მტკივნეული მენსტრუაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მტკივნეული მენსტრუაცია

"ვარ 28 წლის. მენსტრუაციის პირველ დღეს მუცელი ისე ძლიერ მტკივა, რომ ტკივილგამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. ზოგჯერ მასაც ვერ ვსვამ, რადგან გული მერევა. არის შემთხვევები, როცა სასწრაფოს გამოძახებაც მიხდება. გინეკოლოგებმა კონკრეტული ვერაფერი მირჩიეს. მეუბნებიან, მშობიარობის შემდეგ გაგივლისო..."

"ვარ 27 წლის. სქესობრივ ცხოვრებას 25 წლიდან ვეწევი. მენსტრუაციული ციკლის პირველი დღე ყოველთვის მტკივნეული მქონდა, მაგრამ ბოლო ხანს ტკივილი განსაკუთრებით გამიძლიერდა. რამდენიმე თვეა, მენსტრუაციის პირველ საათებში მეტისმეტად ვსუსტდები, ხან მაცხელებს, ხან მაციებს, სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ 34,8-35 გრადუსამდეც კი ეცემა. რამდენიმე საათის შემდეგ ყველა სიმპტომი გაივლის, მხოლოდ ტკივილი რჩება. ვსვამ ინდომეტაცინს (ვცადე სხვა წამლებიც, მაგრამ არ მიშველა). რისი ბრალი უნდა იყოს ეს? რომელი გამოკვლევები ჩავიტარო?:"

ზემოთ აღნიშნული წერილის ავტორებს ამ ტკივილის მიზეზებს და მისი შემსუბუქების ხერხებს გააცნობს მეან-გინეკოლოგი, ქალბატონი სოფიო გელაშვილი:

-ქალბატონო სოფო, რატომაა რომ ზოგ ქალს ძლიერი ტკივილები აწუხებს მენსტრუაციის დროს და ეს პათოლოგიად მიიჩნევა?

- სისუსტე, სიმძიმის შეგრძნება და მუცლის უმნიშვნელო ტკივილი კრიტიკულ დღეებში, ალბათ, არავის გაუკვირდება. ეს სიმპტომები მეტწილად ხანმოკლეა, მენსტრუაციის პირველ დღეებში იჩენს თავს და 2-3 დღეს გრძელდება. ქალის ზოგად მდგომარეობასა და შრომის უნარზე ის არცთუ ისე დიდ გავლენას ახდენს.

მენსტრუაცია, ყოველთვიური სისხლიანი გამონადენი საშოდან, მხოლოდ ქალის ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი. მტკივნეული მენსტრუაცია ანუ ალგომენორეა მენსტრუაციული ფუნქციის დარღვევაა, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილის, წელისა და გავის მიდამოს შეტევითი და მღრღნელი ტკივილით გამოიხატება. ზოგჯერ ტკივილი გადაეცემა ბარძაყში, სწორ ნაწლავში. ამასთანავე, მენსტრუაციას ხშირად თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე. ძლიერი ტკივილი ყოველდღიურ აქტივობას ზღუდავს. ყრუ ან ზომიერ მტკივნეულობას 14-დან 45 წლამდე ასაკის ქალების 60-70% უჩივის, ათიდან ერთ შემთხვევაში კი მენსტრუაციული ტკივილი ინტენსიურია, საგრძნობ გავლენას ახდენს ქალის ზოგად მდგომარეობაზე და მკვეთრად აქვეითებს მის შრომისუნარიანობას. ტკივილი მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე ან მენსტრუაციის პირველ დღეს იწყება და ორ-სამ დღეში გაივლის. არცთუ იშვიათად მას თან სდევს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა.

ამ დროს ტკივილის ინტენსივობა ფასდება:

  • შრომის უნარის დაქვეითების ხარისხით (ქალს უჭირს ჩვეულებრივი სამუშაოს შესრულება, მეცადინეობა, სამსახურში სიარული. იძულებულია, იწვეს);
  • მიღებულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა (ტაბლეტების და/ან ინექციების) რაოდენობით.

მიუხედავად ყველაფრისა, მტკივნეულ მენსტრუაციასაც აქვს დადებითი მხარე - თუ ყველა სხვა მიზეზი გამოვრიცხეთ, ის ოვულაციური ციკლის უტყუარი მაჩვენებელია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი საშვილოსნოს ყელის სივიწროვეს უკავშირდება და მშობიარობის ან საშვილოსნოს ყელის გაფართოების შემდეგ გაივლის. მართებულია თუ არა ეს მოსაზრება?

- სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. მართალია, მტკივნეული მენსტრუაცია ასიდან 75-ზე მეტ შემთხვევაში არანამშობიარევ ქალებს აღენიშნებათ, მაგრამ ისიც უდავოა, რომ ზოგიერთს ის რამდენიმე მშობიარობის შემდეგაც აწუხებს. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის ორგანიზმის ანატომიური და ფუნქციური თავისებურებები. მენსტრუაციის დროს ტკივილს უმეტესად ბუნებრივი ნივთიერებები - პროსტაგლანდინები იწვევს. მენსტრუაციის პერიოდში ორგანიზმში მათი დონე მომატებულია. მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს:

  • გადაცივება;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმა;
  • ინფექცია;
  • საშოსშიგა სპირალი;
  • შინაგან სასქესო ორგანოთა დაავადებები, უმეტესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, ინფანტილიზმი (სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეები, მენჯისმიერი ნევრიტები.

ალგომენორეის აღმოცენებაში წამყვან როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (ორგანიზმის ზემგრძნობელობა თავისივე სასქესო ჰორმონების - ესტროგენების, პროგესტერონის - მიმართ). ასეთი რამ ხშირია სასქესო ორგანოების განუვითარებლობის (ინფანტილიზმის), საშვილოსნოს ტანის მკვეთრი გადახრის (რაც მენსტრუაციული სისხლის გამოსვლას აძნელებს), აბორტის შემდეგ საშვილოსნოს ყელის შეხორცების, საშვილოსნოს მანკის დროს.

მტკივნეული მენსტრუაცია უმეტესად არამყარი ფსიქიკის მქონე ქალებს შორის გვხვდება. ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებისას მენსტრუაციის თანმხლები მცირედი უქეიფობა შესაძლოა ნამდვილ დეპრესიაში გადაიზარდოს. ხშირად ამას თან სდევს ლიბიდოს დაქვეითება, რასაც ხელს უწყობს სქესობრივი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს და ა.შ.

მენსტრუაციის დროს ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმის გამოსადევნად საშვილოსნო რიტმულად იკუმშება. ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუში ტკივილის რეცეპტორები მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს და ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებს.

მენსტრუაციული ტკივილი ხშირად ჰორმონული დისბალანსით - პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევით არის განპირობებული. პროსტაგლანდინები სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც მენსტრუაციულ ტკივილს იწვევს. ისინი საშვილოსნოში წარმოიქმნება და მის შეკუმშვას ასტიმულირებს. რაც უფრო მეტია პროსტაგლანდინების ოდენობა ორგანიზმში, მით უფრო ძლიერია საშვილოსნოს შეკუმშვისა და, შესაბამისად, ტკივილის ინტენსივობაც. პროსტაგლანდინების სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სიმპტომებიც: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება, ტაქიკარდია. მტკივნეული მენსტრუაცია, უძილობა და წონის კლება ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობის მომატებასაც სდევს თავს.

- რა უნდა იცოდეს გოგონას დედამ მუცლის ქვედა მიდამოში ციკლური ტკივილის შესახებ?

- არის შემთხვევები, როდესაც გოგონას ორგანიზმის ანატომიურ თავისებურებათა გამო მენსტრუალური სისხლი გარეთ ვერ გამოდის. ეს ანომალია იშვიათად გვხვდება, მაგრამ მისი შედეგები შესაძლოა მეტად სერიოზული აღმოჩნდეს. ვინაიდან მენსტრუაციული სისხლის ორგანიზმიდან გამოსვლის საშუალება არ არსებობს, საშვილოსნო ივსება მენსტრუაციული სისხლით. გოგონას ყოველთვიურად ან უფრო იშვიათად მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი აწუხებს. პირველ ხანებში ტკივილი შესაძლოა გამაყუჩებელმა საშუალებებმა მოხსნას, მაგრამ მერე და მერე `"უხილავი" მენსტრუაცია სულ უფრო ძლიერი ტკივილით ვლინდება. საშვილოსნო დიდდება. ინფექციის თან დართვის შემთხვევაში ვითარდება ანთებითი პროცესი. ასეთი გოგონები ხშირად გადიდებული, მტკივნეული მწვავე მუცლით მიჰყავთ საავადმყოფოში.

- როგორ მოვიქცეთ მტკივნეული მენსტრუაციის დროს?

- მათთვის, ვისაც პირველადი ალგომენორეა აქვს, რეკომენდებულია:

  • მენსტრუაციულ კალენდარში აუცილებლად აღნიშნონ ტკივილის დღეები და მათი ინტენსივობა;
  • დაიცვან შრომისა და დასვენების რეჟიმი;
  • მენსტრუაციული ციკლის მეორე ფაზაში და მენსტრუაციის დროს შეზღუდონ ფიზიკური დატვირთვა;
  • შეზღუდონ სქესობრივი კონტაქტების რაოდენობა.

ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება სპაზმის მომხსნელი საშუალებები და ანალგეტიკები (ნო-შპა), აგრეთვე - პროსტაგლანდინების დამთრგუნველი საშუალებები (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, ვოლტარენი), ესტროგენისა და გესტაგენის შემცველი პრეპარატები. ტკივილი ხშირად საგრძნობლად მცირდება ან ქრება ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური საშუალებების რეგულარული გამოყენებისას. თუ ალგომენორეა ამა თუ იმ პათოლოგიით არის გამოწვეული, აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა. ამასთან ერთად:

  • ერიდეთ სურსათს, რომელიც შეიცავს მარილს, ნატრიუმს, კოფეინს.
  • შეზღუდეთ ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღება.
  • გაზარდეთ რაციონში მაგნიუმისა და კალციუმის წილი.
  • სვით ბალახეული (გვირილის, პიტნის) ჩაი.
  • ტამპონების მაგივრად გამოიყენეთ საფენები.

ზოგიერთ ქალს ტკივილს უმცირებს ფიზიკური აქტივობა. მაგალითად, ასეთი ვარჯიში:

დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები და მიაყრდენით კედელს. გაუნძრევლად იწექით 15 წუთის განმავლობაში და ეცადეთ, მოდუნდეთ.

- როდის მივმართოთ ექიმს?

- გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგ-გინეკოლოგის კონსულტაცია აუცილებელია, როცა:

  • ტკივილი აუტანელია;
  • ბოლო რამდენიმე თვეა, მენსტრუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია;
  • მენსტრუაცია ჩვეულებრივზე ხანგრძლივია, ხოლო გამონადენი - ჭარბი;
  • იმატებს სხეულის ტემპერატურა;
  • სხეულზე ჩნდება გამონაყარი;
  • ტკივილი მენსტრუაციის შემდეგაც არ ცხრება.

- რა არის ფსიქოლოგიური მენსტრუაციული ტკივილი?

- ეს გახლავთ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებებით გამოწვეული ტკივილი, რომელიც მენსტრუაციის შიშის შედეგია. პირველი მენსტრუაციის წინ გოგონას დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა გადამწყვეტ როლს ასრულებს მის შემდგომ ცხოვრებაში. მენსტრუაციული ციკლის ფსიქოლოგიურ ბუნებაზე მეტყველებს მისი მიზეზის დაუდგენლობა. ასეთი ქალები მენსტრუაციის დღეებში ტკივილის მოხსნის მიზნით ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

დასასრულ, მეორე წერილის ავტორს ვურჩევ, მიმართოს გინეკოლოგს, ჩაიტაროს მცირე მენჯის ღრუს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, ვინაიდან მტკივნეული მენსტრუაციის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა პათოლოგია იყოს. რეკომენდებულია ნაცხის ანალიზი ფლორაზე, ონკოციტო-ლოგია, გამოკვლევა სასქესო ინფექციებზე, სისხლის ანალიზი სასქესო ჰორმონებზე მენსტრუაციის მე-2-5 დღეს. ტკივილის შესამსუბუქებლად კი მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 3 დღით ადრე დაიწყეთ იმ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის მიღება, რომელიც გშველით.