოცირება. გამოიყენეთ უპირატესად წვეთები და სანთლები.

შეტევა შესაძლოა გამოიწვიოს სამკურნალო ბალახების ნაყენმა, კანზე შესაზელმა საცხმა, საკვებმა, კენკრამ. გამორიცხეთ ყველა პოტენციური ალერგენი.

სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციით დაავადებულ ბავშვს ღამით ოთახში მარტო ნუ დატოვებთ - თუ შეტევა დაეწყო, ის ვერ დაგიძახებთ. იყავით ყურადღებით, თვალყური ადევნეთ მისი სუნთქვის სიხშირეს. სტენოზი უმეტესაც ღამის 12-დან გამთენიის 5 საათამდე ვითარდება.

ხშირად დაალაგეთ ოთახი სველი წესით - ეს შეამცირებს მტვრის რაოდენობას და დაანოტივებს ჰაერს. მოარიდეთ ბავშვი სიგარეტის კვამლს.

ზამთარში, ვირუსის ეპიდემიის სეზონზე, ერიდეთ (მეტადრე - ბავშვთან ერთად) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ჩაუტარეთ პატარას გამაკაჟებელი პროცედურები.