ორსულობა და ხერხემალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ხერხემალი

- ზურგის ტკივილი ორსულობის თანმხლები ერთ-ერთი სიმპტომია. სამედიცინო სტატისტიკით, ორსულობის მე-20 კვირიდან ზურგის ტკივილს უჩივის ქალების 50%, 36-ე კვირიდან კი პრაქტიკულად ყველა ქალი. ხანგრძლივი ღერძული დატვირთვის დროს ზურგში დისკომფორტს ჯანმრთელი ადამიანიც კი გრძნობს. ნაყოფისა და საშვილოსნოს ზრდასთან ერთად ორსულის სხეულს სიმძიმის ცენტრი ეცვლება, რაც საგრძნობ გავლენას ახდენს ხერხემლის კუნთებსა და მის ანატომიურ ღერძზე. თავად ნაყოფი და სანაყოფე წყლები, რომლებიც ხერხემლის წინ არის განლაგებული, ქალის წონას საშუალოდ 15-20 კგ-ით ზრდის. ამის გამო ხერხემალი ორსულობის დროს რამდენადმე უკან გადაიხრება, რაც ვნებს სახსრებს და საკუთრივ ხერხემალს, მის მალათაშორის დისკოებს. ტკივილი, რომელსაც გრძნობს ქალი ორსულობის დროს, სახსრებისა და იოგების გარბილებით არის გამოწვეული, მათი გარბილება კი იმის ბრალია, რომ ქალის ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება.

- აისახება თუ არა წონის მატება ხერხემალზე?

- რასაკვირველია, ჭარბი წონა ხერხემლისთვის ზედმეტი დატვირთვაა.

- მართალია თუ არა, რომ ორსულობის დროს მწვავდება და წარმოიშობა ხერხემლის დაავადებები? შეიძლება, უეცრად ხერხემლის თიაქარი განვითარდეს?

- როგორც უკვე ვთქვით, ორსულობის დროს ხერხემლის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ამან მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, ხერხემლის მალათაშორისი დისკოების თიაქარი, და ზოგიერთი სხვა დაავადების წარმოშობა. ყოველივე ეს იწვევს ტკივილის შეგრძნებას ზურგსა და წელის მიდამოში. მაგრამ ერთბაშად არაფერი ვითარდება. მაგალითად, მალათაშორისი დისკოს თიაქარი - ეს ხერხემლის უკვე არსებული დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის გართულებაა, ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მისი პროვოცირება, რაშიც ბრალი მიუძღვის ქალის განსხვავებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

- როგორ ხდება ორსულებში ხერხემლის პათოლოგიის დიაგნოსტირება, რომელი კვლევებია უკუნაჩვენები?

- მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე ვითარდება შინაგანი ორგანოები და ნაყოფი ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია, ამიტომ უკუნაჩვენებია სხივური დიაგნოსტიკის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის ჩატარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრი ან სასიცოცხლო ჩვენებით. უსაფრთხოა ულტრასონოგრაფიული კვლევა.

- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის პათოლოგია ქალის უნაყოფობის მიზეზად იქცეს?

- რასაკვირველია, არა.

- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდთან ან დაბადებასთან იყოს დაკავშირებული?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგია - როგორც ხერხემლისა, ასევე სახსრებისა და ძვლებისა - ზოგჯერ მართლაც მძიმე ორსულობასა და მშობიარობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გენური მუტაციები.

- რას გვეტყვით სკოლიოზის შესახებ? როგორ უნდა დაიგეგმოს ამ დროს ორსულობა? როგორ აისახება ხერხემლის პათოლოგია ორსულობასა და მშობიარობაზე?

- შვილოსნობის ასაკს მიღწეულმა ქალმა უკვე იცის, რომ სკოლიოზი აქვს - ეს დაავადება, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება. ყველა ქალმა, რომელსაც სკოლიოზი აქვს, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ხერხემლის დაზიანებული ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა. დაორსულებამდე იმიტომ, რომ ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ქალმა უნდა იცოდეს სკოლიოზის ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით - გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ისევე მუშაობს, როგორ ჯანმრთელი ადამიანისა. მაგრამ გამოხატული - III და, მით უმეტეს, IV ხარისხის სკოლიოზის დროს აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ ექიმებს - მეანს, ორთოპედსა და თერაპევტს. საქმე ის არის, რომ ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს. ორსულობის დროს დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ზოგჯერ ხერხემლის დეფორმაცია შინაგანი ორგანოების, მათ შორის - სასქესო ორგანოთა ანომალიებს ერწყმის. მაგალითად, იცვლება საშვილოსნოს ფორმა და მდებარეობა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვასა და ორსულობაზე.


- როგორ უნდა დასრულდეს ორსულობა, თუ ქალს ხერხემლის დაავადება აქვს? აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა?

- გაუტკივარების მეთოდის ასარჩევად მიზანშეწონილია ანესთეზიოლოგის კონსულტაცია. სამწუხაროდ, ხერხემლის ზოგიერთი მდგომარეობა ეპიდურალურ ანესთეზიას ართულებს. საკეისრო კვეთის გასაკეთებლად ნებართვას იღებენ მხოლოდ ის ქალები, რომლებსაც ზურგისა და ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვთ. მსუბუქი სკოლიოზი, წესისამებრ, ხელს არ უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას. გამოხატული სკოლიოზის დროს მშობიარობის მეთოდს არჩევს ექიმი. თუ ორსულობის დროს სკოლიოზით დაავადებული ქალის მენჯის ფორმა და ზომები შეიცვალა, ორსულობა შესაძლოა საკეისრო კვეთით დასრულდეს.

- როგორ მკურნალობენ ზურგის ტკივილს ორსულებში?

- აშშ-ში მიღებულია ორსულობისას ზურგის ტკივილის გაყუჩების განსაკუთრებული მეთოდიკა, რომელსაც კაიროპრაქტიკა ეწოდება. იგი მოიცავს ზურგის კუნთების მასაჟს, რომელიც ხსნის დაჭიმულობას, ასევე - ხერხემლის ღერძის ნაზ მანუალურ კორექციას, სამკურნალო ფიზკულტურას. ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც საგანგებოდ ორსულებისთვის არის შემუშავებული, ხელს უწყობს ზურგის გამაგრებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მეთოდიკა მხოლოდ ზურგისა და წელის შემაწუხებელი ტკივილისგან კი არ ათავისუფლებს ქალს, არამედ დადებითად აისახება ნაყოფის განვითარებაზეც. ამერიკელი ექიმების მონაცემებით, ქალები, რომლებმაც მსგავსი კურსი გაიარეს, უკეთ იყვნენ მომზადებულნი სამშობიარო მოქმედებისთვის, მათი მშობიარობა უფრო სწრაფად წარიმართა, ხოლო გართულებათა მაჩვენებელი შემცირდა.

- რას გვეტყვით გაუტკივარების სხვა მეთოდებზე?

- სამწუხაროდ, ორსულებისთვის ზურგის ტკივილის გასაყუჩებლად ძალიან ცოტა მეთოდია მისაღები. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, კარგია მტკივანი ადგილების წერტილოვანი მასაჟი. შეიძლება გამოვიყენოთ ნემსთერაპია. აკუპუნქტურული ზემოქმედება კარგად ხსნის ტკივილის სინდრომს, განსაკუთრებით - ორსულობის გვიანდელ ვადებზე და, ამასთან, არ ვნებს ნაყოფს. ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

  • თბილი შხაპი ან აბაზანა;
  • სპეციალური ბანდაჟი ორსულებისთვის - ის აკავებს მუცელს და ამცირებს ზურგის კუნთების დატვირთვას;
  • სპეციალური ორთოპედიული ბალიშები ორსულებისთვის, რომლებსაც იდებენ მუცელქვეშ გვერდზე წოლის დროს. რეგულარულად აკეთეთ ვარჯიშები, რომლებიც ამაგრებს ზურგის კუნთებს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი მათ გამძლეობას.

- შესაძლებელია თუ არა, ქალმა წინასწარ მოამზადოს ხერხემალი ასეთი დატვირთვისთვის, რათა ტრავმა მინიმალური იყოს?

- ორსულობა და მშობიარობა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს, როდესაც ორგანიზმი მომზადებულია ნაყოფის სატარებლად. ჰიპოდინამია ვნებს მომავალ დედას; სპეციალური ვარჯიშები, ცურვა, სიარული ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის შენარჩუნებას და ასუსტებს ორსულობის დროს ტკივილის შეგრძნებას.

- სასარგებლოა თუ არა ორსულებისთვის ზურგისა და წელის კუნთების მასაჟი?

- მასაჟი ორგანიზმზე ლოკალურად ახდენს მექანიკურ ზემოქმედებას, რის პასუხადაც ფართოვდება სისხლძარღვები, უმჯობესდება სისხლის მიდენა-უკუდენა, ნივთიერებათა ცვლა, იხსნება კუნების სპაზმი. მასაჟის შესახებ დანიშნულებას იძლევა ექიმი. უნდა გვახსოვდეს, რომ არასწორად ჩატარებული მასაჟი ზოგჯერ პროვოცირებას უწევს ნაყოფის გამოძევებას, სისხლდენას, ნაადრევ მშობიარობას. მანუალური თერაპია ორსულს უნდა ჩაუტარდეს ძალიან მსუბუქად და დამზოგველად.

- საშიში ხომ არ არის სამკურნალო ფიზკულტურა ორსულებისთვის?

- გააჩნია ორსულის მდგომარეობას. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს სამკურნალო ფიზკულტურა სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ გინეკოლოგისა და ორთოპედის მეთვალყურეობა მაინც აუცილებელია.

- ამცირებს თუ არა ბანდაჟი დატვირთვას ხერხემალზე?

- მშობიარობამდე გასაკეთებელი ბანდაჟი დამზადებულია ბამბისა და სპეციალური ელასტიკური ბოჭკოებისაგან, რომლებიც იკავებს მუცელს და განტვირთავს ხერხემლის წელისა და გავის ნაწილს. მდგომარეობის კვალობაზე, ბანდაჟის ტარებას ურჩევენ ორსულობის მე-18-20 კვირიდან მშობიარობამდე.


- ექიმები ხშირად ურჩევენ ქალებს ცურვაზე სირულს. რატომ?

- წყალში სხეული საგრძნობლად მსუბუქდება, მაშასადამე, ხერხემალზე დატვირთვაც იკლებს. გარდა ამისა, თბილი წყალი რგებს მიკროცირკულაციას, აუმჯობესებს განწყობას. ცურვის დროს მუშაობს პრაქტიკულად ყველა კუნთი, რაც დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობაზე.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ზურგის ტკივილი ორსულობის დროს?

- არსებობს ღონისძიებები, რომლებიც თავიდან გვაცილებს ტკივილის წარმოშობას, ანდა ამცირებს მის ინტენსივობას. ტკივილის შესამცირებლად აუცილებელია, სხეული რაც შეიძლება მეტხანს იმყოფებოდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში - მდგომარეობაში, როდესაც დისკოებზე დატვირთვა მინიმალურია. ერიდეთ დაღლას, სტრესს. დღეში რამდენჯერმე წამოწექით, დაისვენეთ. თუ დიდხანს ჯდომა გიხდებათ, გამოიყენეთ ორთოპედიული სკამი. დასვენების დროს ნერვული სისტემის რელაქსაციისთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ წყნარ მელოდიას. რეგულარულად ატარეთ ბანდაჟი. შეასრულეთ ორსულებისთვის განკუთვნილი სამკურნალო ვარჯიშები. რეგულარული ვარჯიში ამაგრებს კუნთებს და თავიდან აგაცილებთ ტკივილს. ორსულებისთვის ძალიან კარგია იოგა, მაგრამ მანამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ყურადღება მიაქციეთ წონას და კვების რეჟიმს. ნუ მოიმატებთ ნორმაზე მეტს - ეს მხოლოდ ხერხემალს კი არ ავნებს, არამედ შესაძლოა ნაყოფის განვითარებაც დაარღვიოს და მშობიარობა გაართულოს. რაციონში აუცილებლად ჩართეთ კალციუმით, ვიტამინებითა და ცილებით მდიდარი საკვები. ორსულობის დროს ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს. ფეხსაცმელი ჩაიცით მჯდომარემ. ეცადეთ დიდხანს არ იდგეთ ერთ ადგილზე. თუ დგომა მოგიხდათ, მონაცვლეობით მოხარეთ ფეხები მუხლებში - ეს საგრძნობლად შეამცირებს დატვირთვას ხერხემალზე. განსაკუთრებით ძლიერ დატვირთვას განიცდის ხერხემალი ჯდომის დროს. ამიტომ ეცადეთ, ყოველთვის დაჯდეთ საზურგიან სკამზე და ამით ხერხემალს დამატებითი საყრდენი მისცეთ. სასურველია, სკამს ჰქონდეს იდაყვის დასაყრდენიც, რათა ადგომის დროს დაეყრდნოთ.  ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე - ეს გააუარესებს ფეხებში სისხლის მიმოქცევას და შესაძლოა, ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოიწვიოს. საათში ერთხელ შეისვენეთ, გაიარ-გამოიარეთ, რამდენიმეჯერ ჩაიკუნტეთ, ტანი მიაბრუნ-მოაბრუნეთ. ძილი ჯობს მაგარ სწორ ზედაპირზე ან ორთოპედიულ ლეიბზე. დღეში რამდენჯერმე შეასრულეთ მარტივი ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს ზურგის კუნთებისა და მუცლის პრესის გამაგრებას: დადექით ოთხზე და გამოზნიქეთ ზურგი ისე, როგორც კატები აკეთებენ, ვიდრე დისკომფორტს არ იგრძნობთ. ასე გაჩერდით 10-15 წამი. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

- რას ურჩევდით ახალნამშობიარევ ქალებს?

- მშობიარობის შემდეგ ვარჯიში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მშობიარობის შემდგომ პერიოდში მუცლის კუნთები გაჭიმულია, სხეული მწყობრში დგება, მაგრამ იწყება ახალი მნიშვნელოვანი გარდაქმნა დედის ორგანიზმში. დედამ ხელში უნდა აიყვანოს და ატაროს ბავშვი, ამიტომ ლოგინობის პერიოდში ხერხემლის ტკივილი იშვიათი არ არის. ხერხემალს ძუძუთი კვების დროსაც სჭირდება ყურადღება. მისი მყესების გასამაგრებლად აუცილებელია ავარჯიშოთ ხერხემლის წელის ნაწილი და მენჯის კუნთები. ძუძუთი კვების დროს დედამ უნდა შეარჩიოს მოხერხებული პოზა, დაეყრდნოს ბალიშებს. ძალიან სასარგებლოა კენგურუ - ბავშვის მკერდით და ზურგით სატარებელი მოწყობილობა. სამკურნალო ვარჯიშების შესრულება  შეიძლება უკვე მშობიარობიდან მე-2-3 დღეს, ხოლო 2-3 თვის შემდეგ ქალი ფიზიოლოგიურად მზად არის უფრო ინტენსიური ვარჯიშისთვის. მთლიანობაში, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ზურგის კუნთოვანი კორსეტის აღსადგენად აუცილებელია მასაჟი და ფიზიოთერაპიული ვარჯიშები, ყოველდღიური სეირნობა, სწორი კვება და, რასაკვირველია, დადებითი განწყობა.