ქალური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალური პრობლემები

სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ყველა ასაკის ქალს აქვს. გამონაკლისია პერიოდი 1 თვიდან 8-9 წლამდე - ამ დროს მენსტრუალური ფუნქცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, კვერცხუჯრედები არ მწიფს, ქალური ჰორმონებიც იმდენად მცირე რაოდენობით წარმოიქმნება, რომ ორგანიზმზე გავლენას თითქმის არ ახდენს.

როდესაც გოგონა ცხრა წელს გადააბიჯებს, ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, რომლიც პერიოდულად გამოიყოფა და ბრინჯის ნახარშს ან უმი კვერცხის ცილას მოგვაგონებს. სქესობრივი მომწიფების ასაკში გამონადენი ციკლურ ხასიათს იძენს და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული.

ციკლის შუაში (მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე არსებულ პერიოდში) გამოიყოფა ლორწოვანი გამონადენი, რომელიც უმი კვერცხის ცილას ჰგავს. ეს ოვულაციის - კვერცხუჯრედის მომწიფების - და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის ნიშანია. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის ოდენობა მინიმუმამდე იკლებს. მენსტრუაციამდე მცირე ხნით ადრე ჩნდება ზომიერი ერთგვაროვანი გამონადენი, რომელიც ბრინჯის ნახარშს წააგავს. გამონადენმა შესაძლოა იმატოს სქესობრივი აგზნებისა და ორსულობის დროს, აგრეთვე - მაშინ, როდესაც ქალი იღებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ან იყენებს საშოსშიგა სპირალს.

სასქესო ორგანოებიდან გამონადენის ნორმალური მახასიათებლებია:

  • მოცულობა - 2 მლ-მდე დღე-ღამეში;
  • მჟავა რეაქცია;
  • რძისმაგვარი ფერი;
  • ლორწოვანი კონსისტენცია;
  • უსიამოვნო სუნის არქონა;
  • დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების არარსებობა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში.

საშოს დამცავი ფაქტორებია:

  • ესტროგენების საკმარისი დონე;
  • ლაქტობაცილების არსებობა;
  • საშოს მჟავატუტოვანი წონასწორობის ნორმალური მაჩვენებელი.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ქალები, რომელთაც არასწორად ესმით სასქესო ორგანოების ჰიგიენა. ისინი საშოს გამორეცხვას იტარებენ წყლით ან სხვა ხსნარებით, რაც სასარგებლო მიკროორგანიზმებს ვნებს. გარდა ამისა, საშოში არსებული მიკროორგანიზმების განვითარებაში პათოლოგიური ძვრები შეიძლება გამოიწვიოს:

  • ანტიბიოტიკებით, ჰორმონებითა და ციტოსტატიკებით მკურნალობამ;
  • ენდოკრინულმა პათოლოგიამ (შაქრიანი დიაბეტი);
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ;
  • ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომელიც არღვევს იმუნურ სტატუსს.

ამ ფაქტორთა გამო შეიძლება შეიცვალოს სასქესო ორანოებიდან გამონადენის ხასიათიც. ამ ცვლილებათა მიზეზი უმეტესად სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებია. ბოლო ხანს გახშირდა ფარულად მიმდინარე ანთების ქრონიკული ფორმები.


თეთრად შლა საშოდან ჭარბი ან უჩვეულო - რძისფერი, მოყვითალო-მომწვანო, უსიამოვნო სუნის მქონე - გამონადენია. თან სდევს ქავილი და მუდმივი სისველის შეგრძნება. თეთრად შლა უმეტესად შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადების (ანთების, სიმსივნის) დროს ვითარდება. შედარებით იშვიათად გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სისხლის დაავადებით.

საშოდან უჩვეულო გამონადენის არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. გამონადენი, მით უფრო - თუ მას თან სდევს ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, შესაძლოა ანთების ნიშანი იყოს. მიზეზის დადგენამდე მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა. როდესაც გამონადენი ჩვეულებრივზე სქელია და თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანება, - სიმკვრივეები, წყლულები, ბუშტუკები, - შესაძლოა, ანთებით დაავადებასთან გვქონდეს საქმე (თუმცა სასქესო ორგანოების მიდამოში კანის გაღიზიანება ყოველთვის ანთებითი დაავადების ნიშანი არ არის; ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე კანის რეაქცია დეზოდორის, საპნის, ტალკის გამღიზიანებელი კომპონენტების მიმართ).

როდესაც გამონადენი სქელია, მაგრამ გარეთა სასქესო ორანოების მიდამო გაღიზიანებული არ არის, შესაძლოა, ეს იყოს:

  • რეაქცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაზე;
  • ორსულობით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები.

თუ გამონადენი მეტისმეტად სქელი და თეთრია:

  • მიზეზი, სავარაუდოდ, რძიანა ანუ სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკების ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გამონადენი მომწვანო ფერისაა:

  • შესაძლოა ქალს დაავიწყდა ტამპონის გამოღება. თუ გამონადენი უცხო სხეულის მოცილებიდან 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის ჩარევა.
  • ერთვის ტკივილი მუცლის ქვედა არეში ან წელის მიდამოში, საერთო სისუსტე - ეს შესაძლოა საშვილოსნოს მილებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთების ნიშანი იყოს. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია გინეკოლოგიურ კლინიკაში.
  • შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ტრიქომონული ვაგინიტი (კოლპიტი), რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.