რუბრიკები
ფიზიოლოგიური მშობიარობა: მიმდინარეობა და მართვის თავისებურებანი

- მნიშვნელოვანია ნაყოფის მდგომარეობის შეფასება. მოსალოდნელია თუ არა ამ მხრივ რაიმე გართულება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს?
- ნაყოფის მდგომარეობის შეფასება მშობიარობის მართვის განუყოფელი კომპონენტია. ნაყოფის დისტრესი - გულისცემის სიხშირის ცვალებადობა დიდი ამპლიტუდით - წუთში 160-ზე მეტიდან 100-120-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე - ან გულის რიტმის დარღვევა,  რაც უმთავრესად ჰიპოქსიით არის გამოწვეული, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კი შეიმჩნევა. ასევე მნიშვნელოვანია სანაყოფე სითხის შეფასება. მასში მეკონიუმის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს ნაყოფის დისტრესზე, მკვდრადშობადობის, ნეონატალური ავადობისა და სიკვდილის ალბათობის მომატებაზე. სანაყოფე გარსების დარღვევის შემდეგ მეკონიუმის აღმოჩენა პერინატალური ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის მომატებას უკავშირდება. მშობიარობის დაწყებისას სანაყოფე ბუშტის სპონტანური დარღვევის შემთხვევაში სანაყოფე წყლების ხასიათი მაშინვე უნდა იქნეს შეფასებული. მასში მეკონიუმის არსებობისას აუცილებელია ნაყოფზე ინტენსიური დაკვირვება. ნაყოფის დისტრესის განვითარებისას სასურველია, მშობიარობა სწრაფად დასრულდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფის გულისცემის მრავალი დარღვევის საკორექციოდ უბრალო კონსერვატიული ღონისძიებებიც კმარა. მაგალითად, დედის პოზის შეცვლა (მარცხენა გვერდზე მოთავსება), ოქსიტოცინის შეყვანის შეწყვეტა საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. მეტად მნიშვნელოვანია ნაყოფის გულისცემაზე დაკვირვება. არსებობს ნაყოფის გულისცემის გამოკვლევის ორი მეთოდი: უწყვეტი ელექტრონული მონიტორინგი და გარეგანი აუსკულტაცია სამეანო სტეთოსკოპით. აუსკულტაცია ტარდება 15-30 წუთში ერთხელ მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში და ყოველი ჭინთვის შემდეგ მეორე პერიოდში. ამ მეთოდის უპირატესობა მისი სიმარტივეა. ელექტრონული მონიტორის გამოყენება ნაყოფის გულისცემის შესაფასებლად აუცილებელია მაღალი რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის დროს.


- როგორ უნდა წარიმართოს მშობიარობის მეორე პერიოდი?
- მშობიარობის მეორე პერიოდში ჭინთვებისა და საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის დაქვეითების გამო ნაყოფის ოქსიგენაცია თანდათან მცირდება. ხანგრძლივი ჭინთვები საგრძნობლად ასუსტებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას. თავს იჩენს ინდივიდუალური განსხვავებებიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის დინამიკური კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჭინთვების დაწყება.Qქალს სთხოვენ, გაიჭინთოს საშვილოსნოს ყელის სრული გახსნისას, როდესაც ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მენჯის ფსკერზეა. ფიზიოლოგიური მიდგომა იმას გულისხობს, რომ ჭინთვის შეგრძნება ქალს თვითნებურად ჩამოუყალიბდეს.


- როგორია მშობიარის პოზიცია მშობიარობის მეორე პერიოდში?
- მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მშობიარობის მეორე პერიოდში ვერტიკალურ პოზიციას ჩვეულებრივთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს. ქალი ჭინთვებისას უფრო ნაკლებ დისკომფორტს განიცდის, სუსტდება ტკივილის შეგრძნება, მცირდება სამშობიარო გზების ტრავმირებისა და ჭრილობის ინფიცირების ალბათობა.


- როგორ უნდა იქნეს დაცული და მოვლილი შორისი მშობიარობის დროს?
- მშობიარობის დროს შორისის დასაცავად გამოიყენება რაოდენიმე ხერხი. მეანობის მრავალ სახელმძღვანელოში აღწერილია შორისის დაცვა თავის გამოჭრის დროს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა მოგახსენოთ, რომ ტრავმატიზმი შემცირდა და, აქედან გამომდინარე, ეპიზიოტომიაც გაიშვიათდა. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ეპიზიოტომია უნდა ჩატარდეს მკაცრი ჩვენებით. მისი რუტინული გამოყენება დაუშვებელია. რაც შეეხება ეპიზიოტომიის შემდგომ ჭრილობის მოვლას, ამის თაობაზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.


- როგორ მიმდინარეობს მშობიარობის მესამე პერიოდის მართვა?
- მშობიარობის მესამე პერიოდში ხდება მომყოლის (პლაცენტის) მოცილება და გამოძევება. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც შესაძლოა, მესამე პერიოდი სისხლდენით გართულდეს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე ხერხი. ქალს უნდა შევთავაზოთ მესამე პერიოდის აქტიური მართვა, რადგან ეს ატონიური სისხლდენის ალბათობას ამცირებს. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა გულისხობს რიგ ჩარევას, რომელთა მიზანია საშვილოსნოს კუმშვადობის გაძლიერება პლაცენტის გამოძევების გასაადვილებლად და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პროფილაქტიკა. როდესაც პლაცენტა დაიბადება, საჭიროა მისი დაჭერა ორი ხელით და ფრთხილად დატრიალება, შემდეგ კი ფრთხილად გამოქაჩვა სრული გამოძევებისთვის. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა ამცირებს სისხლის დანაკარგს, მშობიარობის შემდგომ სისხლდენას და სისხლის გადასხმის აუცილებლობას.


- ახალშობილის მოვლაზე რას გვეტყვით?
- უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საგულდაგულო ყურადღება უნდა მიექცეს ახალშობილის მოვლას - სასუნთქი გზების ფუნქციობას, სხეულისა და გარემოს ტემპერატურის შენარჩუნებას, დედასთან ადრეულ კონტაქტს და ძუძუსთან მიყვანას. სითბოს შენარჩუნების, კანის კანთან კონტაქტის მიზნით ახალშობილს დაბადებისთანავე ვაწვენთ დედის მკერდზე. ჭიპლარის პულსაციის შეწყვეტის შემდეგ ხდება ჭიპლარის გადაკვანძვა. დაბადებიდან ორი საათის შემდეგ კი ახალშობილს წონიან.


- როგორ უვლიან დედას მშობიარობის შემდეგ?
- პლაცენტა საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს მთლიანობის, ჰემატომების არსებობა-არარსებობის, არანორმალური მიმაგრების შესამოწმებლად. საშვილოსნოს ყელის რუტინული დათვალიერების აუცილებლობა დამტკიცებული არ არის. მისი დათვალიერების ჩვენებაა სისხლდენა, ინსტრუმენტული მშობიარობა, სწრაფი მშობიარობა. საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზიაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. დედის მდგომარეობა (პულსი, არტერიული წნევა, ტემპერატურა) ფასდება მშობიარობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის დანაკარგისა და საშვილოსნოს ფუძის დგომის ზუსტი შეფასება. ფიზიოლოგიური მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ მელოგინე, თუ რბილი სამშობიარო გზების დასათვალიერებლად არ დააძინეს, სასურველია წამოდგეს, ხელ-პირი დაიბანოს, ახალშობილს მოაწოვოს და საკუთარი ფეხით გავიდეს პალატაში მეუღლის ან ახლობლების თანხლებით.


- როდის წერენ სახლში მელოგინესა და ახალშობილს?
- ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში მელოგინის გაწერა ხდება პედიატრთან შეთანხმებით, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადრეულ გაწერას. ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის სოციალურ და დემოგრაფიულ ვითარებას, გასაწერად ქალის მზადყოფნას.






კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"შევიძენ! ყველაზე მაღალ ფასად, გერმანულ და ჩეხურ...
"იყიდება მასიური ხისგან დამზადებული საწოლები მწარმოებლის ფასში....
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...