ორსულობა და მშობიარობა გულის მანკის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და მშობიარობა გულის მანკის დროს

- ქალბატონო მზია, რა ხდება ორსულობისას ქალის ორგანიზმში?

- ორსულობისას საგრძნობლად იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა. ეს იმით აიხსნება, რომ დედის სისხლის მიმოქცევას ნაყოფისაც ემატება. ამის გამო იმატებს:

  • სისხლის ცირკულაციის სიჩქარე (დაახლოებით 80%-ით ორსულობის მეორე ტრიმესტრის ბოლოსთვის);
  • მოცირკულირე სისხლის მოცულობა (30-50%-ით ორსულობის მერვე თვისთვის);
  • გულის წუთმოცულობა, გულის შეკუმშვათა რიცხვი, არტერიული და ვენური წნევა, სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა.

გარდა ამისა, საშვილოსნოს ზრდასთან ერთად დიაფრაგმა მაღლა იწევს, რის შედეგადაც გულის ღერძი ჰორიზონტალურად გადანაცვლდება. ორსულობისას წონა 10-11%-ით იმატებს, რის გამოც ჯანმრთელი გულის მქონე ორსულსაც კი შეიძლება დაერღვეს გულის რიტმი და გულის სარქვლების მუშაობა (ასეთი რამ ემართება კიდეც სამიდან ერთს), რომ არაფერი ვთქვათ გულისმანკიან ქალებზე. მშობიარობის დროს გულის მუშაობა, მისი დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს. ამასთან, იმატებს აირთა ცვლა და ჟანგბადზე მოთხოვნა, განსაკუთრებით - ჭინთვების დროს. მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხდება სისხლის გადანაწილება, რის გამოც მცირდება საშვილოსნოსშიდა და მუცელშიდა წნევა. გულის მანკის დროს სისხლის მიმოქცევა ისედაც დარღვეულია, ორსულობისას კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვის მატებამ შესაძლოა პათოლოგიის დამძიმებამდე მიგვიყვანოს. ორსულთა 8-9%-ს გულის შეძენილი ან თანდაყოლილი მანკი აქვს. შეძენილი მანკების 90% რევმატიზმის ფონზე ვითარდება. მათ შესაძლოა თავი იჩინონ ორსულობის დროსაც. დღეს რევმატიზმის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების არსენალი საკმაოდ ფართოა. თუ ორსულობა არააქტიური რევმატული პროცესის ფონზე დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქალს, რომელიც დედობისთვის ემზადება, უნდა ახსოვდეს, რომ:

  • დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გამორიცხოს გულის მანკის არსებობა. ეს მას შესაძლებლობას მისცემს, გააზრებულად მიუდგეს ოჯახის დაგეგმვას და თუ მისთვის ორსულობა და მშობიარობა ნებადართულია, გულდასმით მოემზადოს მისთვის.

- ორსულობის რომელ პერიოდში ადგება გულს ყველაზე დიდი დატვირთვა?

- ასეთი რამდენიმე პერიოდია.

პირველი პერიოდი - ორსულობის დასაწყისიდან მე-16 კვირამდე. ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირია რევმოკარდიტის გამწვავება, რომელსაც ერთიორად ახშირებს ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი.

მეორე პერიოდი - 26-ედან 32-34-ე კვირამდე. ამ დროისთვის სისხლის მოცულობის ზრდის გამო მკვეთრად არის მომატებული გულისა და სისხლძარღვების დატვირთვა, რაც ხშირად გულის მანკის კომპენსაციას არღვევს.

მესამე პერიოდი - 35-ედან 36-ე კვირამდე. ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამწვავებაში მთავარ როლს ასრულებს:

  • წონის მატება;
  • ფილტვის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • საშვილოსნოს მაღალი დგომით გამოწვეული გულმკერდის ყაფაზის ფორმის ცვლილება;
  • დიაფრაგმის ფუნქციის დაქვეითება.

- რით შეიძლება გართულეს ორსულობა?

- უმთავრესად მოსალოდნელია ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ანემია, პრეეკლამფსია.


- რა ემუქრება ნაყოფს?

- დედის სისხლის მიმოქცევის ასეთ დარღვევებს მოსდევს ფეტოპლაცენტური უკმარისობა, ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობა (ჰიპოქსია) და თუ ამ დროს სათანადო ზომები არ მივიღეთ, შესაძლოა, ნაყოფის ზრდა შეფერხდეს (ჰიპოტროფია). ყოველივე ამის გამო ქალმა, რომელსაც აქვს გულის მანკი, ორსულობის დროს სამჯერ მაინც უნდა გაიაროს გამოკვლევა კარდიოსამეანო სტაციონარში.

- რა ვადებზე უნდა მოხდეს ორსულის ჰოსპიტალიზაცია?

- პირველი ჰოსპიტალიზაცია ორსულობის მე-10 კვირამდე ხდება. ამ დროს ქალებს სტაციონარში იმისთვის ათავსებენ, რომ ჩაუტარონ გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად, გაარკვიონ, რამდენად კომპენსირებულია მანკი და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ორსულობის გაგრძელება. ამ დროს კარდიოლოგიური და აუცილებლობის შემთხვევაში რევმატოლოგიური გამოკვლევის შემდეგ წყდება ორსულობის შენარჩუნების საკითხი. მეორე ჰოსპიტალიზაციის დროს (27-32-ე კვირას) ტარდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების ადეკვატური კორეგირება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური მკურნალობა, რადგან გულის დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • არითმიები;
  • გულის მწვავე უკმარისობა და მისი უკიდურესი გამოვლინება - ფილტვების შეშუპება და სისხლის მიმოქცევის დიდი წრისა და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ანუ თრომბებით დაცობა). ეს მდგომარეობები სიცოცხლისთვის განსაკუთრებულად საშიშია და მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში.

ეს გართულებები შეიძლება განვითარდეს არა მარტო ორსულობის, არამედ მშობიარობის, აგრეთვე ადრეულ ლოგინობის პერიოდშიც. მესამე ჰოსპიტალიზაცია ხდება 37-38-ე კვირას. ამ დროს ტარდება განმეორებითი კარდიოლოგიური გამოკვლევა და შემუშავდება მშობიარობის მეთოდი. საჭიროებისამებრ, ტარდება გართულებების პროფილაქტიკაც, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში - მკურნალობა.

- რა ხდება მშობიარობის დროს?

- გულის მანკით დაავადებული ორსულები მშობიარობენ სპეციალიზებულ სამშობიაროებში, სადაც პაციენტი იმყოფება არა მარტო მეან-გინეკოლოგის, არამედ თერაპვეტის, კარდიოლოგისა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. მშობიარობის მეთოდი ირჩევა ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, რამდენად კომპენსირებულია გულის მანკი. გულის უკმარისობის არარსებობის დროს მშობიარობა ბუნებრივად მიმდინარეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ნაყოფის მდგომარეობის მონიტორული კონტროლის თანხლებით. მშობიარობისას ტარდება შესაბამისი თერაპია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად და ეტაპობრივი ადეკვატური გაუტკივარება. უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურალურ ანესთეზიას. ჭინთვები ნაყოფის გამოძევებისას განსაკუთრებით მძიმე მომენტია მშობიარის გულისთვის, ამიტომ მშობიარობის ამ პერიოდის გასაადვილებლად ხორციელდება პერინეოტომია ან ეპიზიოტომია - შორისის ჩაჭრა, ხოლო მიტრალური ხვრელის სტენოზის, ნებისმიერი ხარისხის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის, წინა მშობიარობებთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების დროს, ასევე - როცა გულის უკმარისობა უშუალოდ მშობიარობისას ვითარდება, მას სამეანო მაშების დადებით ასრულებენ. ვადამდელი მშობიარობის აუცილებლობა შესაძლოა წარმოიშვას გულის უკმარისობის კომპლექსური მკურნალობის უეფექტობის, ფილტვის ჰიპერტენზიის გაღრმავების, რევმატული პროცესის გააქტიურების ან თრომბოემბოლიის შემთხვევაში. უმჯობესია, ეს მოხდეს 37-38-ე კვირაზე. მშობიარობის მეთოდს განსაზღვრავენ მეანი, კარდიოლოგი და რეანიმატოლოგი. საკეისრო კვეთა ტარდება შემდეგ შემთხვევებში:

  • გულის მანკისა და სამეანო გართულებების თანაობისას (ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პლაცენტის წინამდებარეობა);
  • მიტრალური სარქვლის უკმარისობისას, რომელსაც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევა (მკვეთრად გამოხატული რეგურგიტაცია - სისხლის უკან გადასროლა პარკუჭიდან წინაგულში);
  • მიტრალური სტენოზის დროს, რომელიც არ ექვემდებარება ქირურგიულ კორექციას;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე აორტული მანკების დროს.

 


- რა ხდება მშობიარობის შემდეგ?

- ბავშვის დაბადებისთანავე სისხლი შინაგანი ორაგანოებისკენ, პირველ რიგში კი მუცლის ღრუს ორგანოებისკენ, მიედინება. გულის სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება, ამიტომ მშობიარობის შემდეგ ქალს უკეთებენ პრეპარატებს, რომლებიც გულის მუშაობას აუმჯობესებს. გულის მანკით დაავადებული ქალები სამშობიაროდან ეწერებიან მშობიარობიდან არა უადრეს ორი კვირის შემდეგ და მხოლოდ კარდიოლოგის დაკვირვების ქვეშ. თუ მშობიარობის შემდეგ ქალს დანიშნული აქვს მედიკამენტები, ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს, რადგან ზოგიერთი პრეპარატი დედის რძეში გადადის. თუ მშობიარობის შემდეგ გულის მანკი კომპენსირებულია და მელოგინეს მკურნალობა არ სჭირდება, მას შეუძლია, ბავშვი ძუძუთი კვებოს. ქალებმა, რომლებსაც აქვთ რევმატიზმი, მშობიარობიდან ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან ამ პერიოდში დაავადება ხშირად მწვავდება.

- როგორი რეჟიმი უნდა დაიცვას ასეთმა ორსულმა? აუცილებელია თუ არა საგანგებო დიეტა?

- ასეთ დროს მნიშვნელოვანია არა მარტო ექიმის დანიშნულებათა შესრულება, არამედ შრომისა და დასვენების სათანადო რეჟიმის დაცვა, სწორი კვება და ჰიგიენა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ქალებს, რომლებსაც გულის მანკი აქვთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჭარბი დატვირთვის გამო ორსულობის დროს ვარჯიში ეკრძალებათ. რასაკვირველია, ვარჯიშების ზოგადმა კომპლექსმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს, მაგრამ გულის მანკით დაავადებული ორსულებისთვის არსებობს სპეციალური დამზოგველი ვარჯიშები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც დედის, ასევე ნაყოფის ორგანიზმის ჟანგბადით უკეთ მომარაგებას, ავარჯიშებს კუნთებს და აუმჯობესებს თვითშეგრძნებას. ვარჯიში უნდა დაიწყოთ გამოცდილ ინსტრუქტორთან. ვარჯიშის პრინციპები ასეთია:

  • თავდაპირველად დატვირთვა მინიმალურია - ვარჯიში სრულდება მწოლიარე მდგომარეობაში, ერთი კვირის შემდეგ კომპლექსში თანდათანობით ერთვება მჯდომარე ვარჯიშები, რომლებიც შედარებით დიდ დატვირთვას მოითხოვს, კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი კომპლექსი მოიცავს მდგომარე ვარჯიშებსაც. ვარჯიშის კურსი, ჩვეულებრივ, 4-5 კვირა გრძელდება.

გულის მანკით დაავადებული ორსულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რაციონი უნდა იყოს სრულფასოვანი, შეიცავდეს აუცილებელი ოდენობის ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კონცენტრირებული ხორცის ნახარში, მლაშე და ცხარე საკვები, მაგარი ჩაი, ყავა და კაკაო, ცხიმიანი ხორცი, შემწვარი ხორცი, შაშხი. სითხის სადღეღამისო ოდენობა (ამაში შედის წვნიანები, რძე და მაწონიც) სასურველია 1 ლიტრამდე შემცირდეს, ხოლო სუფრის მარილისა - 1-3 გრამამდე, ვინაიდან სითხე გულს უფრო მეტად ტვირთავს, მარილი კი ამ სითხეს ქსოვილებში აკავებს. ნებადართულია ხილი, ბოსტნეული, ზღვისა და რძის პროდუქტები, წვენები.

- რომელი მანკის დროს როგორია პროგნოზი?

- მიტრალური სარქვლის პროლაფსი ორსულობასა და ნაყოფის განვითარებაზე, წესისამებრ, გავლენას არ ახდენს. ორსულსა და მშობიარეს მეთვალყურეობენ ზოგადი პრინციპით. გულის რევმატული მანკი. ორსულობის დროს რევმატული აქტივობა უმეტესად ითრგუნება. მიუხედავად ამისა, შეინიშნება დაავადების შესაძლო გამწვავების კრიტიკული პერიოდები - ორსულობის მე-14 კვირას, მე-20-32-ე კვირას და ლოგინობის პერიოდში. აქტიური რევმატული პროცესი ადრეულ ვადებზე ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ამის გამო მიზანშეწონილია ორსულობის შეწყვეტა და ანტირევმატული მკურნალობის ჩატარება. არცთუ იშვიათად რევმატული პროცესის ფონზე ტიპური გართულებაა გესტოზი, ანემია, საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, ორსულობის მოსალოდნელი შეწყვეტა. შეძენილი რევმატული მანკების დროს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობა და მართვა (და, შესაბამისად, პროგნოზიც) დამოკიდებულია მანკის განვითარების სტადიაზე, სისხლის მიმოქცევის კომპენსაციის ხარისხზე, გულის რიტმის დარღვევის გამოხატულებასა და რევმატული პროცესის აქტივობაზე. განასხვავებენ რისკის რამდენიმე ხარისხს. რისკის I ხარისხს მიაკუთვნებენ პაციენტებს, რომლებსაც არ აქვთ გამოხატული გულის უკმარისობა და რევმატიზმის გამწვავება. II ხარისხის რისკის დროს შეინიშნება გულის უკმარისობის საწყისი სიმპტომები და რევმატიზმის აქტიური ფაზა. III ხარისხის რისკის დროს გამოხატულია მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა, II ხარისხის რევმატიზმი, მოციმციმე არითმია, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია. IV ხარისხის რისკის დროს თავს იჩენს მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები, დასტურდება III ხარისხის რევმატული აქტივობა, მოციმციმე არითმია თრომბოემბოლიით და ფილტვისმიერი ჰიპერტენზიით. I და II ხარისხის რისკის დროს ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა. მიტრალურ სტენოზს ორსულებში უმეტესად თან სდევს გულის უკმარისობა, რომელიც ვლინდება და ღრმავდება ორსულობის ადრეული ვადებიდან. მიმდინარეობის ხასიათიდან გამომდინარე, ორსულობის მართვა ამ პათოლოგიის დროს დამოკიდებულია წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროების ხარისხსა და გულის უკმარისობის გამოხატულებაზე. ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია I ხარისხის მიტრალური სტენოზის დროს, როდესაც არ არის გამწვავებული რევმატიზმი, არ დასტურდება გულის უკმარისობა და არც გულის რიტმია დარღვეული. II-III ხარისხის მიტრალური სტენოზის დროს, რომელიც შერწყმულია გულის უკმარისობასა და პნევმონიებთან, ორსულობა უკუნაჩვენებია ფილტვების შეგუბების გამო. მიტრალური უკმარისობის დროს ორსულობა და მშობიარობა უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს. იშვიათად გამოხატულმა მიტრალურმა უკმარისობამ შესაძლოა გულის მძიმე უკმარისობამდე მიგვიყვანოს. მიტრალური უკმარისობის მკურნალობის ქირურგიული მეთოდია სარქვლის პროთეზირება. ეფექტურად ჩატარებული ოპერაციისა და კარგი კლინიკური ეფექტის დროს ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ მოსალოდნელია გართულებები: სარქვლის თრომბოზი, მოციმციმე არითმია, გულის დეკომპენსაცია, სეპტიკური ენდოკარდიტი, - რაც საგრძნობლად ამძიმებს ორსულობის მიმდინარეობას და ორსულობის შეწყვეტის ჩვენებასაც კი წარმოადგენს. გარდა ამისა, ორსულობის დროს გრძელდება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ამცირებს სისხლის წებვადობას, ეს სიტუაცია კი ზედმიწევნით კონტროლს მოითხოვს. ასეთი პაციენტები, ჩვეულებრივ, საკეისრო კვეთით მშობიარობენ. აორტის კომპენსირებული სტენოზის დროს ორსულობა და მშობიარობა შესაძლებელია. დაორსულება უკუნაჩვენებია სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას, თუნდაც საწყის სტადიაში. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ორსულობის საკითხი ოპერაციის ეფექტის შესაბამისად წყდება. აორტული უკმარისობა უმეტესად კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს და ორსულობის უკუჩვენებას არ წამოადგენს. კომპენსაციის დროს მშობიარობა ხდება ბუნებრივი გზით.


გულის თანდაყოლილი მანკები

გულის თანდაყოლილი მანკები ძალიან მრავალფეროვანია. მათ წილად მოდის მანკების 3-5%. თანდაყოლილი მანკის დროს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობა დამოკიდებულია არა მარტო მანკის ფორმაზე, არამედ გართულების არსებობა-არარსებობაზეც. გართულებაა სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ფილტვის არტერიაში წნევის მატება, სისხლის ჟანგბადით გაჯერების გამოხატული დაქვეითება. ორსულობა ნებადართულია ისეთი თანდაყოლილი მანკების დროს, როგორიცაა ბოტალოს ღია სადინარი, ფილტვის არტერიის იზოლირებული უკმარისობა სუსტად გამოხატული სტენოზით, I ხარისხის აორტის კოარქტაცია, პარკუჭთაშორისი ძგიდის დაბლა განლაგებული დეფექტი ან უმნიშვნელოდ გამოხატული წინაგულთაშორისი დეფექტი. უკუნაჩვენებია მაღლა განლაგებული პარკუჭთაშორისი დეფექტის, მკაფიოდ გამოხატული ფილტვის არტერიის სტენოზის, წინაგულთაAშორის მნიშვნელოვანი დეფექტის, აორტის კოარქტაციის, აგრეთვე ლურჯი ტიპის მანკების დროს.

- რას გვეტყვით ქალებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ოპერაცია?

- მათ უმრავლესობას შეუძლია იმშობიაროს. ოპერაციის შემდგომი აღდგენითი პერიოდი დაახლოებით ერთ წელიწადს გრძელდება, ამიტომ ორსულობა ამაზე ადრე არ უნდა დაიგეგმოს. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია უკუჩვენებებიც: ოპერაციის არასასურველი შედეგი, დაავადების გამწვავება, რაც ართულებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას და ამცირებს ოპერაციის შედეგს. ოპერაციის შემდეგ ორსულობის უკუჩვენებაა ბაქტერიული ენდოკარდიტი, რევმატიზმის გამწვავება, მიტრალური სტენოზის განმეორებითი განვითარება.

- როგორ ხდება ორსულობის მართვა?

- გულის მანკის დროს აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობა მთელი ორსულობის განმავლობაში მიმდინარეობს. მკურნალობის მიზანია სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება და ნაყოფის განვითარებისთვის ნორმალური პირობების შექმნა. ინიშნება საგულე გლიკოზიდები, არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, შარდმდენები, სისხლძარღვთა გამაფართოებლები, ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულანტები. მედიკამენტური მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას, უმეტესად - ორსულობის მე-18-26 კვირას. მთელი ორსულობის განმავლობაში პერიოდულად ტარდება კარდიოტოკოგრაფია (ნაყოფის გულის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა). დოპლეროგრაფიით იკვლევენ საშვილოსნო-პლაცენტურ და ნაყოფის სისხლის მიმოქცევას ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) გამოსარიცხად. ბუნებრივია, ხორციელდება მუდმივი მეთვალყურეობა დედის გულზე. გახსოვდეთ: გულის მანკის მქონე ქალებში, რომელთათვისაც ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, ორსულობის არასასურველი დასასრულის მიზეზია ქალთა კონსულტაციაში არარეგულარული სიარული, მეანისა და კარდიოლოგის მიერ ორსულობის კომპლექსური მართვის არარსებობა, უეფექტო სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება და შეცდომები მშობიარობისა და ლოგინობის დროს, ამიტომ:

  • ყველანაირად ერიდეთ დაუგეგმავ ორსულობას;
  • ორსულობამდე კონსულტაცია გაიარეთ კარდიოლოგთან, გაარკვიეთ, შეგიძლიათ თუ არა ნაყოფის ვადამდე მიტანა და მშობიარობა;
  • თუ გაქვთ თანდაყოლილი მანკი, დაორსულებამდე აუცილებლად გაიარეთ გენეტიკური კონსულტაცია;
  • ჰკითხეთ ექიმს, როგორი რეჟიმი უნდა დაიცვათ, რომ არც თქვენ, არც თქვენს მომავალ შვილს არაფერი დაგემუქროთ;
  • რეგულარულად იარეთ ქალთა კონსულტაციაში და კარდიოლოგთან, დროულად გაიარეთ გამოკვლევები;
  • უარს ნუ იტყვით ჰოსპიტალიზაციასა და მედიკამენტების მიღებაზე - რაც უფრო უკეთ მუშაობს თქვენი გული, მით უკეთესია თქვენი და თქვენი მომავალი შვილის მდგომარეობა.