რა იწვევს ორსულობისას კუჭის ტკივილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ორსულობისას კუჭის ტკივილს

- რა როლს ასრულებს ამაში თავად ორსულობა?

- კუჭის მიდამოში უმნიშვნელო ტკივილის ყველაზე უსაფრთხო მიზეზი ორსულებში მზარდი საშვილოსნოა, რომელიც დროთა განმავლობაში მუცლის ღრუში უფრო და უფრო მეტ სივრცეს იკავებს. კუჭის არეში მზარდი საშვილოსნოთი გამოწვეული ტკივილი და გულძმარვა ორსულობის პირველ სამ თვეს შედარებით იშვიათია, ორსულობის მეორე ტრიმესტრში კი ეს ჩივილები ხშირდება, რადგან ზრდას იწყებს საშვილოსნო. მუცლის ღრუს დანარჩენი ორგანოები იძულებულნი ხდებიან, დაუთმონ მას ადგილი და ხელი შეუწყონ პაწიას განვითარებას. საშვილოსნო აწვება კუჭს და ამის შედეგად ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში.

- რას გვეტყვით პროგესტერონზე?

- ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში დომინირებს ე.წ. ორსულობის ჰორმონი - პროგესტერონი. იგი იწვევს საშვილოსნოს მოდუნებას, ამით ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას. მაგრამ, ამასთან ერთად, იგი იწვევს სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების, მათ შორის - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, წვრილი და მსხვილი ნაწლავის მოდუნებასაც და ამით ზრდის კუჭის არეში დისკომფორტის აღმოცენების ალბათობას. ეს იწვევს გულძმარვას, გულისრევას და მეტეორიზმს (მუცლის შებერვას). სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი რამ, რაც კუჭის არეში დისკომფორტს იწვევს; არსებობს სხვა, გაცილებით სერიოზული მიზეზებიც.

- კუჭ-ნაწლავის რომელი დაავადებების დროს ვითარდება ტკივილი ეპიგასტრიუმში ორსულობისას?

- ორსულობისას ეპიგასტრიუმში ტკივილის ძირითადი მიზეზებიდან აღსანიშნავია:

  • ბაქტერიული გასტრიტი (გამომწვევი - ჰელიკობაქტერ პილორი);
  • ეროზიული გასტრიტი - მედიკამენტების, ალკოჰოლის, ცხარე საკვების და ა.შ. ხანგრძლივი მიღების შედეგი;
  • მწვავე სტრესული გასტრიტი - სხვადასხვა ეტიოლოგიის სტრესის, მძიმე ტრავმების, დაავადებების შედეგი;
  • ვირუსული, სოკოვანი გასტრიტი - უნდა ვივარაუდოთ იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ძალიან ხშირია ორსულებში;
  • ეოზინოფილური გასტრიტი - ალერგიული რეაქციების შედეგი;
  • ატროფიული გასტრიტი;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • კუჭის პოლიპები;
  • რძის აუტანლობა. ზოგიერთი ვერ იტანს რძეს, განსაკუთრებით - მის შაქარს, ლაქტოზას. როდესაც ასეთი ადამიანი იღებს რძეს, კუჭის არე სტკივდება;
  • საკვებისმიერმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ტკივილი ალერგიული პროდუქტების მიღებისას. ეს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდეს ორსულებში, განსაკუთრებით - ორსულობის გვიანდელ სტადიებზე.

- რა თავისებურებები ახასიათებს ორსულებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, მათ სიმპტომებს?

ტკივილი და მისი ინტენსივობა

- ტკივილის ინტენსივობა კუჭის დაავადებების დროს შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, ქრონიკული გასტრიტის მქონე ორსულებში ტკივილი ნაკლებინტენსიურია, ამიტომ პაციენტმა მას შეიძლება დიდხანს არ მიაქციოს ყურადღება. ტკივილი შეიძლება ნაკლებინტენსიური იყოს კუჭის წყლულოვანი დაავადების, კუჭის კიბოს დროსაც. მაგრამ კუჭისა, უფრო მეტად კი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილი ძლიერია, ზოგჯერ ძალიან ძლიერიც კი, რაც აიძულებს ორსულს, მიმართოს ექიმს და ჩვენც დაუყოვნებლივ ვიღებთ ზომებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად. პერფორაციული წყლულის დროს ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ორსულს შესაძლოა განუვითარდეს შოკი. დუოდენიტის მქონე ავადმყოფებში ტკივილის ინტენსივობა ასევე შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. ტკივილის ინტენსივობის მიხედვით დაავადების ხასიათზე მსჯელობა რთულია, რადგან ტკივილი მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება მისი ინდივიდუალური, პიროვნული აღქმით. კლინიცისტების მონაცემებით, პაციენტებში, რომლებმაც კუჭის ოპერაცია გადაიტანეს, ტკივილის ინტენსივობა გამწვავებული წყლულოვანი დაავადების დროსაც კი შეიძლება უმნიშვნელო იყოს. ასეთი პაციენტები წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას ტკივილს შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდნენ.

- აქვს თუ არა ორსულებში ტკივილის ხასიათს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების დიაგნოსტიკისთვის?

- ტკივილის ხასიათი ორსულებში შეიძლება მიუთითებდეს არა ამა თუ იმ დაავადების, არამედ გართულების არსებობაზე. მაგალითად მძლავრი, მწველი ტკივილი გასტრიტიან, წყლულიან ავადმყოფებში შესაძლოა სოლარიტის დართვის მაუწყებელი იყოს. დაქვეითებული მჟვიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ჩვეულებრივ, შეინიშნება ღრღნის, სიმძიმისა და ჭრის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. ინტენსიური მჭრელი, მჩხვლეტი შეტევითი ტკივილი დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადებისა და ქრონიკული დუოდენიტის გამწვავებისთვის. ხანჯლისებრი ტკივილი ვითარდება წყლულის პერფორაციის დროს. ცნობისათვის: ორსულობის დროს შემთხვევათა 44%-ში ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისია (ჩაცხრობა) ორგანიზმში პროგესტერონის მაღალი დონის გამო - ეს ჰორმონი ასტიმულირებს ლორწოს გამომუშავებას, რომელიც კუჭს იცავს. დანარჩენ 44%-ში ცვლილებები არ შეინიშნება. სამწუხაროდ, წყლული ორსულობის დროს შეიძლება გამწვავდეს. გაუარესება 12%-შია მოსალოდნელი. ამ დროს რჩევისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს. ასეთ პაციენტებში ინტენსიური ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის, კოლიტის დართვაც.

- რას გვეტყვით ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე?

- ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფარულად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ქალებში ხშირად სწორედ ორსულობის დროს იჩენს თავს. ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკფაქტორს ორსულობა წარმოადგენს. ორსულებისთვის უპირატესად დამახასიათებელია დისკინეზიის ჰიპომოტორული ტიპი. ჰიპომოტორული დისკინეზიის დროს სანაღვლე გზების მოძრაობა შენელებულია. ჰიპომოტორულ დისკინეზიას საფუძვლად უდევს ნაღვლის ბუშტის არასაკმარისი დაცლა. სწორედ დისკინეზია და არა ანთება განაპირობებს ორსულებში ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოვლენას. ორსულობა ხშირად ართულებს უკვე არსებულ ქოლეცისტიტს. დაავადება შემთხვევათა თითქმის ნახევარში მწვავდება, ამასთან, უმეტესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო სიმპტომატიკაში უპირატესად ჰიპომოტორული დისკინეზიის ნიშნები ვლინდება.


- რა გავლენას ახდენს ქრონიკული ქოლეცისტიტი ორსულობაზე?

- ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი - შემაწუხებელი გულისრევის შეგრძნება და ღებინება. უფრო იშვიათია ნერწყვდენა. ამასთან, ადრეული ტოქსიკოზი მე-16-20 კვირამდე გრძელდება.

- შესაძლოა თუ არა, ორსულებში ამ ჩივილის მიზეზად აპენდიციტი იქცეს?

- აპენდიციტი იშვიათად იწვევს არა მარტო დაჭიმულობას მუცლის ქვედა ნაწილში, არამედ ტკივილსა და სპაზმებს კუჭის არეში, თუმცა გამორიცხული არ არის, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში განვითარდეს. ტკივილის შეგრძნება ძლიერდება მარჯვენა გვერდზე წოლისას ორსული საშვილოსნოს ანთებით კერაზე ზეწოლის გამო. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.

- კიდევ რა იწვევს კუჭის არეში ტკივილს?

- კუჭის არეში ტკივილის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს საკვების ჭარბმა მიღებამ, საჭმლის მოუნელებლობამ, შეკრულობამ ან სულაც ფიზიკურმა დატვირთვამ, რომელიც მუცლის კუნთების დაჭიმულობას იწვევს. ორსულობის დროს კუჭის არეში ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ადრე არსებული ალერგიული რეაქციით, ტრავმით ან გადატანილი ემოციური სტრესით.

- რა როლს ასრულებს ინფექცია?

- კუჭის არეში დისკომფორტს, რომელსაც სპაზმები, ფაღარათი ან პირღებინება ახლავს თან, სავსებით შესაძლებელია, ვირუსული ან ბაქტერული ხასიათი ჰქონდეს. ინფექციის სიმპტომები 24 საათიდან სამ დღემდე გასტანს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი ორგანო: ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, - აგრთვე საშარდე სისტემა - თირკმელები და შარდის ბუშტი - და რეპროდუქციული სისტემა შესაძლოა დაინფიცირდეს და გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის ღრუში, მათ შორის - კუჭის არეშიც.

- რაზე მეტყველებს კუჭის არეში ტკივილი, თუ ორსულს აქვს მაღალი წნევა?

- ცნობილია, რომ ორსულობის მეორე ნახევრის მძიმე გართულების, პრეეკლამფსიის, ერთ-ერთ საყურადღებო ნიშანს წარმოადგენს ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმში. მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დროს სისტოლური წნევა იმატებს 180 მმ ვწყ. სვ-მდე და მეტად, დიასტოლური - 110 მმ ვწყ. სვ-მდე და მეტად, მცირდება შარდის გამოყოფა (400 მლ დღე-ღამეში), შარდში ცილების რაოდენობა აღემატება დღე-ღამეში 5 გრამს, ორსული უჩივის თავის ტკივილს, მხედველობის გაუარესებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტკივილს ეპიგასტრიუმში. თუ ამ ფონზე განვითარდა კრუნჩხვები, საუბრობენ ეკლამფსიაზე, რომელიც გამოწვეულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სისხლის მიმოქცევის მოშლით. გარდა ამისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად თან სდევს ცნობიერების შეცვლა, ჰიპერტენზიული ენცეფალოფათია, ტაქიპნოე (გახშირებული სუნთქვა), ნაყოფის განვითარების შეფერხება. ასე რომ, თუ ორსულს მაღალი წნევის, შეშუპების ფონზე ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი განუვითარდა, ეს ექიმებისთვის საკმაოდ საყურადღებო ნიშანია.

- როგორ დავადგინოთ მიზეზები და ამოვიცნოთ ნიშნები?

- კუჭის არეში ტკივილის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია გაირკვეს ტკივილის მიზეზები და გამომწვევი თუ მაპროვოცირებელი ფაქტორები. ორსულმა სწორად უნდა განსაზღვროს, როდის ვითარდება ტკივილი - ჭამამდე, ჭამის დროს თუ მის შემდეგ, როდის იმატებს, როდის ძლიერდება - ტუტე თუ მჟავე საკვების მიღებისას. უნდა გახსოვდეთ, რომ ტკივილი და წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმში შესაძლოა მოჭერილმა ტანსაცმელმაც გამოიწვიოს. ამიტომ უნდა ატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც მუცელზე არ გაწვებათ.

- როგორ და რით არის შესაძლებელი ტკივილის პროფილაქტიკა?

- გასტრიტისა და წყლულის, აპენდიციტის, ინფექციური და ბაქტერიული დაავადებების და, საზოგადოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი წარმოშობის ტკივილის შეგრძნების დროს, ცხადია, აუცილებელია სპეციალისტის, გასტროენტეროლოგის, სასწრაფო კონსულტაცია. მხოლოდ მას შეუძლია დაგინიშნოთ სწორი და ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.

- რას გულისხმობს პროფილაქტიკა?

- ტკივილის პროფილაქტიკას საფუძვლად უდევს სწორი ბალანსირებული კვება. ამოიღეთ თქვენი ყოველდღიური რაციონიდან საკვები, რომელიც კუჭს ვნებს. ამ შემთხვევაში ადვილად დააღწევთ თავს ტკივილსა და დისკომფორტს. ეცადეთ, იკვებოთ წილადობრივად - ნაცვლად 2-3-ისა, წაიხემსეთ დღეში 4-6-ჯერ, ერთი ულუფა ორად გაყავით და ორ ჯერზე მიირთვით. მიირთვით მეტი ქორფა ხილი და ბოსტნეული. მჟავე წვენები, ხილი, მაგარი ყავა რაციონიდან ამოიღეთ. ერიდეთ მაკარონსა და პურ-ფუნთუშეულს, აგრეთვე - ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ბარდას, კომბოსტოს, ლობიოს. რაციონიდან ამოიღეთ შემწვარი, შებოლილი, მარილიანი და ცხარე საკვები. ხორცი და ბოსტნეული, უმჯობესია, მოამზადოთ ორთქლზე, გამოაცხოთ ღუმელში. არ არის რეკომენდებული როგორც მეტისმეტად ცივი, ისე მეტისმეტად ცხელი კერძები. სამხარი მიირთვით დაძინებამდე 2-3 საათით ადრე. კუჭის მჟავიანობის მომატებისას, როგორც წესი, ინიშნება მაალოქსი და ფოსფალუგელი. ზოგიერთი ხალხურ მეთოდებს - წყალში განზავებულ სოდას ამჯობინებს, მაგრამ ის ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და შესაძლოა გულძმარვა გააძლიეროს. მომავალი დედებისთვის კარგია გვირილის ნახარში - ის ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესებს და აღადგენს კუჭ-ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას. მჟვიანობის მომატებისას, შეკრულობისა და გულძმარვისას სცადეთ ასეთი ნაკრები: პიტნის ფოთოლი (15 გ), წყლის სამყურა (2 გ), ფარსმანდუკი (15 გ), კამის თესლი (15 გ), კრაზანა (30 გ). 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 2 საათი და კარგად გაწურეთ. ნახარში მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2 კვირა. ტოქსიკოზის დროს დილით საწოლიდან აუდგომლად მიირთვით ვაშლი, ბანანი, ორცხობილა - მთვარია, კუჭმა დაიწყოს საკვების მონელება და არა საკუთრი თავისა.

სასარგებლო რჩევები

  • უხეში საკვები იწვევს კუჭის ლორწოვანის ტრავმირებას, ამიტომ გასტრიტისა და წყლულის დროს ხილი გათალეთ.
  • კოლიტისა და აირების დიდი რაოდენობით დაგროვებისას ერიდეთ რძეს, საფუვრიან პურს, ბარდას, ლობიოს, კომპოსტოს.
  • მენიუში აუცილებლად ჩართეთ მოხარშული ხორცი, თევზი, ფაფები.
  • გასტრიტის, ენტერიტისა და კოლიტის დროს გიშველით თაფლი. ის შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ანდა გახსნათ რძეში, ჩაიში. სასურველია, თაფლი მიიღოთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.