სად დავისვენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად დავისვენოთ

იგი ხსნის დაღლილობას, დეპრესიას, სტრესს, ნევროზულობას, ამსუბუქებს ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას და აფერხებს ახალი დაავადებების წარმოშობას, წმენდს ორგანიზმს და სხვა. ამრიგად, შვებულება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ რომ გავატაროთ, სწორად უნდა შევარჩიოთ დასასვენებელი ადგილი და გავარკვიოთ, რომელი კლიმატი იქნება ჩვენთვის საუკეთესო.

სანატორიულ-კურორტული მკურნალობის მთავარი პრინციპები

სანატორიულ-კურორტული მკურნალობა მიიჩნევა მკურნალობის ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ მეთოდად, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების დროს. კურორტებზე მკურნალობა ხორციელდება კომპლექსურად; მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, მოძრავ, დინამიკურ თამაშებს, მატრენირებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს. ამგვარი მკურნალობა არ არის რეკომენდებული ვენერული და ინფექციური დაავადებების, ფსიქიკური აშლილობის, დაავადების მწვავე მიმდინარეობის, სისხლდენის, ავთვისებიანი წარმონაქმნების, ჰიპერტონიული დაავადების მძიმე მიმდინარეობის, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული სკლეროზის დროს, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.

სად ვიმკურნალოთ

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის, ტრაქეიტის დროს ნაჩვენებია მკურნალობა ზღვისპირა კლიმატურ, ტყიან, მთიან კურორტებზე, ისეთებზე, როგორებიც არის ბორჯომი, აბასთუმანი, ქობულეთი. პლევროპნევმონიის ნარჩენი მოვლენების დროს რეკომენდებულია სანატორიული მკურნალობა ბაკურიანში, სურამში, ბორჯომში. კურორტებზე წარმატებით მკურნალობენ კუჭის წყლულს, გასტრიტს, ენტერიტს, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის, ნაღველკენჭოვან დაავადებებს. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების მკურნალობა რეკომენდებულია იმ კურორტებზე, სადაც კომპლექსში შედის მინერალური წყლის მიღება, ბალნეოთერაპია გოგირდწყალბადის, რადონის წყლებით, ასევე - ტალახით მკურნალობა. რაც შეეხება ზღვის კლიმატს, ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდებულია წასვლა ხავერდოვან სეზონზე, როდესაც კლიმატი რბილი და დამზოგველია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ცოტა რამ კლიმატოთერაპიის შესახებ

კლიმატოთერაპია გულისხმობს გარკვეული ადგილმდებარეობის კლიმატური პირობების გამოყენებას სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით. კლიმატი რთულ, კომპლექსურ გავლენას ახდენს ჩვენ ორგანიზმზე. აქ გასათვალისწინებელია ატმოსფეროს აიროვანი შემადგენლობა, მასში ჟანგბადის შემცველობა, დაბინძურების ხარისხი, ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა, ნალექები, მზის გამოსხივების ზემოქმედება, მაგნეტიზმი და სხვა ფაქტორები. სხვადასხვაგვარია კლიმატის ბიოლოგიური ზემოქმედებაც. მას შეუძლია:

  • ნერვული სისტემის დამშვიდება და ტონიზირება;
  • ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება;
  • სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • იმუნური სისტემის მოძლიერება.

ზოგიერთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების მიმართ. მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ვურჩევთ. მათთვის აუცილებელია აკლიმატიზაცია, ანუ შეჩვევა კლიმატის ცვლილებასთან.


კლიმატური ზონები და კურორტები

გამოყოფენ კლიმატის ხუთ ძირითად ტიპს.

1. უდაბნოს კლიმატი

უდაბნოს კლიმატისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი მშრალი და ცხელი ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და მზის ინტენსიური ნათება. ამგვარი მდგომარეობა ხელს უწყობს ჭარბ ოფლდენას, ანუ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას, რაც ამცირებს თირკმელების დატვირთვას. ამის გამო ასეთი კლიმატი ნაჩვენებია თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ორგანიზმში სითხისა და წიდის დაგროვება. ეს ყველაფერი ორგანიზმიდან გამოიყოფა ოფლის სახით. უდაბნოს კლიმატი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების, თირკმლის ტუბერკულოზის დროს. ერთ-ერთი ასეთი კურორტია ბაირამ-ალი.

2. სტეპის კლიმატი

სტეპის კლიმატი საკმაოდ ცხელი და მშრალია, თუმცა მისთვის ნაკლებად დამახასიათებელია დღისა და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ორგანიზმზე მას გამაჯანსაღებელი გავლენა აქვს. ამგვარი კურორტები ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.

3. ტყის კლიმატი

ტყის კლიმატი უფრო დამზოგველი და რბილია. მას არ ახასიათებს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ზომიერია ტენიანობაც. ზაფხულობით არ არის შემაწუხებელი სიცხე, ხოლო ზამთრობით - ყინვა. ასეთ კურორტებზე დასვენება რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის - გულის იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

4. მთის კლიმატი

მთის კლიმატისთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ სუფთა ჰაერი, მზის ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება, დაბალი ატმოსფერული წნევა. ჟანგბადის შემცველობა დაქვეითებულია, განსაკუთრებით - მაღალმთიან ადგილებში. მთის კურორტები ორგანიზმზე ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ, მატრენირებელ და გამაკაჟებელ ზემოქმედებას, ამიტომ ისინი ნაჩვენებია ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს.

5. ზღვის კლიმატი

ზღვის კურორტებზე ჰაერი მაღალიონიზებული და ტენიანია. მასში ბევრი მიკროელემენტი, ოზონი, იოდი და ზღვის მარილია. აქ შეიძლება გარუჯვა, რადგან ინტენსიურია მზის გამოსხივება. ზღვაზე დასვენება იმითაც არის კარგი, რომ შესაძლებელია ბანაობა, რასაც გამაკაჟებელი ეფექტი აქვს. ცურვა აუმჯობესებს ტანდეგობას, ამიტომ იგი ნაჩვენებია ტანდეგობის დარღვევისას. ნერვული სისტემის მატონიზებელი ეფექტი განპირობებულია სრულფასოვანი დასვენებით. ზღვის კლიმატი სასარგებლოა მრავალი დაავადების, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს.

საქართველოს კურორტები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკურორტო-რეკრეაციული ზონებიდან აღსანიშნავია:

  • აჭარა. ჰავა რბილია, სუბტროპიკული, ზღვა - თბილი, მზის ნათების ინტენსიურობა - მაღალი. ძირითადი საკურორტო ცენტრებია: ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, ციხისძირი.
  • სამცხე-ჯავახეთი. მისი სამკურნალო თვისებები მთის ჰავითა და მინერალური წყაროებით არის განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ფთიზიატრიული პროფილის კურორტი აბასთუმანი.
  • ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსი. ბორჯომი წარმოადგენს ტურიზმისა და დასვენების ცენტრს, ბაკურიანის ლოკალურ კომპლექსს აქვს ორმაგი ფუნქცია: ზაფხულში - მთის კლიმატური კურორტისა, ხოლო ზამთარში - სამთო-სათხილამურო ცენტრისაც. მნიშვნელოვანი კურორტებია: წაღვერი, ცემი, პატარა ცემი, ლიბანი და სხვა.
  • კოლხეთი. მას უკავია კოლხეთის დაბლობი ზღვისპირა სანაპირო ზოლით და მიმდებარე მთისწინეთი. აქ განლაგებულია ბალნეოლოგიური კურორტები: წყალტუბო, ცაიში, მენჯი, - და ზღვისპირა კლიმატური კურორტები: ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა.
  • სვანეთი. ის ფასეულია მთის ჰავით, მაღალმთიანი ლანდშაფტებით, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროებით. იგი წარმოადგენს ალპინიზმის მნიშვნელოვან ზონას.
  • რაჭა-ლეჩხუმი. აქ განსაკუთრებით პოპულარულია ბალნეოკლიმატური კურორტები უწერა და შოვი.
  • აღმოსავლეთ კავკასიონი. ალპინიზმის მნიშნელოვანი ცენტრია ყაზბეგი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
  • კახეთი. აქ არის ტალახით სამკურნალო კურორტი ახტალა.

ადამიანი ბუნების შვილია. ქალაქის დაძაბული რიტმი არყევს ჩვენს ჯანმრთელობას, რაზეც ორგანიზმი სხვადასხვაგვარად მიგვანიშნებს. ვიდრე გვიან არ არის, ჯობს, ვიზრუნოთ მასზე. ეს გაცილებით ეკონომიური, მარტივი და რეალურია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების მკურნალობა, ამიტომ გამოიყენეთ შვებულების პერიოდი, დაისვენეთ და იმოგზაურეთ.