რუბრიკები
გამონადენი ქალებში

სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლის გამოც ქალები იძულებული ხდებიან, გინეკოლოგს მიმართონ. როდის არის ის ფიზიოლოგიური და როდის - პათოლოგიური? ამაზე სასაუბროდ გინეკოლოგ სოფიო ჯაშს მივმართეთ.

- ქალბატონო სოფიო, როდის უნდა ჩავთვალოთ სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურად?

- ჩვენი ორგანიზმის ყველა ლორწოვანი გარსი შეიცავს დიდი რაოდენობით ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებს ამა თუ იმ სეკრეტს, ძირითადად ლორწოს. ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალის საშოს ლორწოვანი წარმოადგენს. საშო მუდმივად შეიცავს ლორწოს, რომელიც საშვილოსნოს ყელის ჯირკვლებიდან, საშოს ეპითელიუმიდან და ნორმალური საშოს ფლორიდან გამოიყოფა. 12-50 წლის ქალიშვილებისა და ქალების ნორმალური მიკროფლორა უპირატესად რძემჟავა ბაქტერიებისგან შედგება.
სასქესო ორგანოებიდან მცირე რაოდენობის გამონადენი ყველა ასაკის ქალისთვის ჩვეული მოვლენაა. გამონადენის რაოდენობა დამოკიდებულია საშოში ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სიჭარბეზე. ქალის სასქესო ორგანოებიდან გამონადენი ნორმალურია, თუ მისი რაოდენობა დღე-ღამეში არ აღემატება 2 მლ-ს, არის ლორწოვანი კონსისტენციისა, უფერული ან რძისფერი, ავლენს მჟავა რეაქციას და არ აქვს უსიამოვნო სუნი. ნორმალური გამონადენი ქალს განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნის. არსებობს ფაქტორები, რომლებიც გამონადენის რაოდენობას ზრდის, კერძოდ:

  • სტრესი;
  • ორსულობა;
  • სქესობრივი აგზნება;
  • ორალური და საშოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • ოვულაცია (საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება).

დაახლოებით 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში გამონადენის არსებობას განაპირობებს დედის ესტროგენები. ამის შემდეგ, 1 თვიდან 9-10 წლამდე, დგება ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდი. ეს ის დროა, როდესაც გოგონას ორგანიზმში მენსტრუალური ფუნქცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, საკვერცხეებში კვერცხუჯრედები არ იზრდება და არ მწიფდება, ქალური ჰორმონები მცირე რაოდენობით გამომუშავდება და ორგანიზმზე მათი ზემოქმედება მინიმალურია. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, პირველი მენსტრუაციის (მენარქეს) წინ, გოგონას ორგანიზმში იმატებს ესტროგენების დონე და საშოდან ჩნდება გამონადენი, რომელიც კონსისტენციითა და ფერით ბრინჯის ნახარშს მოგვაგონებს. სქესობრივი მომწიფების დაწყების შემდეგ გამონადენი იღებს ციკლურ ხასიათს და მენსტრუაცია რეგულარული ხდება. მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ამის მიზეზია ესტროგენების მაქსიმალური პროდუქცია, რაც ოვულაციაზე მიუთითებს. მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია.

- როგორ მოვიქცეთ, თუ გამონადენი საეჭვოდ გვეჩვენება?
- ქალის ჯანმრთელობა მისი შვილების ჯანმრთელობის საფუძველია. ჯანმრთელ ქალს არ უნდა აწუხებდეს ქავილი, წვა, არ უნდა ჰქონდეს ისეთი გამონადენი, რომელიც მენსტრუალური ციკლის ფაზისთვის დამახასიათებელი არ არის. თუ შეამჩნიეთ უჩვეულო გამონადენი საშოდან, მის შეწყვეტამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. საქმე ის არის, რომ დაავადება თავისით არ იკურნება, თუნდაც გამონადენი ალაგდეს. საეჭვო ნიშნებია ძლიერი ქავილი საშოს მიდამოში, გამონადენი არის ხაჭოსებრი, მოყვითალო ან მწვანე, თევზის ან საფუვრის მკვეთრი სუნი, წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ ან შორისის მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს.

- უმთავრესად რომელ ინფექციებს ახასიათებს გამონადენი?
- პათოლოგიური გამონადენი ახასიათებს კანდიდოზს, გარდნერელოზს (ბაქტერიული ვაგინოზი), ტრიქომონიაზს, გონორეას, ქლამიდიოზს და სხვა. ინფიცირება შესაძლებელია არა მარტო ნებისმიერი (ვაგინალური, ანალური, ორალური) გზით განხორციელებული სქესობრივი აქტის დროს, არამედ აქტის გარეშეც, სასქესო ორგანოებთან შეხებითაც კი, განურჩევლად პარტნიორისა (როგორც შემთხვევით პარტნიორთან, ასევე ცოლქმრული ურთიერთობის დროს). ასე რომ, ყველას, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა, ემუქრება სქესობრივად გადამდები ინფექციებით დასნებოვნების რისკი. კოლპიტისთვის (საშოს ანთება) დამახასიათებელია საშოს მიკროფლორის ცვლილებები. რძემჟავა ბაქტერიები იღუპება, მათ ადგილს იკავებს სოკო, ტრიქომონა, გარდნერელა, ნაწლავის ჩხირი და სხვა. ამა თუ იმ მიკრობის უპირატესი სიჭარბისას ვითარდება საშოს ანთების სხვადასხვა ვარიანტი. გარდა ამისა, კოლპიტისთვის დამახასიათებელია საშოდან გამონადენის გაძლიერება, რომელმაც შესაძლოა მიიღოს მოთეთრო, მორუხო, მომწვანო ფერი და უსიამოვნო სუნი.

ამ დაავადებას ასევე თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და საშოს წვა. საშოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა სოკოვანი დაავადება. საშოს ტიპური სოკოვანი დაზიანებისას გამონადენი თეთრი, სქელი და ხაჭოსებრია. ხშირად თან სდევს ძლიერი ქავილი. ზოგჯერ ეს დაავადება ვითარდება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი, უკონტროლო მიღებისას, ასევე - შაქრიანი დიაბეტის, სისტემური დისბაქტერიოზისა და ნებისმიერი იმ მდგომარეობის დროს, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. გამონადენის გავრცელებული მიზეზია აგრეთვე ბაქტერიული ინფექციები - გარდნერელა, ქლამიდიოზი და გონორეა. ამ დროს ჩნდება მოყვითალო გამონადენი, რომელსაც ხშირად თევზის სუნი აქვს, შეიგრძნობა ქავილი, წვა. წყლისებრი, ქაფიანი, მომწვანო ფერის გამონადენი შესაძლოა იყოს ტრიქომონული ვაგინიტის (კოლპიტი) ნიშანი.

- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
- თუ შეამჩნევთ რომელიმე ზემოხსენებულ სიმპტომს:

  • დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა დაისვას დიაგნოზი და დროულად დაიწყოს მკურნალობა. ასეთი დაავადებების უმრავლესობა დროულ და სწორ მკურნალობას ადვილად ემორჩილება. კვალიფიციური ექიმი-გინეკოლოგი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს ინფექციის დასადგენად და შესატყვისი მკურნალობის დასანიშნად. აუცილებელია საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ დაავადების გამომწვევი და პაციენტს შესაბამისად ვუმკურნალოთ.
  • მნიშვნელოვანია არა მარტო სწორი მკურნალობა, არამედ მისი ბოლომდე მიყვანაც. არ იქონიოთ სქესობრივი კონტაქტი, ვიდრე მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინფიცირდება თქვენი სქესობრივი პარტნიორი, მისგან კი შესაძლოა რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა დაინფიცირდეთ. თუ ვერ შეძლებთ სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდებას, გამოიყენეთ პრეზერვატივი.
  • დაეხმარეთ თქვენს სქესობრივ პარტნიორს მკურნალობაში, დაარწმუნეთ იგი ექიმთან მისვლისა და მკურნალობის აუცილებლობაში. თუ თქვენ იმკურნალეთ, პარტნიორმა კი არა, შესაძლოა, მისგან ხელმეორედ დაინფიცირდეთ.
  • განმეორებით მიმართეთ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ განიკურნეთ.
  • განსაკუთრებით საშიშია თვითმკურნალობა.

მკურნალობის დაგვიანებისა და არასწორად ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს. არანამკურნალევი ანთებითი დაავადებები ხელს უწყობს ისეთ გართულებათა ჩამოყალიბებას, როგორიც არის მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს ყელის კიბო, სასქესო ორგანოების სხვა სიმსივნეები, უნაყოფობა, საშვილოსნოს გარე ორსულობა.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადებები?
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაზღვევის ერთადერთი საიმედო გზა უსაფრთხო სექსია. ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, ასევე - ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. მათი მიღება ადუნებს თვითკონტროლს და აადვილებს სგგდ-ის გავრცელებას.

- ჩვენ საშოს პათოლოგიებზე ვისაუბრეთ. გამონადენი საშვილოსნოს ანთებით დაავადებებსაც ახასიათებს?
- გამონადენი ხშირად გვხვდება მწვავე ენდომეტრიტის დროს. ენდომეტრიტი საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთებაა. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გართულებული აბორტი, გართულებული მშობიარობა, საშვილოსნოს სადიაგნოსტიკო გამოფხეკა, ჰისტეროსალპინგოგრაფია (საშვილოსნოს ღრუსა და მილების რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და საშვილოსნოსშიდა ჩარევები. ენდომეტრიტის ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების გამოყენება. ამ დაავადების დროს ზიანდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციური და ბაზალური შრეები. ანთებითი პროცესი ზოგჯერ მთელ ლორწოვანზე ვრცელდება, ზოგჯერ კი კეროვანი ხასიათი აქვს. დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. გარდა ამისა, ავადმყოფი უჩივის ტემპერატურის მომატებას, ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარში, საზარდულის არეში.



2014-45-12/20/14
megii
გამარჯობათ, ვარ 20 წლის და აგზნების დროს მაქვს ძალიან ცუდი სუნით გამონადენი.რა უნდა ვქნა და ეს დაორსულებაში ხელს ხომ არ შმიშლის?
2014-26-11/28/14
ბაბი-ბაბი
გამარჯობათ.რამდენად საშიშია ტრიქომონა.ინკურნება თუ არა საერთოდ.დანიშნულებაა:სეკნიდოქსი და ჰექსიკონის სანტლები.გთხოვთ მიპასუხოთ ხომ არაფერი დავამატო ან რას მირჩევდით?მადლობთ წინასწარ.
2014-31-10/18/14
marta
თუ ქალიშვილი ვარ ასეთ შემთხვევაში რამდენადაა რისკი,რომ რაიმე ინფექცია მქონდეს ? მარტო ქავილი და გამონადენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაციაა ? :/
2014-50-06/12/14
kiTxva
ქავილი მხოლოდ და გამონადენი უსუნო თეთრი მცირე ოდენობით.ამ შემთხვევაში?
2014-14-05/17/14
marii
მაქვს თეთრიი ჩამონაშალი უკვე დიდი ხანია და შეიზლება ვერ დავორსულდე :(
ამ კატეგორიის სხვა სტატიები