რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა უნდა იცოდეს ორსულმა

 

ამ ნიშანთა უმრავლესობა ვლინდება ჩასახვიდან მე-6-8 კვირას. ერთ-ერთი უმთავრესი ჩივილი, რომელიც დისკომფორტს უქმნის ორსულს, არის გულისრევა და ღებინება. ის ორსულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და I ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) ქალების 80-85%-ს აწუხებს, თუმცა მათ უმრავლესობას (87-91%-ს) ორსულობის მე-16-20 კვირას გაუვლის. ვინაიდან გულისრევა და ღებინება მეტწილად თავისთავად გაივლის და ორსულობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, მედიკამენტების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმპტომატიკა ძლიერ არის გამოხატული ან მეტისმეტად შემაწუხებელია. ორსულობისას ხშირია გულძმარვაც. მისი სიხშირე ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. მის შესამსუბუქებლად, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია ზედმეტად არ დავიხაროთ, განსაკუთრებით - ჭამის შემდეგ, თავი მაღალ სასთუმალზე გვედოს და დავიცვათ დიეტა, კერძოდ, მივირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, ვერიდოთ ცხიმიან და კუჭის გამაღიზიანებელ საკვებს, მაგალითად კოფეინს (შეიცავს ყავა, კოკა-კოლა, მუქი ჩაი). აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს სათანადო მედიკამენტები. ორსულობის დროს ხშირია შეკრულობაც. მის წინააღმდეგ რეკომენდებულია ბოჭკოვანი დიეტა - ხორბლის ან ჭვავის ბოჭკოების დამატება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლობისას ინიშნება შესაბამისი პრეპარატები. ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ქალთა 8%-ს ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი აღენიშნება. მისი მკურნალობა გულისხმობს დიეტის გაუმჯობესებას, საჭიროებისას - ადგილობრივი საშუალებებისა გამოყენებას. ქვედა კიდურების შეშუპებაც არანაკლებ ხშირია ორსულობის დროს. შეშუპება, რომელსაც თან არ სდევს შარდში ცილის არსებობა და ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების უნარის მატება), მკურნალობას არ საჭიროებს. ის დაკავშირებულია საშვილოსნოს მექანიკურ ზეწოლასთან და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან. ხშირია ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც, რომლის დროსაც მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია სპეციალური ელასტიკური წინდების ტარებით, თუმცა ისინი ვენებს პროგრესული გაგანიერებისგან ვერ იცავენ. წელის ტკივილს ორსულთა 35-61% უჩივის. ქალთა 47-60%-ს ის ორსულობის მე-5-7 თვეს ეწყება. ტკივილის ინტენსივობა საღამო ხანს იმატებს. მისი მიზეზია სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება მუცლის სიმძიმისა და კუნთების გადაჭიმვის გამო. წელის ტკივილი შემაწუხებელია. მან შესაძლოა ქალის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძილზეც კი მოახდინოს გავლენა, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში. წყალში ვარჯიში მდგომარეობას ამსუბუქებს.


- როგორია ვაგინიტის ანუ საშოს ანთების მკურნალობის ტაქტიკა ორსულობისას?
- ვაგინიტის გამწვავება ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი აგენტის დასადგენად ტარდება საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულის I ვიზიტიც ითვალისწინებს. უმეტესად გვხვდება სოკოვანი ვაგინიტი. მკურნალობის საკითხი და ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის, ჩივილებისა და ორსულობის ვადების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს. ირჩევა ნაყოფისთვის  ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები, უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ საშუალებებს. ორსულობის III ტრიმესტრში აუცილებელია საშოს სანაცია რბილი სამშობიარო გზების მოსამზადებლად.


- თქვენ ზემოთ ის ინფექციები ჩამოთვალეთ, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხონ. როგორია თითოეული მათგანის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით?
- უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ქლამიდიური ინფექციის როლი, მასთან დაკავშირებული რისკი. დადგენილია, რომ ორსულობის დროს ქლამიდიური ინფექციის არსებობა ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობას და აფერხებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარებას.  აქტუალურია ციტომეგალოვირუსული ინფექციაც. ციტომეგალოვირუსი ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. ეს ინფექცია პირველადი ინფიცირების შემდეგ ლატენტურად, ფარულად მიმდინარეობს და თუ პაციენტის იმუნური სისტემა დათრგუნულია, შესაძლოა გააქტიურდეს. ამ ინფექციის არსებობისას ძნელი სათქმელია, რომელი ორსულობა გართულდება ნაყოფის ინფიცირებით. შეუძლებელია იმის განსაზღვრაც, რომელ ინფიცირებულ ახალშობილს ჩამოუყალიბდება მძიმე გართულებები. სამწუხაროდ, არც ვაქცინა, არც პროფილაქტიკური თერაპია ნაყოფის ინფიცირების პროფილაქტიკისთვის არ არსებობს. ყურადღებას მოითხოვს ის შემთხვევები, როდესაც დედა B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. დადგენილია, რომ ასეთ დროს დიდია ალბათობა, ბავშვი ქრონიკული ინფექციის მატარებელი გახდეს, ამიტომ დედის ინფიცირების გამოსავლენად სპეციალური სკრინინგია რეკომენდებული. საბედნიეროდ, ახალშობილის ინფიცირების პროფილაქტიკა ასიდან 95 შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინაციით ან დაბადებისთანავე იმუნოგლობულინის შეყვანით. მნიშვნელოვანი პრობლემაა C ჰეპატიტი. სადღეისოდ არსებობს მტკიცებულება, რომ დედისგან ბავშვზე მისი გადაცემის ალბათობა სისხლში ვირუსის ტიტრის მატების პირდაპირპროპორციულად იზრდება, თუმცა ზღვარი, რომელზეც ხდება ვირუსით ბავშვის დაინფიცირება, არ არის დადგენილი. როდესაც ჩ ჰეპატიტზე სკრინინგტესტის შედეგი დადებითია, ქალი სამკურნალოდ ინფექციონისტთან იგზავნება. ორსულობისას ტარდება წითურას სკრინინგიც. კვლევა არ არის მოწოდებული ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად. მისი მიზანია იმ ქალების გამოვლენა, რომელთაც წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები არ გააჩნიათ, რათა მოხდეს მათი ვაქცინაცია მომავალი ორსულობის უსაფრთხოებისთვის. ორსულობის დროს წითურას ვაქცინაცია უკუნაჩვენებია პოტენციური ტერატოგენულობის გამო. ორსულობისას წითურათი დაავადება შესაძლოა ნაყოფის დაზიანებისა და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზეზად იქცეს. ორსულის I და IV ვიზიტების დროს რეკომენდებულია ათაშანგის ანუ სიფილისის სკრინინგიც. ეს გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა ორსულს, ვინაიდან ადრეული მკურნალობა აუმჯობესებს როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობის პროგნოზს. ყველა ქალი, რომელიც ათაშანგზე დადებითი აღმოჩნდება, სამკურნალოდ სპეციალისტთან უნდა გაიგზავნოს. ათაშანგის პენიცილინით მკურნალობის ორსულობაზე არასასურველი ზემოქმედება სადღეისოდ არ არის დადასტურებული, არანამკურნალევ ორსულებში კი ახალშობილთა ინფიცირების მაჩვენებელი 70-100%-ს აღწევს. ახალშობილთა მესამედი უმწიფარი იბადება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტოქსოპლაზმოზს. პირველადი ტოქსოპლაზმოზი პარაზიტ Toxoplasma gondii-თ არის გამოწვეული. ჯანმრთელ ქალებში ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მწვავე ინფექციის განვითარება შესაძლოა სპონტანური აბორტის მიზეზად იქცეს. ტოქსოპლაზმოზით ინფიცირება შესაძლებელია:
* არასრულფასოვნად დამუშავებული ან უმი საკვებით - ამ დროს ორგანიზმში პარაზიტის ცოცხალი ცისტები ხვდება;
* ოოციტების მიღებით, რომელსაც კატები გამოყოფენ ან დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალთან კონტაქტით (მაგალითად, გაურეცხავი ხილით ან ბოსტნეულით, რომელიც კატის ფეკალიებით არის დაბინძურებული);
* დედისგან ნაყოფზე გადაცემით, როცა ქალის პირველადი ინფიცირება ორსულობის დროს ხდება.
კვლევებმა ცხადყო, რომ თერმულად არასრულფასოვნად დამუშავებული რძის პროდუქტები და დაკონსერვებული ხორცის პროდუქტები ორსულის ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირების ძირითადი ფაქტორებია. ნიადაგთან კონტაქტი ინფიცირებას გაცილებით იშვიათად იწვევს.

როდესაც T. gondii-სთან პირველი კონტაქტი ორსულობისას ხდება, დედისგან ნაყოფზე მისი გადაცემის ალბათობა ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. იმის გამო, რომ ტოქსოპლაზმოზით პირველადი ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სეროლოგიური ტესტირებით. ტოქსოპლაზმოზის აღმოსაჩენად ტარდება IgG და IgM ანტისხეულების სკრინინგი. ხელმისაწვდომი კლინიკური ტესტები ვერ გვატყობინებენ, როდის მოხდა ინფიცირება - ორსულობის დროს თუ დაორსულებამდე 12 თვით ადრე. ქალებს, რომლებიც ჩასახვამდე დაინფიცირდნენ, ნაყოფზე გადაცემის რისკი არ აღენიშნებათ. ორსულმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ტოქსოპლაზმოზით ინფიცირების ალბათობას ამცირებს:
* ჭამამდე ხელების დაბანა;
* ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულო გარეცხვა;
* საკვების საგულდაგულო თერმული დამუშავება;
* მიწასთან მუშაობის დროს ხელთათმანების გაკეთება;
* კატის ფეკალიებთან კონტაქტისთვის თავის არიდება.
ზოგადად კი ორსულობის დროს დადგენილი ჩამოთვლილი ინფექციების შესახებ უნდა ითქვას, რომ ქრონიკული ინფექციები არ არის მკურნალობის ჩვენება, ორსულობა ჩვეულებრივ გრძელდება.



თარიღი : 18-02-2015
პაციენტი
ეს ქალი ვის რა რჩვეას აძლევს, ნამდვილი არაპროფესიონალი! ოღონდ კარებშივე გადაგახდევინოს 40 ლარი,მეტი საფიქრალი არ აქვს! ასეთი ექიმები არ უნდა არსებობდნენ!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 % მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე.
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
06 თებერვალი 2017
ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.
ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე.
ცხოველების უმრავლესობაში მხოლოდ გარკვეულ დროს ხდება შეჯვარება. წლის დანარჩენ პერიოდში სქესობრივი აქტი მათ არ აინტერესებთ. ადამიანები კი სექსით უფრო ხშირად არიან დაკავებულები.