ორსულობა და პათოლოგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და პათოლოგია

ნაადრევი მშობიარობა

- რას გვეტყვით ნაადრევი მშობიარობის შესახებ?

- ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება. ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია. ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს.

- რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას?

- ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი. ნაადრევი მშობიარობა ხშირია აბორტების, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის, აგრეთვე დედის ენდოკრინული და ნერვული დარღვევების ფონზე.

- როგორ მიმდინარეობს ის?

- ნაადრევი მშობიარობა მიმდინარეობს სწრაფი მშობიარობის ტიპით, მაგრამ გართულება ამ დროს უფრო ხშირია. უმეტესად მოსალოდნელია სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, სისხლდენა, ნაყოფის ასფიქსია, მისი სამშობიარო ტრავმები და მკვდრადშობადობა.

- როგორ ამოვიცნოთ ნაადრევი მშობიარობა?

- ნაადრევი მშობიარობის სიმპტომებია ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილსა და გავის მიდამოში და მცირედი სისხლიანი გამონადენი. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ორსულმა უნდა მიმართოს თავის მეან-გინეკოლოგს ან ქალთა კონსულტაციას, რათა დროულად დაუსვან დიაგნოზი და მოათავსონ სტაციონარში.

- როგორ ავიცილოთ თავიდან?

- ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს;
  • ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას;
  • ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ვადაგადაცილებული ორსულობა

- რას გვეტყვით ვადაგადაცილებული ორსულობის შესახებ?

- ვადაგადაცილებული ეწოდება ორსულობას 42-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებითმშობიარეებთან, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ვადაგადაცილება უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელზე უფროსი ასაკის პირველმშობიარეებთან.


- როგორია გადამწიფებული ნაყოფი?

- გადამწიფებული ნაყოფი დიდია, მისი თავის ზომები ხშირად ნორმის ზედა ზღვარს უახლოვდება, ძვლები უფრო მკვრივია, ხოლო ნაკერები და ყიფლიბანდები - მცირე. ასეთი ნაყოფის თავი სამშობიარო გზებში გავლისას ფორმას ვერ იცვლის, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ტვინს. კანი გამომშრალი ან მაცერირებულია (მოხარშულივით). გადამწიფებულ ნაყოფს ჟანგბადზე მოთხოვნა მეტი აქვს, ხოლო ჟანგბადოვანი შიმშილისადმი შემგუებლობა - დაქვეითებული. ამავე დროს, პლაცენტაში მიმდინარე ცვლილებების გამო, მცირდება ნაყოფის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ზემოაღნიშნული ცვლილებების გამო იმატებს ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილის (ჰიპოქსიის), ასფიქსიის, სამშობიარო ტრავმებისა და სხვა მძიმე გართულებების რისკი. ვადაგადაცილებული ორსულობისას უფრო ხშირია ლოგინობის ხანის დაავადებებიც. ორსულს ვადაგადაცილების პირველი ნიშნებისთანავე ათავსებენ სამშობიაროში, სადაც მას უტარდება სათანადო მკურნალობა და მშობიარობის სტიმულაცია საშვილოსნოს ტონუსის ამწევი მედიკამენტებით (ოქსიტოცინით, პროსტაგლანდინებით), ვიტამინებით, კალციუმის პრეპარატებით და სხვა.

- რას გულისხმობს სამშობიარო ძალების ანომალიები?

- მშობიარობის დროს, არცთუ იშვიათად, თავს იჩენს სამშობიარო ძალების შესუსტება ან გაძლიერება.

სამშობიარო მოქმედების სისუსტე

სამშობიარო მოქმედების სისუსტე პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდები გახანგრძლივებულია, ხოლო ნაყოფის დაბადება ყოვნდება, რასაც მოჰყვება გართულებათა წყება: ნაყოფის ასფიქსია, სისხლდენა, პლაცენტის ან მისი ნაწილის ჩარჩენა, ენდომეტრიტი (საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება) და ლოგინობის პერიოდის სხვა დაავადებები. სამშობიარო მოქმედების სისუსტე შესაძლოა წარმოიშვას როგორც მშობიარობის დასაწყისში, ისე მოგვიანებითაც. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს იმ ნივთიერებათა უკმარისობა, რომლებიც დიდ როლს ასრულებს საშვილოსნოს შეკუმშვაში. სამშობიარო მოქმედების სისუსტე ვითარდება საერთო გამომფიტავი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების, ინფანტილიზმის, სიმსუქნის, სასქესო ორგანოთა არასწორი აგებულების (ორრქიანი საშვილოსნო), საშვილოსნოს მიომის ფონზე. მიზეზად შეიძლება იქცეს აგრეთვე ადრე გადატანილი აბორტები. ეს პათოლოგია ხშირია მრავალწყლიანობისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს. ნაყოფის დაბადების გახანგრძლივება ზოგჯერ მუცლის პრესის არასრულფასოვნებით - მუცლის კუნთების მოდუნებით, დაკიდული მუცლით, სიმსუქნით, თეთრი ხაზის თიაქრითა და მუცლის კედლის სხვა დეფექტებით არის გამოწვეული.

- რას გულისხმობს მკურნალობა?

- მკურნალობის მეთოდის არჩევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანაყოფე ბუშტის მთლიანობას. ვიდრე სანაყოფე ბუშტი მთლიანია, მშობიარობა შეიძლება დაექვემდებაროს მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა ხშირად ის ოპერაციით სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, ნაყოფს დაბადება რომ გაუადვილდეს, მიმართავენ შორისის ჩაჭრას (პერინეოტომიას). ასეთ დროს აუცილებელია:

  • კვების მართებული რეჟიმი (კალორიული რაციონი, ტკბილი ჩაი, ყავა, ხილის წვენები, გლუკოზა);
  • შარდის ბუშტის დროული დაცლა და ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგება;
  • მშობიარის ფსიქიკაზე ზემოქმედება (შიშისა და სხვა უარყოფითი ემოციების გაქარწყლება).

თუ სანაყოფე ბუშტი მთელია, სასურველია, მშობიარემ იაროს. თუ სამშობიარო მოქმედება მაინც არ გაძლიერდა, ხდება მედიკამენტური სტიმულაცია საშვილოსნოს შეკუმშვათა გასაძლიერებლად.


ძლიერი სამშობიარო მოქმედება

ძლიერი სამშობიარო მოქმედება გულისხმობს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდების ხანგრძლივობა შემცირებულია, ხოლო ნაყოფი ნორმაზე სწრაფად იბადება. ასეთი პათოლოგია უფრო იშვიათია, ვიდრე სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ძლიერი, ხშირი და მტკივნეული შეტევები ვითარდება გადაჭარბებული ნერვიული აგზნების, ჰიპერთირეოზის (ტოქსიკური ჩიყვის), ვიწრო მენჯის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის დროს. თუ დედის მენჯისა და ნაყოფის თავის ზომები ერთმანეთის შესაბამისია, მშობიარობა (ხშირად - სამშობიარო დაწესებულების გარეთ) 1-3 საათში დაჩქარებულად სრულდება. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია.

სამშობიარო ტრავმები

ნაყოფის გამოძევების დროს რბილი ქსოვილები - შორისი, საშო, საშვილოსნოს ყელი - ძლიერ იჭიმება. ამ დროს მოსალოდნელია მათი დაზიანება. სამეანო პრაქტიკაში ყველაზე ხშირია შორისის ჩახევა. მას ხელს უწყობს წინა მშობიარობის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები, ქსოვილთა ელასტიკურობის დაქვეითება ხანდაზმულ პირველმშობიარეებთან, ვიწრო მენჯი, ნაყოფის დიდი თავი და სხვა. როცა შორისის ჩახევა გარდაუვალია, აუცილებელია მისი ჩაჭრა. ჩახეული ჭრილობის კიდეები უსწორმასწოროა, ამიტომ შეხორცება უჭირს, ჩაჭრის შედეგად დარჩენილი სწორკიდეებიანი ჭრილობა კი უფრო ადვილად და კარგად ხორცდება. რბილი ქსოვილების ჩახევა იწვევს საშვილოსნოში ინფექციის შეჭრას, სასქესო ორგანოების დაწევასა და გამოვარდნას. საშვილოსნოს ყელის ჩახევამ შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენაც გამოიწვიოს.

საშვილოსნოს გახევა

საშვილოსნოს გახევა მშობიარობის განსაკუთრებით საშიშ გართულებებს მიეკუთვნება. ის ხშირად მთავრდება დედისა და ნაყოფის სიკვდილით. ამ დროს სისხლდენა ძალიან ძლიერია. კლინიკური სურათი მიმდინარეობს შოკით.

პროფილაქტიკა

ორსულები, რომლებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ქალთა კონსულტაციაში სპეციალურ აღრიცხვაზე აჰყავთ. მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე ისინი სამშობიარო სახლში იგზავნებიან. რისკის ფაქტორებია:

  • ვიწრო მენჯი;
  • ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
  • ვადაგადაცილებული ორსულობა;
  • დიდი ნაყოფი;
  • გართულებული აბორტები ანამნეზში;
  • საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები;
  • გადატანილი საკეისრო კვეთა და საშვილოსნოს სხვა ოპერაციები.

მკურნალობა

საშვილოსნოს გახევის წინამორბედი ნიშნების გაჩენისთანავე უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა და მშობიარობა დასრულდეს ოპერაციული გზით.