რუბრიკები
საშვილოსნოს ყელის ეროზია


- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას, თუ მას ზერელედ ვუმკურნალეთ ან სულაც ნებაზე მივუშვით? არსებობს თუ არა ასეთი წყლულის მალიგნიზაციის საშიშროება?
- თანდაყოლილი ეროზია კიბოდ არ გადაგვარდება. ფსევდოეროზიების უმრავლესობა მკურნალობას ექვემდებარება და, წესისამებრ, არც მისი კიბოდ გადაგვარების საშიშროება არსებობს, თუმცა გვხვდება ფსევდოეროზიის ისეთი ფორმებიც (პაპილარული, ფოლიკულური, ჯირკვლოვანი), რომლებიც მედიკამენტური მკურნალობისადმი შეუვალია, ახასიათებს რეციდივებისკენ (გამწვავებებისკენ) მიდრეკილება და უჯრედების ატიპურობა,  რასაც მიკროსკოპიული გამოკვლევა ავლენს. ამ შემთხვევებში ფსევდოეროზიას განვიხილავთ როგორც ფონურ ან კიბოსწინარე დაავადებას. პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა აღმოჩენილი პათოლოგიის დროული და სრულფასოვანი მკურნალობა და ექვს თვეში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით. კონტაქტური სისხლდენა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, სწორედ ის სიმპტომია, რომელიც მალიგნიზაციისკენ მიდრეკილების ეჭვს ბადებს.


- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გამოკვლევის კომპლექსური მეთოდი, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებას, კოლპოსკოპიურ კვლევას,  დაზიანებული უბნების ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ და ციტოლოგიურ შესწავლას.


- როგორია ეროზიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
- თანდაყოლილი ეროზია მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. ჭეშმარიტი ეროზიისა  და ფსევდოეროზიის შემთხვევაში წამყვანია ეტიოლოგიური მკურნალობა - დგინდება პათოლოგიის მიზეზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა საყოველთაოდ მიღებული სქემებით. ასევე ინიშნება სიმპტომური მკურნალობაც. უკანასკნელ ხანს ფართოდ გამოიყენება მეთოდები, რომელთა არსია ფსევდოეროზიის დესტრუქცია (დაშლა). შედეგად წყლული ჩამოიფცქვნება და დეფექტი აღდგება.


- როგორია დიათერმოკოაგულაციის არსი?
- დიათერმოკოაგულაცია ან, როგორც ხალხში უწოდებენ, მოწვა სპეციალური აპარატით ხორციელდება. ამ დროს ხდება არა მარტო დაზიანებული უბნის მოწვა, არამედ საშვილოსნოს ყელის არხის დეფორმაციის ალაგებაც. მომწვარი ზედაპირი ხორცდება მას შემდეგ, რაც ჩამოიფცქვნება ნეკროზული ქსოვილი (ამას 3-4 კვირა სჭირდება). დეფექტის ეპითელიზაცია მთავრდება 1,5-3 თვის შემდეგ. მეთოდის კლინიკური ეფექტიანობა 75-98%-ია. გართულება (სისხლდენა, ანთების გამწვავება) ძალიან იშვიათია. პროცედურა ტარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ცერვიკალური არხის შევიწროება (სტრიქტურა).


- რას გულისხმობს კრიოკოაგულაცია?
- კრიოკოაგულაცია, იგივე კრიოდესტრუქცია, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოყინვა მკურნალობის უმტკივნეულო, უსისხლო მეთოდია. ქსოვილებს დაბალი ტემპერატურის გამოყენებით შლიან. ამ დროს საშვილოსნოს ყელის არხის ნაწიბუროვანი გადაგვარება არ ხდება და ეპითელიზაცია სწრაფად მიმდინარეობს. პროცედურა ტარდება ლოკალური კრიოკოაგულაციის აპარატით. დაბალი ტემპერატურის მისაღებად იყენებენ თხევად აზოტს. პროცედურის შემდეგ ჩნდება უხვი თხევადი გამონადენი. ეპითელიუმის აღდგენა ნეკროზირებული უბნების ჩამოფცქვნისთანავე იწყება, მე-7 დღიდან ხდება რეეპითელიზაცია, 4-6 კვირაში კი რეგენერაცია სრულდება, ჯანმრთელი ქსოვილი სავსებით აღდგება.


- რას გვეტყვით ლაზერულ მკურნალობაზე?
- ლაზერული დესტრუქცია შედარებით ახალი მეთოდია. იგი ტარდება მაღალენერგეტიკული ლაზერით, რომელსაც შეუძლია ქსოვილების ჭრა, აორთქლება და კოაგულაცია. ლაზერული მკურნალობის მეთოდს, CO2-ით ლაზეროვაკორიზაციას, წარმატებით იყენებენ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით არცთუ ისე ფართოდ არის გავრცელებული. აქვე გეტყვით, რომ დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია და ლაზერული დასხივება ტარდება მხოლოდ გაფართოებული კოლპოსკოპიისა და ბიოფსიის შემდეგ, რათა გამოირიცხოს სიმსივნური პროცესებისადმი მიდრეკილება (დისპლაზია და მალიგნიზაცია). ამ უკანასკნელთა დადგენის შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს, მათ შორის - საშვილოსნოს ყელის ამპუტაციას.


- რას გულისხმობს დაავადების პროფილაქტიკა?
- დაავადების პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • პირადი ჰიგიენის დაცვას;
  • ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლას;
  • წელიწადში ორჯერ გინეკოლოგთან პროფილაქტიკურ ვიზიტს.

პროფილაქტიკური გასინჯვის დროს ფართოდ გამოიყენება ციტოლოგიური გამოკვლევა - პაპ-ნაცხი. დიაგნოსტიკური სკრინინგი ქალის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ ფონური და კიბოსწინარე პროცესები, დროულად შევარჩიოთ მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი და ამით შევამციროთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები