ახალი სიცოცხლე დასაწყისის დასაწყისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი სიცოცხლე დასაწყისის დასაწყისი

- არსება, რომელიც დედის ორგანიზმში ვითარდება და ადამიანად უნდა ჩამოყალიბდეს, მამაკაცისა და ქალის ჰარმონიული ურთიერთობის შედეგია. საოცრებაა - მიკროსკოპული უჯრედიდან ვითარდება და იბადება ცოცხალი ადამიანი.

ახალი სიცოცხლის დასაწყისი

პირველი სამი კვირა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი ორსულობა; ამ პერიოდში სწორედ ორსულობის საკითხი წყდება. მას, რა პარადოქსულიც უნდა იყოს, მომავალი დედის ორგანიზმი წყვეტს. ორსულობის მესამე კვირას (სამეანო ვადით) მომწიფებული კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდით განაყოფიერდება და მილში საშვილოსნოსკენ მიემართება. განაყოფიერებიდან 10-12 საათის შემდეგ კვერცხუჯრედი ორად იყოფა. მალე მომავალი მშობლების გენები ერთდება და წარმოქმნის უჯრედს, რომელიც შემდგომ ადამიანად უნდა გადაიქცეს. ამ ეტაპზე მას უკვე შეიძლება ეწოდოს ბავშვი. საოცარია, მაგრამ საშვილოსნოსკენ მიმავალ გზაზე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ძალიან სწრაფად იყოფა. ორსულობის ამ ვადაზე ქალის ორგანიზმმა შესაძლოა უარყოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი - ნაყოფის მამისგან მიღებული ცილები დედის ორგანიზმისთვის უცხო აგენტები არიან და შესაძლოა ქალისა და მომავალი ბავშვის იმუნურ სისტემას შორის კონფლიქტი წარმოიშვას. სხვათა შორის, ეს მდგომარეობა ზოგიერთ ქალს მთელი ორსულობის განმავლობაში თან სდევს. ორსულობის მესამე კვირას ემბრიონი  მიემაგრება ბავშვის მისაღებად უკვე მზად მყოფ საშვილოსნოს და იწყება ორსულობის ათვლა. ორი კვირის შემდეგ ქალი იგებს თავის არაჩვეულებრივი მდგომარეობის ამბავს, მანამდე კი ემბრიონი აქტიურად ამრავლებს თავის უჯრედებს და მესამე კვირისთვის უკვე სრულფასოვნად იღებს საკვებს დედის ორგანიზმიდან.

- საიდან იწყება ორსულობა მომავალი დედისთვის, როდიდან არის შესაძლებელი ორსულობის დადგენა და რა გზით?

- მომავალი დედისთვის ორსულობა იწყება ტესტით, რომლის შედეგსაც მალე ულტრაბგერითი გამოკლევა დაადასტურებს. საშვილოსნოს ღრუს ორსულობის რეგისტრაცია თანამედროვე ვაგინალურ ულტრაბგერით სკანერს შეუძლია ჩასახვიდან 2,5-3 კვირის ვადაზე, რაც შეესაბამება თვიურის გადაცდენას 3-5 დღით. ულტრაბგერითი კვლევით განისაზღვრება ორსულობის ემბრიოლოგიური ვადა - სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის დროიდან გასული ხანი, მეანობაში კი მიღებულია ორსულობის ვადის ათვლა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან, რაც ზოგჯერ გაუგებრობას წარმოშობს. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან შესათანხმებლად საკმარისია პირველს მივუმატოთ 2-2,5 კვირა. ამრიგად, ორსულობის 2,5-3 კვირაზე ბლასტოცისტა ასრულებს საშვილოსნოს კედელში იმპლანტაციის პროცესს და კვლევისთვის მისაწვდომი ხდება. ამ მომენტიდან მას ეწოდება სანაყოფე კვერცხი და გამოიყურება როგორც ექონეგატიური მრგვალი ან წვეთისებრი ფორმის ერთგვაროვანი სითხე, რომელსაც გარს აკრავს 4-5 მმ სისქის გარსი. ემბრიონს და ჩანასახგარე ორგანოებს ჯერ კიდევ მიკროსკოპული აგებულება აქვს და ულტრასონოგრაფიულად არ ჩანს. ამრიგად, ორსულობა უკანასკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან აითვლება და საშუალოდ 280 დღე, ანუ 10 სამეანო თვე გრძელდება (სამეანო თვის ხანგრძლივობა 28 დღეა, 10 სამეანო თვე უტოლდება 40 კვირას).

- როგორ ვითარდება ბავშვი დედის ორგანიზმში?

- პირველ თვეს (ორსულობის 1-4 კვირა) შეიძლება დასაწყისის დასაწყისი ვუწოდოთ. სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმისას წარმოიქმნება ჩანასახი, რომლის ზომა 0,12 მმ-ია, მაგრამ მის გენებში უკვე ჩადებულია მემკვიდრეობითი ინფორმაცია: ბიჭუნა იქნება თუ გოგონა, რა ფერის თვალები ექნება, როგორი თმა და ა.შ. განაყოფიერებიდან 4 საათის შემდეგ კვერცხუჯრედი ორად იყოფა, მერე - ისევ ორად და ასე განუწყვეტლივ. 5 დღის შემდეგ უჯრედების გროვა ფალოპის მილებით საშვილოსნოსკენ გადაადგილდება და მის ლორწოვან გარსში იბუდებს. ამ დროს ჩანასახი უკვე ჩანს - ის ქინძისთავისოდენაა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ორსულობის ტესტმა შესაძლოა დაადასტუროს, რომ თქვენს წიაღში პაწია არსება ვითარდება.

მეორე თვე (ორსულობის 5-8 კვირა): გული ფეთქავს

ემბრიონის სისხლძარღვები დედის სისხლის მიმოქცევაში ერთვება, ხოლო ორსულობის მეხუთე კვირას გული ფეთქვას იწყებს. ულტრასონოგრაფიულად უკვე ჩანს "ემბრიონის პულსაცია" - გულის შეკუმშვები, მაგრამ ეკრანზე თავად გულის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. მეშვიდე კვირის ბოლოს ჩანს ფორმირების სტადიაში მყოფი ხერხემალი და თავის ქალა, პაწია წანაზარდები - ბავშვის ხელ-ფეხი. რამდენიმე დღის შემდეგ ჩანასახი თავსაც აამოძრავებს. მეორე თვის ბოლოს ემბრიონში უკვე დევს ინფორმაცია ყველა ორგანოსა და სისტემაზე; გულმკერდი რიტმულად უტოკავს - თითქოს სუნთქავსო; შეუძლია გაიჭიმოს და გაიწელოს. მხნეა, ფოტოგენური, ძალ-ღონით სავსე. ჩანასახის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მოძრაობა. შეგრძნებები და ამ გზით მიღებული შთაბეჭდილებები ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია. მეორე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 2-3,5 სმ-ს აღწევს, წონა - დაახლოებით 10 გრამს. სხეული უკვე ფორმირებულია, აქვს კიდურების ჩანასახები, თავის სიგრძე უტოლდება სხეულისას, მასზე შეინიშება თვალების, ცხვირის, პირის ჩანასახები, ფორმირებას იწყებს სასქესო ორგანოები.


მესამე თვე (9-12 კვირა): პირველი ძლიერი შეგრძნებები

ორსულობის მეათე კვირიდან მოყოლებული, ბავშვმა შეიძლება შეიგრძნოს კანის გაღიზიანება. მისი ღვიძლი იწყებს ნაღვლის გამომუშავებას. მესამე თვის ბოლოსთვის ის უკვე სვამს სანაყოფე წყლებს და კვლავ გამოყოფს მათ. ამ ყლაპვითი მოძრაობებით იგი ფილტვებსა და თირკმელებს ავარჯიშებს. ამ დროს განვითარებას იწყებს დიდი ნახევარსფეროების ქერქი და მოგვიანებით იქცევა ტვინის იმ ნაწილად, რომელიც, როგორც მიაჩნიათ, განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას. პაწია უკვე მონაწილეობს დედის ცხოვრებაში. გრძნობს მის ემოციებს - მღელვარებას, ბედნიერებას, რეაგირებს სტრესზე. როდესაც დედიკოს ეშინია, სისხლში გამოიყოფა ჰორმონი ადრენალინი, რომელიც პაწიას გულისცემას ახშირებს. მესამე თვის ბოლოს ნაყოფის სიგრძე აღწევს 7-9 სმ-ს, წონა - 50 გრამს. თავი დიდია, შეინიშნება განსხვავება გარეთა სასქესო ორგანოების აგებულებაში, კიდურები მოძრაობს, ჩანს ხელისა და ფეხის თითები, ჩონჩხის ხრტილების ჩანასახში ვლინდება გაძვალების პირველი წერტილები.

მეოთხე თვე (13-16 კვირა): მკვირცხლი მოძრაობები

დედის წიაღში უკვე სიცოცხლე ჩქეფს. ნერვული გზები იმდენადაა განვითარებული, რომ ბავშვს შეუძლია, იმოძრაოს, იბრუნოს, ილივლივოს სანაყოფე წყლებში. მას ჯერჯერობით საკმარისი ადგილი აქვს და თითქმის არ ეხება საშვილოსნოს კედლებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დედა მსუბუქ ბიძგებს მე-15 კვირიდანვე გრძნობს. ჯერ კიდევ დახუჭული ქუთუთოების ქვეშ ნელა მოძრაობს თვალის კაკლები. მეოთხე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 13,5-16 სმ-ს აღწევს, წონა - 120-250 გრამს. ყალიბდება სახე, ხდება ქალას გაძვალება, ძირითადად სრულდება კუნთოვანი სისტემის ფორმირება, კიდურების მოძრაობა უფრო აქტიურია, მაგრამ დედა ჯერ ვერ აღიქვამს. მკაფიოდ ჩანს ნაყოფის სქესი.

მეხუთე თვე (17-20 კვირა): პაწია გურმანი

ამიერიდან ბავშვი უნდა გაიზარდოს და ავარჯიშოს ორგანოები. ორსულობის მე-20 კვირისთვის ბავშვს პირში უფრო მეტი გემოვნებითი წანაზარდი აქვს, ვიდრე დაბადებისას ექნება. მას მოსწონს ტკბილი. მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ ნაყოფი მეტი ხალისით ეწაფება სანაყოფე წყლებს, თუ ისინი გამდიდრებულია შაქრიანი ხსნარით. მეხუთე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე აღწევს 18,5-25 სმ-ს, წონა - 280-400 გრამს. კანი წითელია, ღინღლით დაფარული. ცხიმის ჯირკვლები იწყებს ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფას, რომელშიც ერევა ეპიდერმისის ქერცლი და წარმოქმნის ხაჭოსებრ საცხს. ნაწლავებში წარმოიქმნება მეკონიუმი. დედა გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ორსულის მუცლის აუსკულტაციისას შეიძლება გავიგონოთ ნაყოფის გულისცემა.

მეექვსე თვე (21-24 კვირა): პირველი სლოკინი

თუ ბედმა გაგიღიმათ, მეოცე კვირისთვის ეკრანზე დაინახავთ, როგორ წოვს თქვენი პაწია ცერა თითს ან ეთამაშება ჭიპლარს - ამ დროს მას უკვე განვითარებული აქვს ტაცების რეფლექსი. ბავშვს აინტერესებს თავისი სხეული, ხელს ისვამს სახეზე, ეხება ხელებსა და ფეხებს, მოძრაობა გაცილებით სწრაფი უხდება. ბავშვს შეუძლია ტკივილის აღქმაც, ხოლო თუ სანაყოფე წყლები გადაყლაპა, სლოკინს აწყებინებს. ეს შესაძლოა იგრძნოთ მუცლის წინა კედელზე მსუბუქი ბიძგებით. მეექვსე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 25-30 სმ-ს აღწევს, წონა - 600-700 გრამს. მოძრაობს უფრო ენერგიულად. ამ ვადაზე ნაყოფი შეიძლება დაიბადოს ცოცხალი, გააკეთოს სუნთქვითი მოძრაობები, მაგრამ მალევე იღუპება.

მეშვიდე თვე (25-28 კვირა): ცნობისმოყვარეობა

თანდათანობით ბავშვი თავის "ანტენებს" გარე სამყაროსკენ მიმართავს. იგი აღიქვამს ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება: ქუჩის ხმაურს, ადამიანების ხმას, მუსიკას. უკვე აქვს თავისი მისწრაფებებიც, მაგალითად, მოსწონს კლასიკური მუსიკა. ბავშვის თვალები ნერვული გზებით უკვე უერთდება თავის ტვინის შესაბამის უბნებს. 26-ე კვირას ბავშვი პირველად ახელს თვალებს. მის სამყოფლამდე სინათლის 1% თუ აღწევს, მაგრამ ის ძალიან მგრძნობიარეა სინათლის მიმართ და ცნობისმოყვარედ მიაპყრობს მზერას სინათლის წყაროს. მეშვიდე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 32-37 სმ-ს აღწევს, წონა - 1000-1500 გრამს. კანქვეშა ცხიმი სუსტადაა განვითარებული, კანი დანაოჭებულია, მთელი სხეული დაფარულია ხაჭოსებრი საცხით და ღინღლით. ყურისა და ცხვირის ნიჟარები რბილია, ფრჩხილები თითებს ბოლომდე ვერ ფარავს. ბიჭუნების სათესლე ჯირკვლები ჯერ არ ჩამოსულა სათესლე პარკში, გოგონებს დიდი სასირცხო ბაგეები ვერ უფარავს მცირეს. ნაყოფი იბადება ცოცხალი, სუნთქავს, მაგრამ ნაკლებად სიცოცხლიუნარიანია. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი მოვლის პირობებში შეიძლება გადარჩეს. დაბადებული ბავშვი აქტიურად ამოძრავებს კიდურებს, გამოსცემს სუსტ ხმას.

მერვე თვე (29-30 კვირა): ნაზი გრძნობები

თუ ბავშვი ამ ვადაზე დაიბადა, მისი გადარჩენა შესაძლებელია. სხვათა შორის, ცხოვრების ადრეული სტარტი საკმაოდ რთული სიტუაციაა. ფილტვების მომწიფება ჯერ არ დასრულებულა, ბავშვი მეტისმეტად მგრძნობიარეა ინფექციებისადმი, სჭირდება ხელოვნური კვება. ამ დროს ნაყოფს კანი დაფარული აქვს თხელი ღინღლით და ხაჭოსებრი საცხით; აქტიურია, გარედან შეხებაზე რეაგირებს, გრძნობს, როდესაც ხელს ნაზად იდებთ მუცელზე, ანდა თითებით ოდნავ აწვებით. შესაძლოა "გიპასუხოთ" კიდეც ბიძგებით, ან მიეკრას იმ ადგილს, სადაც ხელს მივადებთ. მერვე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე 40-42 სმ-ს აღწევს, წონა - 1500-2000 გრამს. ამ დროს ბავშვი სიცოცხლისუნარიანი იბადება, მაგრამ განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს.

მეცხრე თვე (33-36 კვირა): უკანასკნელი ვარჯიში სტარტის წინ

ბავშვი "ნამდვილი" ცხოვრებისთვის ემზადება. მუცელში თავს უკვე ვიწროდ გრძნობს, მოძრაობა უჭირს. ახლა იგი ყოველდღიურად სვამს 3 ლიტრამდე სანაყოფე წყლებს და ასე ავარჯიშებს კუჭს, ნაწლავებს და შარდის ბუშტს. ხშირად წოვს ცერს, იქნევს ხელ-ფეხს, ეხახუნება საშვილოსნოს კედლებს, სულ უფრო ხშირად ახელს თვალებს. მეცხრე თვის ბოლოს ბავშვის სიგრძე დაახლოებით 46-48 სმ-ია, წონა - 2500-3000 გრამი. კანქვეშა ცხიმოვანი შრე სქელდება. კანი გლუვია, ვარდისფერი, სხეულზე ღინღლი იკლებს, თავზე თმა იზრდება. ამ ვადაზე დაბადებული ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, ხმამაღლა ყვირის, ახელს თვალებს, კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი.

მეათე თვე (37-40 კვირა): გამარჯობა, მე მოვედი!

მშობიარობის შემდეგ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას რომ შეეგუოს, ბავშვს სჭირდება ცხიმოვანი შრე, რომელსაც იგი მულცად ყოფნის ბოლო თვეებში აგროვებს. ყველა ორგანო მზადაა, მათ შორის - თავის ტვინიც, რომლის ასობით მილიარდ უჯრედს ინფორმაციული "საზრდო" სწყურია. სხვათა შორის, მეხსიერება დედის მუცელშივე ირთვება - მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 36-37-ე კვირას ნაყოფს შეუძლია, ბგერების, სულ ცოტა, 24-საათიანი თანამიმდევრობა დაიხსომოს. 40 კვირის შემდეგ ბავშვი თავის სამყოფელს ტოვებს. უმწიფრობის ნიშნები ქრება (წესისამებრ, ნაყოფი სიმწიფეს აღწევს მეათე თვის ბოლოს, დროული მშობიარობის ვადისთვის). ამიერიდან მას უკვე გამოადგება ყველაფერი, რასაც სწავლობდა: იგი ტკბება დედის ხმით, მიირთმევს მის რძეს და ხარობს სიცოცხლით.


- თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ კვლევას სერიოზული და ზოგჯერ გადამწყვეტი როლი ეკისრება. რაში გვეხმარება დიაგნოსტიკის ეს მეთოდი?

- ძნელია გადაჭარბებით შევაფასოთ ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობა მეანობაში. მის დანერგვამდე შეუძლებელი იყო ნაყოფის ზომების განსაზღვრა, ორსულობის ვადის დადგენა, პლაცენტის სტრუქტურის გამოკვლევა, თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირება. სიმახინჯეების დიაგნოსტიკისთვის რენტგენოლოგიურ კვლევას იყენებდნენ, მაგრამ ყველა ორსულისთვის მის ჩატარებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო ნაყოფზე რენტგენული გამოსხივების არასასურველი ზემოქმედების გამო. ასე რომ, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას: უკანასკნელ ხანს პერინატალური შედეგის რევოლუციურ გაუმჯობესებას მედიცინა სწორედ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას უნდა უმადლოდეს. ულტრასონოგრაფიული კონტროლის მარგებლობაზე მეტყველებს შემდეგი არგუმენტები:

  • განვითარების მანკის მქონე ათიდან 7 ბავშვის მშობლები ჯანმრთელნი არიან და არც რისკის ფაქტორები უდასტურდებათ. ასეთი მანკების დროულად გამოვლენა მხოლოდ პროფილაქტიკური ულტრასონოგრაფიული კვლევის მეშვეობითაა შესაძლებელი.
  • კლინიკური გამოკვლევა (პალპაცია გარეგანი მეთოდებით) მრავალნაყოფიანი ორსულობის დასადგენად სარწმუნო მეთოდი არ არის.
  • იმ ქალების ნახევარი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზუსტად იციან ორსულობის ვადა (ჩასახვის მიხედვით), ხშირად 2 კვირაზე მეტით ცდებიან. ნაყოფისთვის კი შესაძლოა სწორედ ეს ორი კვირა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, ორსულობის 34-ე და 36-ე კვირაზე საექიმო ტაქტიკა სრულიად სხვადასხვაა.

- როდის უნდა მიაკითხოს ორსულმა ულტრასონოგრაფიის კაბინეტს?

- პირველი კვლევა უმჯობესია ჩატარდეს მეათე-მეთხუთმეტე კვირას. სწორედ ამ ვადაზე შეიძლება დადასტურდეს ორსულობა, განისაზღვროს სანაყოფე კვერცხის მდებარეობა (საშვილოსნოშია თუ მის გარეთ) და ორსულობის ზუსტი ვადა - ნაყოფის გესტაციური ასაკი 2-3 დღის სიზუსტით, კისრის ნაოჭის დათვალიერება-გაზომვით დადგენილ იქნეს განვითარების მანკი, დადასტურდეს მრავალნაყოფიანი ორსულობა, გამოირიცხოს ცრუ. მომდევნო კვლევა, ჩვეულებრივ, ორსულობის 18-22-ე კვირას ინიშნება. მისი მეშვეობით ვრწმუნდებით, რომ ნაყოფი ნორმალურად იზრდება და ვითარდება. ამ კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ბავშვის განვითარებაში მომხდარი დარღვევები და დროულად მივიღოთ აუცილებელი ზომები. ეს ოპტიმალური პერიოდია ნაყოფის თანდაყოლილი მანკების, პლაცენტის მდებარეობისა და წინამდებარეობის დასადგენად. მომდევნო გეგმური კვლევის ჩატარება რეკომენდებულია ორსულობის 32-34-ე კვირას. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენის სინდრომი;
  • ნაყოფის ზოგიერთი პათოლოგია, რომელიც ადრეულ ვადებზე ვერ აღმოაჩინეს;
  • პლაცენტის წინამდებარეობა;
  • განისაზღვროს ნაყოფის მდებარეობა და სანაყოფე სითხის ოდენობა, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაყოფის ზოგიერთი დაზიანების დროს.

- რა არის სამგანზომილებიანი ექო?

- ჩვეულებრივი ულტრასონოგრაფიული კვლევით ვიღებთ "ბრტყელ" სურათს, რომელზეც ხაზებსა და წერტილებს შორის ძნელია მომავალი ბავშვის სახის გარჩევა; მოცულობითი, სამგანზომილებიანი სურათი, ანუ ულტრაბგერითი 3D გამოსახულება, მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილი დაბადებამდე დაინახონ. უახლესი ულტრაბგერითი სკანერების მეშვეობით შეიძლება ე.წ. 4D ულტრაბგერითი გამოსახულების მიღებაც, ანუ ჯერ დაუბადებელი ბავშვის პატარა ვიდეოჩანაწერი - როგორ მოძრაობს, ამთქნარებს... როგორც ჩვეულებრივი, ისე 4D ულტრაბგერითი კვლევა სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვისაც და დედისთვისაც.

- რა არის დოპლერული კვლევა და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?

- ნაყოფის დოპლერული კვლევა ულტრაბგერითი კვლევის თანამედროვე მეთოდია, რომელიც ეფუძნება ნაყოფის თავის ტვინისა და სასიცოცხლო ორგანოების, პალცენტური და საშვილოსნოს სისხლის მიმოქცევის მაჩვენებლების ანალიზს. მისი მეშვეობით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს ნაყოფის მდგომარეობა: საკმარის ჟანგბადს იღებს თუ არა, სათანადოდ უმუშავებს თუ არა გული და ბევრი სხვა რამ. ნაყოფის დისტრესის - ჟანგბადოვანი შიმშილის - დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, დროულად ჩატარდეს მკურნალობა მისი შორეული შედეგების თავიდან ასაცილებლად. ბავშვთა ნევროპათოლოგებმა იციან, რომ ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემების 80%-ზე მეტი - ბავშვთა ცერებრული დამბლა, სამშობიარო ტრავმები, ენცეფალოპათიები და სხვა - ნაყოფის დისტრესის შედეგია. კომპიუტერული დოპლეროგრაფია შეუცვლელ დახმარებას გვიწევს რეზუსკონფლიქტის დროსაც და ერთადერთი მეთოდია ნაყოფის მდგომარეობის რეალურად შესაფასებლად, ჰემოლიზური დაავადების აღმოსაჩენად, მისი ხარისხის დასადგენად და მშობიარობისთვის ოპტიმალური დროის შესარჩევად. ამ მეთოდით ორსულობის მეორე ტრიმესტრში შესაძლებელია ბევრი თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირებაც.