ფიზიოლოგიური მშობიარობა: მიმდინარეობა და მართვის თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიოლოგიური მშობიარობა: მიმდინარეობა და მართვის თავისებურებანი

ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ორსულობისა და მშობიარობის დროს არსებული რისკფაქტორები და მშობიარობის მიმდინარეობა. მშობიარობამდე დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, განვითარდება თუ არა გართულება. მან შესაძლოა სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. ამავე დროს, მრავალი ქალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფება, გართულებათა გარეშე მშობიარობს. ფიზიოლოგიური მშობიარობა - ეს არის დაბალი რისკის ჯგუფის ორსულის ერთნაყოფიანი მშობიარობა სამშობიარო მოქმედების თავისთავადი დაწყებითა და პროგრესირებით, ორსულობის 37-ედან 42-ე კვირამდე, ნაყოფის თავით წინამდებარეობით, მშობიარობის შემდეგ დედისა და ახალშობილის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად შეიძლება იმშობიარონ მაღალი რისკის ჯგუფის ორსულებმაც.

- როდის ითვლება ნაყოფი სიცოცხლისუნარიანად?

- ორსულობის 22-ე კვირის შემდეგ, როდესაც მისი მასა შეადგენს არანაკლებ 500 გრამს. ფიზიოლოგიურ პირობებში მშობიარობა იწყება ორსულობის 37-42-ე კვირას, როდესაც ნაყოფი მომწიფებულია.

- ალბათ დამეთანხმებით, მშობიარობის მოახლოება ერთგვარ ფსიქოლოგიურ დაძაბულობას იწვევს. როგორ უნდა შევუქმნათ მშობიარეს შესაბამისი გარემო?

- სტრესის შესამცირებლად არსებობს მრავალი რეკომენდაცია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის კეთილგანწყობა. ორსულმა უნდა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ პროცედურის შესახებ, რომელიც უნდა ჩაუტარდეს. თუ მიმღებ განყოფილებაში დაადგინეს, რომ მშობიარობა ჯერ არ დაწყებულა, შესაძლებელია ორსულის შინ დაბრუნება ან სხვა განყოფილებაში მოთავსება. ზედმეტი ნერვიულობისა და ჩარევის თავიდან ასაცილებლად სასურველია, სამშობიარო ბლოკ-პალატაში ქალი მოთავსდეს მხოლოდ აქტიური სამშობიარო მოქმედებების დაწყების შემდეგ. მიზანშეწონილია აგრეთვე სამშობიარო გეგმის შედგენა, რომელიც ითვალისწინებს:

. როგორ გარემოში სურს ქალს მშობიარობა, ვინ დაასწროს მშობიარობას და რომელ პოზაში იმშობიაროს, ისარგებლოს თუ არა ბურთით ჭინთვების დროს. გარდა ამისა, ქალს უფლება აქვს, აირჩიოს მუსიკა, ვიდეოგადაღება, ფოტო, შხაპის მიღება, აუზით სარგებლობა.

. როგორია ქალის სურვილი ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით უშუალოდ მშობიარობის შემდეგ და სიცოცხლის პირველ დღეებში. ამას უკავშირდება შემდეგი საკითხებიც: ვინ უნდა გადაჭრას ჭიპლარი; მოთავსდეს თუ არა ბავშვი დედის მუცელზე მშობიარობის შემდეგ; სურს თუ არა დედას, ახალშობილს მაშინვე აწოვოს ძუძუ; სად დაიძინოს ბავშვმა - დედასთან თუ ბავშვთა განყოფილებაში.

საავადმყოფოებში არსებობს ახალშობილთა მოვლის მრავალი ვარიანტი. მშობიარემ უნდა იცოდეს მათ შესახებ და აირჩიოს ის, რომელიც თავად სურს.

. როგორია ქალის არჩევანი გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში.

ცხადია, არავის სურს იმაზე ფიქრიც კი, რომ მოვლენები შესაძლოა ცუდად წარიმართოს, მაგრამ თუ ეს მოხდა, უმჯობესია, ყველა მზად იყოს, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. ქალმა უნდა იფიქროს ისეთ შესაძლო გართულებაზეც, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა.

- შეიძლება თუ არა მშობიარობის დროს კვება?

- ამის თაობაზე არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. ქალთა უმრავლესობა კვების შეზღუდვას იოლად იტანს, თუმცა ზოგიერთს უჭირს წყურვილის ატანა. მშობიარობა ენერგეტიკულ დანახარჯს მოითხოვს. ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს მშობიარობის ხანგრძლივობა, ენერგიის წყარო განუწყვეტლივ უნდა ივსებოდეს. მშობიარობის დროს საკვების მკვეთრმა შეზღუდვამ შესაძლოა დეჰიდრატაცია და აციდოზი გამოიწვიოს. ამრიგად, მშობიარის კვების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიოლოგიური მშობიარობისას სითხისა და საკვების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. თანამედროვე მიდგომით, ქალს ეძლევა უფლება, სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების შემდეგ თავად გადაწყვიტოს, როგორი რაოდენობით მიიღოს ნებადართული საკვები და სასმელი.

- როგორია ნორმალური მშობიარობის კლინიკური მიმდინარეობა?

- სამშობიარო მოქმედების დასაწყისის განსაზღვრა მშობიარობის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. წესისამებრ, მშობიარობის დაწყება საშოსმხრივი გასინჯვით დასტურდება. თუ მშობიარობის დაწყება არასწორად იქნა დიაგნოსტირებული, ამას შესაძლოა მოჰყვეს დაუსაბუთებელი ჩარევა, მაგალითად, ამნიოტომია ან ოქსიტოცინის შეყვანა. პრელიმინარული პერიოდისა და დაწყებული სამშობიარო მოქმედების ერთმანეთისგან გასარჩევად ზოგჯერ ლოდინის ტაქტიკაა საჭირო. ფიზიოლოგიური მშობიარობის პროგრესი ფასდება მშობიარობის საერთო ხანგრძლივობით ან საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარით (საშუალოდ 1 სმ საათში). უკანასკნელი უფრო მისაღებია, ვინაიდან მშობიარობის საერთო ხანგრძლივობის განსაზღვრა მხოლოდ რეტროსპექტულად არის შესაძლებელი. მშობიარობის პროგრესის შეფასება ხდება მშობიარეზე დაკვირვების საფუძველზე - მისი ქცევის, საშვილოსნოს შეკუმშვის, ნაყოფის წინამდებარე ნაწილის წინმსვლელობის შესაბამისად, მაგრამ საშვილოსნოს ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტ კრიტერიუმს წარმოადგენს. ნორმისგან გადახრისას მშობიარობის მართვის გეგმა უნდა შეიცვალოს.

- როგორია მშობიარის ოპტიმალური პოზა მშობიარობის პირველ პერიოდში?

- კვლევებმა დაადასტურა, რომ ზურგზე წოლა საშვილოსნოს ზეწოლის გამო (ქვედა ღრუ ვენის სინდრომი) აუარესებს საშვილოსნოპლაცენტურ სისხლის მიმოქცევას, ამცირებს საშვილოსნოს კუმშვადობას. გამოკვლევები იმასაც მოწმობს, რომ თუ მშობიარეს აქვს საშუალება, თავისუფლად იმოძრაოს და მიიღოს ნებისმიერი პოზა, საშვილოსნოს შეკუმშვები უფრო ეფექტური ხდება, მშობიარობაც უფრო ხანმოკლე და ნაკლებმტკივნეულია. გვერდზე წოლისა და ჯდომის დროს ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ზურგზე წოლის შემთხვევაში. ორსულს უნდა მიეცეს საშუალება, თავად აირჩიოს პოზიცია. ერთადერთი გამონაკლისია სანაყოფე სითხის დაღვრა მოძრავი თავის პირობებში.


- მნიშვნელოვანია ნაყოფის მდგომარეობის შეფასება. მოსალოდნელია თუ არა ამ მხრივ რაიმე გართულება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს?

- ნაყოფის მდგომარეობის შეფასება მშობიარობის მართვის განუყოფელი კომპონენტია. ნაყოფის დისტრესი - გულისცემის სიხშირის ცვალებადობა დიდი ამპლიტუდით - წუთში 160-ზე მეტიდან 100-120-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე - ან გულის რიტმის დარღვევა,  რაც უმთავრესად ჰიპოქსიით არის გამოწვეული, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კი შეიმჩნევა. ასევე მნიშვნელოვანია სანაყოფე სითხის შეფასება. მასში მეკონიუმის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს ნაყოფის დისტრესზე, მკვდრადშობადობის, ნეონატალური ავადობისა და სიკვდილის ალბათობის მომატებაზე. სანაყოფე გარსების დარღვევის შემდეგ მეკონიუმის აღმოჩენა პერინატალური ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის მომატებას უკავშირდება. მშობიარობის დაწყებისას სანაყოფე ბუშტის სპონტანური დარღვევის შემთხვევაში სანაყოფე წყლების ხასიათი მაშინვე უნდა იქნეს შეფასებული. მასში მეკონიუმის არსებობისას აუცილებელია ნაყოფზე ინტენსიური დაკვირვება. ნაყოფის დისტრესის განვითარებისას სასურველია, მშობიარობა სწრაფად დასრულდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფის გულისცემის მრავალი დარღვევის საკორექციოდ უბრალო კონსერვატიული ღონისძიებებიც კმარა. მაგალითად, დედის პოზის შეცვლა (მარცხენა გვერდზე მოთავსება), ოქსიტოცინის შეყვანის შეწყვეტა საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. მეტად მნიშვნელოვანია ნაყოფის გულისცემაზე დაკვირვება. არსებობს ნაყოფის გულისცემის გამოკვლევის ორი მეთოდი: უწყვეტი ელექტრონული მონიტორინგი და გარეგანი აუსკულტაცია სამეანო სტეთოსკოპით. აუსკულტაცია ტარდება 15-30 წუთში ერთხელ მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში და ყოველი ჭინთვის შემდეგ მეორე პერიოდში. ამ მეთოდის უპირატესობა მისი სიმარტივეა. ელექტრონული მონიტორის გამოყენება ნაყოფის გულისცემის შესაფასებლად აუცილებელია მაღალი რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის დროს.

- როგორ უნდა წარიმართოს მშობიარობის მეორე პერიოდი?

- მშობიარობის მეორე პერიოდში ჭინთვებისა და საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის დაქვეითების გამო ნაყოფის ოქსიგენაცია თანდათან მცირდება. ხანგრძლივი ჭინთვები საგრძნობლად ასუსტებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას. თავს იჩენს ინდივიდუალური განსხვავებებიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ნაყოფის მდგომარეობის დინამიკური კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჭინთვების დაწყება.Qქალს სთხოვენ, გაიჭინთოს საშვილოსნოს ყელის სრული გახსნისას, როდესაც ნაყოფის წინამდებარე ნაწილი მენჯის ფსკერზეა. ფიზიოლოგიური მიდგომა იმას გულისხობს, რომ ჭინთვის შეგრძნება ქალს თვითნებურად ჩამოუყალიბდეს.

- როგორია მშობიარის პოზიცია მშობიარობის მეორე პერიოდში?

- მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მშობიარობის მეორე პერიოდში ვერტიკალურ პოზიციას ჩვეულებრივთან შედარებით საგრძნობი უპირატესობა აქვს. ქალი ჭინთვებისას უფრო ნაკლებ დისკომფორტს განიცდის, სუსტდება ტკივილის შეგრძნება, მცირდება სამშობიარო გზების ტრავმირებისა და ჭრილობის ინფიცირების ალბათობა.

- როგორ უნდა იქნეს დაცული და მოვლილი შორისი მშობიარობის დროს?

- მშობიარობის დროს შორისის დასაცავად გამოიყენება რაოდენიმე ხერხი. მეანობის მრავალ სახელმძღვანელოში აღწერილია შორისის დაცვა თავის გამოჭრის დროს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა მოგახსენოთ, რომ ტრავმატიზმი შემცირდა და, აქედან გამომდინარე, ეპიზიოტომიაც გაიშვიათდა. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ეპიზიოტომია უნდა ჩატარდეს მკაცრი ჩვენებით. მისი რუტინული გამოყენება დაუშვებელია. რაც შეეხება ეპიზიოტომიის შემდგომ ჭრილობის მოვლას, ამის თაობაზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.

- როგორ მიმდინარეობს მშობიარობის მესამე პერიოდის მართვა?

- მშობიარობის მესამე პერიოდში ხდება მომყოლის (პლაცენტის) მოცილება და გამოძევება. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც შესაძლოა, მესამე პერიოდი სისხლდენით გართულდეს. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე ხერხი. ქალს უნდა შევთავაზოთ მესამე პერიოდის აქტიური მართვა, რადგან ეს ატონიური სისხლდენის ალბათობას ამცირებს. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა გულისხობს რიგ ჩარევას, რომელთა მიზანია საშვილოსნოს კუმშვადობის გაძლიერება პლაცენტის გამოძევების გასაადვილებლად და მშობიარობის შემდგომი სისხლდენის პროფილაქტიკა. როდესაც პლაცენტა დაიბადება, საჭიროა მისი დაჭერა ორი ხელით და ფრთხილად დატრიალება, შემდეგ კი ფრთხილად გამოქაჩვა სრული გამოძევებისთვის. მშობიარობის მესამე პერიოდის აქტიური მართვა ამცირებს სისხლის დანაკარგს, მშობიარობის შემდგომ სისხლდენას და სისხლის გადასხმის აუცილებლობას.

- ახალშობილის მოვლაზე რას გვეტყვით?

- უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საგულდაგულო ყურადღება უნდა მიექცეს ახალშობილის მოვლას - სასუნთქი გზების ფუნქციობას, სხეულისა და გარემოს ტემპერატურის შენარჩუნებას, დედასთან ადრეულ კონტაქტს და ძუძუსთან მიყვანას. სითბოს შენარჩუნების, კანის კანთან კონტაქტის მიზნით ახალშობილს დაბადებისთანავე ვაწვენთ დედის მკერდზე. ჭიპლარის პულსაციის შეწყვეტის შემდეგ ხდება ჭიპლარის გადაკვანძვა. დაბადებიდან ორი საათის შემდეგ კი ახალშობილს წონიან.

- როგორ უვლიან დედას მშობიარობის შემდეგ?

- პლაცენტა საგულდაგულოდ უნდა დათვალიერდეს მთლიანობის, ჰემატომების არსებობა-არარსებობის, არანორმალური მიმაგრების შესამოწმებლად. საშვილოსნოს ყელის რუტინული დათვალიერების აუცილებლობა დამტკიცებული არ არის. მისი დათვალიერების ჩვენებაა სისხლდენა, ინსტრუმენტული მშობიარობა, სწრაფი მშობიარობა. საშვილოსნოს ღრუს ხელით რევიზიაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. დედის მდგომარეობა (პულსი, არტერიული წნევა, ტემპერატურა) ფასდება მშობიარობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის დანაკარგისა და საშვილოსნოს ფუძის დგომის ზუსტი შეფასება. ფიზიოლოგიური მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ მელოგინე, თუ რბილი სამშობიარო გზების დასათვალიერებლად არ დააძინეს, სასურველია წამოდგეს, ხელ-პირი დაიბანოს, ახალშობილს მოაწოვოს და საკუთარი ფეხით გავიდეს პალატაში მეუღლის ან ახლობლების თანხლებით.

- როდის წერენ სახლში მელოგინესა და ახალშობილს?

- ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში მელოგინის გაწერა ხდება პედიატრთან შეთანხმებით, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადრეულ გაწერას. ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახის სოციალურ და დემოგრაფიულ ვითარებას, გასაწერად ქალის მზადყოფნას.