ჯანმრთელი მოგზაურობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი მოგზაურობა

და ტკბილ მოგონებებთან ერთად, ამ პროცესს შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი გართულებაც მოჰყვეს. იგულისხმება ინფექციური აგენტების – ბაქტერიებისა თუ ვირუსების ზემოქმედება ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას, ლაშქრობისა თუ სხვა აქტივობის დროს (ცურვა ან ბოლო წლებში პოპულარული ჯომარდობა) და დროებით მიძინებული ქრონიკული დაავადებები. საბედნიეროდ, ბევრი პრობლემის არიდება შეიძლება მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვით, იმუნიზაციითა (აცრი) და მგზავრობისას ელემენტარული წესების დაცვით. შევეცდებით, მოკლედ გესაუბროთ ამ საკითხების შესახებ.

საკვები და წყალი

დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებით დაბინძურებული საკვები და წყალი მრავალი პრობლემის, მათ შორის ფაღარათის, ა ჰეპატიტის, უფრო იშვიათად, პარაზიტული დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. სამწუხაროდ, საქართველოს მრავალ რეგიონში არ არსებობს სათანადო წყალმომარაგება და ჰიგიენის ნორმების დაცვის ელემენტარული საშუალება.

ერთი შეხედვით სუფთა წყალი შეიძლება თვალისათვის უხილავი, ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული. მათი განადგურება ძალზე ადვილია წყლის სამი წუთის მანძილზე დუღილით. გადადუღებული წყალი გააცივეთ და ისე დალიეთ. ეს მანიპულაცია არ სჭირდება ცენტრალიზებულად, წყალსადენით მოწოდებულ წყალს. წყალი დაავადების მიზეზი რომ არ გახდეს, გირჩევთ:

  • თუ ცენტრალიზებულად არ არის მოწოდებული, არ დალიოთ წყალი აუდუღებლად და არც კბილები გაიხეხოთ ამ წყლით;
  • არ მოამზადოთ ასეთი წყლით ყინული სასმელებისთვის;
  • არ მიიღოთ საეჭვო წყლის შემცველი სასმელები;

წყლის გარდა, ზოგჯერ პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების წყარო საკვებიცაა. ინფექციისაგან თავდასაცავად რეკომენდებულია:

  • ხილის კარგად გარეცხვა სუფთა წყლით, კანის მოცილება;
  • ბოსტნეულის კარგად გარეცხვა, თერმული დამუშავება (მოხარშვა, მოთუშვა);
  • რძის ადუღება;
  • უმ ხორცეულსა და თევზეულზე უარის თქმა, მათი თერმული დამუშავება.

მწერებისა და ტკიპების ნაკბენი

მწერებისა და ტკიპების ნაკბენი არა მარტო უსიამოვნოა ქავილისა და ტკივილის გამო, ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის გარკვეული დაავადების გადაცემის რისკით. ამ რისკის შესამცირებლად:

  • თავი აარიდეთ მწერებიან ადგილებს;
  • ჩაიცვით გრძელსახელოებიანი პერანგები, გრძელი შარვლები;
  • გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებები;
  • ფანჯრებისა და კარების დამცავი ბადეები;
  • შებინდების შემდეგ, შეძლებისამებრ, მოერიდეთ გარეთ ყოფნას.

სქესობრივად გადამდები დაავადებები

მკვლვევართა მითითებით, ზაფხულში შემთხვევითი სქესობრივი კავშირების რიცხვი მატულობს. ბ ჰეპატიტის ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (შიდსის გამომწვევი ვირუსი), გონორეის, ქლამიდიის, სიფილისის გამომწვევები სწორედ შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგად გადაეცემა. სამწუხაროდ, ამ დაავადებათა რიცხვი განვითარებად ქვეყნებში მაღალია.

შემთხვევითი, დაუცველი სქესობრივი კავშირისგან თავის არიდება თავდაცვის საუკეთესო გზაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბარიერული საშუალებები (კონდომი) მხოლოდ ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკს, სრულად კი ვერ იცავს მათგან.

აუცილებელი მედიკამენტები

მგზავრობის დაგეგმვისას არ დაგავიწყდეთ აუცილებელი მედიკამენტების მარაგის შექმნა. შესაძლოა თქვენს დასასვენებელ ადგილთან ახლოს აფთიაქი არ იყოს ან მხოლოდ განსაზღვრულ საათებში მუშაობდეს. სასურველია თან იქონიოთ:

  • ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი ან პრეპარატი, რომელსაც ამ მიზნით იყენებთ);
  • ფაღარათისას აუცილებელი საშუალებები (ფხვნილი სითხისა და ელექტროლიტების შემავსებელი ხსნარების მოსამზადებლად, ფაღარათის შესაჩერებელი პრეპარატები);
  • მგზავრობასთან დაკავშირებული თავბრუს და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • მწებავი ემპლასტროები;
  • ჭრილობისას გამოსაყენებელი მალამოები;
  • რეგულარულად მისაღები პრეპარატის მთელი მოგზაურობის პერიოდისთვის საკმარისი რაოდენობა იქონეთ თან.

უსაფრთხო მგზავრობა

მიუხედავად ამ თემაზე განუწყვეტელი საუბრისა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები სიკვდილის წამყვან მიზეზად რჩება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის მოგზაურთა სიკვდილის შემთხვევათა 25%-ის ანუ მეოთხედის მიზეზია. ამ საფრთხის შემცირების მიზნით:

  • მოერიდეთ ღამით მგზავრობას;
  • გაეცანით სამოგზაურო ლოკალის საგზაო წესებსა და გზების თავისებურებებს;
  • აუცილებლად შეიკარით დამცავი ღვედი;
  • საჭესთან ყოფნისას არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი.

რა საფრთხეს ქმნის ტრანსპორტი

ჯანმრთელობის პრობლემებს მგზავრობისას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არჩეული ტრანსპორტის სახეობა:

საჰაერო მგზავრობა

საჰაერო (თვითმფრინავით) მგზავრობა ზოგ შემთხვევაში მართლაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს. ამის მიზეზი, უპირველესად, გარემოში ჟანგბადის დაბალი შემცველობაა.

ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება

მართალია, ძალზე მაღლა მფრენ თვითმფრინავებში კაიუტა ჰერმეტიზებულია, მაგრამ წნევა მაინც უფრო დაბალია, ვიდრე დედამიწაზე. ეს კი ამცირებს სისხლში ჟანგბადის შემცველობას. გარემოში ჟანგბადის დაბალი შემცველობა პრობლემებს უქმნის გარკვეული დაავადების მქონეთ, კერძოდ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან გულის ზოგიერთი დაავადების მქონეთ. პაციენტს შეიძლება დაეწყოს ქოშინი, ამ დროს კი საჭიროა ჟანგბადის მიწოდება.

თვითმფრინავში არსებული გარემო ჟანგბადის დაბალი შემცველობით შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს მათთვისაც, ვისაც ფრენამდე მცირე ხნით ადრე გულის შეტევა ჰქონდა. ასეთ შემთხვევებში ფრენა უნდა გადაიდოს 2-3 კვირით ან უფრო ხანგრძლივად, თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს.

ყურისა და წიაღების პრობლემები

ფრენის დროს წნევის ცვალებადობამ შეიძლება ყურისა და ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების (სინუსების) პრობლემები წარმოშვას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ მგზავრობისას ადამიანს ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია (სურდო, ყელის ტკივილი) აქვს. ფრენის შემდეგ შეიძლება აღმოცენდეს სმენის დაქვეითების, ყურის დაგუბების ან ყურისა და წიაღების არეში ტკივილის შეგრძნება. ამ უსიამოვნო სიმპტომთა არიდება ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო ან ანტიალერგიული პრეპარატებითაა შესაძლებელი.

თრომბის წარმოქმნა

ფრენისა თუ შორ მანძილზე მგზავრობისას ხანგრძლივად ჯდომა ქვემო კიდურების ვენებში სისხლის შეგუბებას იწვევს, რაც ზრდის თრომბის ფორმირების რისკს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ვენური და/ან სისხლის შედედების პრობლემების მქონე პირებს. ხანგრძლივი მგზავრობის წინ ასეთ პაციენტს ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს გარკვეული სახის პრეპარატები, ურჩიოს სპეციალური ელასტიკური წინდების ტარება, კიდურების ხშირი მოძრაობა. როცა თვითმფრინავითა თუ ავტომანქანით მგზავრობის ხანგრძლივობა ექვსი-რვა საათი ან მეტია, ფეხების შეშუპებისა და ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

  • ყოველი საათის ან ორი საათის შემდეგ წამოდგომა და გავლა;
  • მგზავრობისას თამბაქოზე უარის თქმა;
  • კომფორტული, ფართო ტანსაცმლის ტარება;
  • პერიოდულად ქვემო კიდურების მოხრა-გაშლა, პოზიციის ხშირი ცვლა; ფეხის ფეხზე გადადება მიზანშეუწონელია;
  • წყლისა და უალკოჰოლო სასმელების საჭირო ოდენობით მიღება გაუწყლოებისგან თავდასაცავად;
  • ელასტიკური წინდის გამოყენება;
  • საძილე და ძილის გამომწვევი პრეპარატებისა და ალკოჰოლიანი სასმლისგან თავშეკავება, რადგან ისინი ამცირებენ მოძრაობისა და სიარულის სურვილს.

მგზავრობა ორსულობის დროს

ორსულთა დიდი ნაწილი არ უფრთხის მგზავრობას. მაგრამ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და გასათვალისწინებელია ტრანსპორტიც. თვითმფრინავით მგზავრობას არ აქვს ნეგატიური ჩვენება ორსული ქალისა თუ ნაყოფის ორგანიზმზე. თუ წარსულში აღინიშნებოდა გართულებული ორსულობები (ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის თვითნებური შეწყვეტა, მაღალი წნევა და ა. შ.), სასურველია შორ მანძილზე მგზავრობისაგან თავის შეკავება. რადგან ორსულობისას თრომბოზის რისკი მომატებულია, მგზავრობისას თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.