პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

ასთმა შეტევებისა და ჯანმრთელი პერიოდების მონაცვლეობით მიმდინარეობს. შეტევის დროს ხდება ბრონქების შევიწროება, რაც გამოიხატება მოხრჩობის შეგრძნებით, ამოსუნთქვის გაძნელებით, ხველით. გულმკერდის აუსკულტაციით ისმინება მსტვენი და ხმაურიანი სუნთქვა. ბრონქების შევიწროებას განაპირობებს ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმი, ლორწოვანი გარსის შეშუპება, ჭარბი ნახველი, ბრონქების სანათურის ნახველით ავსება და ლორწოვანი გარსის ანთება. თანდართული ინფექცია ამ მოვლენებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების საფუძველია სხვადასხვა გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქციისადმი ბრონქების გადაჭარბებული მიდრეკილება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი ჰიპერაქტიურობა, რასაც ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურება, თამბაქოს კვამლი და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბრონქების სპაზმს და ამით გამოწვეულ სიმპტომებს შექცევადი ხასიათი აქვს.

ასთმის ტიპური შეტევა ვითარდება მოულოდნელად, უმეტესად - ღამით, და ხშირად ხველით იწყება. ბავშვებთან შეტევას არცთუ იშვიათად წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების ანთება. შეტევის დროს პაციენტი უჩივის მოხრჩობის შეგრძნებას, რაც იწვევს ამოსუნთქვის გაძნელებას, ხველას და დიდი რაოდენობით მწებავი ნახველის გამოყოფას. ბავშვი ჯდება, მხრებს მაღლა სწევს, სუნთქვაში რთავს დამატებით კუნთებს (ცხვირის კიდეები იბერება, შიგნით იწევა ნეკნთაშორისი არე და ლავიწზედა ღრმულები), ოფლიანდება და წუხს. ნახველის ამოხველება ან ბრონქოსპაზმის მომხსნელი პრეპარატის მიღება მდგომარეობას აუმჯობესებს. მძიმე შემთხვევაში ბავშვს სახეზე (განსაკუთრებით - ტუჩების გარშემო) და თითებზე (განსაკუთრებით - ფრჩხილებზე) მოლურჯო ფერი ედება, ხველა უხანგრძლივდება და მდგომარეობა უმძიმდება. ძალიან მძიმე შემთხვევაში, სახელდობრ, ასთმური სტატუსის დროს (ქვემოთ ამ საკითხს დაწვრილებით შევეხებით), როცა ადგილი აქვს ძლიერ ობსტრუქციას და ბრონქების სანათურის შევიწროებას, სისხლისთვის ჟანგბადის მიწოდება საგრძნობლად რთულდება. გარდა ამისა, ძლიერდება მოხრჩობის შეგრძნება, ციანოზი, რაც იწვევს სისხლში საშიშ ბიოქიმიურ ძვრებს, ტვინის ჟანგბადოვან შიმშილს, ზოგჯერ - გონების დაკარგვასაც კი. ამგვარი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.

ასთმური სტატუსი

ასთმური სტატუსი ბრონქული ასთმის მძიმე გართულებაა. ეს არის პროგრესირებადი, სიცოცხლისთვის საშიში შეტევა, რომელიც არ ემორჩილება ცნობილ ანტიასთმურ თერაპიას.

ასთმური სტატუსის განვითარება თანდათანობით მზარდი ტოტალური ობსტრუქციის შედეგია. ამ დროს უმეტესად ვითარდება სუნთქვის მძიმე უკმარისობა მსტვენი, ექსპირაციული ხასიათის ქოშინითა და ციანოზით (ციანოზი კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობაა). მსტვენი სუნთქვა შორიდანვე ისმის (დისტანციური ხმაური), ბავშვი იძულებით პოზას იღებს (ორთოპნოეს მდგომარეობა), ფილტვები ხშირად ემფიზემურადაა შებერილი, რაზეც გულმკერდის ღრუს კასრისებრი ფორმა და პერკუსიით გამოვლენილი ტიმპანური ხმიანობა მეტყველებს. შესაძლოა კანქვეშა ან მედიასტინური ემფიზემის განვითარებაც. სუნთქვის ხანგრძლივი უკმარისობისა და ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) გამო შესაძლოა განვითარდეს ჰიპოქსიური კომა და პაციენტი დაიღუპოს.

როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა

ატოპიური ასთმის დიაგნოზს სვამენ დაავადების კლინიკური სურათისა და სისხლით ნათესავებში მსგავსი დაავადების არსებობის საფუძველზე. დიაგნოსტიკის მიზნით დამატებით ტარდება კანის ალერგიული სინჯები (კანის ზედა შრეში ალერგენის შეყვანიდან 15 წუთში წარმოიშობა სიწითლე და შეშუპება). ტარდება სისხლის ანალიზიც. სისხლში მომატებულია IგE ანტისხეულების დონე; ეოზინოფილების შემცველობა 5%-ს აჭარბებს; მათი რაოდენობა ნორმაზე მეტია ქსოვილებშიც. 7-8 წელს გადაცილებულ ბავშვებს უტარდებათ სასუნთქი სისტემის ფუნქციური კვლევა და პროვოკაციული სინჯები საეჭვო ალერგენებით ან ჰისტამინით.

თუ ბავშვს აქვს ხშირად გამწვავებადი ინფექციის კერები, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის დასადგენად ამ კერებიდან იღებენ ნაცხს და თესავენ. გარდა ამისა, აკეთებენ ანტიბიოტიკოგრამას, რათა შეირჩეს ანტიბიოტიკი, რომლის მიმართაც ყველაზე მეტადაა მგრძნობიარე ეს ბაქტერია.

ასთმის შეტევის კუპირების (მოხსნის) მიზნით გამოიყენება ბრონქების სპაზმის მომხსნელი (მაგალითად, ეუფილინი, სალბუტამოლი), ნახველის გამათხელებელი და ამოსახველებელი საშუალებები. აუცილებელია სითხის მიღება, გარემომცველი ჰაერის დატენიანება (ამისათვის გაფინეთ ოთახში სველი პირსახოცი ან ზეწარი) და ოთახის ხშირი განიავება. ინფექციის თანდართვის შემთხვევაში ინიშნება სალიცილატები და ანტიბიოტიკები. შეტევებს შორის არსებულ პერიოდში უნდა მოხერხდეს შეტევის მაპროვოცირებელი ალერგენის მოშორება და სისტემატურად ჩატარდეს სუნთქვითი ვარჯიშები (განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვარჯიშებს, რომლებიც შეტევის დროს ამოსუნთქვის გაადვილებას შეუწყობს ხელს). სასარგებლოა კლიმატოთერაპია. თუ ასთმის შეტევა თვეში ერთზე მეტჯერ ვითარდება, ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ახდენს ბრონქული ასთმის შეტევის პრევენციას (ინტალი, ზადიტენი და სხვა).

მძიმე ასთმური სტატუსის დროს ნაჩვენებია ჟანგბადით თერაპია. ინიშნება სტეროიდები (ჰორმონები), ამოსახველებელი, ბრონქოსპაზმის მომხსნელი და ნახველის გამათხელებელი საშუალებები (ინჰალაციის სახით). აუცილებელია მჟავატუტოვანი ბალანსის რეგულირება. ზოგჯერ საჭირო ხდება პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანაც.

ასპირინით გამოწვეული ასთმა

რა თავისებურება ახასიათებს ასპირინით გამოწვეული ასთმის მიმდინარეობას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას?

ამ ტიპის ასთმა ასპირინითაა განპირობებული და განვითარების განსხვავებული მექანიზმი აქვს. სახელდობრ, ასპირინის მიღების შედეგად ვითარდება ფერმენტების დეფექტები, რაც, თავის მხრივ, ასთმის მიზეზად იქცევა. ასპირინით გამოწვეული ასთმა შესაძლოა სხვა წამლის, მაგალითად, ინდომეტაცინის, იბუპროფენის, მიღებამაც განაპირობოს. ამ დროს ორგანიზმი ვერ ახერხებს წამლის სწორად ამოცნობას. ასთმიანი ბავშვების 2-6%-ს ასთმის ეს სახეობა აღენიშნება.

ასპირინით გამოწვეულ ასთმას ხშირად თან ახლავს რეაქცია საკვებში, გაზიან სასმელებში, წამლის გარსში შემავალ საღებავებზე. საღებავებს შეიცავს მკვეთრი შეფერილობის მრავალი ხილი და ბოსტნეული: ქლიავი, მარწყვი, პომიდორი, ჭარხალი და სხვა. ამ შემთხვევაში დაავადების გამომწვევთან კონტაქტის თავიდან აცილება ძნელია. ასპირინით გამოწვეული ასთმის დროს ხშირია ცხვირის პოლიპები, რასაც თან ახლავს სურდო და ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. ასთმის შეტევა ვითარდება წამლის მიღებისთანავე ან 2-3 საათის შემდეგ. სუნთქვა ძნელდება, ცხვირი იჭედება, ვითარდება გულისრევა, ღებინება, კანზე წარმოიშობა ცვლილებები. ალერგენის ამომცნობი კანის ტესტები უარყოფითია.

ამ ტიპის ასთმის დიაგნოსტირებისთვის ტარდება პროვოკაციული ტესტები ასპირინსა და საღებავებზე. ასევე გასათვალისწინებელია ახლო ნათესავებში ასპირინის აუტანლობაც.

სამკურნალოდ, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ორგანიზმიდან იმ წამლებისა და საკვები ნივთიერებების გამოდევნა, რომლის აუტანლობაც აქვს ბავშვს. ბოლო ხანს ტარდება დესენსიბილიზაცია (მგრძნობელობის დაქვეითება) ასპირინის მცირე დოზებით.

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება

უქმნის თუ არა საფრთხეს ბავშვის სიცოცხლეს ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება? როგორ მკურნალობენ მათ?

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) ერთი დაავადების ორი განსხვავებული ფორმაა.

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციების დროს კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. ამიტომაც დაერქვა დაავადებას ეს სახელი. გამონაყარს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, დაერთოს თავის ტკივილი და სისუსტე.

ჭინჭრის ციება შესაძლოა იყოს მწვავეც და ქრონიკული ხასიათისაც, ადგილობრივიც (გამონაყარი ჩნდება სხეულის ცალკეულ ნაწილებზე) და გენერალიზებულიც (მოიცავს მთელ სხეულს). შესაძლოა იყოს სხვა დაავადების სიმპტომიც.

განასხვავებენ ჭინჭრის ციების ორ ფორმას: ალერგიულს და არაალერგიულს. ზოგჯერ გამოყოფენ მემკვიდრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად ალერგიული ბუნებისაა, ქრონიკული, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) კავშირი იშვიათად შეინიშნება, და საზოგადოდ, გამომწვევი მიზეზის დადგენა ავადმყოფების მხოლოდ 5-30%-თან ხერხდება.

მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებისმიერი ან წამლისმიერი ალერგიის სიმპტომია. საკვები პროდუქტებიდან მის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ქათამი, თხილი და კაკალი. უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი - ვთქვათ, ერთსა და იმავე დროს საკვებისა და მტვრის ან ლატექსის მიმართ - ალერგიული რეაქციების შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგალითად, პენიცილინის ჯგუფისას), სულფანილამიდებს, კოდეინს. ჭინჭრის ციების განვითარებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. ის შესაძლოა სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს. ზოგჯერ ჭინჭრის ციებას იწვევს ინფექციური და ვირუსული დაავადებები, მათ შორის - ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი და ლამბლიოზიც.

კვინკეს შეშუპება

კვინკეს შეშუპება პირველად 1882 წელს აღწერა გ. კვინკემ. მას ანგიონევროზულ შეშუპებას და გიგანტურ ჭინჭრის ციებასაც უწოდებენ. თუ კანის ზედაპირული შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გავრცელდა კანქვეშა ქსოვილში, სადაც ნერვული დაბოლოებები არ არის, ქავილი თან აღარ ახლავს და კვინკეს შეშუპებად მოიხსენიებენ. შეშუპება უმეტესად იმ ადგილას ვითარდება, სადაც ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია, მაგალითად, ტუჩებზე, ქუთუთოებზე, ყურებში, ენაზე, ხელის მტევნებზე.

ჭინჭრის ციებასა და კვინკეს შეშუპებას, განვითარების საერთო მექანიზმიდან გამომდინარე, ერთად განიხილავენ.

კვინკეს შეშუპებამ შესაძლოა მნიშვნელოვან ხარისხს მიაღწიოს. ის იწვევს დაზიანებული ადგილის დეფორმაციას, თუმცა შემდეგ შესაძლოა უკვალოდ გაქრეს და თუ განმეორებით განვითარდა, უმეტესად კვლავ წინამორბედ ადგილას ლოკალიზდება.

სიცოცხლისთვის განსაკუთრებით სახიფათოა ხორხის შეშუპება, რომელიც შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება. ხორხის შეშუპებას ახასიათებს:

  • ხმის შეცვლა;
  • მყეფავი ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • სახეზე მოცისფრო ელფერი;
  • მოგუდვის პროგრესირებადი შეგრძნება, რომელიც გადაუდებელ რეანიმაციულ ჩარევას მოითხოვს.

თუ კვინკეს შეშუპება თავზეა ლოკალიზებული, ვითარდება თავის ტკივილი. ტვინის გარსების შეშუპებამ შესაძლოა ეპილეფსიური შეტევები, მენინგოკოკური მოვლენები და გონების დაბინდვა გამოიწვიოს.

არსებობს მემკვიდრეობითი წარმოშობის კვინკეს შეშუპებაც, რომელიც მამაკაცებთან უფრო ხშირად გვხვდება. შეშუპებული უბანი ამ დროს მტკივნეული არ არის. ხშირად შუპდება ხორხი.

საშიშია თუ არა?

ლოკალური ჭინჭრის ციება მსუბუქ ალერგიულ რეაქციად მიიჩნევა, ხოლო გენერალიზებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება - საშუალო სიმძიმისად და მძიმედ. განსაკუთრებით საშიშია შეშუპება სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის მიდამოში - შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობაც მოჰყვეს, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს დროულად არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება.

როგორ მკურნალობენ

როგორც სხვა ფორმის ალერგიული დაავადებების მკურნალობისას, ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების შემთხვევაშიც ყველაზე ეფექტურია ალერგენის დადგენა და ელიმინაცია (მოცილება), მაგრამ ზოგჯერ - და, უნდა ითქვას, უმეტესად - ურტიკარიის მიზეზის იდენტიფიცირება ჭირს და მკურნალობის ძირითად მეთოდად მედიკამენტური მკურნალობა რჩება.

ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების სამკურნალოდ უმთავრესად 3 ჯგუფის მედიკამენტებს იყენებენ:

  • ადენომიმეტიკებს (ადრენალინი, ნორადრენალინი);
  • ანტიჰისტამინურ პრეპარატებს (ლორატადინი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, კეტოტიფენი, ცეტირიზინი და სხვა);
  • გლუკოკორტიკოსტეროიდებს (პრედნიზოლონი და სხვა).

მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომლებსაც სიმპტომების სწრაფი კუპირება ძალუძს. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს დავჯერდეთ (ასეთია დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი. გაცილებით უკეთესია უახლესი პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი). არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი). საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სპეციალისტების მაღალკვალიფიციური დახმარება.