შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა

  • ჭეშმარიტ ანუ პრეგესტაციურ დიაბეტს (I და II ტიპი), რომელიც უკვე არსებობდა ორსულობის დადგომამდე;
  • გესტაციურ (ტრანზიტორულ ანუ გარდამავალ) დიაბეტს, რომლის ნიშნები ვლინდება მხოლოდ ორსულობის დროს, მერე კი ქრება.
  • დიაბეტის განვითარების საფრთხეს - მდგომარეობას, როდესაც დასტურდება შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორები.

მცირე ფიზიოლოგიური ექსკურსი

ორსულობის დროს ძლიერდება ნახშირწყლოვანი ცვლა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ნახშირწყლები ხმარდება მომავალი დედის ენერგეტიკულ დანახარჯებს და ნაყოფის კვებას. ნაყოფის ენერგიის ძირითად წყაროს სწორედ გლუკოზა წარმოადგენს. ასეთივე ნახშირწყლოვანი ცვლილებებია დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტისთვის, ამიტომ ორსულობას განიხილავენ როგორც დიაბეტოგენურ ფაქტორს. ფიზიოლოგიური ორსულობისგან განსხვავებით, დიაბეტიან ორსულს ინსულინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად ეცვლება, ეს კი გავლენას ახდენს მის მდგომარეობასა და ბავშვის განვითარებაზე, ამიტომ ამ პერიოდში აუცილებელია ასეთ ქალებზე განსაკუთრებით მკაცრი კონტროლის დაწესება. სამწუხაროდ, აკრძალვებისა და ამით ქალების დაშინების გამო ექიმები ხშირად ფაქტის წინაშე დგებიან - მათ მიმართავენ ორსულები არაკომპენსირებული დიაბეტით.

- როგორ მივაღწიოთ მიზანს, როგორ გავაჩინოთ ჯანმრთელი ბავშვი დიაბეტის ფონზე?

- შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია, ორსულობა წინასწარ დაიგეგმოს. ეს იმისთვის, რომ მოსალოდნელ ორსულობამდე 2-3 თვით ადრე მოხდეს დაავადების სრული კომპენსირება. ყველა გართულების მიზეზი შაქრის მაღალი მაჩვენებლებია. ერთადერთი გამოსავალი გლიკემიის დონის კონტროლია: გლუკოზის დონე სისხლში უნდა მიუახლოვდეს ნორმას. წარმატებაზე შეიძლება ვიფიქროთ ორი თვის განმავლობაში მიღებული სპეციალური ტესტების შედეგებით.

- რას გულისხმობს დიაბეტიანი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვა?

- დიაბეტიანი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვა ნიშნავს ორსულობის დადგომას კომპენსირებული დიაბეტის ფონზე გვიანდელი გართულებების ან თანმხლები დაავადებების გარეშე. თუ დიაბეტი ორსულობამდეც და ორსულობის დროსაც კომპენსირებულია, ქალს ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის პრაქტიკულად ისეთივე შანსი აქვს, როგორიც ჯანმრთელს.

- თუ დიაბეტის კომპენსირება დაორსულებამდე ვერ მოხერხდა?

- ჩვეულებრივ, ორსულობის ათვლა ხდება უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან. თუ ქალს ორსულობა არ დაუგეგმავს, ორსულობის დადგომას იგი მხოლოდ მომდევნო მენსტრუაციის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ შეამჩნევს. დეკომპენსირებული დიაბეტის დროს მენსტრუალური ციკლი შეიძლება არარეგულარული იყოს და ქალიც ორსულობის დადგომას გაცილებით გვიან - ორსულობის მე-8-12 კვირას შეიტყობს. ამ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებულია ბავშვის ყველა შინაგანი ორგანო - არსებობს ცენტრალური ნერვული სისტემა, ნაწლავები, გული სისხლძარღვებში სისხლს გადატუმბავს, ფორმირებას იწყებს ორგანოთა სისტემები, თვალები, კიდურები და სასმენი აპარატი. ამიტომ ნაყოფის ყველა შესაძლო გართულება, რაც დედის არაკომპენსირებულ დიაბეტთანაა დაკავშირებული, სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს უკვე ორსულობის დადგენის დროისთვის. აი, რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი დაორსულებამდე სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მიღწევა.

- ახდენს თუ არა დიაბეტი გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე?

- ასეთ ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, საშარდე ორგანოების ინფექცია და ნაადრევი მშობიარობის რისკიც უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ჯანმრთელებს. ეს გართულებები ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

  • პრეეკლამფსია - 12%;
  • არტერიული ჰიპერტენზია - 10%;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი - 8%;
  • მრავალწყლიანობა - 18%;
  • ნაადრევი მშობიარობა 8%;
  • ჰიპოგლიკემიური კომა.

ჩასახვის უკუჩვენებას წარმოადგენს დეკომპენსირებული (არანამკურნალები ან არასაკმარისად ნამკურნალები) დიაბეტი და მძიმე გართულებები თირკმელების, თვალების ან სხვა ორგანოების მძიმე დაზიანების ფონზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მომავალი დედისა და მისი შვილის ჯანმრთელობის პროგნოზი სავსებით კეთილსაიმედოა: მედიკოსებმა და მეცნიერებმა შეიმუშავეს და დახვეწეს ორსულობის გართულებათა მართვის მეთოდები.


- რა გავლენას ახდენს შაქრის ცვალებადობა ბავშვზე მუცლადყოფნის პერიოდში და დაბადების შემდეგ?

- როდესაც დედის სისხლში გლუკოზა იმატებს, იგი დიდი რაოდენობით გადადის ნაყოფის ორგანიზმშიც. თუ ეს ორსულობის მერვე კვირამდე მოხდა, შესაძლოა განვითარდეს თანდაყოლილი მანკები; გლუკოზის უკმარისობა (თუ ის მეტისმეტად ხშირია) განვითარების შეფერხებას იწვევს, შაქრის მკვეთრი დაცემისას კი ნაყოფი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. გახსოვდეთ: დაორსულებამდე 2-3 თვით ადრე და ორსულობის პირველი რვა კვირის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტის სტაბილური კომპენსაცია ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკის აუცილებელი პირობაა. თუ დედას ორსულობის მეორე ნახევარში ჰიპერგლიკემია აქვს, ნაყოფის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება, ამიტომ დიაბეტიანების ახალშობილები დიდები არიან. შაქრის დონის ხშირი მატება აფერხებს ნაყოფის ფილტვების მომწიფებას. ახალშობილის სიდიდე არ ნიშნავს მის ჯანმრთელობას; ასეთი ბავშვების უმეტესობას ორგანოები განუვითარებელი აქვს, ამიტომ ბავშვს დაბადების შემდეგ შეიძლება განუვითარდეს დარღვევები ნერვული, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ,  ჰიპოგლიკემია. გლუკოზა გადის პლაცენტურ ბარიერს, ინსულინი კი - არა. როდესაც დედის სისხლში შაქრის კონცენტრაცია მაღალია, გლუკოზა დედიდან ნაყოფზე გადადის. დედის სისხლში შაქრის დონის მატება აიძულებს ნაყოფის პანკრეასს, გაძლიერებულად იმუშაოს "ორისთვის": იგი გამოიმუშავებს ნორმაზე მეტ ინსულინს, რათა არსებულ პრობლემას გაუმკლავდეს. ამრიგად, თავადაც რომ არ უნდა ისე, მომავალი დედა მოიხმარს ბავშვის ენდოკრინულ სისტემას. პაწიასთვის ეს მხოლოდ უსიამოვნებების საფუძველია - გლუკოზის მომატებული დონის გამო ზიანდება მისი სისხლძარღვები და, მაშასადამე, პლაცენტური სისხლის მიმოქცევა; ნაყოფი ცუდად მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით, იბადება უმწიფარი, ჰიპოქსიისა და ჰიპოტროფიის ნიშნებით, პათოლოგიურად შეცვლილი შინაგანი ორგანოებით. ორსულობის დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ბავშვი იკრებს ჭარბ წონას, რაც ართულებს მშობიარობას და ნეონატალური ადაპტაციის პერიოდს. ნორმაზე მეტი ინსულინის გამომუშავება ათიდან 3-6 შემთხვევაში იწვევს ახალშობილთა ჰიპოგლიკემიას. ნაყოფის სიდიდე შემდგომ მისი სიმსუქნისა და II ტიპის დიაბეტის მიზეზი ხდება. ნაყოფისმხრივი გართულებებია:

  • თანდაყოლილი ანომალიები - 5-10%;
  • მძიმე ფორმების განვითარების სიხშირე დამოკიდებულია HbA1c-ს კონცენტრაციაზე (3% - HbA1c < 8,5%; 22% - HbA1c < 8,5%);
  • ორსულობის სპონტანური შეწყვეტა;
  • დიაბეტური კეტოაციდოზი (50-90% - ლეტალური დასასრულით);
  • ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება;
  • ნაყოფის მაკროსომია;
  • ორგანოთა მომწიფების შეფერხება.

- როგორ შევინარჩუნოთ ნაყოფი ვადამდე?

- დიეტის მკაცრი დაცვით, ინსულინის დოზის ინდივიდუალური და მკაცრი კონტროლით მთელი ორსულობის განმავლობაში. დიაბეტიანი ქალი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ენდოკრინოლოგისა და მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

- რას გულისხმობს დიეტა?

- ჯანმრთელი და დიაბეტიანი ქალების კვების რეჟიმი სხვადასხვანაირია; თუ პირველთათვის ტკბილეული, უბრალოდ, რეკომენდებული არ არის, მეორეთათვის ისინი მკაცრად უკუნაჩვენებია. დიაბეტიანთა რაციონში ასევე რამდენამდე შემცირებულია ცხიმების ოდენობა ცილებისა და კალორიების ჩვეული ოდენობის ფონზე. რაც შეეხება ვიტამინებსა და მინერალებს, ისინი მეტი უნდა იყოს, რადგან დიაბეტის დროს მათი დანახარჯი იმატებს და მარაგი ხშირად მოითხოვს შევსებას. ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი უნდა შეუთანხმდეს ენდოკრინოლოგს, რომელიც შეარჩევს ინსულინის დოზას.

- როგორ ხდება დიაბეტის ფონზე ორსულობის მართვა?

- ორსულებს ვურჩევთ, ნუ უგულებელყოფენ სპეციალისტების მიერ დანიშნულ მკურნალობას. აუცილებელია სრული ლაბორატორიული გამოკვლევა, ამასთან, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლის მიზნით ანალიზები უნდა გაკეთდეს უფრო ხშირად, ვიდრე ჯანმრთელ ორსულებში. შესაძლოა, საჭირო გახდეს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის უფრო ხშირად ჩატარება და სპეციალისტის რეგულარული კონსულტაცია. რასაკვირველია, მკურნალ ექიმთან ვიზიტიც უფრო ხშირი უნდა იყოს. ორსულობის დადგენის შემდეგ პაციენტი აჰყავთ დისპანსერულ აღრიცხვაზე. ორსულობის პირველ ნახევარში ქალი ენდოკრინოლოგსა და მეან-გინეკოლოგს ორ კვირაში ერთხელ უნდა ეწვიოს, შემდეგ - კვირაში ერთხელ. დღეს პაციენტები ინდივიდუალური გლუკომეტრით დამოუკიდებლად აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს. ამ მაჩვენებლების მიხედვით ენდოკრინოლოგი ახდენს ინსულინის დოზის, დიეტისა და დატვირთვის კორექციას. მეანი თვალს ადევნებს სხეულის მასის მატებას, საშვილოსნოს ფუძის დგომას და მუცლის გარშემოწერილობას, არტერიული წნევის დინამიკას, რადგან დიაბეტიანი ორსულები მიდრეკილი არიან გესტოზებისადმი, მათ შორის ხშირია მრავალწყლიანობა, უვითარდებათ ინფექციურ-ანთებითი პროცესები და ორსულობის სხვა გართულებები. ასეთი ორსულების ჰოსპიტალიზაცია მთელი ორსულობის პერიოდში სამჯერ ხდება: ორსულობის დიაგნოსტირებისას, ორსულობის 21-24-კვირას და 32-34-ე კვირას. ორსულობის დასაწყისში ტარდება სრული გამოკვლევა და ინსულინთერაპიის კორექცია. ორსულობის შუაში ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია აგრეთვე ინსულინის დოზის შესარჩევად - საქმე ის არის, რომ ამ ვადაზე აქტიურად მოქმედებს ორსულობის ჰორმონები, რომლებსაც აქვთ ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედება. ორსულობის ბოლოს ინსულინზე მოთხოვნა, წესისამებრ, მცირდება, რადგან ამ დროს ფუნქციობას, ანუ ინსულინის გამომუშავებას იწყებს ნაყოფის პანკრეასიც. მაგრამ ექიმებმა აუცილებლად უნდა შეაფასონ ნაყოფის მდგომარეობა და შეარჩიონ მშობიარობის მეთოდი და დრო. ერთ-ერთი რთული საკითხია მშობიარობის დროის შერჩევა. ორსულობის ბოლომდე მიყვანა დასაშვებია გაურთულებელი შაქრიანი დიაბეტის დროს. ოპტიმალურ ვადად მიიჩნევა 35-38-ე კვირა. ეს რეკომენდაციები განკუთვნილია პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ორსულებისთვის. მეორე ტიპის დიაბეტის დროს ქალმა შეიძლება დროულად იმშობიაროს. საკეისრო კვეთის ჩვენებებია:

  • დიაბეტის პროგრესული გართულება;
  • დიდი ნაყოფი;
  • ნაყოფის პროგრესული ჰიპოქსია.

მშობიარობის დროს და ლოგინობის ხანაში აუცილებელია გლუკოზის განსაზღვრა 1-2 საათში ერთხელ. ახალშობილები იმყოფებიან ნეონატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, მათ უმოწმებენ გლუკოზის დონეს სისხლში, რადგან ასეთ პაწიებს დიდი ალბათობა აქვთ, ჰიპოგლიკემია დაბადებისთანავე განუვითარდეთ.


- რას გვეტყვით გენეტიკურ ფაქტორზე?

- შაქრიანი დიაბეტი გენეტიკურ განწყობასთან დაკავშირებული დაავადებაა; რისკი, იგი მემკვიდრეობით გადაეცეს ახალშობილს, არსებობს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი დაავადება ყოველთვის არ ვითარდება; მას აპროვიცირებს სხვა ფაქტორები. თუ დედას I ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, ბავშვის დაავადების ალბათობა შეადგენს 2-3%-ს, ისევე, როგორც ჯანმრთელი მშობლების შემთხვევაში; თუ დაავადებულია მამა, დიაბეტის განვითარების ალბათობა უფრო მეტია - 5-6%; თუ დიაბეტი აქვს ორივე მშობელს, რისკი 20-30%-მდე იმატებს. II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს დაავადების მემკვიდრეობით გადაცემის ალბათობა გაცილებით მაღალია (60-80%), მაგრამ ამ ტიპის დიაბეტი, როგორც წესი, 40 წლის შემდეგ ვლინდება. ასეთი მემკვიდრეობის შემთხვევაში დაავადების თავიდან აცილებას ხელს უწყობს ნორმალური წონის შენარჩუნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა. შეეგუეთ იმ აზრს, რომ ორსულობის დადგომისთანავე, განურჩევლად დიაბეტის ტიპისა, ინსულინზე გადასვლა მოგიწევთ, რადგან შაქრის დამწევი აბები ორსულისთვის აკრძალულია - ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და აქვთ ტერატოგენული მოქმედება (იწვევენ ნაყოფის სიმახინჯეებს). დარწმუნდით, რომ სწორად იტარებთ შაქრის თვითკონტროლს - შეადარეთ თქვენი მონაცემები ლაბორატორიისას. ექიმთან ერთად დაგეგმეთ კვებისა და ფიზიკური დატვირთვის (დრო, ინტენსივობა და ხანგრძლივობა) ინდივიდუალური რეჟიმი, რათა თავიდანვე შეიმუშაოთ ინსულინთერაპიის ტაქტიკა.

- რას გვეტყვით ორსულთა დიაბეტზე?

- შაქრიან დიაბეტს, რომელიც პირველად ორსულობისას ვლინდება, გესტაციური (ორსულთა) დიაბეტი ეწოდება. იგი ორსულთა დაახლოებით 4%-ს აქვს. გესტაციური დიაბეტის რისკის ფაქტორებია:

  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • უახლოესი ნათესავების ავადობა შაქრიანი დიაბეტით;
  • 4000 გრამზე მეტი წონის ბავშვის გაჩენა წინა მშობიარობისას;
  • გესტაციური დიაბეტის გამოვლენა წინა ორსულობისას.

თუ გაქვთ ჩამოთვლილთაგან სამი ან მეტი რისკფაქტორი, გესტაციური დიაბეტის განვითარების ალბათობა დიდია და გირჩევთ, დროულად მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

- როგორ ადგენენ გესტაციურ დიაბეტს?

- კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისთანავე ყველა ორსულს უტარდება სისხლის გამოკვლევა გლუკოზაზე - უზმოზე ჩვეულებრივი დიეტისა და ფიზიკური დატვირთვის ფონზე. გაითვალისწინეთ: თუ სისხლში უზმოზე თითიდან აღებულ სისხლში შაქარია 4,8-6,0 მმოლ/ლ, ვენიდან აღებულში კი 5,3-6,9 მმოლ/ლ, ნახშირწყლოვანი დარღვევის აღმოსაჩენად ინიშნება გლუკოზით დატვირთვის ტესტი. ორსულებს, რომლებსაც აქვთ გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკი, გლუკოზაზე დატვირთვის ტესტი კონსულტაციაში პირველი მისვლისთანავე ენიშნებათ. თუ პირველი გამოკვლევის შედეგები შეესაბამება ნორმას, სისხლის გამოკვლევა შაქარზე ან გლუკოზით დატვირთვის ტესტი განმეორებით უნდა ჩატარდეს 24-28-ე კვირას. ამაზე ადრე გესტაციური დიაბეტი, ჩევულებრივ, არ ვლინდება. ორსულთა დიაბეტისთვის უმთავრესად დამახასიათებელია შაქრის დონის მომატება უზმოზე. დიაბეტის ეს ფორმა, როგორც წესი, ორსულობის 27-32-ე კვირაზე იჩენს თავს, მშობიარობიდან 2-12 კვირის შემდეგ კი გაივლის. ამ ტიპის დიაბეტი უმთავრესად ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული და მეტაბოლური ცვლილებებითაა გამოწვეული. გესტაციური დიაბეტი მშობიარობის შემდეგ, როგორც გითხარით, გაივლის, თუმცა მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ასეთ ქალებს შესაძლოა განუვითარდეთ ქრონიკული (მეორე ტიპის) დიაბეტი, ამიტომ ისინი უნდა ერიდონ წონის მატებას, დაიცვან დიეტა და რეგულარულად ივარჯიშონ. ტრანზიტორული დიაბეტის მკურნალობა აუცილებელია: იგი, ისევე, როგორც ქრონიკული დიაბეტი, შესაძლოა დედისა და ნაყოფისთვის გართულებების მიზეზად იქცეს. ორსული უნდა იმყოფებოდეს ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და სისხლში რეგულარულად იმოწმებდეს გლუკოზის დონეს. დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას მკურნალობა დაიყვანება დიეტამდე, რომელშიც შეზღუდულია შაქრისა და ცხიმის შემცველი ყველა პროდუქტი.

გლუკოზის დონე ორსულობის დროს

დიაბეტიანი ორსულისთვის, განურჩევლად დიაბეტის ტიპისა, კომპენსაციის კრიტერიუმები შედარებით მკაცრია. სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი უნდა იყოს:

  • უზმოზე - 3,3-5,0 მმოლ/ლ;
  • ჭამიდან 1 საათის შემდეგ - < 7,8 მმოლ/ლ;
  • ჭამიდან 2 საათის შემდეგ - < 6,7 მმოლ/ლ;
  • ჭამამდე - < 5,8 მმოლ/ლ;
  • ძილის წინ - დაახლოებით 5,0 მმოლ/ლ;
  • ნაშუაღამევს, 3.00 სთ-ზე - დაახლოებით 5,0 მმოლ/ლ.

ჯანმრთელი ორსულის ნაყოფის ორგანოთა ჩამოყალიბება და ფორმირება გლუკოზის სწორედ ასეთი მაჩვენებლების ფონზე ხდება. დიაბეტიანმა ორსულმა ამ მაჩვენებლების მისაღწევად შაქარი დღეში არანაკლებ 7-8-ჯერ უნდა გაიზომოს, მათ შორის - უზმოზე, ძირითადი საკვების მიღებამდე და მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ, ძილის წინ და ღამის 3 საათზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ინსულინის მართებული დოზების შერჩევა, ნახშირწყლებისა და ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობის დადგენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კარგი კონტროლისა და სისხლში გლუკოზის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში ორსულობის პროგნოზი კეთილსაიმედოა. დღეს შაქრიან დიაბეტს არა დაავადებად, არამედ ცხოვრების წესად მიიჩნევენ. თქვენც მთელი ძალების მობილიზება უნდა მოახდინოთ, რომ მიაღწიოთ დაავადების სათანადო კომპენსაციას და ამის სანაცვლოდ მიიღოთ უდიდესი ჯილდო - ჯანმრთელი ბავშვის დაბადება.